განაჩენი

სისხლის სამართლის 10.03.2020
საქმის ნომერი
140100118002401792
დავის ტიპი
333 3 ბ
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/132-18 (082040318801)

საქმე 140100118002401792

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 მარტი, 2020 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - მანანა შოთაშვილი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ზ------ წ--------–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ვ------- მ---------- (დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ბ--------------–----–----–-----------)

 

ბრალდებული - ვ--–---- თ----–---–- (დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ბ------------------–--------)

 

ადვოკატები - ნ------- ც--–---, ვ------- თ--–------

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის 4 მარტს, შ----------------------------–- სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლები, მთვრალი ვ------- მ---------- და ასევე მთვრალი ვ--–---- თ----–---–- ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და მოძრაობდნენ სამსახურებრივი ავტომანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსით“. დაახლოებით 03 საათზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის ტერიტორიაზე მოძრავი სატვირთო ავტომანქანა მათ მიიჩნიეს საეჭვოდ და დაედევნენ გაჩერების მიზნით. სატვირთო ავტომანქანა გააჩერეს ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთთან. ვ------- მ----------მ და ვ--–---- თ----–---–მა უკმაყოფილება გამოხატეს მძღოლის - კ------------- ღ----–--ის მიმართ, რომელიც მათ არ დაემორჩილა და დაუყოვნებლივ არ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა. ვ------- მ----------მ და ვ--–---- თ----–---–მა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას და კ------------- ღ----–---ს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმებით, რის შედეგად კ------------- ღ----–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება. ამავე დროს, ვ------- მ----------მ, ისე, რომ სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა, კ------------- ღ----–---ს რამდენჯერმე დაუმიზნა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში, ასევე - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კ------------- ღ----–--ის შვილს - ა---- ღ----–---ს, რის შედეგად ა---- ღ----–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ვ------- მ---------ისა და ვ--–---- თ----–---–-ს ქმედებებით არსებითად დაირღვა კ------------- და ა---- ღ----–---ების უფლებები და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ვ------- მ---------ის მიმართ - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ძალადობითა და იარაღით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო ვ--–---- თ----–---–-ს მიმართ - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ძალადობით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, რის შედეგად მიაჩნია, რომ უტყუარად არ დადასტურდა ვ------- მ---------ისა და ვ--–---- თ----–---–-ს მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

 

დაზარალებულმა კ------------- ღ----–---მ განმარტა, რომ 2018 წლის 4 მარტს თავისი სატვირთო ავტომანქანით ახალციხიდან თბილისში სარეალიზაციოდ გადაჰქონდა კარტოფილი. დაახლოებით 01 საათისათვის იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მოძრაობის დროს გვერდით ჩაუარა შემხვედრმა ,,პიკაპმა“. მისი ნომერი არ იცის, ჰქონდა წარწერა ,,პოლიცია“. მან მოძრაობა განაგრძო და რამდენიმე წუთში შეამჩნია, მას მოსდევდა ანთებული მაშუქებით ავტომანქანა, ანიშნებდა გზის დათმობას გასწრების მიზნით. იგი დაეჭვდა, რადგან გზა იყო თავისუფალი. ამ დროს მოესმა სიგნალის ხმა, რომელიც აქვს პოლიციის ავტომანქანას. იგი მიხვდა, რომ მოჰყვებოდა პოლიცია, ჩართო ციმციმა და სცადა მანქანის გაჩერება. გზა არ აძლევდა საშუალებას, მაშინვე გაეჩერებინა, ცდილობდა, თავისუფალი ადგილი მოეძებნა. ამ დროს ნელა სვლით მიდიოდა და ,,დაჟინებული მოთხოვნით“, ნახევრად გზაზე გააჩერა მანქანა. მასთან მივიდა 2 პირი, რომლებშიც პოლიციელები ვერ ამოიცნო, რადგან ეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი. ჩამოვიდა მანქანიდან და მათი მხრიდან იყო აგრესია - რატომ არ გააჩერა მაშინვე, როცა მოითხოვდნენ. მან უპასუხა, რომ ვერ ნახა გაჩერების ადგილი და მანქანა ეხლაც არასწორად იყო გაჩერებული. ამას მოჰყვა მათი მხრიდან აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. უფრო მაღალმა (ვ--–---- თ----–---–მა) მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მიანარცხა მისი სატვირთოს ძარაზე - რატომ არ გააჩერე მანქანაო. დაბალმა (ვ------- მ----------მ) ამოიღო იარაღი და მიუშვირა დაზარალებულს. მისი შვილი - ა---- იყო მანქანაში და ჩამოვიდა. მაღალმა მასაც დაარტყა, მეორეს მოშვერილი ჰქონდა იარაღი, გაისროლა რამდენჯერმე ინტერვალით. შემდეგ მაღალმა გულმკერდის არეში ამოარტყა წიხლი, იგი ჩაიკეცა და ვ--–---- თ----–---–ს დაეყრდნო მკერდზე. იქ მივიდა მეორე და წაქცეულის ცემა განაგრძეს კისრისა და თავის არეში. შვილის დახმარებით გამოემართა მანქანისკენ, რათა ტელეფონით საშველად მოეხმო. ავიდა მანქანაში და პოლიციელებიც მისკენ წავიდნენ, ამიტომ მანქანის კარი დაკეტა. ვერ გააღეს კარი და შესთავაზეს ჩამოსულიყო და არ დაერეკა საპატრულო პოლიციაში, მაგრამ მან მაინც დარეკა რამდენჯერმე. მივიდა საპატრულო და სასწრაფო დახმარებაც. ზარის შემდეგ მოითხოვეს საბარგულის გაღება. მისი შვილი მანქანაში არ იჯდა. მას სთხოვდნენ, გაეღო მანქანის საბარგული და ,,ძალდატანებით გააღებინეს, მაგრამ ბოლომდე ვერ გააღებინეს“. ეუბნებოდნენ - მთავარია გააღოთ კარები. მან დაინახა, რომ მის შვილს რომელიღაცამ დაარტყა. ასევე რომელიღაცამ მის თვალწინ პოლიციის ფორმა დახია და უთხრა - ამ ფორმის დახევისათვის შენც დაისჯებიო. სხვა პოლიციელების მოსვლის შემდეგ ჩამოვიდა მანქანიდან. მას დახმარება აღმოუჩინა სასწრაფომ. მისი შვილი ნაოპერაციევია გულზე და ასეთ პირზე მოხდა ფიზიკური ძალადობა. მან სარკიდან დაინახა, რომ მის შვილს გვერდში დაარტყეს ფეხი. საბარგულის გაღება პოლიციელებმა მოითხოვეს მას შემდეგ, როდესაც კ------------- ღ----–--- რეკავდა პოლიციაში. ამ დროს თვითონ იმყოფებოდა ავტომანქანაში, მისი შვილი კი - დაბლა, რომელსაც ,,ძალდატანებით“ სთხოვეს საბარგულის გაღება. ამ ყველაფერს იგი ხედავდა მანქანის სარკიდან, ფანჯრის შუშაც რამდენიმე სანტიმეტრით ჩაწეული ჰქონდა და ესმოდა მათი საუბარი. თავისი ავტომანქანა გამოძიების დროს იმყოფებოდა ხაშურის პოლიციაში, სადაც იგი დაათვალიერეს. დაბალ პოლიციელს ეცვა მოყავისფრო, ყელიანი პულოვერი, ხოლო მაღალს - უფრო მუქი პულოვერი, ღილებით და პოლიციის წარწერებიანი ჟილეტი. მას და მის შვილს პოლიციელებისათვის იარაღის წართმევა არც უცდიათ. დაზარალებული ითხოვს პოლიციელების მკაცრად დასჯას. მან განმარტა, რომ ადვოკატის მიერ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება და მის წერილზე პასუხის გაცემა არ ჩათვალა საჭიროდ, ხოლო პროკურატურას მისცა ჩვენება იმ მოტივით, რომ უნდა ყოფილიყო რეაგირება მომხდარ ფაქტზე. იმ ადგილზე, სადაც მას პოლიციის ,,პიკაპმა“ ჩაუარა, ამ შემთხვევამდე პოლიციის ავტომანქანა არ შეუმჩნევია. მისთვის არც ის არის ცნობილი, რომ ხე-ტყის უკანონო მოჭრაზე გაძლიერებული იყო კონტროლი და ფაქტიურად ყველა მძღოლს, რა ტვირთიც არ უნდა ჰქონოდა, უწევდა შემოწმების გავლა. ვინც სთხოვდა გაჩერებას, ემორჩილებოდა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მას ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა, გაჩერებამდე გაიარა დაახლოებით 100-200 მეტრი. პოლიციის ავტომანქანა გაჩერებას ანიშნებდა მაშუქების ჩართვა-გამორთვით და განსხვავებული სიგნალით, რომელიც აქვს პოლიციის, სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარების ავტომანქანებს, მას ,,ციმციმა მაშუქები“ ჩართული არ ჰქონია. თავდაპირველად ეგონა, რომ გზის დათმობას სთხოვდნენ. როდესაც სიგნალის ხმა გაიგო, მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა, რომ პოლიცია იყო. გააჩერა დაახლოებით 100 მეტრის გავლის შემდეგ. იგი არ გადმოვიდა მანქანიდან შვილის დასახმარებლად, როდესაც მას პოლიციელები სცემდნენ, რადგან ,,სიტუაცია დაიძაბებოდა“. მისი ტვირთი დაათვალიერეს მხოლოდ ვიზუალურად, საბარგული არ ჩამოუცლიათ. მას გამოძიების დროს არ უთქვამს, რომ წაქცევისას ,,დაეკიდა“ მაღალ პოლიციელს, რა დროსაც მაისური დაეხა, რადგან იმ დროს სტრესულ მდგომარეობაში იყო, აღიდგინა დაახლოებით 2 თვის შემდეგ და მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, გამოძიებისათვის არ უთქვამს. მან აღნიშნა, რომ გარემოებები შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ უკეთ ახსოვდა. პოლიციელებს საბარგულის გაღება თავიდანვე არ მოუთხოვიათ. მისი გაღება მოსთხოვეს ა---- ღ----–---ს მას შემდეგ, რაც ავტომანქანაში მყოფმა კ------------- ღ----–---მ დარეკა საპატრულო პოლიციაში. მათ ჰქონდათ კარების გაღების მცდელობა, მაგრამ ვერ შეძლეს, გააღეს მხოლოდ ნახევრად. მათთვის ხელი არავის შეუშლია კარის გაღებაში. ა---- ღ----–---მ პოლიციელებს უარი უთხრა ტვირთის დათვალიერებაზე, მათი არაფხიზელი მდგომარეობის გამო. ქცევიდან გამომდინარე, პოლიციელები იყვნენ მთვრალები. ა---- და კ------------- ღ----–---ებს პოლიციელების მიმართ ფიზიკური ძალა არ გამოუყენებიათ და მათთვის დაზიანება არ მიუყენებიათ. პოლიციელებმა მათი თანდასწრებით არც თვითდაზიანებები მიიყენეს. ერთ-ერთი პოლიციელის მიერ მისთვის იარაღს დამიზნებისა და შემდეგ ჰაერში სროლის მიზანი იყო ის, რომ მას სურვილი ჰქონდა, ესროლა კ------------- ღ----–--ისათვის იმის გამო, რომ არ გააჩერა ავტომანქანა, თუმცა რამ შეუშალა ხელი, არ იცის. ამ დროს მაღალი პოლიციელი მასზე ძალადობდა, ხოლო მისი შვილი მასთან იმყოფებოდა. შეკითხვაზე, როგორ მოახერხა თავის დაღწევა, ავტომანქანაში ჩაჯდომა, კარის ჩაკეტვა და ტელეფონით დარეკვა, მაშინ როცა პოლიციელები მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მიაყენეს ავტომანქანის ძარასთან, პასუხობს, რომ შეძლო ფეხზე წამოდგომა და წინააღმდეგობა რაც გაუწიეს - გაუწიეს, რაც არ გაუწიეს - წამოვიდა და ჩაჯდა მანქანაში. რა თქმა უნდა ბავშვიც დაეხმარა - ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, წინ გადაუდგა, რა დროსაც კ-------------მ ნახა შესაბამისი დრო, წამოდგა ფეხზე და წამოვიდა ავტომანქანისაკენ (2018 წლის 21 მაისის სხდომის ოქმი).

 

დაზარალებულმა ა---- ღ----–---მ განმარტა, რომ 2018 წლის 4 მარტს მამასთან ერთად, სატვირთო ავტომანქანით ახალციხიდან მიდიოდა თბილისში კარტოფილის სარეალიზაციოდ. მათი ავტომანქანა დატვირთული იყო მხოლოდ კარტოფილით. როდესაც გაიარეს ბორჯომი და მიუახლოვდნენ ხაშურს, ჩაუარა ხაშურიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავმა, ჯიპის ტიპის პოლიციის ავტომანქანამ, ,,პოლიციის“ წარწერებით. რამდენიმე წუთის შემდეგ უცნობი მანქანა ფარების მრავალჯერადი ჩართვა-გამორთვით სთხოვდა გზის დათმობას. მათთვის ეს იყო ,,გზის დათმობასთან ასოცირებული“. კ------------- ღ----–---მ გადაიწია მარჯვენა მონაკვეთზე გზის დათმობის მიზნით. როდესაც დარწმუნდნენ, რომ მათ გზის დათმობა არ სურდათ, შემდგომ სიგნალის მეშვეობით ანიშნეს გაჩერება, რის შემდეგაც გააჩერეს მანქანა და ჩამოვიდნენ. გაჩერების შემდგომ ,,პატივცემულებისაგან“ წამოვიდა აგრესია კ------------- ღ----–--ის მიმართ. ,,რატომ არ გამიჩერე მანქანა იქ, სადაც მე გთხოვე, ბიჭო“ - ასეთი სიტყვებით შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ. როდესაც ძირს ჩამოვიდა, დაინახა, რომ მამამისი მიყუდებული ჰყავდათ მანქანაზე, კაბინასა და ავზს შორის და უმოწყალოდ სცემდნენ. შეეცადა მათ გაშველებას და პოლიციის თანამშრომლებს მოუწოდებდა წესრიგისკენ. გაშველების პერიოდში, როდესაც მამამისს სცემდნენ და ურტყამდნენ, ერთ-ერთმა პოლიციელმა ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, დაუმიზნა კ------------- ღ----–---ს და განახორციელა რამდენიმე გასროლა ორი ინტერვალით. გასროლის ხმაზე შეშინდა და ახლაც სტრესშია. როდესაც გასროლა დაასრულა, ორივე წამოვიდა მამამისის მიმართულებით. ამ დროს მაღალმა პოლიციელმა კ------------- ღ----–---ს ამოარტყა მუხლი, რომელიც ჩაიკეცა, მეორემ - დაარტყა კეფაში, რის შემდეგ კ------------- ღ----–---მ შეძლო მათგან თავის დაღწევა, ჩაჯდა მანქანაში, რადგან ტელეფონი იქ ჰქონდა, ჩაკეტა კარი და ტელეფონით ითხოვა დახმარება. ამასთან, მას სთხოვა, ეთქვა პოლიციის მანქანის ნომერი, რაც მან გადასცა. კ------------- ღ----–--ის მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ შედარებით დაბალმა მასაც დაარტყა წიხლი მუცელში, რაც დღესაც კი სტკივა, ხოლო მაღალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ მივიდნენ მანქანის კართან, ,,დაეჯაჯგურნენ“ და ეუბნებოდნენ - ,,არსად დარეკო, ჩვენ შევძლებთ, რომ მოვგვარდეთ, დავილაპარაკოთო“. ამის შემდეგ ა---- ღ----–---ს ხმამაღალი ტონით მოსთხოვეს საბარგულის კარის გაღება. მანამდე მისი გაღება არ მოუთხოვიათ. მან არ გაუღო საბარგულის კარი, რადგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიციელები მთვრალები იყვნენ, საუბრისას მათგან მოდიოდა ალკოჰოლის ძლიერი სუნი. მან ჰკითხა, იმყოფებოდნენ თუ არა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და მათ დაუდასტურეს - ,,ვიმყოფებით ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, მაგრამ ამას შენთვის მნიშვნელობა არ აქვსო“ და სთხოვდნენ საბარგულის კარის გაღებას. მან უთხრა, რომ მხოლოდ მაშინ გააღებდა საბარგულის კარს, როდესაც საპატრულო პოლიცია მოვიდოდა, თუმცა ისინი კვლავ მოითხოვდნენ კარის გაღებას. დაბალმა სცადა კარის გაღება, მაგრამ უშედეგოდ, რადგან მისი გაღება ძნელია. ამის შემდეგ მოვიდნენ საპატრულო პოლიციელები, რომლებმაც განმუხტეს სიტუაცია. მოგვიანებით, პროკურორის კითხვაზე პასუხობს, რომ როდესაც მანქანიდან ჩამოვიდა, დაინახა, რომ მამამისს ურტყამდა შედარებით მაღალი მამაკაცი, ხოლო დაბალი - მოშორებით იდგა, ამ ყველაფერს უყურებდა, შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. უშუალოდ მამამისს უმიზნებდა, შემდეგ აწევდა ჰაერში და ისროდა. ორი ინტერვალით განახორციელა ხუთი ან ექვსი გასროლა. თვითონ ამ დროს ფაქტის ადგილზე იდგა და ცდილობდა პოლიციის თანამშრომლისა და მამამისის გაშველებას. მაღალ პიროვნებას (ვ--–---- თ----–---–ს) ეცვა პოლიციის უმკლავო პიჯაკი, რომელსაც წინ, მარცხენა მხარეს ეწერა ,,პოლიცია“, მის ქვეშ მოყავისფრო პულოვერი, ხოლო დაბალი (ვ------- მ----------) იყო სამოქალაქო ფორმით, მას ეცვა მოწითალო-მოშინდისფრო ზედატანი. როდესაც პოლიციელებმა ისინი გააჩერეს, მათ არ წარუდგენიათ თავი და არ უთქვამთ, რომ პოლიციელები იყვნენ. საპატრულო პოლიციის მოსვლის შემდეგ ვ--–---- თ----–---–- და ვ------- მ---------- მათ მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ვ--–---- თ----–---–-სათვის იარაღი არ შეუმჩნევია. საპატრულო პოლიციის მოსვლამდე მან შემთხვევის ადგილზე ერთი მასრა იპოვა და აიღო, რომელიც ჩააბარა პროკურატურას. ამ დროს მამამისი კაბინაში იჯდა, ერთ-ერთ პოლიციელი ტელეფონში იყურებოდა, მეორე - მანქანისკენ მიდიოდა. მათ ვერ დაინახეს, როგორ იპოვა მასრა. მასრის აღების მიზანი მისი საპატრულო პოლიციისათვის წარდგენა იყო. როდესაც ვ------- მ----------მ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, იდგა მანქანის მარცხნივ, ძარასთან ახლოს. მანვე მოსთხოვა საბარგულის გაღება. ვიდრე პოლიციას ავტომანქანას გაუჩერებდნენ, გაიარეს დაახლოებით 200-300 მეტრი. იგი ვარაუდობს, რომ საჭესთან მყოფი მამამისი გასაჩერებლად უსაფრთხო ადგილს ეძებდა, თუმცა პოლიციის მოთხოვნის გამო, ვერ შეძლო უსაფრთხო ადგილზე მანქანის გაჩერება. თვითონ იჯდა მძღოლის უკან, მანქანის მოსასვენებელ ადგილზე, შუაში, საიდანაც კარგად ჩანდა ყველაფერი. იგი მარცხენა სარკიდან ხედავდა, როგორ ანთებდა და აქრობდა შუქებს ავტომანქანა, რომელიც უკან მოჰყვებოდა. ავტომანქანას ,,ციმციმა მაშუქები“ არ ჰქონდა ჩართული, მან მხოლოდ ერთხელ გამოიყენა ხმოვანი სიგნალი, რომელიც აქვს პოლიციის მანქანებს და განსხვავდება ჩვეულებრივი ავტომანქანების სიგნალისაგან. იგი მანქანიდან მარცხენა, მძღოლის მხრიდან ჩამოვიდა, რა დროსაც დაინახა, რომ მამამისი ჰყავდათ მიყუდებული საბარგულზე და ურტყამდნენ. ურტყამდა მაღალი. დაბალს მისი ჩამოსვლის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ა---- ღ----–---მ მაღალ პოლიციელს, რომელსაც მამამისის შუბლზე ჰქონდა ხელი მოკიდებული, ხელი მოკიდა და მოუწოდებდა გაჩერებისა და სიმშვიდისაკენ. მას და მამამისს პოლიციელებისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. როდესაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მოვიდა, მას მუცელი სტკიოდა და გაუკეთეს გამაყუჩებელი, მამამისი გადაიყვანეს საავადმყოფოში. იგი ესწრებოდა საგამოძიებო ორგანოში სატვირთო ავტომანქანის დათვალიერებას, რა დროსაც საბარგული არ დაუცლიათ. იგი დატვირთული იყო დაახლოებით 8 ტონა კარტოფილით, რომლის ძირითადი მასა ტომრების გარეშე ეყარა, ნაწილი - ტომრებში. კარტოფილის ქვეშ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი რომ ჰქონოდათ, გულწრფელად ეტყოდა პოლიციას და პროკურატურას. მამამისს უმოწყალოდ ურტყამდნენ ხელებს თავისა და ნეკნების არეში, შემდგომ ფეხიც დაარტყეს. როდესაც მაღალმა მამამისს მარცხენა მუხლი ამოარტყა, იგი ჩაიკეცა, მაღალი პოლიციელის პულოვერზე ხელი ჰქონდა მოკიდებული და დაეყრდნო მას. თვითონ დაახლოებით ერთ მეტრში იდგა. მუხლი სად მოხვდა, სიბნელის გამო ვერ გაარჩია. მას სურს ბრალდებულებმა ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხი აგონ კანონის წინაშე (2018 წლის 21 მაისის სხდომის ოქმი);

 

შ-------–-----------------–- სამმართველოს უფროსმა ზ---– ტ--------მ განმარტა, რომ 2018 წლის 4 მარტს, ღამით, ხაშურის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ქვიშხეთის საავტომობილო გზაზე მოქალაქეებს პოლიციელებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღიც. შეტყობინებიდან დაახლოებით 5 წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც გზის გვერდულზე გაჩერებული იყო ,,კაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანა, წინა ნაწილით ხაშურის მიმართულებისაკენ, რომლის უკან იდგა ,,ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის პოლიციის ავტომანქანა, ,,პოლიციის“ წარწერებით. მას არ ჰქონდა ჩართული მაშუქები. ადგილზე იყო ბ----------------–-–-ის ორი თანამშრომელი, როგორც შემდგომ გაიგო - ვ------- მ---------- და ვ--–---- თ----–---–- და სატვირთო ავტომანქანის მეპატრონეები, მამა-შვილი. გზის სავალ ნაწილზე ეყარა მასრები. ვ--–---- თ----–---–ს ეცვა პოლიციის ფორმის ჟილეტი. მისი მისვლისას ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. იყო მხოლოდ შელაპარაკება, თუმცა სიმშვიდისკენ მოწოდების შემდეგ, ორივე მხარე დაწყნარდა. ადგილზე მივიდნენ აგრეთვე ხაშურის პოლიციის უფროსის მოადგილეები, ბორჯომის პოლიციის თანამშრომლები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მოქალაქეებზე რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევია - ,,სიბნელე იყო და ვერ შეამჩნევდა“. პოლიციელები ,,ფხიზლებს“ არ ჰგავდნენ, რაც ალკოტესტმაც დაადასტურა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, ბორჯომის პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნით, გააღო სატვირთო ავტომანქანის კარი. ავტომანქანაში იდო ტომრები, რაზეც განაცხადეს, რომ იყო კარტოფილი, თუმცა მანქანიდან მათი გადმოღება და საფუძვლიანად დათვალიერება არ მომხდარა (2018 წლის 23 მაისის სხდომის ოქმი);

 

შ-------–-----------------–- სამმართველოს უფროსის მოადგილე ა---------– ს---------მ განმარტა, რომ 2018 წლის 4 მარტს, ღამით, მორიგისაგან მიიღო შეტყობინება, რომ ხაშური-ბორჯომის საგზაო მონაკვეთზე, ქვიშხეთამდე იყო შემთხვევა, სადაც ფიგურირებდა პოლიციის თანამშრომელი, ადგილი ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტსაც. აღნიშნულის თაობაზე მას დაუკავშირდა აგრეთვე ზ---– ტ--------ც და სთხოვა შემთხვევის ადგილზე გასვლა. ა---------– ს--------- თითქმის ზ---– ტ--------სთან ერთდროულად მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა სატვირთო ავტომანქანა, წინა ნაწილით ხაშურის მიმართულებისაკენ, რომლის უკან იდგა პოლიციის ,,პიკაპი“. მანქანას ,,ციმციმა მაშუქები“ არ ჰქონდა. იქ იყო ბ----------------–-–-ის ორი თანამშრომელი, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და მისი ვაჟი. იყო ხმაური და ცოტა დაძაბული სიტუაცია, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. იქვე ეყარა მასრები. ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციელებიც, ბორჯომის პოლიციის უფროსი და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. ორჯერ თუ სამჯერ მოვიდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაც. მათ პირველ რიგში დახმარება აღმოუჩინეს მამა-შვილს, ხოლო შემდეგ - პოლიციის მაღალ თანამშრომელს, რომელსაც ,,გული ჰქონდა აჩქარებული“. პოლიციის მაღალ თანამშრომელს ეცვა დეტექტივის ფორმის ქურთუკი ან ჟილეტი, დაბალს ეცვა თუ არა - არ ახსოვს. პოლიციის მაღალი თანამშრომელი ამბობდა, რომ ,,გაწევ-გამოწევის“ დროს ყელიდან ძეწკვი ჩამოწყვიტეს და ეძებდა. როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის თანდასწრებით სატვირთო ავტომანქანის კარი გააღეს, ვიზუალური დათვალიერებით ჩანდა, რომ მანქანა დატვირთული იყო კარტოფილის ტომრებით, ხის მასალის მსგავსი არაფერი ყოფილა, თუმცა ტვირთის გადმოცლა არ მომხდარა. კითხვაზე - დაზიანებები ემჩნეოდათ თუ არა, მოწმემ განაცხადა, რომ არც დაზარალებულებს და არც ბრალდებულებს სისხლის კვალი ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებზე არ ემჩნეოდათ. მოწმის განმარტებით, ტაშისკარის ხიდიდან შემთხვევის ადგილამდე დაახლოებით 2 კილომეტრია (2018 წლის 23 მაისის სხდომის ოქმი);

 

შ-------–-----------------–- სამმართველოს უფროსის მოადგილე დ----- ჯ-------–---–ის ჩვენებით 2018 წლის 4 მარტს ზ---– ტ-------ის თხოვნით გავიდა შემთხვევის ადგილზე - ქვიშხეთის გზატკეცილზე, სადაც დახვდა თვითონ ზ---– ტ--------, რომელიც ახალი მისული იყო და ოთხი ადამიანი: ორი მოქალაქე - მამა-შვილი და ორი პოლიციელი. მოქალაქეები და პოლიციელები კამათობდნენ. ერთ-ერთ პოლიციელს ყელთან ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული. იგი სანათს თხოულობდა - კონფლიქტის დროს რაღაც (ძეწკვი თუ ჯვარი) დაკარგა და ეძებდა. სხვა დაზიანება კონფლიქტში მონაწილე პოლიციელებზე და მოქალაქეებზე არ შეუმჩნევია. ძირს 3-5 მასრა ეგდო. ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციისა და ხაშურის პოლიციის თანამშრომლები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც მამა გადაიყვანა საავადმყოფოში, შვილი კი დარჩა, თუმცა მუცლის ტკივილს უჩიოდა. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე იყო აგრეთვე დიდი სატვირთო ავტომანქანა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაიგო, იყო მამა-შვილის და სატვირთო მანქანის უკან - ,,პოლიციის“ წარწერებიანი ,,ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც კონფლიქტში მონაწილე პოლიციელები იყვნენ მისულები. ამ ავტომანქანას, მისი მისვლისას, ჩართული ჰქონდა ,,ბამპერზე“ განთავსებული ,,ციმციმა მაშუქები“. პოლიციელებს საუბრისას ალკოჰოლის სუნი ამოსდიოდათ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისაგან შეიტყო, რომ მათ შემოწმებისას დაუდგინდათ სიმთვრალე (2018 წლის 5 ივნისის სხდომის ოქმი);

 

შ------------–--------------–-------–-–-ის პატრულ-ინსპექტორმა გ--- გ--------მ განმარტა, რომ 2018 წლის 4 მარტს, ღამით მიიღო შეტყობინება, რომ სოფელ ქვიშხეთთან მოქალაქე ითხოვდა დახმარებას. მან შემთხვევის ადგილზე გაგზავნა აღნიშნული ტერიტორიის მომსახურე პატრულ-ინსპექტორები - ლ----- გ------–--- და გ------- ხ---–---. დაახლოებით 15 წუთში თვითონაც მივიდა მეწყვილე ვ----– ქ-----–---–თან ერთად, სადაც დახვდნენ ლ----- გ------–--- და გ------- ხ---–---, ხაშურის პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. გზის სავალ ნაწილზე ეყარა მასრები. ადგილზე კონფლიქტში მონაწილე პირებთან მას უშუალო კონტაქტი არ ჰქონია, ისინი მხოლოდ შორიდან დაინახა. იზრუნა შემთხვევის ადგილის დაცვაზე. კ------------- ღ----–--ისათვის რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევია. სატვირთო ავტომანქანის საბარგულის კარი იყო ღია და როგორც შენიშნა, დატვირთული იყო კარტოფილით. სატვირთო ავტომანქანის უკან გაჩერებულ პოლიციის ავტომანქანას წინა ბამპერზე ჩართული ჰქონდა ციმციმა მაშუქები. ტაშისკარის ხიდიდან შემთხვევის ადგილამდე დაახლოებით 3-4 კილომეტრია. მოწმის განმარტებით, იმ ადგილზე, სადაც პოლიციელებმა ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვეს კ------------- ღ----–---ს, მანქანის გაჩერებას ხელს არაფერი უშლის, რადგან გზას დაახლოებით 1,5 მეტრის სიგანის გვერდული აქვს (2018 წლის 5 ივნისის სხდომის ოქმი);

 

შ------------–--------------–-------–-–-ის პატრულ-ინსპექტორმა ლ----- გ------–---მ განმარტა, რომ 2018 წლის 4 მარტს, ღამით, შეტყობინების საფუძველზე თავის მეწყვილე გ------- ხ---–---სთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთის გადასახვევთან, სადაც დახვდა ხაშურის პოლიციის უფროსი, მოადგილეები და რამდენიმე თანამშრომელი. გზის მარჯვენა მხარეს გაჩერებული იყო სატვირთო ავტომანქანა, მის უკან - პოლიციის ,,ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც წინა წინა მხარეს ჩართული ჰქონდა ,,ციმციმა მაშუქები“. მისი თანდასწრებით კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. მას დაზარალებულებისათვის დაზიანებები (სიწითლე, სილურჯე) არ შეუმჩნევია, მხოლოდ კ------------- ღ----–---ს ქურთუკი ჰქონდა დასვრილი და ყურთან ჰქონდა შავი ლაქა. მოწმემ განმარტა, რომ კ------------- ღ----–---ს გაესაუბრა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანაში, სადაც იყო განათება და მას ცემის კვალი არ ეტყობოდა. პოლიციელებს ამოსდიოდათ ალკოჰოლის სუნი. მისი მისვლისას სატვირთო ავტომანქანის საბარგულის კარი იყო ღია და სავარაუდოდ დატვირთული უნდა ყოფილიყო კარტოფილით, თუმცა საბარგული არ დაცლილა. შემთხვევის ადგილიდან ტაშისკარის ხიდამდე 4 კილომეტრია (2018 წლის 5 ივნისის სხდომის ოქმი);

 

იგივე გარემოებები დაადასტურა პატრულ-ინსპექტორმა გ------- ხ---–---მ. მან განმარტა, რომ მისი თანდასწრებით მოქალაქეებსა და ბ----------------–-–-ის თანამშრომლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, ისინი მხოლოდ კამათობდნენ. ერთ-ერთ პოლიციელს ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული. სატვირთო ავტომობილის მძღოლს ტანსაცმელი ჰქონდა დასვრილი და თავზე თუ ყურზე ჰქონდა მოწითალო ლაქა, სხვა დაზიანება არც მისთვის და არც პოლიციელებისათვის არ შეუმჩნევია. პოლიციელების მანქანა იყო თეთრი, გვერდებზე წარწერებით: ,,პოლიცია“, რომელსაც ,,ბამპერზე ციმციმა მაშუქები“ ჰქონდა ჩართული. მძღოლი ითხოვდა სასწრაფოს და ტელევიზიის მოყვანას. მოწმის განმარტებით, დროის იმ პერიოდში (ღამის 01 საათი) შემთხვევის ადგილზე ინტენსიური მოძრაობა არ არის და მძღოლს შეეძლო ავტომანქანის გაჩერება უსაფრთხოდ. ტაშისკარის ხიდიდან შემთხვევის ადგილამდე დაახლოებით 4 კილომეტრია (2018 წლის 23 აგვისტოს სხდომის ოქმი);

 

შ----------------------------–- სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსმა ნ-----–---- ყ---–--–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 3 მარტს, უბნის ინსპექტრო-გამომძიებლები - ვ------- მ---------- და ვ--–---- თ----–---–- გაანაწილა ბორჯომის რაიონის დაბა ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ღამით, დაახლოებით 01 საათზე მას დაურეკა ვ--–---- თ----–---–მა და შეატყობინა, რომ გადამოწმების მიზნით გაჰყვნენ ავტომანქანას, რომელმაც არ გაუჩერა საკმაოდ დიდ მანძილზე, ხოლო როდესაც გაუჩერა, მანქანიდან გადმოსულმა პირებმა არ გაუღეს საბარგულის კარი, რის გამოც მოუვიდათ კონფლიქტი. ნ-----–---- ყ---–--–---–ი ბ----------------------–- სამმართველოს უფროს ა-–---- ჩ--------–თან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე - ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთთან. გზის მარჯვენა მხარეს იყო გაჩერებული პოლიციის ავტომანქანა, რომელსაც ჩართული ჰქონდა მაშუქები, მათ შორის - ,,ციმციმა მაშუქები“. მის წინ გაჩერებული იყო ,,კაზის“ მარკის ავტომანქანა, რომლის საბარგულის კარი იყო დახურული. ავტომანქანასთან იდგნენ ვ------- მ---------- და ვ--–---- თ----–---–-. ვ--–---- თ----–---–ს ეცვა სამსახურებრივი ფორმის ჟილეტი, ხოლო ვ------- მ----------ს - სამსახურებრივი ფორმის ქურთუკი. ვ--–---- თ----–---–ს ყელთან და მარჯვენა მხარეს დახეული ჰქონდა ტანსაცმელი, რომელიც ეცვა ჟილეტის ქვეშ, ვ------- მ----------ს დახეული ჰქონდა ქურთუკი. მათ დაზიანებები ეტყობოდათ ტუჩზე, ხელზე. დაზარალებულებთან კონტაქტი არ ჰქონია. ვ--–---- თ----–---–მა გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომლის ერთი ეკიპაჟი უკვე მოსული იყო სავარაუდოდ დაზარალებულებთან. მანძილი, რა მანძილზეც მ---------- და თ----–---–- ,,ადევნინა“ სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა, დაახლოებით 3 კილომეტრზე მეტია. ამ დევნაში ბორჯომის რაიონიდან აღმოჩნდნენ ხაშურის რაიონში. ბორჯომში, აგვისტოში ხშირი ხანძრების გამო, გაძლიერებულია კონტროლი ხე-ტყის უკანონო გაჩეხვასა და მის უკანონო გადაზიდვაზე. ბორჯომის ბოლო სოფელი, საიდანაც შეიძლება ხე-ტყის გატანა, ახალდაბაა, რის გამოც ახალდაბიდან ხაშურის ტერიტორიამდე კონტროლის მიზნით ანაწილებენ ჯგუფებს, რომ გადაამოწმონ სატვირთო ავტომანქანები, რომლებსაც შეიძლება უკანონოდ გადაჰქონდეს ხის მასალა. ამ მხრივ ბევრი ფაქტიც გამოუვლენიათ, მათ შორის - იმავე დღეს, დილის ჯგუფმა გამოავლინა ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტი. ვ------- მ---------- და ვ--–---- თ----–---–- გამომძიებელს დაეხმარნენ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ახალციხეში, საიდანაც დაბრუნდნენ 19 საათზე და იყვნენ ფხიზლები. შემთხვევის ადგილზე გასვლის დროს ვ------- მ----------სა და ვ--–---- თ----–---–ს ვიზუალურად არ ეტყობოდათ სიმთვრალე, თუმცა შემოწმებისას ორივეს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე შენიღბული ჰქონიათ კარტოფილით ან სხვა პროდუქტით და ასე ახდენდნენ მის ტრანსპორტირებას. ვ------- მ---------- და ვ--–---- თ----–---–- ახალდაბის ტერიტორიაზე სწორედ იმ მიზნით იყვნენ განაწილებულები, რომ გამოევლინათ ხე-ტყის უკანონო ჭრისა და გადაზიდვის ფაქტი. მათ ჰქონდათ უფლება, გადამოწმების მიზნით გაეჩერებინათ ავტომანქანა. კ------------- ღ----–--- კი ვალდებული იყო, დამორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, მით უმეტეს, მისი ავტომანქანა არ იყო ისეთი გაბარიტების მქონე, ამასთან - დატვირთული, რომ ის მანძილი უცებ გაევლო. მას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა იმის აღსაქმელად, მით უმეტეს ღამით, რომ უკან მოსდევდა ,,ციმციმებიანი ავტომანქანა“, რომელიც ანიშნებდა გაჩერებას. მან კი საკმაოდ დიდ მანძილზე არ გააჩერა. ბორჯომიდან გასული ავტომანქანის სხვა რაიონში გამოვლენა ბორჯომის პოლიციელებისათვის, დისციპლინური დევნის არა, მაგრამ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველი მაინც იქნებოდა უყურადღებობის გამო. კ------------- ღ----–--- ვალდებული იყო, დამორჩილებოდა პოლიციელებს და გაეღო საბარგულის კარი. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში პოლიციელებმა უნდა მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, შესაძლოა საჭირო გახდეს ადმინისტრაციული წესით დაეკავება ან დამატებითი ძალების გამოძახება. ვ------- მ---------- და ვ--–---- თ----–---–-, როგორც თანამშრომლები და პიროვნებები, ხასიათდებიან დადებითად, მათი მხრიდან დისციპლინურ გადაცდომას ადგილი არასდროს ჰქონია. მთვრალ მდგომარეობაშიც არასოდეს მოსვლიათ ვინმესთან, მათ შორის - ასევე მთვრალ ადამიანებთან, კონფლიქტი. არიან კარგი თანამშრომლები და კარგი მეგობრები. არაერთხელ ყოფილან წახალისებული ფულადი პრემიით. დავალებაზე გაშვებისას მათში იყო დარწმუნებული (2018 წლის 22 ივნისის სხდომის ოქმი);

 

შ----------------------------–- სამმართველოს უფროსმა ა-–---- ჩ--------–მა განმარტა, რომ მას დაურეკა ვ------- მ----------მ და უთხრა, რომ ქვიშხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებთან მოუვიდათ კონფლიქტი, რის გამოც გავიდა შემთხვევის ადგილზე. გაესაუბრა დაზარალებულებს, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფებოდნენ, მათთვის დაზიანება არ შეუმჩნევია. მანამდე მან ვ--–---- თ----–---–- და ვ------- მ---------- ნახა დაახლოებით 20 საათზე, როდესაც ისინი წავიდნენ ახალდაბისაკენ თავისი მოვალეობის შესასრულებლად, მათი სიმთვრალე არ შეუმჩნევია. ისინი მოძრაობდნენ სამსახურებრივი ,,ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომანქანით, ,,პოლიციის“ წარწერებით და წინა მხარეს ,,ციმციმა მაშუქებით“. როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა, იქ დახვდა ხაშურის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ბრალდებულებსა და დაზარალებულებს შორის კონფლიქტს არ შესწრებია. ვ------- მ----------სა და ვ--–---- თ----–---–ს ეცვათ სამსახურებრივი ფორმები, რომელიც ვ--–---- თ----–---–ს შემოხეული ჰქონდა. მათ სიმთვრალე ვერ შეატყო. სოფელ ახალდაბის ტერიტორიაზე ბორჯომის პოლიცია პატრულირებდა 24-საათიან რეჟიმში, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და გადაზიდვის გამოსავლენად. ამ მიზნით მათ უფლება ჰქონდათ ყველა საეჭვო ავტომანქანა გაეჩერებინათ. ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც ავტომანქანა დატვირთული ყოფილა კარტოფილით, რომლის ქვეშ ყოფილა ხის მასალა. მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, როდესაც იგი არ აჩერებდა ავტომანქანას და მას ვერ ეწეოდნენ, ავტომანქანის მონაცემებს გადასცემდნენ შესაბამისი რაიონის სამართალდამცავი და გარემოს დაცვის სამსახურებს. მოცემულ შემთხვევაში ამის საჭიროება არ იყო, რადგან კ------------- ღ----–--ის ავტომანქანა ვ------- მ---------ისა და ვ--–---- თ----–---–-ს თვალთახედვის არეში იმყოფებოდა. რაც შეეხება საბარგულის გაღებაზე წინააღმდეგობის გაწევას, ამ მხრივ ადგილზე მყოფი პოლიციელი მოქმედებს თავისი შეხედულებით, სიტუაციის შესაბამისად (2018 წლის 5 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

მოწმე შ--–-- ა-----–---–ის ჩვენებით, მუშაობდა ბ----------------------–- სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. შემთხვევის დღეს სამმართველოს უფროს ა-–---- ჩ--------–სა და განყოფილების უფროს ნ--- ყ---–--–---–თან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ,,ყველა“ იყო მისული, მათ შორის - შიდა ქართლის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, პროკურატურა. მისი თანდასწრებით მხარეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მათთვის არც რაიმე დაზიანება შეუმჩნევია. ვ------- მ----------სა და ვ--–---- თ----–---–ს ეცვათ პოლიციის ფორმები, რაც ორივეს დახეული ჰქონდა. სიმთვრალე არ შეუმჩნევია. ადგილზე ეყარა რამდენიმე მასრა. ვ------- მ---------- და ვ--–---- თ----–---–- იმ დღეს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, მოძრაობდნენ ,,პიკაპით“, რომელსაც დამონტაჟებული ჰქონდა ,,ციმციმა მაშუქები“. მათ ჰქონდათ დავალება, განსაკუთრებული ყურადღება გამოეჩინათ ხე-ტყის უკანონო ჭრისა და გადაზიდვის ფაქტების გამოვლენაზე. ამ მიზნით, ჰქონდათ უფლება, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, დადევნებოდნენ საეჭვო ავტომანქანას, მოეთხოვათ ტვირთის დათვალიერება, მათ შორის - იმ შემთვევაშიც, თუკი პოლიციელებს არ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია. მძღოლი ვალდებული იყო, დამორჩილებლოდა მათ მოთხოვნას, მით უფრო, რომ პოლიციელები სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობდნენ. ხე-ტყის უკანონოდ გადატანა ხშირად ხდებოდა შენიღბულად, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებითაც კი. სიმთვრალის შემთხვევაში, ვ------- მ----------სა და ვ--–---- თ----–---–ს არავინ მისცემდა უფლებას, შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა (2018 წლის 25 დეკემბრის სხდომის ოქმი);

 

შ-------–-----------------–- სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-–---- შ---------მ განმარტა, რომ 2018 წლის მარტში, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილის დავალებით, მეწყვილე გ------- ნ-------სთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სოფელ ქვიშხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაჩერებული იყო სატვირთო ავტომანქანა, ხოლო მის უკან პოლიციის კუთვნილი ,,ტოიოტა ჰაილუქსი“. შემთხვევის ადგილის დაცვის მიზნით დაეხმარნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. დაახლოებით 5 წუთში მოვიდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებმაც დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. როდესაც სატვირთო ავტომანქანის საბარგულის კარი გააღეს, მან შორიდან დაინახა, რომ დატვირთული იყო კარტოფილით. კონფლიქტში მონაწილე მხარეებთან შეხება არ ჰქონია (2018 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

მოწმე გ------- ლ-----ის ჩვენებით, შემთხვევის დროს მუშაობდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოში. მათი დანაყოფი თანამშრომლობდა კრიმინალურ პოლიციასთან და ეხმარებოდა სხვადასხვა ღონისძიების გატარებაში. ერთ-ერთი მორიგეობის დროს, დაახლოებით 01 საათზე, შეტყობინების საფუძველზე, ხ-–-----------------–- სამმართველოს უფროსის მოადგილე ა---------– ს---------სთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, ახალდაბის მიმართულებით, სოფელ ცხრამუხასკენ. ადგილზე დახვდათ სატვირთო ავტომანქანა, რომლის უკან იდგა ,,ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომანქანა, ლოგოებით. გზაზე ეყარა მასრებიც. იქ იმყოფებოდა ორი პოლიციელი და ორი მოქალაქე - სატვირთო ავტომანქანის მფლობელები, რომლებიც ერთმანეთთან ხმამაღლა საუბრობდნენ. დაახლოებით 2-3 წუთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც მივიდნენ. მოქალაქეებისათვის დაზიანებები არ შეუმჩნევია. ერთ-ერთ პოლიციელს საყელო ჰქონდა შემოხეული და ძეწკვს ეძებდა. მოწმემ დაადასტურა, რომ ბორჯომის რაიონში გაძლიერებული იყო კონტროლი ხე-ტყის უკანონო ჭრაზე და ამ მიზნით ტაშისკარის ხიდთან იყო საგუშაგო, სადაც იდა პოლიციის ავტომანქანა, საეჭვო ავტომანქანების გადამოწმების მიზნით (2018 წლის 23 აგვისტოს სხდომის ოქმი);

 

ხ-–----------–---------------–--------------------------ის ექიმ ია ე-------ის განმარტებით, 2018 წლის მარტში, ღამით, იყო მორიგე, როდესაც მიიღო შეტყობინება, რომ ქვიშხეთის გზაზე მოქალაქე იყო ნაცემი და ითხოვდა სამედიცინო დახმარებას. ადგილზე გავიდა მედდა ლ---- ჭ----------სა და მძღოლთან ერთად. იქ მისვლისას, მათთან მივიდა შუახნის მამაკაცი, რომელიც აცხადებდა, რომ გადაჰქონდა კარტოფილი, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. იგი იყო აღელვებული, განერვიულებული, მკერდზე იდებდა ხელს. მამაკაცი შეამოწმეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანაში, სადაც გადაუღეს კარდიოგრამა. მას პულსი ჰქონდა აჩქარებული. გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ვიზუალურად რაიმე დაზიანება, მათ შორის გულ-მკერდის არეში, არ შეუმჩნევია. იგი, მისივე მოთხოვნით გადაიყვანეს საავადმყოფოში. დახმარება დასჭირდა აგრეთვე პოლიციის თანამშრომელსაც, რომელიც იმყოფებოდა სატვირთო ავტომანქანის უკან გაჩერებულ ,,პიკაპში“. იგი აცხადებდა, რომ მასაც მიაყენეს შეურაცხყოფა და სტკიოდა თავი. მას წნევა ჰქონდა მაღალი. ავტომანქანაში სინათლე არ იყო, ტელეფონის განათების პირობებში გაეწია შესაბამისი დახმარება. ვიზუალურად დაზიანებები მასაც არ ეტყობოდა. მან სტაციონარში გადაყვანაზე უარი განაცხადა. ამ ორი პირის გარდა, ადგილზე სამედიცინო დახმარება არავის მოუთხოვია. სამედიცინო დახმარების ბრიგადის წამოსვლის შემდეგ, ამავე ადგილზე გამოძახების საფუძველზე, სხვა ბრიგადა გავიდა. როგორც მისთვის ცნობილია, დახმარება დასჭირდა იმ პოლიციის თანამშრომელს, რომელიც მან შეამოწმა. მოგვიანებით, კვლავ გამოიძახეს სამედიცინო დახმარება, სადაც კვლავ ია ე-------ის ბრიგადა გავიდა. ამჯერად დახმარება ითხოვა იმ მამაკაცის შვილმა, რომელიც მან შეამოწმა პირველად მისვლისას. იგი ამბობდა, რომ ფერდთან ჰქონდა ,,ჭვალი“, არ უთქვამს, რომ სცემეს (2018 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

იგივე გარემოებები დაადასტურა მედდა ლ---- ჭ----------მ (2018 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

ბ----------------------–- სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------- ყ----–-–---–მა განმარტა, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრასა და გადაზიდვაზე დღემდე გაძლიერებულია კონტროლი - მორიგეობენ აღნიშნული ფაქტების გამოვლენის მიზნით. ზოგიერთი მძღოლი ემორჩილებოდა მათ, ზოგი - წინააღმდეგობას უწევდა. მძღოლები სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის დამალვას და მათ გადაზიდვას. ერთ-ერთი წინააღმდეგობის გაწევისას პოლიციის თანამშრომლები მდინარეშიც კი ჩავარდნენ. 2018 წლის 18 მარტს, ,,ტოიოტა ჰაილუქსის“ ავტომანქანაში, სახ. №-------, რომლითაც მორიგეობდნენ საგუშაგოზე, იატაკის საფენის გასუფთავებისას მან და მისმა მეწყვილე გ-------– კ-----------მ იპოვეს ვერცხლისფერი ჟეტონი, ძეწკვით, რომელიც გაწყვეტილი იყო. ჟეტონზე აღნიშნული იყო სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და სისხლის ჯგუფი. გ-------– კ-----------მ აღნიშნა, რომ ეს ვ--–---- თ----–---–-ს ჟეტონი იყო. მოწმემ დაადასტურა, რომ სწორედ საქმის მასალებში (ტ.3, ს.ფ. 32-33) ფოტოებზე გამოსახული ჟეტონი და ძეწკვი იპოვეს მან და გ-------– კ-----------მ (2018 წლის 22 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

მოწმე თ---------- ხ-----------მ განმარტა, რომ 2017 წლის 1 ნოემბრამდე მუშაობდა ბ----------------–-–--ში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. იმ პერიოდში, წაღვერის ტყეში ხანძრის შემდეგ, უკანონოდ იჭრებოდა ხის მასალა, რის გამოც ამ კუთხით გაძლიერებული იყო კონტროლი - პოლიციის თანამშრომლები პატრულირებდნენ ,,ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომანქანებით, რათა გაეჩერებინათ ავტომანქანები, რომლებსაც გაჰქონდათ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე, თუმცა ზოგიერთი მანქანა მაინც ,,ეპარებოდათ“, რის გამოც პოლიციელებს სამსახურიდან ათავისუფლებდნენ. მისი გათავისუფლების მიზეზიც ბორჯომის რაიონიდან გასული, უკანონოდ მოჭრილი ხის მასალით დატვირთული ავტომანქანა გახდა, რომელიც პოლიციის სხვა დანაყოფმა გამოავლინა. ხშირად ავლენდნენ ავტომანქანებს, რომლებსაც ხის მასალა შენიღბულად გადაჰქონდათ - ზემოდან კარტოფილი ან სხვა პროდუქტი ეყარა. პოლიციელებს ავალებდნენ, მძღოლების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გამოეყენებინათ იძულების ღონისძიებები (2018 წლის 22 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

ბრალდებულმა ვ--–---- თ----–---–მა განმარტა, რომ მუშაობდა ბ----------------------–- სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის რაიონში მომხდარი ხანძრის შემდეგ, ხე-ტყის უკანონოდ გადაზიდვის აღკვეთის მიზნით ბორჯომისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მიჯნაზე არსებულ ტაშისკარის ხიდთან შექმნილი იყო მოძრავი საგუშაგო. 2018 წლის 3 მარტის 22 საათიდან თავის მეწყვილე ვ------- მ----------სთან ერთად აღნიშნულ საგუშაგოზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. იყო ,,ნაბახუსევი“. მათი ავტომანქანა ,,პიკაპი“, რომელსაც ჰქონდა ციმციმა მაშუქები და გვერდებზე პოლიციის ლოგო, იდგა წინა ნაწილით ბორჯომის მიმართულებით, საჭესთან იჯდა თვითონ. დაახლოებით 00:30 საათზე, გვერდით ჩაურა დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანამ, რომელსაც ეტყობოდა, რომ იყო დატვირთული. ვ--–---- თ----–---–მა პოლიციის ავტომანქანა მოატრიალა და უკან გაჰყვა მას გაჩერების მიზნით. ფარების მრავალჯერადი ჩართვა-გამორთვით ანიშნებდა გაჩერებას, ამავე დროს ჩართული ჰქონდა ,,ციმციმა მაშუქები“. ავტომანქანა მძღოლმა არ გააჩერა, მათ გაიარეს დაახლოებით 4 კილომეტრი, რის შემდეგ ავტომანქანა გადავიდა გზის მარჯვენა მხარეს და გაჩერდა. ვ--–---- თ----–---–- მძღოლთან მივიდა და სთხოვა საბარგულის გაღება, ამასთან უთხრა - ,,ამდენი ხანი მოგყვებით და რატომ არ გააჩერეო“. მძღოლი ,,გადმოხტა“ ავტომანქანიდან და აგრესიულად, ყვირილით მიმართა - ,,ვინ ხართ რომ მაჩერებთ, თქვენ უფლებამოსილი პირები არ ხართო“ და უარი უთხრა საბარგულის გაღებაზე. ვ--–---- თ----–---–- და კ------------- ღ----–--- შეკამათდნენ. ამ დროს კაბინიდან მათთან მოირბინა კ------------- ღ----–--ის შვილმა და თქვა, რომ დარეკილი ჰქონდა შესაბამის უწყებებში, რომლებიც მალე მოვიდოდნენ. მძღოლმაც თქვა, რომ მასაც დარეკილი ჰქონდა. ვ--–---- თ----–---–მა მათ უთხრა, რომ თავად იყო ,,შესაბამისი უწყება“ და აჩვენა პოლიციელის მოწმობა. კ------------- ღ----–--- და მისი შვილი გახდნენ აგრესიულები, მათ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ვ--–---- თ----–---–ს, შემდეგ გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. პირველად კ------------- ღ----–---მ დაარტყა ხელი სახეში მარჯვენა მხარეს, ხოლო მისი შვილი ურტყამდა მარჯვნიდან. ორივემ მრავალჯერადი დარტყმა მიაყენა ვ--–---- თ----–---–ს, რომელიც მათ ვეღარ იგერიებდა, თუმცა მათთვის არ დაურტყამს, მას თავი ჩაახრევინეს, კ------------- ღ----–--- ექაჩებოდა საყელოზე. ამ დროს მარჯვენა მხრიდან მოვიდა ვ------- მ----------, ცდილობდა გაშველებას, თუმცა ვერ მოახერხა. ვ------- მ----------ს და ვ--–---- თ----–---–ს კ------------- და ა---- ღ----–---ებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ამ დროს შეიქმნა რეალური საფრთხე, რომ ვ--–---- თ----–---–-სათვის ამოეცლიათ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მას მარჯვენა მხარეს ედო (კონფლიქტის დასრულების შემდეგ იარაღი ბუდიდან იყო ამოწეული). ვ------- მ----------მ დაიძახა, რომ გაჩერებულიყვნენ, ხელი გაეშვათ, გადადგა სამი ნაბიჯი უკან და ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ჰაერში. ვიდრე ვ-------მა 5-ჯერ არ გაისროლა, ვ--–---- თ----–---–-ს ცემა არ შეუწყვეტიათ. ამის შემდეგ დამშვიდდნენ. კ------------- ღ----–--- ავტომანქანაში ჩაჯდა. ვ------- მ---------- და ვ--–---- თ----–---–-ც თავის ავტომანქანაში ჩასხდნენ და აღნიშნული ინციდენტის შესახებ ტელეფონით აცნობეს ხელმძღვანელობას. ვ--–---- თ----–---–მა დარეკა ბ----------------–-–-ის საუბნო განყოფილების უფროს ნ-----–---- ყ---–--–---–თან. შემდეგ გადმოვიდნენ ავტომანქანიდან. კ------------- ღ----–--- კვლავ ავტომანქანაში იჯდა, ხოლო მისი შვილი ა---- ღ----–--- საბარგულის კართან იდგა. ვ------- მ---------- და ვ--–---- თ----–---–- მოითხოვდნენ მისგან, გაეღო საბარგულის კარი, რათა შეემოწმებინათ, რით იყო იგი დატვირთული, თუმცა იგი უარს აცხადებდა კარის გაღებაზე, ,,თქვენ კომპეტენტური პირები არ ხართო“. ამის შემდეგ მოვიდა ,,შესაბამისი უწყება“, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაც, რომელმაც წნევა გაუზომა ვ--–---- თ----–---–ს. მას წნევა ჰქონდა მაღალი - 180/100-ზე. ვ--–---- თ----–---–ს ეცვა დეტექტივის ფორმის ჟილეტი, ვ------- მ----------ს ეცვა დეტექტივის ფორმის ქურთუკი. ვ--–---- თ----–---–მა დაზიანება მიღო ტუჩზე, შიგნითა მხრიდან, ყელზე და ყვრიმალზე, ჩამოხეული ჰქონდა საყელო და ჟილეტი მარჯვენა იღლიასთან, ასევე ჩამოწყდა ჟეტონი. რამდენიმე დღის შემდეგ ჟეტონი იპოვა მისმა თანამშრომელმა გ------- ყ----–-–---–მა (2019 წლის 5 მარტის სხდომის ოქმი);

 

ბრალდებულმა ვ------- მ----------მ განმარტა, რომ 2018 წლის 3 მარტის 22 საათიდან ვ--–---- თ----–---–თან ერთად სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გავიდა ე.წ. ახალდაბის პოსტზე, მათი მორიგეობა უნდა გაგრძელებულიყო დილის 10 საათამდე. დაახლოებით 23:30 საათზე მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ უნდა გამოევლო სატვირთო ავტომობილს, რომელსაც შენიღბულად გადაჰქონდა ხის მასალა. ვინაიდან ინფორმაცია არასრული იყო და საჭიროებდა გადამოწმებას, ხელმძღვანელობისათვის არ გადაუცია. სატვირთო ავტომანქანამ გამოიარა დაახლოებით 01:30 საათზე, მოძრაობდა თბილისის მიმართულებით. მას მაშუქების ციმციმით ანიშნეს გაჩერებულიყო, ჩართული ჰქონდათ სპეციალური ,,ციმციმა მაშუქებიც“, მაგრამ მძღოლმა სატვირთო ავტომანქანა არ გააჩერა, რის გამოც დაედევნენ. დაახლოებით 3-4 კილომეტრის გავლის შემდეგ სატვირთო ავტომობილის მძღოლმა გააჩერა მანქანა. ორივე გადავიდა ავტომანქანიდან, ვ------- მ---------- გაჩერდა სატვირთო ავტომანქანის საბარგულთან, ვ--–---- თ----–---–მა მოუწოდა, გაეღოთ საბარგულის კარი, რათა დაეთვალიერებინათ ტვირთი, რაზეც მძღოლმა და მისმა მგზავრმა გამოთქვეს უკმაყოფილება. ავტომანქანის მძღოლმა განაცხადა, რომ ვ--–---- თ----–---–- და ვ------- მ---------- არ იყვნენ უფლებამოსილი პირები და დაიწყო ლანძღვა-გინება. იგი აცხადებდა, რომ დარეკილი ჰქონდა ,,უფლებამოსილ პირებთან“, რომელთა მოსვლის შემდეგ გააღებდა საბარგულის კარს. მანქანიდან გადმოვიდა კ------------- ღ----–--ის შვილიც, ისიც აგრესიული იყო ვ--–---- თ----–---–-ს მიმართ. მას აგინებდნენ, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ, ხელს კრავდნენ. ისინი იდგნენ სატვირთო ავტომანქანის წინა ნაწილის მარცხენა მხარეს. როდესაც ვ------- მ----------მ მოუარა მანქანას და მათთან მივიდა, ვ--–---- თ----–---–- დახრილი ჰყავდა მამა-შვილს (თითქმის მიწამდე) და სცემდნენ. ვ------- მ---------- შეეცადა გაშველებას ერთი ხელით, მეორე - იარაღზე ეკიდა, რა დროსაც მასაც მოხვდა და მიიღო დაზიანება ყელის არეში, ნეკნებთან და გაეხა ქურთუკი. ამ ,,ჯიკაობის“ დროს ვ--–---- თ----–---–ს მთელი წელი უჩანდა, ასევე გამოუჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ედო მარჯვენა მხარეს. ვ--–----ს ხელებს ,,უფათურებდნენ“. მან აღიქვა, რომ შეიქმნა იარაღის წართმევის საფრთხე, კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ გაჩერებულიყვნენ, შემდეგ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და თავისი სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან ზევით აწეული ხელით დაახლოებით 5-ჯერ გაისროლა ჰაერში. იარაღი არავისთვის დაუმიზნებია. რამდენიმე გასროლის შემდეგ აღნიშნული პირები მაშინვე გაჩერდნენ, შეწყვიტეს ჩხუბიც და გინებაც. კ------------- ღ----–--- მანქანაში დაჯდა, მისი შვილი დაბლა დარჩა. ვ--–---- თ----–---–- და ვ------- მ---------- გამობრუნდნენ თავისი ავტომანქანისაკენ, რომ ტელეფონები აეღოთ. ვ-------მა დაურეკა სამმართველოს უფროსს, ხოლო ვ--–----მ - განყოფილების უფროსს და ჩააყენეს საქმის კურსში. მათ შემდეგაც ითხოვეს საბარგულის კარის გაღება, მაგრამ უარი მიიღეს იმ მოტივით, რომ არ იყვნენ უფლებამოსილი პირები. თუმცა კონფლიქტი აღარ გაგრძელებულა. დაახლოებით 10 წუთში მოვიდნენ ხაშურის პოლიციის თანამშრომლები და უფროსის მოადგილე, მის შემდეგ ხაშურის პოლიციის უფროსი, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ბორჯომის პოლიციის ხელმძღვანელობა. როდესაც სასწრაფო მოვიდა, მასაც გაუზომეს წნევა და ჰქონდა ნორმაზე მაღალი. კ------------- ღ----–--- ტელეფონით ითხოვდა ჟურნალისტებს, ტელევიზიას. ვ------- მ---------- მთვრალი არ ყოფილა, იყო ,,ნაბახუსევი“. მან განმარტა, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასეთი ინციდენტებით ხდება პოლიციელების ყურადღების გადატანა და ამ დროს სხვა ავტომანქანით - უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გატანა. ინციდენტის შემდეგ ვ--–---- თ----–---–მა აღმოაჩინა, რომ დაკარგა ჟეტონი, რომელსაც ეძებდნენ ადგილზე, მაგრამ ვერ იპოვეს (2019 წლის 26 მარტის სხდომის ოქმი);

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-5 კილომეტრზე, მარჯვენა მხარეს სავალ ნაწილსა და გვერდულზე გაჩერებულია ,,კაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილი, სახ. ნომრით--------, რომლის წინა ნაწილი მიმართულია ხაშურის მხარეს. მის უკან გაჩერებულია პოლიციის ავტომანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსი“, სახ. ნომრით--------, რომელსაც ჩართული აქვს ახლო და შორი განათების მაშუქები, აგრეთვე წინა მხარეს, ,,ბამპერზე“ დამონტაჟებული ,,ციმციმა მაშუქები“. სატვირთო ავტომანქანის მოპირდაპირე მხარეს, გზის სავალი ნაწილის მარცხენა ზოლში ყრია მოყვითალო მასრები (ტ.1, ს.ფ. 6-37);

 

ამოღების ოქმების მიხედვით: 2018 წლის 4 მარტს ვ------- მ---------ისაგან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი ,,HS 9“, ნომრით------- (ტ.1, ს.ფ. 48-49), შავი ფერის ქურთუკი, ზურგზე და მარჯვენა მხარზე წარწერით ,,პოლიცია“, რომელსაც მარცხენა იღლიასთან აქვს დაზიანება განარღვევის სახით (ტ.1, ს.ფ. 67-76); ვ--–---- თ----–---–-საგან ამოიღეს შავი ფერის პოლიციის ჟილეტი, წინა მარცხენა მხარეს წარწერით ,,შინაგან საქმეთა სამინისტრო“, რომელსაც მარჯვენა იღლიასთან აქვს დაზიანება (ქსოვილის დარღვევა) და მუქი ლურჯი ფერის პულოვერი, რომელსაც ყელთან აქვს დაზიანება (ქსოვილის დარღვევა) (ტ.1, ს.ფ. 116-125); ა---- ღ----–--ისაგან ამოიღეს სპილენძისფერი მასრა (ტ.1, ს.ფ. 141-142), კ------------- და ა---- ღ----–---ების ტანსაცმლის ამოღების ოქმებში რაიმე დაზიანებაზე მითითებული არ არის (ტ.1, ს.ფ. 236-240; 243-247);

 

ვ--–---- თ----–---–-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2018 წლის 4 მარტს, 11:27 საათზე მას აღენიშნებოდა ნაჭდევი კისრის მარცხენა ზედაპირზე, ჭრილობა ზედა ტუჩის ლორწოვანზე. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად და ცალ-ცალკეც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 4 მარტს (ტ.1, ს.ფ. 158-159);

 

ვ------- მ---------ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2018 წლის 4 მარტს, 11:18 საათზე მას აღენიშნებოდა ნაჭდევი კისრის მარცხენა ზედაპირზე, რომელიც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 4 მარტს (ტ.2, ს.ფ. 72-73);

 

კ------------- ღ----–--ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2018 წლის 4 მარტს, მას აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულზე: ნაჭდევები შუბლზე, ყურზე, მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე, იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, სისხლნაჟღენთები მკერდზე, მარცხნივ იღლიის წინა ხაზზე, იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, თხემ-კეფის მიდამოში. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად და ცალ-ცალკეც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 4 მარტს (ტ.1, ს.ფ. 259-261);

 

აღნიშნული დასკვნები სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა მ----- ჭ----------–მა (2018 წლის 5 დეკემბრის სხდომის ოქმი);

 

ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ------- მ---------ისაგან ამოღებული იარაღი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, ტექნიკურად გამართულ და სროლისათვის ვარგის, 9 მმ კალიბრის ,,HS 9“ მოდელის ,-------“ პისტოლეტს; შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ხუთი მასრა და ა---- ღ----–--ისაგან ამოღებული მასრა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ, 1908 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის, ,,ლუგერის“ ვაზნის შემადგენელ კომპონენტს - მასრას, რომელიც ნასროლია ,,HS 9“ მოდელის ,-------“ პისტოლეტიდან; ა---- ღ----–--ისა და კ------------- ღ----–--ის ტანსაცმელზე აღინიშნება ექსპლუატაციური ცვეთის ნიშნები და კვლები. ვ--–---- თ----–---–-სა და ვ------- მ---------ის ტანსაცმელს, ექსპლუატაციური ცვეთის ნიშნებისა და კვლების გარდა, აღენიშნება ხევისა და გლეჯვის ნიშნების მქონე დაზიანებები, კერძოდ: ვ--–---- თ----–---–-ს სამსახურებრივი ფორმის პულოვერის საყელოსა და ქურთუკის მარჯვენა იღლიის ქვედა მიდამოში, ხოლო ვ------- მ---------ის ქურთუკს - მარცხენა იღლიის მიდამოში. ტანსაცმელს ცეცხლნასროლი წარმოშობისათვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღენიშნება (დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულება);

 

უდავოდ მიჩნეული, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ------- მ---------ის სამსახურებრივი ფორმის ქურთუკზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები, ხოლო ვ--–---- თ----–---–-ს, კ------------- ღ----–--ისა და ა---- ღ----–--ის ტანსაცმელზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება (ტ.2, ს.ფ. 279-295);

 

ალკოტესტით შემოწმების ქვითრების მიხედვით, 2018 წლის 4 მარტს, 01:53 საათზე, ვ--–---- თ----–---–-ს სისხლში აღმოჩნდა 1,398‰ ეთილის სპირტი, ხოლო 01:48 საათზე ვ------- მ---------ის სისხლში - 1,011‰ ეთილის სპირტი (ტ.1, ს.ფ. 40-41); ექსპერტ გ----- მ-------–---–ის განმარტებით აღნიშნული ოდენობა ორივე შემთხვევაში შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს (2018 წლის 5 დეკემბრის სხდომის ოქმი);

 

სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას;

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოყენებული მტკიცების სტანდარტი ასევე არის ,,მტკიცება გონივრულ ეჭვს მიღმა“. საქმეზე ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. UK, #5310/71, 18.1.78, პარ. 161), სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,მტკიცებულებას ქმნის საკმარისად ძლიერი, ნათელი და თანმიმდევრული დასკვნების ან მსგავსი გაუქარწყლებელი ფაქტობრივი პრეზუმფციების თანაარსებობა“;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიებისა და საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე მოწმეთა ჩვენებებსა და ბრალდების მხარის მიერ აღწერილ გარემოებებში არაერთი არსებითი წინააღმდეგობა და კითხვის ნიშანი არსებობს, რაც არ აღმოიფხვრა, პირიქით, სასამართლოში უფრო ნათლად გამოჩნდა, კერძოდ:

 

პატრულ-ინსპექტორების - გ--- გ-------ის, ლ----- გ------–--ისა და გ------- ხ---–--ის განმარტებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტაშისკარის ხიდიდან (სადაც მოწყობილი იყო პოლიციის საგუშაგო) შემთხვევის ადგილამდე დაახლოებით 4 კილომეტრია (პატრულ ინსპექტორების ჩვენებები ამ ნაწილში უფრო სარწმუნოა, მათი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე). ბრალდებულთა ჩვენებებზეც რომ არაფერი ვთქვათ, მათ მიმართ პროკურორის დადგენილებებშიც მითითებულია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის ტერიტორიაზე მოძრავი სატვირთო ავტომანქანა პოლიციელებმა მიიჩნიეს საეჭვოდ და დაედევნენ გაჩერების მიზნით. ცხადია, მძიმედ დატვირთულ (დაახლოებით 8 ტონით) სატვირთო ავტომანქანას 4 კილომეტრის გასავლელად მცირე დრო არ დასჭირდება და ნაკლებად დამაჯერებელია, თითქოს ამ მანძილზე, ღამით, პოლიციის სპეცავტომანქანით დევნის პირობებში მძღოლმა ვერაფერი შეამჩნია, ხოლო როდესაც მიხვდა, რომ მას შეჩერებას სთხოვდნენ - ვერ მოძებნა ავტომანქანის გასაჩერებლად შესაფერისი ადგილი. ამასთან, ჩართული იყო პოლიციის ავტომანქანის წინა მოპირკეთებაში არსებული ციმციმები, რაც დასტურდება არა მხოლოდ ბრალდებულების ჩვენებით, არამედ - შემთხვევის ადგილის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოცხრილითა და ვიდეოჩანაწერით. სასამართლოსათვის გაუგებარია, რატომ გახდა ეს ფაქტი (ჩართული ციმციმები და ზოგადად - ციმციმების არსებობა) დავის საგანი. დაზარალებულის მიერ პოლიციელების მოთხოვნის მიზანმიმართული უგულვებელყოფის შესახებ ვარაუდს ამყარებს შ-------–-----------------–- სამმართველოს უფროსის მოადგილე ა---------– ს--------ის ჩვენება - იგი აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზევე გამოკითხა ინციდენტში მონაწილე პირები და როგორც კ------------- ღ----–---მ განუმარტა, მან ,,სოფელ ტაშისკართან შენიშნა, რომ ავტომანქანით უკან მიჰყვებოდნენ პოლიციის თანამშრომლები და ანიშნებდნენ, გაჩერებულიყო“ (ტ. 2, ს. ფ. 234). პატრულ-ინსპექტორ გ--- გ-------ის ჩვენებით, შემთხვევის დროს მობილურით ესაუბრა კ------------- ღ----–---ს, რომელმაც განუცხადა: ,,სოფელ ქვიშხეთთან შუქებს მინთებდნენ, შემდეგ გასროლა მოახდინეს და გავაჩერე მანქანაო... პოლიციის პიკაპიდან გადმოვიდა ორი პიროვნება, რომლებიც მოცვივდნენ ჩემს მანქანასთან და აპირებენ ჩვენს ცემასო“ (?!). მანვე განუცხადა, რომ მანქანიდან მისი შვილი ჩავიდა, ხოლო თვითონ - ჩაიკეტა მანქანაში (ტ. 2, ს.ფ. 172). ამდენად, მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის დრო და ვითარება უფრო სარწმუნოს ხდის სწორედ პოლიციელების ჩვენებას, რაც ამ ნაწილშიც გამოძიებიდან მოყოლებული ასევე თანმიმდევრულია. თავად დაზარალებული კ------------- ღ----–---ც არ უარყოფს, რომ მანქანა გააჩერა პოლიციელთა ,,დაჟინებული მოთხოვნით“. ამგვარი საქციელი გასაკვირია, რადგან როგორც კ------------- ღ----–--- აცხადებს, 23 წელია მძღოლია და ყოველთვის ემორჩილება პოლიციელების მოთხოვნას. ამგვარ ვითარებას უფრო ლოგიკურად ებმის დაზარალებულის მომდევნო ქმედებები, რაც აღწერეს პოლიციელებმა, კერძოდ: კ------------- ღ----–--- თავიდანვე უკმაყოფილო იყო, რომ გააჩერეს. მან მანქანიდან გადმოსვლისას განაცხადა, რომ ვ--–---- თ----–---–- და ვ------- მ---------- არ იყვნენ ,,უფლებამოსილი პირები“ და რომ დარეკილი ჰქონდა ,,უფლებამოსილ პირებთან“, რომელთა მოსვლის შემდეგ გააღებდა საბარგულის კარს. ეს დასტურდება თავად დაზარალებულთა ჩვენებებით - რთულად დასაჯერებელია, მაგრამ როგორც ისინი აღწერენ, ძლიერი ფიზიკური ძალადობისა და იარაღით პირდაპირი მუქარის მიუხედავად, მამა-შვილმა კატეგორიული უარი განაცხადა საბარგულის გახსნაზე. ა---- ღ----–--ის ჩვენებით, მიუხედავად იმისა, რომ მუცელში ფეხი ჩაარტყეს, გასროლის ხმაზე შეშინდა და სასამართლოშიც კი სტრესს განიცდიდა, მან არ გააღო საბარგული (?!) და ელოდებოდა სხვა პოლიციელებს. რაც შეეხება ძალადობას, კ------------- ღ----–--- განმარტავს, რომ ავტომანქანიდან უყურებდა როგორ დაარტყეს ფეხი გვერდში მის გულზე ნაოპერაციევ შვილს, მაგრამ იგი არ გადმოვიდა მანქანიდან შვილის დასახმარებლად, რადგან ,,სიტუაცია დაიძაბებოდა“. გაუგებარია, უფრო მეტად როგორღა დაიძაბებოდა ვითარება, როდესაც ადამიანს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ან/და თუკი ამ ფასად (შვილის დაუხმარებლობა) ადამიანი ცდილობს, თავიდან აირიდოს გართულება, ბევრად მარტივია, დაემორჩილო პოლიციელების აშკარად უკანონო მოთხოვნასაც კი და გააღო საბარგული. კ------------- ღ----–--- განმარტავს, რომ პოლიციელები სწორედ ამას მოითხოვდნენ, ეუბნებოდნენ - მთავარია გააღოთ კარები. გარდა იმისა, რომ ა---- ღ----–---ს დაზიანება აღენიშნებოდა მხოლოდ იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, მან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმ ია ე--------ს განუცხადა, რომ ფერდთან ჰქონდა ,,ჭვალი“. ამგვარი მტკიცებულებებით ა---- ღ----–--ისათვის პოლიციელების მიერ დაზიანების მიყენება საეჭვოა. ასევე საეჭვოა კ------------- ღ----–--ის მიერ აღწერილი ვითარება დაზიანებების განვითარებასთან დაკავშირებით - იგი აცხადებს, რომ ვ--–---- თ----–---–მა ცალი ხელით ,,მიაყუდა მანქანაზე“, ხოლო მეორით - სცემდა სახის არეში. ამ დროს ვ------- მ----------მ ამოიღო პისტოლეტი და კ------------- ღ----–---ს მიუშვირა, დაემუქრა სროლით იმის გამო, რომ არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და არ გააჩერა მანქანა. ასეთ ვითარებაში გამოდის, რომ ვ------- მ----------მ იარაღი მიმართა მეწყვილეს მიმართაც, რადგან იგი კ------------- ღ----–--ის წინ იდგა და სცემდა მას. დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, მისკენ იარაღის მიშვერა და შემდეგ ჰაერში გასროლის მოტივიც გაუგებარია, რადგან ამ დროს დაზარალებულს, მისივე ჩვენებით, უმოწყალოდ სცემდა ვ--–---- თ----–---–-. უფრო ლოგიკური და სარწმუნოა ბრალდებულ ვ------- მ---------ის ჩვენება, რომლის მიხედვით მან იარაღიდან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა მისი მეწყვილისა და დაზარალებულის ფიზიკური ჭიდილის გამო, ვითარების განსამუხტად და ისიც მას შემდეგ, რაც გაშველება ვერ შეძლო და თავად სხეულის დაზიანება მიიღო. ბრალდებული პოლიციელების ჩვენებებს ამყარებს არაერთი საექსპერტო კვლევის შედეგი - ვ--–---- თ----–---–ს აღენიშნებოდა ნაჭდევი კისრის მარცხენა ზედაპირზე და ჭრილობა ზედა ტუჩის ლორწოვანზე. მისივე სამსახურებრივი ფორმის ქურთუკსა და პულოვერზე აღინიშნება ,,ხევისა და გლეჯვის ნიშნების მქონე დაზიანებები, საყელოსა და იღლიის ქვედა მიდამოში“. გარდა ამისა, მან ჩამოწყვეტის შედეგად შემთხვევის ადგილზე დაკარგა ძეწკვი და ჟეტონი, რომელსაც იქ ეძებდა არაერთი პირის ჩვენებით. ვ------- მ----------ს აღენიშნებოდა ნაჭდევი კისრის მარცხენა ზედაპირზე, რომელიც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. მისივე ქურთუკი დაზიანებულია ხევითა და გაგლეჯით იღლიის მიდამოში. არაერთი დაზიანება აქვს დაზარალებულ კ------------- ღ----–---ს თავის არეში, თუმცა მისი და ა---- ღ----–--ის ტანსაცმელი დაზიანებული არ არის. კ------------- ღ----–--ის ჩვენებით, პოლიციელთაგან რომელიღაცამ მის თვალწინ ფორმა დახია და უთხრა - ამ ფორმის დახევისათვის შენც დაისჯებიო. ამავე ჩვენებით, კ------------- ღ----–---ს გამოძიების ეტაპზე არ უთქვამს, რომ წაქცევისას ,,დაეკიდა“ მაღალ პოლიციელს, რა დროსაც მაისური დაეხა, რადგან იმ დროს სტრესულ მდგომარეობაში იყო, აღიდგინა დაახლოებით 2 თვის შემდეგ და მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, გამოძიებისათვის არ უთქვამს. მან პირველად სასამართლოში განაცხადა, რომ ერთ-ერთმა (და არა - ორივე) პოლიციელმა თავად დაიზიანა თავისი ტანსაცმელი და ეს მაშინ, როდესაც კ------------- ღ----–--- თავდაპირველი დაკითხვიდან ერთი თვის შემდეგაც გამოიკითხა და ამგვარი არ უთქვამს (?!) არავინ აღნიშნავს ვინმეს მიერ თვითდაზიანების მიყენებას. დაზარალებულები განმარტავენ, რომ ფიზიკური დაზიანება პოლიციელებისათვის არ მიუყენებიათ და არც თავს იცავდნენ. ცხადია, დაზარალებულთა ამგვარი ჩვენებების გაზიარება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის იმპერატიულ მოთხოვნებსაც;

 

სასამართლო არ უარყოფს, რომ კ------------- ღ----–---ს დაზიანებები შესაძლოა ერთ-ერთმა ან ორივე პოლიციელმა მიაყენა ან რომ ორივე ან ერთ-ერთი ნასვამი იყო, მაგრამ ცხადია, მხოლოდ დაზიანების მიყენება ან სიმთვრალე არ მეტყველებს პოლიციელის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც დაზიანება აღენიშნება ერთ დაზარალებულს და ორივე პოლიციელს, დაზარალებულთა ნაკლებად სარწმუნო ჩვენებების ფონზე, შეუძლებელია გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ პოლიციელებს დაზიანებები მიაყენა დაზარალებულმა ან დაზარალებულებმა. ამასთან, შეუძლებელია გამოვრიცხოთ, რომ თავდაპირველად ფიზიკური ძალადობა განახორციელა დაზარალებულმა, თუნდაც პოლიციელთა მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. დაზარალებულთა ჩვენებების სარწმუნოდ მიჩნევისა და მათი ქცევის მოტივში უკეთ გარკვევისათვის არსებითად მნიშვნელოვანი იყო სატვირთო ავტომანქანის სათანადოდ დათვალიერება. არავინ უარყოფს, რომ ხე-ტყის უკანონოდ და სისტემატურად გადაზიდვა ხორციელდებოდა შენიღბულად - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანითაც კი და ამ შემთხვევაში მრავლისმეტყველი იქნებოდა დაზარალებულის მიერ გადაზიდულ ტვირთთან დაკავშირებით ეჭვის გამორიცხვა. ამ ეჭვს ვერ გამორიცხავს მოწმის ჩვენება, რომ კ------------- ღ----–--- ვაჭრობს მხოლოდ კარტოფილით ან/და შესაბამისი ცნობა, რომ დაზარალებულები არ ყოფილან შემჩნეული ხე-ტყის უკანონო ჭრასა და გადაზიდვაში (ტ. 2, ს.ფ. 144-146; 150). ასევე დადგინდა, რომ ხე-ტყის უკანონო გადაზიდვასთან დაკავშირებით სამსახურებრივი ვალდებულებების სათანადოდ შეუსრულებლობის გამო არაერთი პოლიციელი გათავისუფლდა სამსახურიდან, რაც ამ შემთხვევაში შესამოწმებელი ავტომანქანის შორ მანძილზე დევნის მიზეზს ადგენს;

 

საბოლოოდ, მოცემული საქმის განხილვის შედეგად ბრალდებულთა საუარესოდ უტყუარად დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ ორივე მათგანს და მხოლოდ ერთ დაზარალებულს აღენიშნება სხეულის დაზიანება, რასაც ვერ დაეფუძნება გამამტყუნებელი განაჩენი და, შესაბამისად, ბრალდებულები უნდა გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.1 ვ------- მ---------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

1.2 აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს, ხოლო - გირაოს თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს დადგენილი წესით;

 

2.1 ვ--–---- თ----–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2.2. აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;

 

3. გამართლებულებს განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი;

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები - პისტოლეტები, ვაზნები და ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს; ანაწმენდები და მასრები - განადგურდეს დადგენილი წესით, ხოლო - ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი