განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2020
საქმის ნომერი
330100120003437263
თარიღი
06.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/266-20

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 თებერვალი, 2020 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ - მ--- ჟ-----ს

ბრალდებულ - ვ-–-------- ა------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

- ვ-–-------- ი-----ს ძე ა------ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ------–--–-------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ-–-------- ა------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ვ-–-------- ა------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

წლების განმავლობაში ვ-–-------- ა------ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ნ----- ყ------–---–ს, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რამაც გამოიწვია ნ----- ყ------–---–ის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

2019 წლის 28 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ------–--–-------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ-–-------- ა------მა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ----- ყ------–---–ს, კერძოდ, დაარტყა ორივე ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ნ----- ყ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ვ-–-------- ა------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ვ-–-------- ა------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, №------------------------ შემაკავებელ ორდერებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ ვ-–-------- ა------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, დღეის მდგომარეობით ითვლება ნასამართლობის არმქონედ და აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებულია როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ძალადობა, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნისას, ხოლო მეორეს მხრივ, აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ძალადობა არ გამოირჩეოდა მომეტებული საშიშროებით და არ გამოხატულა ისეთი დაუნდობელი ხასიათის ძალადობრივ ქმედებებში, რაც აუცილებელს გახდიდა ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენებას. ამასთან, ბრალდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის მიმართ მისი დამოკიდებულების, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დღეის მდგომარეობით იგი ითვლება ნასამართლობის არმქონედ, სასამართლო შესაძლებლად მიიჩნევს მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო აფასებს ასევე სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკს და მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედებისადმი ბრალდებულის დამოკიდებულების, აგრეთვე, დაზარალებულის შემრიგებლური პოზიციისა და იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია, ელოდებიან შვილს და აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებას (დადასტურებულია ბრალდებულის განმარტებითა და საქმეში არსებული დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით), შემცირებულია ვ-–-------- ა------ის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკი.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, ზედმეტად მკაცრად მიიჩნევს საპატიმრო სასჯელის გამოყენებას, ხოლო ეფექტურ ღონისძიებად მიაჩნია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა, რამდენადაც ბრალდებულს არა აქვს ჯანმრთელობის რაიმე ისეთი პრობლემა, რომელიც ხელს შეუშლიდა აღნიშნული სასჯელის მოხდაში და ასევე აქვს სამუშაოსთან შეთავსების შესაძლებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ-–-------- ა------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-–-------- ა------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 2019 წლის 3 დეკემბრიდან - 2019 წლის 5 დეკემბრამდე პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ, ვ-–-------- ა------ს მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ას ოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

2. მსჯავრდებულ ვ-–-------- ა------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვ-–-------- ა------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

3. გაუქმდეს ვ-–-------- ა------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი