განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N030100120003532067
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
საქმის N1/84-2020 წ
07 აპრილი, 2020 წელი ქ. ფოთი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ წულაძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი ე---–---- ბ------
დაცვის მხარე - ადვოკატი ნ---- ბ-----
ბრალდებული - მ----- ტ----------- (დაბადებული 1--- წლის 0--------, პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დ-------------–-, ს-–----–-- განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ფოთი, ნ-----–---- ბ-------–---–-- N--).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2020 წლის 21 თებერვალს დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. ფოთი, ნ-----–---- ბ-------–---–-- ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ----- ტ-----------მ იმის გამო, რომ მამამისმა - ჯ----– ტ-----------მ საკვების მიღებაზე უარი განაცხადა ერთხელ ჩაარტყა მას ტელევიზორის ე.წ პულტი თავის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდებულმა მ----- ტ-----------მ, როგორც გამოძიების, ასევე სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება, ჯ----–ი ტ------------, დ--–- ტ------------, მ-----ი ტ------------, ჯ------– ი-------, ბ------- კ--–-------- გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, ქორწინების მოწმობის ასლი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დახასიათება, ნივთმტკიცება.
ამრიგად, უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა მ----- ტ-----------მ ოჯახის წევრის მამის ჯ----– ტ------------ მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა მ----- ტ-----------მ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ოჯახში თანასწორუფლებიანობას და მშვიდ თანაცხოვრებას, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებული დაუპირისპირდა ოჯახში და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.
სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშული. ბრალდებული არაა ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, საგულისხმოა, რომ პატიმრობისგან განთავისუფლების შემდეგ მას რაიმე დარღვევა არ ჩაუდენია, აღიარა და ინანიებს ჩადენილს, რაც მიუთითებს, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება, რომლის ზომა ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში მინიმუმზე მცირედ მაღალი ზომით.
იმის გამო, რომ მ----- ტ----------- იმყოფებოდა პატიმრობაში საბოლოდ სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 44-ე და 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
მ----- ტ------------ მიმართ უნდა გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება გირაო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში არაა წარმოდგენილი ინფორმაცია გირაო უზრუნველყოფილია თუ არა ფულადი თანხით, ან უძრავი ქონებით სასამართლო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე.
ნივთმტკიცება წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ----- ტ----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის და 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მ----- ტ----------- 2020 წლის 22 თებერვლიდან 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით სრულად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
გაუქმდეს მ----- ტ------------ მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო.
ნივთმტკიცების სახით არსებული ტელევიზორის პულტი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი