განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4978-19
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
06 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - ვ---------------–---–-
დაცვის მხარე
ადვოკატები - თ--------------–---–-, ი-----–----------
ბრალდებული - ს---–-------------------------–---–-, დაბადებული - 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------–----------------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, ასევე სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის მარტიდან სექტემბრამდე პერიოდში ს---–------------–---–ი ა-----–-----ესთან სისტემატიურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, პირადად და მობილური ტელეფონის საშუალებით, ემუქრებოდა მას განადგურებითა და ძალადობით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამავე პერიოდში ს---–------------–---–ი ა-----–-----ეს სისტემატიურად უთვალთვალებდა სამსახურთან, მდებარე - ქ. თბილისი,-------–-------–------------------ში და საცხოვრებელ სახლთან, მდებარე - ქ. თბილისი, ე-–---------------–-----------------------------------ში, რამაც ა-----–-----ის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ს---–------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას
დაზარალებულ ა-----–-----ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ს---–------------–---–ს იცნობს დიდიხანია, რომელთანაც ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა. ევროპაში იყვნენ ერთად სამოგზაუროდ, თუმცა ჩამოსვლის შემდეგ დაეძაბათ ურთიერთობა და გადაწყვიტა ურთიერთობის დასრულება. აღნიშნულ ფაქტს არ დაეთანხმა ს---–------------–---–ი, იყო ძალიან გაღიზიანებული, სწერდა შეურაცხმყოფელ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, პერმანენტულად სთხოვდა შეხვედრას და საუბარს, რაზეც პასუხობდა რომ შეხვედრაზე თანახმა იყო, ოღონდ შერიგებაზე არ უნდა ესაუბრათ. შერიგებაზე უარის მიღების შემდგომ, ბრალდებული ხდებოდა აგრესიული, აგინებდა, ლანძღავდა და ემუქრებოდა რომ გაამწარებდა და გახდიდა ყველაზე უბედურს. აღნიშნულის გამო, 2019 წლის მაისის დასაწყისში იძლებული გახდა მიემართა პოლიციის განყოფილებისათვის შემაკავებელი ორდერის გაცემის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა. ს---–------------–---–ს არ დაურღვევია შემაკავებელი ორდერის პირობები, თუმცა აგრძელებდა შეურაცხმყოფელი მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას. კერძოდ: „ჯერ შენთვის არ მცალია და ერთ მშვენიერ დღეს სადმე სადარბაზოში გიპოვნიან თავგაჩეხილს“; „მე ვიცი შენი სუსტი წერტილები, განსაკუთრებით ერთი და ერთ დღესაც ძალიან უბედური ადამიანი გაიღვიძებ,“ „ბავშვი ხომ გყავს ჯანმრთელად?“ ეს მისთვის მინიშნება იყო შვილთან დაკავშირებით და ძალიან შეშინდა. შემდეგ, გავიდა შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა და მიაკითხა სამსახურში, სადაც მშვიდად ისაუბრეს, თუმცა კვლავ გააგრძელა მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და სადარბაზოში დიდი ასოებით დაწერა „ა-----–-----ე (სასქესო ორგანოს სახელს იყენებს) ხარო.“ მან კვლავ მიმართა პოლიციის განყოფილებას შემაკავებელი ორდერის გაცემაზე, ხოლო შემდეგ სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემაზე. ს---–------------–---–ის ქცევით მნიშვნელოვნად შეიცვალა მისი ცხოვრების წესი, სამსახურში ვეღარ დადიოდა თავისუფლად, სახლში შეშინებული მიდიოდა, მანქანას სახლთან ვერ აჩერებდა, ცდილობდა ისე ემოძრავა, რომ ბრალდებულს ვერ დაენახა, სამსახურში ცდილობდა ადრე მოსულიყო ან დაეგვიანა, მარტო გადაადგილების ეშინოდა და მამის მეგობარს - ნ-----–-------------ს სთხოვა დახმარება, რომელიც აკითხავდა სამსახურში და აცილებდა სახლში გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
მოწმე ნ-----–-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის აპრილის თვეში მისი შვილისგან გაიგო, რომ მისი მეგობრის შვილს - ა-----–-----ეს ჰქონდა პირადი პრობლემა. იმის გამო, რომ ანას მამა გარდაცვლილი ჰყავს დაუკავშირდა და დაინტერესდა რა ხდებოდა. ა-----–-----ე მოუყვა, რომ სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ვინმე „----–----------“ რომელთანაც დაშორების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა აღნიშნული პირი სწერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ხვდებოდა სამსახურთან და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულ მუქარას ა-----–-----ე სერიოზულად აღიქვამდა, იყო ისტერიკაში და გარეთ გასვლის ეშინოდა, რის გამოც დაახლოებით 10 დღის განმავლობაში თავად აცილებდა სახლიდან სამსახურში და პირიქით. მოწმის განმარტებითვე, მან ურჩია ა-----–-----ეს პოლიციის განყოფილებისათვის მიემართა და ეთხოვა დახმარება.
მოწმე ე-–----------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში ა-----–-----ე სამსახურში მივიდა აფორიაქებული და დაძაბული სახით, რომელიც არ საუბრობდა. ჰკითხა თუ რა მოუვიდა და რატომ იყო ასეთ მდგომარეობაში, რომელიც მოუყვა, რომ ს---–------------–---–თან დაშორების შემდეგ ბრალდებული იყო აგრესიული, სწერდა ცუდი შინაარსის მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და ამის გამო იყო ძალიან განერვიულებული. ამასთან, სულხანი ანას აკითხავდა სამსახურში, რაც მას კიდევ უფრო ძაბავდა და თანამშრომლებს სთხოვდა გასულიყვნენ გარეთ და ენახათ ხომ არ ელოდებოდა სულხანი. მოწმის ჩვენებითვე, ა-----–-----ე მანქანას სამსახურიდან მოშორებით აჩერებდა, რათა ს---–------------–---–ი ვერ მიმხვდარიყო, რომ სამსახურში იყო. იგი რამდენიმე დღე სამსახურში არ დადიოდა სტრესის გამო, შემდეგ კი ახლობელი აცილებდა, რადგან დაზარალებულს მარტო სიარულის ეშინოდა.
მოწმე დ------------- ჩვენებით დადგინდა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ნამდვილობა.
2019 წლის 17 ოქტომბრის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ ა-----–-----ემ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: თ--------------მ.
ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს---–------------–---–მა ჩაიდინა ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, ასევე სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ს---–------------–---–ი თავს არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადაო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და ს---–------------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილის განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის უფლება დაცული იყოს სხვა პირთა მხრიდან არასასურველი კომუნიკაციისაგან. უფლება, იცხოვროს მშვიდ გარემოში. ამსრულებელია ნებისმიერი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული, ბრალუნარიანი პირი. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ალტერნატიულ ქმედებებში, ალტერნატიულ შედეგსა და ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირში. სახეზეა რამდენიმე ალტერნატიული ქმედება, საიდანაც თითოეული განხორციელებული უნდა იყოს სისტემატურად, ანუ მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ამდენად, სახეზეა ერთიანი დანაშაული ალტერნატიული ქმედებებით. ეს ქმედებებია: ა) დაზარალებულის ან მისი ოჯახის წევრის ან დაზარალებულის ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, რაც შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულზე სისტემატურ ადევნებაში თვალთვალის მიზნით საცხოვრებელ ბინასთან თუ სამუშაო ადგილას ე.ი. იმ მიზნით, რათა დამნაშავისათვის ცნობილი გახდეს მსხვერპლის თითოეული ნაბიჯი; ბ). მათთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად, ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, რაშიც იგულისხმება შემთხვევა, როცა დამნაშავე პირისპირ, ტელეფონისა თუ ინტერნეტის საშუალებით სისტემატურად ემუქრება, ლანძღავს და შეურაცხყოფს პირს. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა სინამდვილეში აპირებდა თუ არა დამნაშავე ამ მუქარის განხორციელებას. ზემოთ მითითებული ქმედებები იწვევს რამდენიმე ალტერნატიულ შედეგს, საიდანაც ერთ-ერთის დადგომა საკმარისია დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის. ამდენად, განსახილველი ნორმა წარმოადგენს ერთიან დანაშაულს როგორც ალტერნატიული ქმედებებით, ისე ალტერნატიული შედეგებით. კერძოდ, იგი იწვევს შემდეგ შედეგებს: ა). პირის ფსიქიკურ ტანჯვას და დადგა თუ არა ეს შედეგი, საკითხი უნდა გადაწყდეს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე; ბ). პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს; გ) ყველაფერი ეს კი თავის მხრივ პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან უქმნის მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას, რაშიც იგულისხმება შემთხვევა, როცა დაზარალებული იძულებული ხდება იშვიათად გავიდეს სახლიდან, ან გავიდეს მხოლოდ სხვა პირთა თანხლებით, შეცვალოს ტელეფონის ნომერი და ა.შ. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა შეიცვალა თუ არა დაზარალებულმა ცხოვრების წესი. როგორც ვხედავთ, სახეზეა შედეგიანი დანაშაული, რომლის დასჯადობის საკითხი (და არა დამთავრებულად ცნობის საკითხი) დაკავშირებულია ამ მუხლში მითითებული რომელიმე შედეგის დადგომასთან. სუბიექტური მხრივ, დანაშაულის მოტივსა თუ მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი შეიძლება იყოს შურისძიება (მაგ. იმის გამო, რომ საცოლემ მიატოვა და სურს მისი გამწარება), ეჭვიანობა, დაზარალებულთან ურთიერთობის აღდგენის მიზანი, დაზარალებულის შეშინების მიზანი და სხვა, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი. კერძოდ, ა-----–-----ემ ბრალდებულის ქმედებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, რასაც ადასტურებს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ დადიოდა სამსახურში, შემდეგ კი ნ-----–-------------ი აცილებდა. ამასთან, ავტომანქანას აჩერდებდა ყოველთვის მოშერებით იმ ადგილიდან სადაც იმყოფებოდა, რათა ს---–------------–---–ს არ სცოდნოდა მისი ადგილსამყოფელი.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების თავისებური ინტერპრეტაცია ემსახურება მხოლოდ ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).
ამრიგად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდა, რომ ს---–------------–---–მა ჩაიდინა ა-----–-----ის მიმართ ადევნება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ს---–------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად რჩება.
ქალთა მიმართ ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმადფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.
სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს---–------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 26 სექტემბრიდან 2019 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით), ს---–------------–---–ს დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. ს---–------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას დ--------------–---–-- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - ქ. თბილისი, ნ-----–---------–---------------------------------------------–--------------- საერთო ფართი 71.01 კვ.მ., საკადასტრო კოდით - 0----------------------, რომელიც დაყადაღებულია 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ნაწილში.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი