გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210019003075729
საქმე#2/1629-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.02.2020 წელი ქ.ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
წარმომადგენელი- ლ---------------–--ე;
მოპასუხე-შპს „ა----–------–----------ი„;
წარმომადგენელი-ზ--------------ე;
დავის საგანი-პირგასამტეხლოს დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ა----–------–----------ს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო - 74 360.93 ლარის გადახდა;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროსა და შპს ა----–------–----------ს შორის 2017 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა #ქ-01 ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ. უძრავი ქონების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 ივლისი.
2018 წლის 06 ივლისს დაიდო #ქ-01/02 ხელშეკრულება #ქ-01 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ხელშეკრულების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 აგვისტო. შესაბამისად პირგასამტეხლოს ვადის გადაცილება აითვლება 2018 წლის 31 აგვისტოდან. 2017 წლის 11 სექტემბერის #ქ-01 ხელშეკრულების 3-ე მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად უძრავი ქონების ღირებულება შეადგენდა 3 178 885.71 ლარს. ამავე მუხლის 3.2. პუნქტის თანახმად ხეშეკრულების ღირებულება დაზუსტდება უძრავი ქონების ექსპლოატაციაში მიღებისა და ფართების ადეკვატურობის თაობაზე ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. ორგანიზაციის მიერ სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე 2018 წლის 26 დეკემბრის #ქ-01/03 შეთანხმებით დაზუსტდა ხელშეკრულების ღირებულება და განისაზღვრა 3 205 212.35 ლარით. შესაბამისად პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა დათვლილია ხელშეკრულების დაზუსტებული ღირებულებიდან გამომდინარე.
2018 წლის 26 დეკემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა #ქ-01/03 შეთანხმება ვალდებულების შესრულების თაობაზე, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება პირგასამტეხლოს სახით სამინისტროსთვის გადაეხადა მიწოდების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლო 73 719.88 ლარის ოდენობით, 20 კალენდარული დღის განმავლობაში.
ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1.8 პუნქტით უძრავი ქონების მიწოდების ვადა გულისხმობს მშენებლობის დასრულებისა და ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.4. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის თარიღს. მესაკუთრემ უძრავი ქონება საჯარო რეესტრში ასახა 2018 წლის 26 დეკემბერს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომელიც სააგენტოში წარდგენილი იქნა 26 დეკემბერს. შესაბამისად მოპასუხის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა 2018 წლის 26 დეკემბერს.
ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2. პუნქტის თანახმად, მიწოდების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. ორგანიზაციამ ვალდებულება შეასრულა არა 30 აგვისტოს, არამედ 26 დეკემბერს, შესაბამისად პირგასამტეხლოს გადახდა უნდა მოხდეს 31 აგვისტოდან 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის. საერთო ჯამში პირგასამტეხლოს თანხის ოდენობამ შეადგინა 74 360.93 ლარი. (იხ.სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ა----–------–----------მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 11 სექტემბრიდან 2018 წლის 02 ივნისამდე, ქ. ქუთაისში დაფიქსირებული იქნა 97 ძლიერი ქარიანი დღე, რა დროსაც დაუშვებელი იყო სამონტაჟო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, არაერთჯერ მიმართა მხარეს ვადის გაგრძელების მოთხოვნით, თუმცა მათგან რეაგირება არ მომხდარა. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის #62 დადგენილების თანახმად, დაუშვებელია სამონტაჟო სამუშაოების შესრულება სიმაღლეზე ღია ადგილებში ქარის 15 მ/წმ და მეტი სიჩქარის დროს. ამასთან, მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვა საღამოს შვიდი საათის შემდეგ მშენებლობის წარმოებაზე, რის გამოც ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურმა მოუწოდა არ მოეხდინა სამშენებლო სამუშაოების წარმოება არასამუშაო საათებში. მოსარჩელე მხარეს რაიმე ზიანი არ მიუღია. ასევე განმარტა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. (იხ.შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს და შპს ა----–------–----------ს შორის 2017 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა ქ-01 ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სამინისტროს მიერ ქ. ქუთაისში, მშენებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, მენაშენის მიერ წარმოდგენილი განშლის ოქმით გათვალისწინებული ფართებიდან 3003 კვმ, სულ 52 ბინის, საცხოვრებელი ფართის შესყიდვა. უძრავი ქონების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 ივლისი.
2018 წლის 06 ივლისს მხარეთა შორის დაიდო #ქ-01/02 ხელშეკრულება #ქ-01 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ხელშეკრულების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 აგვისტო.
2017 წლის 11 სექტემბერის #ქ-01 ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად უძრავი ქონების ღირებულება შეადგენდა 3 178 885.71 ლარს. 2018 წლის 26 დეკემბრის #ქ-01/03 შეთანხმებით ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 3 205 212.35 ლარით.
2018 წლის 26 დეკემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა #ქ-01/03 შეთანხმება ვალდებულების შესრულების თაობაზე. შეთანხმების პირველი მუხლის თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ შეთანხმების დანართში მითითებული საცხოვრებელი ფართი შეესაბამება ხელშეკრულების დანართი #1-ით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ფართის ტექნიკურ პირობებს. შეთანხმების დანართში მოცემული „უძრავი ქონება„ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში დაექვემდებარა სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციას. ამავე შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება პირგასამტეხლოს სახით სამინისტროსთვის გადაეხადა მიწოდების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლო 73 719.88 ლარის ოდენობით, 20 კალენდარული დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-11.09.2017 წლის #ქ-01 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
-11.09.2017 წლის #ქ-01 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ხელშეკრულება #ქ-01/01, #ქ-01/02;
-შეთანხმება, #ქ-01/03 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თაობაზე;
3.1.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 04 თებერვლის საოქმო განჩინებით, მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 დეკემბრის #ქ-01/03 შეთანხმების თანახმად, 2017 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2. პუნქტის საფუძველზე, მიწოდების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-11.09.2017 წლის #ქ-01 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
-შეთანხმება #ქ-01/03 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თაობაზე;
3.2.2. მოპასუხე მხარის მტკიცებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოები ვერ შესრულდა, აღნიშნული გამოწვეული იქნა იმ გარემოების გამო, რომ 2017 წლის 22 სექტებრიდან, 2018 წლის 23 ივნისის ჩათვლით დაფიქსირებული იქნა ნალექიანი ამინდი, ხოლო 2017 წლის 13 სექტემბრიდან 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით დაფიქსირებული იქნა 15 მ/წმ და მეტი სიჩქარის ქარიანი 97 დღე. 2017 წლის 11 სექტემბრის #ქ-01 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მე-11 მუხლის თანახმად, მხარეებს არ დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვადის გადაცილებისათვის თუკი შეუსრულებლობა გამოწვეული იქნებოდა ფორს-მაჟორული გარემოებებით. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის #62 დადგენილების თანახმად, დაუშვებელია სამონტაჟო სამუშაოების შესრულება სიმაღლეზე ღია ადგილებში ქარის 15 მ/წმ და მეტი სიჩქარის დროს. ამასთან, მოპასუხე მხარის მტკიცებით, მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვა საღამოს შვიდი საათის შემდეგ მშენებლობის წარმოებაზე, რის გამოც ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურმა მოუწოდა არ მოეხდინა სამშენებლო სამუშაოების წარმოება არასამუშაო საათებში.
სასამართლო მოცემულ შემთხვევაში არ იზირებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ მისი მხრიდან ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებებით. სასამართლო, მოპასუხე მხარის არგუმენტთან დაკავშირებით აღნიშავს შემდეგს: 2017 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულების 11.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდენენ, რომ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულების შესრულება, პირველი შესაძლებლობისთანავე, შეტყობინების ყველა შესაძლო საშუალებით, უნდა გაუგზავნოს ინფორმაცია მეორე მხარეს ასეთი გარემოებისა და მათი გამომწვევი მიზეზის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქარიანი ამინდი ქ. ქუთაისში დაფიქსირდა 2017 წლის 13 სექტემბრიდან 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით სხვადასხვა დღეებში. სულ 97 დღე. შპს ა----–------–----------ს სამინისტროსთვის ამ პერიოდში არ უცნობებია, ქარიანი ამინდის არსებობის გამო ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე. მოპასუხე მხარემ 2018 წლის 16 აგვისტოს და 23 აგვისტოს წერილით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ ასწრებდა ვალდებულების შესრულებას, ხოლო ამის გამომწვევი მიზეზის შესახებ, მოპასუხეს აღნიშნული წერილებითაც კი არ უცნობებია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება, ხელშეკრულების მიხედვით არ წარმოადგენს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-11.09.2017 წლის ხელშეკრულება;
-სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილი;
-ქუთაისის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემები;
- შპს აღმაშენებლი ქუთაისის წერილები;
3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში 2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით უძრავი ქონების მიწოდება ვერ განხორციელდა. უძრავი ქონების მიწოდების ვადის გადაცილებამ შეადგინა 116 დღე. სახელშეკრულებო ვალდებულებათა ვადაში შეუსრულების შედეგად მოპასუხის მიმართ დარიცხული პირგასამტეხლო ჯამში შეადგენს 74 360.93 ლარს. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრების გამომრიცხავი გარემოებების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, შეუსაბამოდ მაღალია და ის უნდა შემცირდეს 0.01%-მდე. (აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილში).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური;
დავა, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას მოპასუხეზე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, გამომდინარეობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შპს ა----–------–----------ს შორის 2017 წლის 11 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებიდან. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სამინისტროს მიერ ქ. ქუთაისში, მშენებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, მენაშენის მიერ წარმოდგენილი განშლის ოქმით გათვალისწინებული ფართებიდან 3003 კვმ, სულ 52 ბინის, საცხოვრებელი ფართის შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 3 205 212.35 ლარით. ხოლო უძრავი ქონების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 აგვისტო.
2018 წლის 26 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა #ქ-01/03 შეთანხმება ვალდებულების შესრულების თაობაზე. შეთანხმების პირველი მუხლის თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ შეთანხმების დანართში მითითებული საცხოვრებელი ფართი შეესაბამება ხელშეკრულების დანართი #1-ით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ფართის ტექნიკურ პირობებს. შეთანხმების დანართში მოცემული „უძრავი ქონება„ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში დაექვემდებარა სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციას.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის მიერ სამუშაოს დაგვიანებით შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება;
დადგენილია, რომ 2018 წლის 26 დეკემბრის #ქ-01/03 შეთანხმების თანახმად, 2017 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.2. პუნქტის საფუძველზე, მიწოდების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო არ იზიარებს შპს ა----–------–----------ის მოსაზრებას, რომ მისი მხრიდან ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებებით. 2017 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულების 11.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდენენ, რომ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულების შესრულება, პირველი შესაძლებლობისთანავე, შეტყობინების ყველა შესაძლო საშუალებით, უნდა გაუგზავნოს ინფორმაცია მეორე მხარეს ასეთი გარემოებისა და მათი გამომწვევი მიზეზის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქარიანი ამინდი ქ. ქუთაისში დაფიქსირდა 2017 წლის 13 სექტემბრიდან 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით სხვადასხვა დღეებში. სულ 97 დღე. შპს აღმაშენებლი ქუთაისს სამინისტროსთვის ამ პერიოდში არ უცნობებია, ქ. ქუთაისში, ქარიანი ამინდის არსებობის გამო ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე. მოპასუხე მხარემ 2018 წლის 16 აგვისტოს და 23 აგვისტოს წერილით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ ასწრებდა ვალდებულების შესრულებას. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში 2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით უძრავი ქონების მიწოდება ვერ განხორციელდა. უძრავი ქონების მიწოდების ვადის გადაცილებამ შეადგინა 116 დღე.
6.2. მოცემულ შემთხვევაში, შპს ა----–------–----------ის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით გათვლისწინებული ვალდებულების დარღვევას, რაც გამოიხატა სამუშაოების ვადის დარღვევით შესრულებაში. ამდენად, არსებობს მასზე პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოპასუხის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან (იხ.სუსგ. N 318-301-2017, 05.05.2017წ.).
პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები (იხ.სუსგ.N 318-301-2017 , 05.05.2017წ.).
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 26 დეკემბერის მხარეთა შორის გაფორმებული #ქ-01/03 შეთანხმებით დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა ჯეროვნად. შეთანხმების დანართში მითითებული საცხოვრებელი ფართი შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ფართის ტექნიკურ პირობებს. უძრავი ქონება ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში დაექვემდებარა სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციას, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, 2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით უძრავი ქონების მიწოდება ვერ განხორციელდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში სასამართლო მხოლოდ ხელმძღვანელობს მხარეთა შეჯიბრს. ამ პროცესში, მონაწილეობენ მოთხოვნის კრედიტორი, რომლის მიმართაც დარღვეულია ვალდებულება და მოვალე/მოპასუხე, რომელიც მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებას - პირგასამტეხლოს მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ განაკვეთად. ამ დროიდან, უკვე სასამართლო იწყებს პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას. საგულისხმოა, რომ ამ პროცესში მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. თუმცა, საგულისხმოა, რომ თუ მხარე სადავოდ არ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას (გონივრულობას), მაგრამ საერთოდ გამორიცხავს მისი დაკისრების წინაპირობების არსებობას, უპრიანია სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობაც შედავებულად მიიჩნიოს და შეაფასოს მისი გონივრულობა; ასეთ ვითარებაში, ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს მხარის ნება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არათუ პირგასამტეხლოს ოდენობას ხდის სადავოდ, არამედ საერთოდ პირგასამტეხლოს დაკისრებას არ ეთანხმება. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები (იხ. სუსგ #ას-318-301-2017).
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების 12.3. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, უნდა შემცირდეს და მისი ოდენობა ყოველვადაგადაცილებულ დღეზე უნდა განსიაზღვროს 0,01%-ით. შესაბამისად, შპს ა----–------–----------ისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 37180,46 ლარით, რისი გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 1115,41 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომიხელმძღვანელასამოქალაქოსაპროცესოკოდექსისმე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ემუხლებით
გადაწყვიტა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შპს ა----–------–----------ს- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 37 180 ლარის და 46 თეთრის გადახდა.
3. შპს ა----–------–----------ს - სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 115,41 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე