განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119002879343
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
#1/93-19 28 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031270219001)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი, ნათია მიქელაძე,ვერიკო ნინიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ნინო ბერიშვილი, ემზარ გეთიაშვილი
ბრალდებული: ო----- ა-–---ი
მამის სახელი: მ----–----
დაბადებული: 1----–-–------------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბოლნისის რაიონი, სოფელი ჭ----–- 1-ლი, ქუჩა N52
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ო----- ა-–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, კერძოდ დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბერის განაჩენით ო----- ა-–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. 2019 წლის 26 თებერვალს დაახლოებით 23:30 საათზე ე.წ. „მარნეული მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ო----- ა-–---მა, რომელიც იყო ნასამართლევი, ხელი შემოხვია არასრულწლოვან, 2006 წლის 05 იანვარს დაბადებულ, გ------ მ--------ას, რომელიც შეიყვანა იქვე განლაგებულ მეჩეთის ეზოში,რა დროსაც შესთავაზა მას დაემყარებინა სქესობრივი კავშირი. როდესაც გ.მ--------ამ მას უარი განუცხადა, აღნიშნულზე განაწყენებულმა ო----- ა-–---მა, ჯერ თმებით ითრია გ------ მ--------ა, ხოლო როდესაც მან დაიწყო ყვირილი ქვა ჩარტყა თავში, რის შედეგადაც გ------ მ--------ამ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ო----- ა-–---ს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, დამანშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არაერთგზის არ განუხორციელებია.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, კერძოდ დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არაერთგზის.
სასამართლო სხდომაზე კანონიერი წარმომადგენლის და ადვოკატის მონაწილეობით დაიკითხა დაზარალებული გ------ მ--------ა. მოწმემ ჩვენებაში განმარტა: შვიდი თვის წინ, ღამის 12:00 საათზე, მარნეულში მდებარე მოლთან, იჯდა ხიდის ქვეშ, ქვაზე. მივიდა ო----- ა-–---ი და ჰკითხა სად იყო მაღაზია. მან ო----- ალიევი ბაზართან მდებარე მაღაზიასთან მიიყვანა. ო----- ა-–---მა, მას უყიდა შოკოლადი და უთხრა, რომ იყო მთვრალ მდგომარეობაში. გ------ მ--------ამ, ო----- ა-–---ი მიიყვანა ხიდის ძირში დასვა და წავიდა. ბნელოდა, გზა იყო ქვიანი, ფეხი ქვას წამოკრა, წაიქცა,. დაეცა გვერდულად (მიუთითებს მარცხენა მხარეს), ამის გამო შეეშინდა და იყვირა. მეზობლად მცხოვრებმა ქ----–მა, გ------ მიიყვანა სახლში. სახლში დახვდა დედა - ფ----ა მ--------ა, რომელსაც უთრხა რომ წაიქცა და წაიყვანეს საავადმყოფოში. გ------ მ--------ამ განმარტა, რომ ო----- ა-–---ს ძალით არ წაუყვანია და არ დაურტყამს. ასევე განმარტა, რომ მისი ძმა - ი-–--- მ--------ი და ო----- ა-–---ი არიან მეგობრები.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაიკითხა მოწმე ქ----– გულმ--------ი, რომელმაც ჩვენებაში მიუთითა, რომ გ------ მ--------ას იცნობს, ის ცხოვრობს მისი უბნისაკენ. დაახლოებით 5-6 თვის წინ, ნაცნობთან ერთად იდგა ხიდის ქვეშ მდებარე მარკეტთან, ეწეოდა სიგარეტს, მასთნ იყო ტოფიკი, რომელმაც თქვა რომ ესმოდა რაღაც ხმა. ამ დროს, გ------ მამეოდვა მივიდა და სთოხვა სახლში წაყვანა, რადგან ეშინოდა. სახლში მიყვანის შემდეგ, გ------ ოჯახთან ერთად, წაიყვანეს საავადმყოფოში. გ------ მ--------ას სახეზე ჰქონდა სისხლი. გ------ მამეოდვას არ უთქვამს, თუ რა დაემართა და მასაც, არავინ არ დაუნახვას.
მოწმის სახით დაიკითხა ა---- გ----ოვი. მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მუშაობს მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამუშავებს მაღაზიას. გ------ მ--------ა და ბრალდებული (მოწმე მიუთითებს დარბაზში მყოფ ბრალდებულზე) შევიდნენ მაღაზიაში და იყიდეს ,,პეჩენია“, ,,ბუმი" და ,,კოკა-კოლა". გ------ მ--------ას იცნობს, მისი მეზობელია, ხოლო ბრალდებულს არ იცნობს. ა---- გ----ოვის განმარტებით, მომხდარზე შეიტყო, როდესაც მასთან მივიდა პოლიცია, ხოლო თვითონ არაფერს არ შესწრებია.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ფ----ა მ--------ა. მან განმარტა, რომ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ცხოვრობს მეუღლესთან- რასიმ ეფენდიევთან ერთად. ორი გოგო და უფროსი ვაჟი ი-–--- მ--------ი ცხოვრობენ ბებიასთან (ფ----ა მ--------ას დედა) ერთად. ფ----ა მ--------ა ყოველდღე მიდის დედასთან, რათა მოუმზადოს საჭმელი. დაახლოებით საღამოს რვა საათზე, გ------ მ--------ა გარეთ გავიდა ნაგვის გადასაყრელად, სახლში კი დაბრუნდა დაახლოებით 20-30 წუთში. იგი ყვიროდა, ტიროდა და სახეზე ჰქონდა სისხლი. ამ დროს სახლში იმყოფებოდა ფ----ა მ--------ას დედა. გ------ წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მივიდა პოლიცია. ფ----ა მ--------ას განმარტებით, გ------ მომხდარზე ხან ამბობდა რომ წაიქცა, ხანაც დაარტყეს. გ------ მ--------ამ მას უთხრა, რომ მაღაზიაში შოკოლადი უყიდა ო----- ა-–---მა. მას ქ----– გიულმ--------ი არ დაუნახავს.
მოწმის სახით დაკითხულმა ი-–--- მამედვმა სასამართლოს მოახსენა, რომ მარნეულში შირხან ყურბანოვის ქუჩაზე ცხოვრობს ბებიასთან და ორ დასთან ერთად. ბრალდებული ო----- ა-–---ი არის მისი მეგობარი. დედის-ფ----ა მ--------ასგან შეიტყო, რომ გ------ წაიქცა. მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმეზე ხელმოწერა.
2019 წლის 27 თებერვლის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ქ. მარნეულში, ყურბანოვის ქუჩაზე მდებარე მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია. მითითებულ ადგილზე ეზოში შესასვლელი არის ღია და შესასვლელის მარცხენა მხარეს დგას ერთსართულიანი ქვის კონსტრუქციით ნაშენი შენობა, რომელსაც აქვს ლურჯად გადახურული მუყაოს თავსახური. ეზოს ნაწილი არის მოხრეშილი ტერიტორია, ხოლო ნაწილი არის ბალახიანი ზედაპირით. ეზოში დგას ხეები. მეჩეთის მარჯვენა მხარეს არის მარნეული მოლის შენობა. მეჩეთის წინ, ეზოში ქვიშიან ზედაპირზე და ქვის ნამტვრევებზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები და გვერდზე დაყრილია ხურდა ფული 10 და 20 თეთრიანები. მოწითალო ფერის ლაქებიდან გვერდზე 7 მეტრში დაგდებულია მარცხენა ფეხის შავი ფერის ბოტასი, რომელსაც შიგნით აქვს წითელი ფერის ნაჭერი. მის გვერდით დაგდებულია მუქი ფერის ქსოვილის ფრაგმენტი. აღნიშნული ადგილიდან 11 მეტრში გდია მარჯვენა ფეხის შავი ფერის ბოტასი, შიგნიდან წითელი ფერის ნაჭრით, ბოტასზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. დათვალიერების შედეგად ამოღებული და დალუქული იქნა ქვები მუქი ფერის ლაქებით, ხურდა ფული, მუქი ფერის ქსოვილის ფრაგმენტი და შავი ფერის ბოტასი.
2019 წლის 27 თებერვლის დაკავების ოქმის თანახმად, 23:10 საათზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ო----- ა-–---ი.
2019 წლის 27 თებერვლის ნიმუში აღების ოქმის თანახმად, გ------ მ--------ასაგნ აღებული იქნა სისხლის ნიმუში.
2019 წლის 1 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, ო----- ა-–---ისგან ამოღებული იქნა მისი ტანისამოსი - შავი ფერის ჯინსის შარვალი და ნაცრისფერი ორნამენტიანი სვიტერი. ამოღებული ტანსაცმელი დაილუქა შესაბამისი წესით.
2019 წლის 15 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, ამოღებული იქნა გ------ მ--------ას ტანსაცმელი - ერთი ცალი სპორტული შარვალი, ერთი ცალი სპორტული ზედა და მაისური. ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამისი წესით.
2019 წლის 1 მარტის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა ა---- გ----ოვთან. მას ამოსაცნობად წარედგინა სამი პიროვნება, რომელთაგან ა---- გ----ოვმა ამოიცნო მარჯვნიდან პირველი მდგარი პირი, რომელიც არის ო----- ა-–---ი. ა---- გ----ოვმა, ო----- ა-–---ი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: საშუალო სიმაღლით, აღნაგობით, მუქი ფერის მოკლე თმით, სახის მოყვანილობით.
სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი მახმუდ კურბანოვი, რომელმაც განმარტა რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, ო----- ა-–---ის მიერ, გ------ მ--------ას მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. მიღებული ინფორმაცია პატაკით მოახსენა უფროსობას.
მოწმის სახით დაიკითხა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი ელდარ ბოლქვაძე. მოწმემ ჩვენებაში განმარტა, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბოლნისში, სულხან-საბას ქუჩაზე დააკავა ო----- ა-–---ი. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ელდარ ბოლქვაძის მიერ ჩატარებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი ხათუნა ბარბაქაძე. მოწმემ დაადასტურა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედბები და განმარტა, რომ არის არასრულწლოვანთა სპეციალიზებული გამომძიებლი.
სამედიცინო ექსპერტიზის N002290519 დასკვნის თანახმად, წარდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცმებით გ------ მ--------ა 26.02.2019 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონალურად მკურნალობდა 26.02.2019 წლიდან 01.03.2019 წლამდე დიაგნოზით: კისრის მესამე მალის მარჯვენა სასახსრე მორჩის ხაზოვანი მოტეხილობა; თავის ტვინის შერყევა; შუბლის და თხემის მიდამოებში ნახეთქი ჭრილობები; სისხლჩაქცევები და ნაჭდევები სხეულზე. დაზიანებები განვითრებულია რაიმე მკვრივი -ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებეში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გიორგი ოქრუაშვილმა დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე. ასევე განმარტა, რომ დაზიანების ხაირსხის განსაზღვრა მოხდა ხანდაზმულობის გამო. დაზიანებებს, რაც გიუნი მ--------ას გააჩნდა სამკურანლოდ სჭირდება 21 დღეზე მეტი.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის N006415019 დასკვნის თანახმად, ა.(7) ,,გ“ მ--------ას“ წარდგენილ ტანსაცმელზე (მოსაცმელი, მაისური, შარვალი) გარდა მაისურზე სავარაუდოდ პირველადი სამედიცინო დამხარების გაწევის დროს განვითარებული დაზიანებისა, სხვა რაიმე დაზიანება არ აღინიშნება. ბ. ,,ო----- ა-–---ის“ წარმოდგენილ ტანასცმელს (ჯემპრი, მაისური, შარვალი) დაზიანება არ აღენიშნება.
ბიოლოგიური(გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N005622919 დასკვნის თანახმად, სეროლოგიური და გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: ,,გ. მ--------ას ტანსაცმელი“ მოთავსებულ, სპორტული სტილის ზედა ჩასაცმელზე (ობ.N1-3), სპორტულ შარვალზე (ობ.N5,6) და მთლიანობადარღვეულ მაისურზე (ობ.N6) არსებული მოწითალო-მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ------ მ--------ას (ობ.19; პაკეტი წარწერით : ,,გ------ მ--------ას სისხლი).
-პაკეტში წარწერით: ,,ო----- ა-–---ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ შარვალზე (ობ.N8,9) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ამავე შარვალზე არსებული ბიომასალის (ობ.N7) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს, ხოლო ობ.N7-ის მეორე წილი გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფრომატიულია.
-პაკეტში მოთავსებულ ჯემპრზე არსებული მოყავსიფრო ლაქები (ობ.9,11ა) სისხლს არ წარმოადგენს. ობ.N9,11ა-ს გენეტიკური პროფილი, ამავე ჯემპრზე (ობ.N10,11) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი, ჯემპრზე არსებული ბიომასალის (ობ.12) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი, პაკეტში მოთავსებულ მაისურზე არსებული ბიომასალის (ობ.N13) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ობ.N8,9-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს.
ობ.N12-ის მინორული წილი არაინფორმატიულია.
ობ.N7,13-ში არ ვლიდნება გ------ მ--------ას გენეტიკური თანამოწილეობა.
-პაკეტში წარწერით: ,,ქვები მუქი ფრის ლაქებით“ მოთავსებულ ქვებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N14) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ------ მ--------ას (ობ.N19)
-პაკეტში წარწერით: ,,მუქი ფერის ქსოვილის ფრაგმენტი ...“ მოწითალო ნადებები და მოყავისფრო ლაქები (ობ.N15) სისხლს არ წარმოადგენს.
-პაკეტში წარწერით: ,,ერთი ცალი შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი ფოტო N3, მოთავსებულ მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N16,17) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ------ მ--------ას (ობ.N19).
-პაკეტში წარწერით: ,,ერთი ცალი შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი ფოტო N2“ მარცხენა ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ბ.N18) სისხლი არ აღმოჩნდა.
მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული ო----- ა-–---ი, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლესთან არის დაშორებული და ამ საკითხთან დაკავშირებით, დაკითხვაზე მისული იყო ბოლნისის პოლიციაში. დაკითხვის შემდეგ, წავიდა ბარში და დალია. ბარში გაუთავდა სიგარეტი და გავიდა მაღაზიაში. ამ დროს შეხვდა მეგობრის - ი-–--- მ--------ის, დას - გ------ მ--------ას. იშარ მ--------ს ჰყავს ერთი შვილი. ო----- ალივემა მაღაზიაში შეიძინა ნამცხვარი, კოკა-კოლა, შამპუნი, სნიკერსი, საბავშვო ბურთები და მისცა გ------ მ--------ას, რათა წაეღო ი-–---ის შვილისთვის. გამყიდველს მიაწოდა 30 ლარი, ხურდა დაუბრუნეს 4 ლარი და ისიც გ------ს მისცა. მაღაზიიდან გასვლის შემდეგ ი-–---ი დაბრუნდა ბარში, რომელიც მაღზიიდან მდებარეობს დაახლოებით 200-300 მეტრში. გ------ წავიდა სახლისკენ. ო----- ა-–---ი ბარიდან მალევე წავიდა სამ მეგობართან ერთად სხვა ადგილას. ო----- ა-–---მა დამატებით განმარატა, რომ გ------სთან შეხვედრიდან დაახლოებით 2-3 საათში დაურეკა ძმამ და უთხრა რომ ეძებდა პოლიცია. ვინაიდან იყო ნასვამი, უთხრა რომ პოლიციაში მივიდოდა მეორე დღეს. ო----- ა-–---მა დაკავებისას შეიტყო, რომ აკავებდნენ მეგობრის დის ცემისათვის. ო----- ა-–---მა მიუთითა, რომ გ------ მ--------ას, მიზეზი - მისთვის მსგავსი ფაქტი დაებრალებინა, არ ჰქონდა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი რომელსაც არ შესრულებია 18 წელი.
საქმის მასალებით დადგენილია რომ გ------ მ--------ა დაბადებულია 2006 წლის 5 იანვარს და შესაბამისად იგი არის არასრულწლოვანი პირი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს ქმედებისთვის, რომელიც ჩადენილია ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, განზრახი, ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია: ა) დაზიანება იყოს ნაკლებად მძიმე ხარისხის; ბ) დაზიანებამ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა; გ) დაზიანება არ უნდა იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო; დ) არ უნდა დადგეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. რაც შეეხება სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ გარემოებას, რომლითაც ბრალდებულს მოცემულ შემთხვევაში ედება ბრალი, გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ჩადენილს დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არაერთგზის.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ო----- ა-–---ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა.
სასამართლოში მხარეთა მონაწილოებით გამოკვლეული იქნა მოწმეების გ------ მ--------ას, ა---- გ----ოვის, ქ----– გიულმ--------ის, ფ----ა მ--------ას, ი-–--- მ--------ის ჩვენებები და გამოკვლეული იქნა ექსპერტიზის დასკვნები. გ------ მ--------ამ ჩვენებაში განცხადა რომ შემთხვევის დღეს ნახა ო----- ა-–---ი, რომელმაც უყიდა შოკოლადი მაღაზიაში. დაადასტურა, რომ ო----- ა-–---ს მისთვის დაზიანება არ მიუყენებია. დაზიანება მიიღო წაქცევის შედეგად. სწორედ ამ წაქცევის გამო სთხოვა დახმარება მეზობელ ქ----– გიულმ--------ს. ქ----– გიულმ--------მა ჩვენებით ირკვევა, რომ მეზობელი გ------ მ--------ა ნახა. მან მიმართა დახმარებისათვის და წაიყვანა სახლში. გ------ მ--------ას სახე ჰქონდა სისხლიანი. თუმცა როგორ მიიღო დაზიანება არ დაუნახავს და არც გაუგია სხვისგან. ა---- გ----ოვმა დაადასტურა, რომ მაღაზიაში ერთად ნახა გ------ მ--------ა და ო----- ა-–---ი. მათ შეიძინეს პროუდუქტები და დატოვეს მაღაზია. რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევია და მომხდარის თაობზე შეიტყო პოლიციისგან. ფ----ა მ--------ამ განმარტა, რომ გ------ როდესაც სახლში დაბრუნდა, სახეზე ჰქონდა სისხლი, იყო აღელვებული ტიროდა და ყვიროდა. როდესაც ჰკითხა გ------ს, რა მოხდა, მან სხვადახვა განმარტება გააკეთა, ჯერ უთხრა რომ წაიქცა და მერე უთხრა რომ დაარტყეს. გ------ მ--------ამ დედას მოუყვა, რომ შეხვდა ო----- ა-–---ს, რომელმაც უყიდა შოკოლადი.
ბრალდებულმა ო----- მ--------მაც დაადასტურა, რომ ნამდვილად ნახა გ------ მ--------ა, რომელსაც მაღაზიაში უყიდა სხვადასხვა ნივთები, თუმცა მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ იგი დაბრუნდა ბარში, ხოლო გ------ წავიდა სახლისაკენ.
სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც გ------ მ--------ა აცხადებს, რომ ო----- ა-–---ს მისთვის დაზიანება არ მიუყენებია, დაზიანება მიიღო წაქცევის შედეგად, ხოლო საქმეზე დაკითხული არც ერთი მოწმე არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე და არც ერთი მათგანი არ მიუთითებს, რომ ნახეს თუ როგორ მიაყენა დაზიანება ო----- ა-–---მა გ------ მ--------ას, სასამართლო ვერ ადგენს მიზეზობრივ კავშირს ო----- ა-–---ის ქმდებას და გ------ მ--------ას სხეულზე არსებულ დაზიანებას შორის. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გ------ მ--------ას სხეულზე დაზიანებები ნამდვილად ჰქონდა და მიღებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებეში მითითებულ თარიღს (26.02.2019წ.), თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა.
შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ო----- ა-–---ის მხრიდან წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან გ------ მ--------ას მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაწესებულია მტკიცებულების შეფასების წესი, რომლის თანახმადაც მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ ო----- ა-–---ის დამნაშავედ ცნობისათვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ბრალდებული ო----- ა-–---ი უნდა გამართლდეს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილით გათალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, კერძოდ დამანშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არაერთგზის - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული ო----- ა-–---ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ო----- ა-–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
გ------ მ--------ას ტანისამოსი დაუბრუნდეს გ------ მ--------ას.
ო----- ა-–---ის ტანისამოსი დაუბრუნდეს ო----- ა-–---ს.
ო----- ა-–---ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე