გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 0-02100-8002408680
საქმე N2-1671/20-8
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 მარტი 2020 წელი ქ. ბა-----ი
შესავალი ნაწილი
ბა-----ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაზე
მოსარჩელე - შპს „ბა-–-----ი“
წარმომადგენელი - და--------------ძე
მოპასუხე - ჯე---–----------–-ძე
წარმომადგენელი- და----------ძე
დავის საგანი - გაცემული დივიდენდის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ჯე---–----------–-ძეს დაეკისროს შპს „ბა-–-----ის“ სასარგებლოდ 36486 აშშ დოლარის გადახდა.
2. მხარეთა პოზიცია:
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქრობრივ გარემოებებს:
ჯე---–----------–-ძე წარმოადგენს შპს „ბა-–-----ის“ პარტნიორს, 49.5% წილის მფლობელს. შპს „ბა-–-----ი“ ქ. ბა-----–ი, ბა------–---–-ს ქ. N29-ში აწარმოებდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობას. 20-4 წლის 1 მაისს ჯე---–----------–-ძემ განცხადებით მომართა მოსარჩელეს და მოითხოვა მოსალოდნელი დივიდენდის წინასწარ მიღება, ნატურით, კერძოდ, მშენებარე საცხოვრებელ სახლში ბინის გადაცემით.
20-4 წლის 1 მაისს შედგა შპს „ბა-–-----ის“ პარტნიორთა კრება, რომელმა დააკმაყოფილა მოპასუხის განცხადება. მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება გადაეცა საცხოვრებელი ბინა მოპასუხისათვის, მოსალოდნელი დივიდენდის ანგარიშში. თავის მხრივ, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, იმ შემთხვევაში, თუ სამეწარმეო სუბიექტი ვერ მიიღებდა მოგებას და დივიდენდი არ განაწილდებოდა, უკან დაებრუნებინა მიღებული ბინა ან აენაზღაურებინა სხვაობა. მხარეთა შორის შედგა ხელშეკრულება ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით.
სარჩელის თანახმად, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, შპს „ბა-–-----მა“ ვერ გასცა დივიდენტი, რის გამოც ჯე---–----------–-ძეს წარმოეშვა დივიდენდის სახით მიღებული საცხოვრებელი ბინის უკან დაბრუნების ვალდებულება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონება უკვე გასხვისებულია, მოსარჩელე ითხოვს დაეკისროს მოპასუხეს აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულება.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სარჩელს არ დაეთანხმა და წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი. მხარე არ ხდის სადავოდ მითითებული ხელშეკრულების დადების ფაქტს, თუმცა მიიჩნევს, რომ დივიდენდის სახით მიღებული ქონების ან მისი ფულადი ეკვივალენტის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნია. ჯე---–----------–-ძე უთითებს, რომ შპს „ბა-–-----ის“ ფინანსური სიძნელეების შესახებ გარემოება სიმართლეს არ შეესაბამება. სამეწარმეო სუბიექტი წარმოადგენდა სამშენებლო ორგანიზაციას, რომელმაც მოახდინა დაახლოებით 1000 კვმ ფართის რეალიზაცია, 1კვმ-ის 600 აშშ დოლარად. მიღებული იქნა სოლიდური მოგება, თუმცა, თანხა მიითვისა შპს „ბა-–-----ის“ ერთ-ერთმა პარტნიორმა და არ მოხდა მისი დივიდენდის სახით გაცემა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. შპს „ბა-–-----ი“ რეგისტრირებულია 2013 წლის 10 იანვარს. 2018 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით მისი პარტნიორები არიან: ნა---------ძე-50.5% და ჯე---–----------–-ძე-49.5%. საწარმოს დირექტორს წარმოადგენს ნა---------ძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 15-18)
3.1.2. 2014 წლის 1 მაისს ჯე---–----------–-ძემ მიმართა შპს „ბა-–-----ს“, ქ. ბა-----–ი, ბა------–---–-ს ქ. N 29-ში მდებარე მშენებარე სახლში, შპს-დან მისაღები დივიდენდის სანაცვლოდ, საცხოვრებელი ბინის გადმოცემის შესახებ.
2014 წლის 1 მაისს შედგა შპს „ბა-–-----ის“ პარტნიორთა კრება. კრების ოქმის თანახმად, შპს „ბა-–-----ის“ დირექტორს დაევალა ჯე---–----------–-ძისათვის, ფირმის მოსალოდნელი მოგებიდან დივიდენდის სახით, ნატურით, ქ. ბა-----–ი, ბა------–---–-ს ქ. N29-ში მდებარე სახლში, მე-5 სართულზე არსებული 60.81 კვმ N44 ბინის ს/კ 0-.2-.3-.0--.0-.5--, გადაცემა. ამავე ოქმის მიხედვით, ჯე---–----------–-ძეს დაევალა ფულადი სხვაობის დაბრუნება, იმ შემთხვევაში, თუ მიღებული ბინის ღირებულება გადააჭარბებდა მისაღები დივიდენდის ოდენობას.
2014 წლის 2 მაისს, შპს „ბა-–-----სა“ და ჯე---–----------–-ძეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ხელშეკრულების საგანი- უძრავი ქონება ს/კ 0-.2-.3-.0--.0-.5--, მდებარე: ქ. ბა-----ი, ბა------–---–-ს ქ. N29, 60.81 კვმ, ბინა N44, გადაეცა ჯე---–----------–-ძეს, საბაზრო ღირებულებით 36486 აშშ დოლარი, მოსალოდნელი დივიდენდის ანგარიშში. ამავე ხელშეკრულების 2.2. მუხლით ჯე---–----------–-ძემ მიიღო უძრავი ქონება, მოსალოდნელი მოგებიდან, მისაღები დივიდენდის ანგარიშში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ჯე---–----------–-ძის განცხადება (ს.ფ. 19)
-კრების ოქმი (ს.ფ. 104)
-ხელშეკრულება (ს.ფ. 20)
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2014 წლის 1 მაისს შემდგარი შპს „ბა-–-----ის“ პარტნიორთა კრების ოქმისა და ამ ოქმით მიღებული გადაწყვეტილების რეალიზების მიზნით დადებული ხელშეკრულების ნამდვიდობა არც ერთ მხარეს სადავო არ გაუხდია. სარჩელის ფარგლებში, მხარეებმა სადავო გახადეს მხოლოდ ხელშეკრულების შესრულების საკითხი. კერძოდ, მოსარჩელე განმარტავს, რომ შეასრულა ხელშეკრულების პირობა და მოსალოდნელი დივიდენდის ანგარიშში მატერიალური სახით გადასცა მოპასუხეს უძრავი ქონება. მისივე პოზიციით, მოპასუხე ვალდებულია დააბრუნოს აღნიშნული ქონება, ვინაიდან, მისი გადაცემა დაკავშირებული იყო გარკვეულ პირობასთან, შპს „ბა-–-----ის“ მიერ დივიდენდის გაცემასთან, ვინაიდან, პირობა არ დადგა, დივიდენდი არ გაიცა, მოპასუხე ვალდებულია შპს-ს უკან დაუბრუნოს მიღებული მატერიალური სარგებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (სუსგ Nას-883-2019 20.09.2019წ).
სასამართლო, სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ სადავო ფაქტობრივ გარემოებებს:
3.2.3. მოსარჩელისა და მოპასუხის ვალდებულებები განსაზღვრულია 2014 წლის 2 მაისის ხელშეკრულებით, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, შპს „ბა-–-----მა“ გადასცა, ხოლო ჯე---–----------–-ძემ მიიღო უძრავი ნივთი შპს „ბა-–-----იდან“ მომავალში მისაღები დივიდენდის ანგარიშში. მოსარჩელის განმარტებით, შპს-ს დივიდენდი არ გაუცია, შესაბამისად, უნდა მოხდეს გადაცემული ნივთის ვინდიკაცია, თუმცა, რადგან მოპასუხე აღარ წარმოადგენს ამ ნივთის მესაკუთრეს, იგი ვალდებულია მოთხოვნა აანაზღაუროს თანხით. სასამართლოს კვლევის საგანია ყველა ის ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელიც უკავშირდება შპს-ში დივიდენდის გაცემა-განაწილების საკითს.
დადგენილია, რომ შპს „ბა-–-----ი“ რეგისტრირებულია 2013 წლის იანვარში და დავის მიმდინარეობისას მის პარტნიორებს წარმოადგენდნენ ნა---------ძე და ჯე---–----------–-ძე. დადგენილია, რომ გარდა 2014 წლის 1 მაისს ჩატარებული კრებისა, დივიდენდის განაწილების ან მის განაწილებაზე უარის თქმის შესახებ, შპს-ში პარტნიორთა კრება არ გამართულა. საქმის მასალებში წარმოდგენილია, მხოლოდ შპს „ბა-–-----ის“ მთავარი ბუღალტრის ანდრო ურიადმყოფელის ხელმოწერით გაცემული ცნობა, რომლის თანახმად: შპს „ბა-–-----ის“ მიერ დივიდენდი არ გაცემულა 2016-2017 წლებში. შპს „ეკონოკიკა-აუდიტის“ 2019 წლის 16 ოქტომბრის დასკვნა იმაზე მითითებით, რომ 2014 წლის მაისიდან 2019 წლის ოქტომბრამდე შპს-ს არ აქვს დივიდენდი გაცემული და ამავე პერიოდში არ არის მოგებაზე გასული.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც შპს-ს პარტნიორი ჯე---–----------–-ძე სთხოვდა შპს-ს დირექტორს ფინანსური ანგარიშგების წარმოდგენას საზოგადოების მოგება-ზარალისა და ქონებრივი აქტივის და დივიდენდის დადგენის მიზნით. ასევე, მან დამოუკიდებლად გადაწყვიტა შპს „ბა-–-----ის“ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება და ხელშეკრულება გააფორმა აუდიტორულ მომსახურებაზე, თუმცა, აუდიტმა ვერ მიიღო პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, შემოწმების განსახორციელებლად.
სასამართლო განმარტავს, რომ დივიდენდის გაცემა რეგულირდება სპეციალური კანონით, რომელიც განსაზღვრავს დივიდენდის გაცემა-არგაცემაზე პასუხისმგებელ ორგანოს, ესაა პარტნიორთა კრება, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს, ყველა დოკუმენტი, რომელიც უკავშირდება დივიდენდის გაცემის საკითხს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, მომავალი დივიდენდის ანგარიშში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული აქვს პარტნიორთა კრებას, ხოლო საანგარიშო პერიოდის მიხედვით დივიდენდის გაცემა-არგაცემაზე პარტნიორთა კრება არც მოწვეულა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, გაცემული სამომავლო დივიდენდის დაბრუნების შესახებ ერთპიროვნულად მიიღო შპს-ს დირექტორმა. ცხადია, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა არ შედის დირექტორის კომპეტენციაში, რასაც სასამართლო სამართლებრივად შეაფასებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ცნობა (ს.ფ. 21)
-ჯე---–----------–-ძის განცხადება (ს.ფ. 60-61)
-აუდიტორული ფირმის დასკვნა (ს.ფ. 167-170)
-შპს „ე-------------------------ის“ მიმართვები (ს.ფ. 110,113-116)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ბა-–-----ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
-სამოქალაქო კოდექსი
-საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ დავის მატერიალური საფუძველი გამომდინარეობს საქართველოს კანონიდან „მეწარმეთა შესახებ“. მხარეთა შორის გაფორმებულია ხელშეკრულება უძრავი ქონების გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად, ქონების გადაცემის საფუძველია მომავალში მისაღები დივიდენდის ე.წ. შუალედური დივიდენდის ანაზღაურება.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სახელშეკრულებო ურთიერთობის კერძო ავტონომიის პრინციპში მოიაზრება ყველა ის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც თავისი შინაარსით არ ეწინააღმდეგება კანონს და ხელშემკვრელ მხარეთა ნამდვილი ნების განმარტება შესაძლებელია.
2014 წლის 2 მაისის ხელშეკრულება, თავისი შინაარსით, შესაძლებელია ჩაითვალოს სახელშეკრულებო ურთიერთობის კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებულად, ვინაიდან, ხელშემკვრელი მხარეების-შპს-ს პარტნიორების თავისუფალი ნების შინაარსის დადგენა შესაძლებელია. ხელშეკრულების მიზანია შპს-ს ერთ-ერთი პარტნიორისათვის შუალედური დივიდენდის წინასწარი გადაცემა ნატურით. ამავე ხელშეკრულების შინაარსიდან, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას, შესაძლებელია დადგინდეს შპს-ს უფლება გამოითხოვოს წინასწარ გაცემული დივიდენდი, იმ შემთხვევაში, თუ დივიდენდის გაცემაზე უფლებამოსილი პირი მიიღებს გადაწყვეტილებას დივიდენდის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ანუ დივიდენდის გაცემა არ მოხდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სამართლებრივად უნდა შეაფასოს რამდენად მართლზომიერია შპს „ბა-–-----ის“ მოთხოვნა წინასწარ გაცემული დივიდენდის გამოთხოვაზე, აქვს თუ არა ამ მოთხოვნას ვარგისი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.
6.2. დავის საგნიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში კორპორატიულ მართვაზე პასუხისმგებელ ორგანოთა კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლები.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილით პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მმართველობითი ფუნქციის მატარებელ ორგანოს შპს-ს ტიპის სამეწარმეო სუბიექტში წარმოადგენს პარტნიორთა საერთო კრება, რომლის კომპეტენცია განისაზღვრება საწარმოს წესდებით ან კანონით, იმ შემთხვევაში, თუ წესდება არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არაა საწარმოს წესდება, შესაბამისად, პარტნიორთა კრების კომპეტენციის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლებით. ამავე კანონის 91 -ე მუხლის მე-5 ნაწილის თ) ქვეპუნქტით დადგენილია პარტნიორთა კრების განსაკუთრებული კომპეტენცია, კერძოდ, საზოგადოების წლიური შედეგების დამტკიცება. წლიური შედეგების დამტკიცებით პარტნიორთა კრებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სამეწარმეო სუბიექტის სამეურნეო-ფინანსური მდგომარეობისა და შედეგების შესახებ. აღნიშნული კი მოიცავს პარტნიორთა შეთანხმებას მოგების არარსებობის ან არსებობის შემთხვევაში მისი დივიდენდის სახით განაწილების შესახებ.
საბოლოო ჯამში, მხოლოდ პარტნიორთა კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას წარმოადგენს სამეწარმეო სუბიექტის სამეურნეო-ფინანსური შედეგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული ცალსახადაა მითითებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლში, რომლის პირველი ნაწილით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დივიდენდი საზოგადოების წლიური შედეგების (ფინანსური ანგარიშის) შემადგენელი ერთ-ერთი ელემენტია და მისი გაცემა-არგაცემის საკითხი იმპერატიულად უკავშირდება პარტნიორთა ნებას, რაც თავის მხრივ ერთზე მეტი პარტნიორის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია გამოიხატოს მხოლოდ პარტნიორთა კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ან ამავე კანონის მე-58-ე მუხლის მე-3 ნაწილით წერილობით დოკუმენტში, თუ სამეწარმეო საზოგადოებას ერთადერთი პარტნიორი ჰყავს,საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ დივიდენდის გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის შესახებ (სუსგ №ას-1328-1170-2010, 6 ივნისი, 2011 წელი). დივიდენდის განაწილების მიზნებისათვის, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს პარტნიორთა ნება მოგების პარტნიორებს შორის გაყოფის თაობაზე, საზოგადოების მოგების დივიდენდად განაწილება რჩება საზოგადოების პარტნიორთა კრების დისკრეციულ უფლებამოსილებად (სუსგ-ები №ას-771-732-2013, 31 იანვარი 2014 წელი; №ას-378-359-2015 21 დეკემბერი, 2015წ; №ას-822-780-2013 3 თებერვალი 2014 წ; Nას-863-813-2015, 17 დეკემბერი, 2015 წელი).
მეწარმე სუბიექტის საქმიანობის მიზანს სწორედ მოგების მიღება წარმოადგენს და პარტნიორებს გააჩნიათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ მოგების არსებობის შემთხვევაში მიიღებენ დივიდენდებს, პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების არმიღებას უნდა ჰქონდეს ასევე ლეგიტიმური სამეწარმეო მიზანი და სწორედ აღნიშნული მიზანი უნდა ამართლებდეს პარტნიორის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლების - მოგების მიღების უფლების შეზღუდვას (იხ. სუსგ #ას-552-527-2016, 06.04.17 წ.).
ცხადია, რომ წლიური მოგების არსებობა-არარსებობის, დივიდენდის განაწილების ან განაწილებაზე უარის თქმის უფლებამოსილება არ შედის საწარმოს დირექტორის კომპეტენციაში. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9.2 და 9.3. მუხლით დირექტორი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წარმოადგენს ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დაუშვებელია დირექტორის მიერ პარტნიორთა კრების უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტა, სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების გარეშე. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ერთგულებისა და კეთილსინდისიერების მოვალეობა, რომელიც წარმოადგენს დირექტორის ფიდუციურ ვალდებულებებს, თანაბრად ვრცელდება იმ დირექტორზე, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს შპს-ს დამფუძნებელს და საკონტროლო პაკეტის მფლობელს. პარტნიორის უფლება, პარტნიორთა კრების მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა საზოგადოების მართვაში და მისი უფლება მიიღოს დივიდენდი, გამიჯნულია დირექტორის მოვალეობისაგან -კეთილსინდისიერად მართოს და იყოს საზოგადოების ინტერესების ერთგული, იზრუნოს მისი ფინასური და მატერიალური კეთილდღეობისათვის. პირი, რომელიც არის დირექტორი და ამავე დროს პარტნიორი, ვალდებულია არ გამოიყენოს საკუთარი დომინირებული მდგომარეობა, საზოგადოების ხელმძღვანელობით მინიჭებული უპირატესობა და იზრუნოს პირველ რიგში სამეწარმეო სუბიექტის მიზნებისათვის. საწარმოს დირექტორი, სამეწარმეო გადაწყვეტილებათა მიღებისას, ვალდებულია იმოქმედოს როგორც კეთილსინდისიერმა ხელმძღვანელმა იმ სუბიექტური აღქმითა და მიზნით, რომ მისი ყოველი ქმედება ემსახურებოდეს საწარმოს ინტერესებს, გამორიცხოს პირადი დაინტერესება, ინტერესთა კონფლიქტი და მიიღოს ინფორმირებული, რაციონალური, შესაბამის ცოდნასა და უნარებზე დამყარებული გადაწყვეტილება.
6.3. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საზოგადოებას ჰყავს ორი პარტნიორი, რომელთაგანაც ერთი-ნა---------ძე წარმოადგენს საზოგადოების დირექტორს. 2014 წლის 1 მაისს საზოგადოების პარტნიორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება შუალედური დივიდენდის გაცემის შესახებ მეორე პარტნიორის-მოპასუხის სასარგებლოდ. საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ჯე---–----------–-ძე ითხოვდა დირექტორისაგან საზოგადოების სამეურნეო-ფინანსური ანგარიშის წარმოდგენას, ან უფლებას აღნიშნულის შესწავლაზე. გამოთქვამდა გონივრულ ეჭვს საწარმოს მოგების დაანგარიშებისა და მისი განაწილების კანონიერების თაობაზე. მოპასუხე, როგორც პარტნიორი, უფლებამოსილი იყო პარტნიორთა კრებაზე განეხილა და დაეფიქსირებინა საკუთარი ნება პარტნიორთა კრებაზე შპს-ს წლიური შედეგების მიხედვით მოგების და შესაბამისად, დივიდენდის განაწილების ან მის განაწილებაზე უარის თქმის შესახებ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კაპიტალური საზოგადოებაა და მისი დაფუძნების ინტერესი პარტნიორისთვის არის მოგების მიღება. ამ ძირითადი ინტერესის საზიანოდ გადადგმული ნაბიჯი, თუნდაც, შპს-ს ინტერესებში შემავალი, ვერ იქნება ლეგიტიმური.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არ მიეცა შესაძლებლობა განეხორციელებინა პარტნიორისათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, მიეღო პარტნიორთა კრების მეშვეობით შპს-ს მართვაში მონაწილეობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელემ წარმოადგინა აუდიტის დასკვნა, რომელიც ეფუძნება საწარმოს მიერ საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის განხორციელებული დეკლარირების მონაცემებს და ვერ იქნება სარწმუნო სასამართლოსთვის, ვინაიდან, საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგება დირექტორის მიერ პარტნიორთა კრებაზე არ ყოფილა გატანილი, პარტნიორთა კრებას არ მიუღია შესაბამისი გადაწყვეტილება მოგების არარსებობის და შუალედური დივიდენდის გამოთხოვის შესახებ.
სასამართლო, წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ვერ იმსჯელებს იმაზე არსებობდა თუ არა საერთოდ საზოგადოებაში დივიდენდის გაცემის წინამძღვრები, ჰქონდა თუ არა მოგება საზოგადოებას. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ პარტნიორთა კრების დისკრეციაა და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პარტნიორი თავისი უფლების გამოყენებისას დაარღვევს სამოქალაქო უფლებათა განხორციელების კეთილსინდისიერების და გულისხმიერების პრინციპს, შესაძლებელია დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვა.
სასამართლო არ უარყოფს შპს-ის უფლებას დაიბრუნოს ზედმეტად გაცემული დივიდენდი და დირექტორის უფლებას იზრუნოს შპს-ის ინტერესების საკეთილდღეოდ, თუმცა, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხოლოდ კანონით დადგენილი წესით მოწვეულ და გადაწყვეტილებაუნარიან პარტნიორთა კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დივიდენდის გაცემა/არგაცემის შესახებ, რის შემდეგაც, შპს "ბა-–-----ის" მოთხოვნას ექნება ლეგიტიმური საფუძველი. სხვა შეთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლომ გადაუვადა მოსარჩელეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სარჩელის ფასის (36486 აშშ დოლარი) გათვალისწინებით, სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 2700 ლარს, რაც უნდა დაეკისროს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.შპს „ბა-–-----ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ბა-–-----ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 2700 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე