განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2020
საქმის ნომერი
330100119003301251
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5619-19

გამოძიების #------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული ----------- ს-----–-- ძე გ---------ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 2----–--ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს-----------------–----------–------------------

 

ადვოკატი - თ--------------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 14 ოქტომბერს, თბილისში, ე------------–---–ის ქ.#7--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა-------- გ---------მა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის დედას, ს-----–--- კ------–---–ს. კერძოდ, დაარტყა ხელი თავისა და გულმკერდის არეში, რის შედეგადაც ს-----–--- კ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.

 

2.2. სასამართლოს დასკვნა ა-------- გ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ს-----–--- კ------–---–ის, მოწმეების - დ---------------–---–ის, დ------ კ------–---–ის, თ------------–---–--ს, ნ----–----–----ს, ლ---–--------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებლ ორდერს, შემაკავებელი ორდერის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ა-------- გ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 14 ოქტომბერს, მეუღლის დედას, ს-----–--- კ------–---–ს დაარტყა ხელი თავისა და გულმკერდის არეში, ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის მიხედვით ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლის მშობელი.

 

3.3. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით აღიარებულია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.5. საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ა-------- გ---------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ა-------- გ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

4.2. ა-------- გ---------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობის ხერხი: რამდენიმე დარტყმა თავისა და გულმკერდის არეში.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.2. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

5.3. სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება,- ძალადობის ხერხი: რამდენიმე დარტყმა თავისა და გულმკერდის არეში.

 

5.4.სასჯელის მოხდის წესის განსაზღვრის დროს გათვალისწინებული იქნა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიც: დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარება, ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, რაზეც მიუთითებს მისი მხრიდან მტკიცებულებების უდავოობა, იგი შეურიგდა დაზარალებულს.

 

5.5. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების და საქმის შინარსისა და ვითარების გათვალისწინებით ა-------- გ---------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით უნდა ჩაეთვალოს პირობით. დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ ა-------- გ---------ი ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, სასჯელთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დამატებით დააკისროს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, რაც გულისხმობს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას გამოსაცდელი ვადის პერიოდში.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-------- გ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. ა-------- გ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 20 ოქტომბრიდან - 2019 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

2. ა-------- გ---------ს როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

 

3. გაუქმდეს ა-------- გ---------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი, ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ. ხარჩილავა