განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2020
საქმის ნომერი
330100118002358434
თარიღი
31.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1123-18

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხ------- ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ც-------–---–----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი-–-----ეი---------- ძე ხ----–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 1-----–---- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს--------------------------–----------

 

ადვოკატები - თ-----------–---–-

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2018 წლის 5 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ-------–---- ვ---------–--------------ა, გ------------ ქუჩა #---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ი-–--------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ლ--------–---–ს, კერძოდ ხელი გაარტყა სახეში, მუშტი დაარტყა რამდენჯერმე მხარში. ძალადობის გამო ლ--------–---–მა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 

1.2. ი-–--------–---–ი, ბოლო ორი თვის განმავლობაში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა ლ--------–---–ს. სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა 2018 წლის 5 თებერვალსაც. აღნიშნულმა ქმედებებმა ლ--------–---–ის ტანჯვა გამოიწვია.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა

 

2.1. საქმის მასალების მიხედვით, 2018 წლის 5 თებერვალს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა #------ მიიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოძახების მისამართზე: ქ-------–---- ვ---------–--------------ა, გ------------ ქუჩა #---–-, პოლიციას დახვდა მოქალაქე ლ--------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ ი-–--------–---–მა მასზე იძალადა. შემთხვევის ადგილზე მოხდა ი-–--------–---–ის დაკავება. დაკავებული პირი შემოწმდა ალკოტესტით, დაუდგინდა სიმთვრალე.

 

2.2. დაზარალებულ ლ--------–---–ის ზეპირი ჩვენებით, ქორწინებაში იმყოფება ი-–--------–---–თან, ჰყავთ 3 წლის შვილი. თანაცხოვრების პერიოდში ხშირად ჰქონდათ კონფლიქტები, ჯერ კიდევ ფეხმძიმობის დროს, ი-–--------–---–მა მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ასევე ლ--------–---–ის მამას, რის გამოც გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. აღნიშნული ფაქტის გამო გარკვეული პერიოდი იყვნენ დაშორებულები, თუმცა შვილის დაბადების შემდეგ ისევ შერიგდნენ. ი-–--------–---–ს ჰყავდა მეგობარი ქალი, რასაც დაზარალებული ძალიან განიცდიდა, ღალატის თემაზე ხშირად ჰქონდათ სიტყვიერი კამათი. ი-–--------–---–ი განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ლ--------–---–ს, ამცირებდა, რაც ამ უკანასკნელში ფსიქოლოგიურ ტანჯვას იწვევდა. 2018 წლის 5 თებერვალს, დაზარალებულსა და ი-–--------–---–ს შორის შედგა ხმამაღალი საუბარი ამ უკანასკნელის ღალატთან დაკავშირებით, ლ--------–---–მა გადაწყვიტა განქორწინება და სახლიდან წასვლა, აღნიშნულზე ი-–--------–---–ი გაღიზიანდა, გახდა აგრესიული, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელი დაარტყა სახეში და რამდენჯერმე მხარში. ფიზიკური ძალადობის გამო ლ--------–---–მა განიცადა ძლიერი ტკივილი. შეშინებული გაიქცა მეზობლის ხ------- გ----------ის სახლში, უამბო მომხდარი და დასახმარებლად დარეკა ,,112-ში“ და დასთან ი--------–---–თან. სამართალდამცავები მალევე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და დააკავეს ი-–--------–---–ი.

 

2.3. მოწმე ხ------- გ----------ის ზეპირი ჩვენებით, 2018 წლის 5 თებერვალს, საღამოს, ლ--------–---–ი შევარდა მასთან სახლში აღელვებული, ტიროდა და ამბობდა, რომ მეუღლემ სცემა, ხელი დაარტყა. დაზარალებულმა მისი სახლიდან დარეკა პოლიციაში.

 

2.4. მოწმე ი--------–---–ის ზეპირი ჩვენებით, მისი და ლ--------–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდა ი-–--------–---–თან, შეუღლებისთანვე დაეძაბათ ურთიერთობა, ხშირად ჰქონდა კონფლიქტებს ადგილი, ი-–--------–---–ი სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხოფას დაზარალებულს, ამცირებდა მოწმის თანდასწრებით, წარსულში ფიზიკური შეურაცხყოფაც მიუყენებია, როდესაც ეს უკანასკნელი იყო ორსულად. 2018 წლის 5 თებერვალს, ღამით დაურეკა დამ ლ--------–---–მა, იყო აღელვებული, კიოდა, ითხოვდა შველას მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო.

 

2.5. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგინდა:

 

ა) 06.02.2018 წელს მოქალაქე ლ--------–---–ის პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მხრის და მარჯვენა წინამხრის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით. სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

ბ) შესამოწმებლის გადმოცემით: 2018 წლის 5 თებერვალს, მეუღლემ ი-–--------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

გ) პირადი შემოწმების მონაცემები: შემოწმების მომენტში უჩივის ტკივილს მარჯვენა ზემო კიდურის არეში. მარჯვენა მხრის შუა მესამედში, წინა ზედაპირზე აღინიშნება მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2X2 სმ. ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი აღინიშნება მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედში, წინა ზედაპირზე ზომით 1,5X0,5 სმ. (იხ. ექსპერტიზის დასკვნა - გვ.2/2).

 

2.6. ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 6 თებერვალს, პირადად შეამოწმა შესამოწმებელი პირი ლ--------–---–ი. პირადი შემოწმების მონაცემებით, მხარზე სხვადასხვა ადგილას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. მსხვერპლის გადმოცემით დაზიანებები მიაყენა მეუღლემ ი-–--------–---–მა.

 

2.7. 2018 წლის 5 თებერვალს, მსხვერპლის ლ--------–---–ის მოთხოვნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი #------ მეუღლის - ი-–--------–---–ის მიმართ. შემაკავებელი ორდერის ოქმში პოლიციელმა ასახა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც უშუალოდ დაზარალებულმა მიაწოდა. ოქმში მითითებულია, რომ ი-–--------–---–მა მეუღლეს ლ--------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობასაც. ოქმის მე-14 გრაფაში ხაზგასმულია, რომ მოძალადე აღიარებს ძალადობის ფაქტს. ოქმის შინაარსი ხელმოწერით დადასტურებული იქნა მსხვერპლის ლ--------–---–ის და მოძალადის ი-–--------–---–ის მიერ.

 

2.8. დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:

 

2.8.1. ბრალდებულმა ი-–--------–---–მა უარყო ოჯახური ძალადობის ფაქტი, დაადასტურა, რომ მეუღლესთან ლ--------–---–თან ხშირად ჰქონდა სიტყვიერი კონლიქტი უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო, არაერთხელ გადაწყვიტა მასთან დაშორება თუმცა საერთო შვილის გამო მაინც აგრძელებდნენ თანაცხოვრებას. ლ--------–---–ი ეჭვიანობის გამო აკითხავდა ხოლმე სამსახურში და როგორც თანამშრომლებში, ასევე საზოგადოებაში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა დაჭერით. 2018 წლის 5 თებერვალს, მეუღლესთან ერთად ივახშმა, მიიღეს მცირე რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი, დაზარალებული გავიდა სახლიდან მეზობელთან ხ------- გ----------თან, საიდანაც დარეკა დასთან ი--------–---–თან და პოლიციაში. ცოტა ხანში სახლში მოვიდა პოლიცია და ლ--------–---–ის მითითებით დააკავეს.

 

2.8.2. ი-–--------–---–ის ჩვენება მისი უდანაშაულობის შესახებ გაზიარებული არ იქნა, ბრალდებულის ბრალეულობა დასტურდება დაზარალებულის ზეპირი ჩვენებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით. სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში. სასამართლო განმარტავს, რომ ჩვენების სანდოობის ტესტი იზომება არა მხოლოდ მისი შინაარსით, თანმიმდევრულობით და კატეგორიულობით, არამედ ჩვენების პროცესში მოწმის ვერბალურ და არავერბალურ ნაწილზე დაკვირვებით. სასამართლო ხაზს უსვამს ზეპირობის პრინციპის მნიშვნელობას, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. დაზარალებულის დაკითხვა მოხდა დისტანციური წესით - ტექნიკური საშუალებით ე.წ სკაიპით, დაკითხვის პროცესში ეკრანზე სრულად ჩანდა ლ--------–---–ის გამოსახულება, სასამართლო აკვირდებოდა ფაქტების გადმოცემის მანერას, ჟესტიკულაციას, თვალშისაცემი იყო მსხვერპლის ემოციური მდგომარეობა, განცდები, რაც გამოწვეული იყო ი-–--------–---–ის მიერ მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფის თუ დამცირების გამო, მსხვერპლი იყო უკიდურესად დათრგუნული, გამოხატავდა შეურაცხყოფის განცდას, საფრთხიდან თავის დაღწევის მოტივაციას, ფაქტების თხრობის დროს ხშირად ტიროდა. ლ--------–---–მა ჩვენებაში განაცხადა, რომ სისტემატური შეურაცხყოფის, დამცირების და ფიზიკური ძალადობის გამო იყო უკიდურესად შეშინებული, იძულებული გახდა გაქცეოდა ოჯახში ძალადობას და ემიგრაციაში წასულიყო მცირეწლოვან შვილთან ერთად. ყვებოდა მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ამსახველ ეპიზოდებს. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური ძალადობის დანაშაულის თავისებურებას, ამ კატეგორიის დანაშაულისათვის დამახასიათებელია ლატენტურობა, ვინაიდან იგი ძირითადად დახურულ - ოჯახურ სივრცეში ხდება სადაც მხოლოდ მსხვერპლი და მოძალადე არიან, ხშირად დაზარალებულები მოძალადის შიშით ვერ ააშკარავებენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს და სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. სწორედ იდენტურია განსახილველი შემთხვევაც. 2018 წლის 5 თებერვალს ფიზიკურ ძალადობას ნამდვილად, რომ ჰქონდა ადგილი, დასტურდება დაზარალებულის რეაქციით, იგი საშველად გარბის მეზობელთან ხ------- გ----------თან, სთხოვს დახმარებას, პარალელურად დახმარების მიზნით რეკავს პოლიციაში და დასთან ი--------–---–თან. სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ დაზარალებული რეალურ ფაქტებს გადმოსცემდა, მისი ჩვენება იყო თანხვედრაში მტკიცებულებებით დადასტურებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. თანხვედრა გამოიკვეთა დაზარალებულის ჩვენებასა და ექსპერტიზის დასკვნის შედეგთან. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზიანებები თანხვედრაშია ძალადობის მატერიალურ ფაქტთან, დადასტურებულია, რომ მსხვერპლს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, მარჯვენა მხრის და მარჯვენა წინამხრის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით. სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

2.8.3.სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაცვის მხარის მოწმე ს--–---- ს----ე. მოწმის ჩვენებით ი-–--------–---–თან ჰქონდა კოლეგიალური ურთიერთობა, იყვნენ თანამშრომლები. მოწმემ გამორიცხა ბრალდებულთან სასიყვარულო ურთიერთობა. სასამართლო აღნიშნული მოწმის ჩვენების შინაარსის სიღრმისეულ შეფასებაში არ შედის, ვინაიდან მოწმე არ ფლობს ინფორმაციას განსახილველი საქმის არსებით საკითხებზე, კერძოდ, 2018 წლის 5 თებერვალს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალადობას, ხოლო თუ რა ურთიერთობა აკავშირებდა მოწმეს ი-–--------–---–თან, ეს ვერ გახდება სასამართლოს შეფასების და ანალიზის საგანი.

 

2.8.4. დაცვის მხარის პოზიცია, არ იქნეს გაზიარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დასკვნის აღწერილობით ნაწილში, კერძოდ საქმის ფაქტობრივ გარემოებაში არსებული უზუსტობიდან გამომდინარე,- სასამართლო მიერ გაზიარებული არ იქნა. ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა ზეპირ ჩვენებაში არგუმენტირებულად და დამაჯერებლად განმარტა, რომ საექსპერტო კვლევა ჩაატარა ლ--------–---–ის სხეულზე, შესამოწმებელი პირი პირადად იქნა ექსპერტიზაზე წარდგენილი, როგორც დასკვნით ნაწილში, ასევე პირადი შემოწმების მონაცემებში და შესამოწმებლის კლინიკურ საუბარში მიუთითა, რომ შესამოწმებელი ობიექტი იყო ლ--------–---–ი და არა სხვა პირი, თუმცა საქმის ფაქტობრივ გარემოებაში დაუშვა ტექნიკური ხარვეზი და სხვა გარემოებები მიუთითა. სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს საქმის შედეგით დაუინტერესებელი, ნეიტრალური პირის - ექსპერტის განმარტებაში. სასამართლო ხაზს უსვამს, თუ რა მონაცემები ხდება ექსპერტიზის დასკვნიდან სასამართლოს შეფასების საგანი: 1. კვლევის დასკვნითი ნაწილი, რომელიც აღწერს დაზიანების ლოკაციას, ხარისხს, მორფოლოგიურ სურათს და დაზიანების ხანდაზმულობას. 2. კლინიკური საუბრის მონაცემები, სადაც შესამოწმებელი პირი ექსპერტს უამბობს თუ რა ვითარებაში მიიღო დაზიანება. 3. პირადი შემოწმების მონაცემები, რომელიც დეტალურად აღწერს დაზიანების მდებარეობას და მორფოლოგიურ სურათს. ხოლო რაც შეეხება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ეს დგინდება არა ექსპერტიზის დასკვნით, არამედ გამოკვლეული მტკიცებულებებით.

 

2.9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 5 თებერვალს ი-–--------–---–მა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე ლ--------–---–ზე. მიზეზობრივი კავშირი 2018 წლის 5 თებერვალს ჩადენილ ძალადობასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ დაზიანებას შორის დგინდება დაზარალებულის ჩვენებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული მტკიცებულებების მიხედვით, მსხვერპლს შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მხრის და მარჯვენა წინამხრის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით. რაც შეეხება დანაშაულის შემადგენლობას - ფიზიკური ტკივილს, როგორც ლ--------–---–მა ზეპირ ჩვენებაში განაცხადა, დარტყმების გამო განიცადა ტკივილი, ექსპერტიზის დასკვნის პირადი შემოწმების მონაცემებით, შემოწმების მომენტში შესამოწმებელი პირი ლ--------–---–ი უჩიოდა ტკივილს მარჯვენა ზემო კიდურის არეში.

 

2.10.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლი, გარდა ფიზიკური ძალადობისა, დანაშაულად განიხილავს სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რამაც გამოიწვია ტანჯვა. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა. გამოკვლეული მტკიცებულებებით, დაზარალებულის ლ--------–---–ის და მოწმე ი--------–---–ის ჩვენებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებული ი-–--------–---–ი სისტემატურად ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე ლ--------–---–ზე, განსაკუთრებით ბოლო 2 თვეში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რამაც დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია.

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. პატივი და ღირსებაც წარმოადგენს ადამიანის ხელშეუვალ უფლებას და მას იცავს საქართველოს კონსტიტუცია, ამ უფლებათა ხელყოფა, თუნდაც ოჯახის წევრის მიერ, აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა.

 

3.4. სასამართლომ შეაფასა არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ი-–--------–---–ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული ბრალეული ქმედება, რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ი-–--------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

4.2. ი-–--------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლოს შეფასებით განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ არის აუცილებელი დამნაშავე პირის იზოლაცია საზოგადოებისაგან. სასჯელის მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებით. სასჯელის სახის განსაზღვრის დროს სასამართლომ მხედველობაში მიიღო ი-–--------–---–ის სამხედრო მიღწევები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მსახურობის დროს, მას აქვს მედლები მიღებული სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის და სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის.

 

5.4. სასამართლოს შეფასებით დამნაშავეს უნდა განესაზღვროს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქცია, დანიშნულმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ი-–--------–---–ის სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლთა ურთიერთობიდან გამომდინარე მომავალშიც არ გაგრძელდეს ოჯახში ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 125 (ას ოცდახუთი) საათი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ი-–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 5 თებერვლიდან - 2018 წლის 9 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათი.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა