გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.04.2020
საქმის ნომერი
340310020003475733
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
07.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №340310020003475733

საქმე №3/13-20

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შესავალის ნაწილი

 

07 აპრილი 2020 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

 

მოსარჩელე - სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - თ----------------–---–ი

მოპასუხე - ქ----------------–---–ი

დავის საგანი - ზედმეტად აღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების დაბრუნება ბიუჯეტის სასარგებლოდ

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხე ქ----------------–---–ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების - 20 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.

მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების წარმოებაშია ქ---------------–---–ის ოჯახის საქმე, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად აღებული საარსებო შემწეობის უკან დაბრუნებას. სოციალური აგენტის მიერ შევსებული დეკლარაციის შედეგად ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 93950, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ითვალისწინებს სოციალური დახმარების მიღებას. სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტის 2018 წლის 09 აგვისტოს №04/44438 კორესპონდენციით და მასზე დართული სიით მოსარჩელისთვის იმ ოჯახების მონაცემები გახდა ცნობილი, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და გარკვეული შემოსავალი უფიქსირდებათ, რის შესახებაც მათ სააგენტოს არ აცნობეს. ასეთ ოჯახებს მონაცემთა ერთიან ბაზაში შეუწყდათ რეგისტრაცია. მათ შორის არის მოპასუხეც, რომელსაც შპს ა-----------იდან და შპს მ------------------იდან მიღებული აქვს შემოსავლები. მოპასუხის ოჯახი ვალდებული იყო ერთი თვის ვადაში ეცნობებინა სააგენტოსთვის იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლა. მოპასუხემ კანონით დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შემოსავლის შესახებ არ აცნობა. შესაბამისად, მოპასუხის ოჯახს ზედმეტად ჩაერიცხა საარსებო შემწეობა 20 ლარის ოდენობით. 2018 წლის 31 ოქტომბერს ოჯახს გაეგზავნა შეტყობინებები თანხის დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა დავალიანება ამ დრომდე დაფარული არ არის.

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოპასუხემ 08.12.2016 წელს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას და სოციალური დახმარების დანიშვნა მოითხოვა. ოჯახის სარეიტინგო ქულამ 93950 შეადგინა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 08.12.2016 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხის ოჯახს სოციალური დახმარება დაენიშნა. ოჯახი შედგება ხუთი წევრისგან - ქ----------------–---–ი, ნ-----–----------–---–ი, თ--------------–---–ი, ნ-----–----------–---–ი და კ---------–---–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (ს.ფ. 15);

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 16);

3.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს 09.08.2018 წლის №04/44438 წერილის და თანდართული მასალების მიხედვით, ქ---------------–---–ის ოჯახის წევრს თ--------------–---–ს შპს ,,ა-----------იდან“ მიღებული აქვს შემოსავლები - 01.04.2018 წელს 418.2 ლარი; 01.05.2018 წელს 407.15 ლარი დავ 1052.30 ლარი.

მასვე, შპს ,,მ------------------ადან“ მიღებული აქვს შემოსავლები - 01.03.2018 წელს 50 ლარი; 01.04.2018 წელს 99.62 ლარი.

ასევე, მას შპს ,,კ----------------–----–-------------იდან“ მიღებული აქვს შემოსავლები - 01.04.2018 წელს 420 ლარი; 01.05.2018 წელს 465 ლარი; 01.06.2018 წელს 425 ლარი

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს 09.08.2018 წლის №04/44438 წერილი დანართებით (ს.ფ. 17-22);

3.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 09.08.2018 წლის №04/44438 წერილის თანახმად, მოპასუხეს და მის ოჯახს 2018 წლის აგვისტოდან ცენტრალიზებულად შეუწყდა სოციალური დახმარება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 09.08.2018 წლის №04/44438 წერილი დანართებით (ს.ფ. 17-22);

3.4. მოპასუხეს 01.07.2018 წელს ჩაერიცხა საარსებო შემწეობა 20 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 26).

3.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 31.10.2018 წლის №04-10-04/2592 და 27.09.2018 წლის №04-10-04/2226 წერილებით მოპასუხეს ეცნობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების ფაქტი და მისი საფუძველი. ასევე, განემარტა მისი გასაჩივრების წესი და საწინააღმდეგო მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობის უფლება. ამავე წერილებით მოპასუხეს დაევალა ზედმეტად მიღებული სოციალური დახმარების 20 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 31.10.2018 წლის №04-10-04/2592 და 27.09.2018 წლის №04-10-04/2226 წერილები (ს.ფ. 24-25).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოცემულ საქმეზე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

5.2. ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.07.2006 წლის №145 დადგენილება.

5.3. ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.04.2010 წლის №126 დადგენილება.

5.4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 22.08.2016 წლის #225/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, აღიარებულია სოციალური დახმარების, როგორც საჭიროების შეფასებაზე დაფუძნებული სახელმწიფო მხარდაჭერა, მაგრამ არა კანონით გარანტირებული უპირობო უფლება. სოციალური დახმარების სისტემის მეშვეობით ხორციელდება სათანადო რესურსების მიზანმიმართული გადანაწილება სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე.

ამავე კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა, რომელიც არის ფულადი სოციალური დახმარება განკუთვნილი შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცდა სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი.

მითითებული წესის მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. მე-5 მუხლი კი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცდა ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი. წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია და მოიცავს: ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას და დამუშავებას; ბ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას; გ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას; დ) შესაბამის მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს, განახლებას და მონიტორინგს.

მითითებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები, ხოლო მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას და ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

ამავე წესის“ მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ადგენს, რომ მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით (2019 წლის 18 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში; ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა. ოჯახის მხრიდან ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობის გაცემა და/ან გადაამოწმოს ოჯახი, შეუწყვიტოს ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და/ან აუკრძალოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მონაცემთა ბაზაში განმეორებითი რეგისტრაცია.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს აკისრებს ვალდებულებას, რომ იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს წევრთა შემადგენლობაში ან/და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაში ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სააგენტოს აცნობოს ერთი თვის ვადაში. ამავე წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით (2019 წლის 18 იანვრამდე მოქმედი რედაქციით), სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საარსებო შემწეობის გაცემა, ნებისმიერ ეტაპზე, თუ ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას, მათ შორის შემოსავლების გაზრდა/გაჩენის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ ბოლო ოთხ თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში – „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 150 ლარზე;

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის ოჯახი შედგება ხუთი წევრისგან. ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში. ოჯახის ყოველთვიური საარსებო შემწეობა 20 ლარს შეადგენდა, რომლის ჩარიცხვაც ყოველი თვის პირველ რიცხვში ხდებოდა. გადამოწმების შედეგად მოპასუხის ოჯახის წევრს გამოუვლინდა შემოსავალი. 2018 წლის 09 აგვისტოს წერილის დანართის თანახმად, ოჯახის წევრის შემოსავალმა 2018 წლის 01 მარტიდან 01 ივნისის ჩათვლით ჯამში 3337.27 ლარი შეადგინა. შესაბამისად, მიღებულმა შემოსავალმა საშუალოდ ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით 667.45 ლარი შეადგინა.

ამდენად, მიღებული ჯამური შემოსავალი ოჯახის ერთ წევრზე გადაანგარიშებით აღემატება 150 ლარს და ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ჰქონდა ერთი თვის ვადაში სააგენტოსთვის ამ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რაც მისი მხრიდან არ იქნა შესრულებული.

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სააგენტოს უფლებამოსილება განსაზღვრულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით, კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია: შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად) სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად; არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ; ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის მიღებასთან და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობა; შესაბამისი დაწესებულებების და/ან ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების, საარსებო შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, გაანგარიშების, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის; ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე, წევრის დაბადების (ბავშვის შვილად აყვანის) შემთხვევაში, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის მე-10 მუხლის 11 ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამის უფლებამოსილ პირს აწვდის ინფორმაციას განაცხადში მითითებული ოჯახის ყოველი წევრის შემოსავლების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში ან უარი უთხრას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან აუკრძალოს ოჯახს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.

სასამართლო არსებული მასალების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ზედმეტად მიიღო ერთი თვის - ივლისის თვის საარსებო შემწეობა, რომლის ოდენობაც შეადგენს 20 ლარს.

სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-91 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის, ახალი საიდენტიფიკაციო კოდით), სააგენტო ვალდებულია, დაქვითოს ოჯახზე ყოველთვიურად გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით; ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მომდევნო თვიდან. ამ წესის მიზნებისათვის, გარემოების დადგენის თვედ მიიჩნევა: ა) გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 16 წლის ასაკის შესრულების თვე; გ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში – სააგენტოში ოფიციალური მონაცემ(ებ)ის შემოსვლის თვე.

ამავე წესის მე-181 მუხლის თანახმად, თუ ოჯახს ზედმეტად ჩაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასულ პერიოდში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხის უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა და სააგენტოში შემოსული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს ან მის რომელიმე წევრს ზედმეტად გადაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასული პერიოდის განმავლობაში გარდაცვალების, სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის გამო, საარსებო შემწეობის თანხის დაბრუნება განხორციელდება გარდაცვალების შემთხვევაში - გარდაცვალების თვის მომდევნო თვიდან, სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის შემთხვევაში, საზღვრის კვეთიდან მესამე თვის მომდევნო თვიდან (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ), ოჯახის წევრისთვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის ოდენობით, ხოლო ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით შემოსავლის გაზრდის/გაჩენის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება განხორციელდება ამ გარემოების დადგომის თვის მომდევნო თვიდან ოჯახისათვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის ოდენობით.

საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ 2018 წლის 01 ივლისს მოპასუხისთვის საარსებო შემწეობის ჩარიცხვის საფუძველი არ არსებობდა და შესაბამისად, ეს თანხა მას ზედმეტად აქვს მიღებული.

განსახილველ შემთხვევებში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ზედმეტად მიღებული 20 ლარის უკან დაბრუნება ადმინისტრაციულმა ორგანომ უშედეგოდ მოითხოვა, კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილით მას ეცნობა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის გაუქმების ფაქტი და მისი საფუძველი. ასევე, ინფორმაცია მისი გასაჩივრების წესისა და საწინააღმდეგო მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე, თუმცა ამ უკანასკნელი შესაძლებლობებით მას არ უსარგებლია. ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილით მოპასუხეს დაევალა ზედმეტად მიღებული სოციალური დახმარების 20 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან დაბრუნება, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა.

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-181 მუხლის თანახმად, ოჯახისთვის ზედმეტად ჩარიცხული თანხა ექვემდებარება დაბრუნებას. ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უსაფუძვლოდ ჩაერიცხა საარსებო შემწეობით გათვალისწინებული თანხა 2018 წლის ივლისში, რამაც შეადგინა 20 ლარი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხის ანაზღაურება დაეკისროს.

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, მე-13-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე,364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე ქ----------------–---–ს დაეკისროს 20 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (თანხის ჩარიცხვა მოხდეს საბიუჯეტო შემოსულობის სახაზინო ანგარიშზე კოდით 302003460; ანგარიშის ნომერი GE 240330100200165022).

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, რობაქიძის ქ.№7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქუჩა №24) მეშვეობით.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე