განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-629-19
(№012210619003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03.04.2020 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი
ბრალდების მხარე: პროკურორი თინათინ სტურუა
დაცვის მხარე: ადვოკატი ზურაბ დგებუაძე
ბრალდებული: ბ---–----–--–-----ი
მამის სახელი: შ----ო
დაბადებული: 11.06.1--- წ.
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ქობულეთის რაიონი, სოფელი ხ--–-
და ფაქტობრივად მცხ.: ქ. ბათუმი, გ-----–------–-----------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 21 ივნისს, შუადღის საათებში, ქ. რუსთავში, მ-------------------------------------ში თ-------------ეს ყოფილმა მეუღლემ, ბ---–----–--–-----მა, მათი არასრულწოვანი შვილის, თ--------–--–-----ის თანდასწრებით სახეზე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც თ-------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული თ-------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ბრალდებულის ყოფილი მეუღლე, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2015 წლიდან. ცხოვრობნენ ბათუმში, მეუღლის საცხოვრებელ სახლში. 2015 წელს შეეძინათ საერთო შვილი, თ--------–--–-----ი. ბრალდებული აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული, ამასთან პერიოდულად მოიხმარდა მარიხუანას, რის გამოც მის მიმართ გახდა აგრესიული და ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას. 2017 წელს დაბრუნდა შვილთან ერთად რუსთავში დედასთან საცხოვრებლად. რუსთავში დაბრუნების შემდეგაც სცადეს ურთიერთობის აღდგენა და გარკვეული პერიოდი ცხოვრობდნენ ერთად, მაგრამ მათი თანაცხოვრება ვერ შედგა; ბრალდებული სისტემეტიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, როგორც მას, ასევე მის დედას, რის გამოც მის მიმართ გამოცემული იყო სამი შემაკავებელი ორდერი. 2018 წელს მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. 2019 წელს გაზაფხულზე საზღვარგარეთიდან დაბრუნებულმა ბ---–----–--–-----მა ინახულა ბავშვი რუსთავში და საჩუქრებიც გადასცა. დედამთლის თხოვნით ბავშვი ბ---–---ს უნდა წაეყვანა ბათუმში. მან მოამზადა ბავშვი ბათუმში გასაგზავნად. 2019 წლის 21 ივნისს, შუადღის საათებში, რუსთავში ჩამოსულ ბ---–---ს სადარბაზოსთან ჩაუყვანა ბავშვი, სადაც ამ უკანასკნელმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვა საჩუქრების დაბრუნება. იგი ავიდა ბინაში საჩუქრების დაბრუნების მიზნით, რა დროსაც ბინაში შეჰყვა ბ---–---იც და დაუწყო გინება მას და დედამისს. მათ მოთხვნაზე, გარეთ გასულიყო, ბავშვის თანდასწრებით, ბ---–---მა მას სახეში შეაფურთხა და მარცხენა ლოყაზე გაარტყა ხელი. იმის მიუხედავად, რაც მოხდა, ბავშვი მაინც გაატანა, რადგან ბ---–---ი იმდენად აგრესიული იყო, ბავშვს თუ არ გაატანდა, მას და დედამისს ალბათ დახოცავდა. მისი წასვლის შემდეგ დედამისმა დარეკა პოლიციაში. მოლაპარაკების მიხედვით, 02 ივლისს უნდა ჩამოეყვანა ბავშვი რუსთავში, მაგრამ რუსთავში ჩამოყვანის ნაცვლად გადაიყვანა აფხაზეთის ტერიტორიაზე. 09 ივლისს მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების და უშიშროების სამსახურის დახმარებით გადმოიყვანეს ბავშვი აფხაზეთიდან (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ----–----------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ბრალდებულის ყოფილი სიდედრი. მის ქალიშვილს და ბრალდებულს ბავშვის შეძენის შემდეგ დაეძაბათ ურთიერთობა. 2019 წლის 21 ივნისს ბ---–---ის დედის თხოვნით, ამ უკანასკნელს ბავშვი უნდა წაეყვანა ერთი თვით ბათუმში, მისმა შვილმა ჩაულაგა ტანსაცმელი და ჩაუყვანა ბავშვი სადარბაზოში, საიდანაც მისი ქალიშვილი სახლში ამოვიდა ანერვიულებული, რადგან ბ---–---ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია და საჩუქრების დაბრუნება მოუთხოვია. ბინის კარი დარჩა ღია, რა დროსაც ბინაში შევიდა ბ---–---ი და თ-----ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბავშვის ხვეწნის მიუხედავად, ნუ ეჩხუბები, არ დაარტყა დედასო, ბ---–---მა მის ქალიშვილს სახეში შეაფურთხა და ხელი გაარტყა, მოკიდა ბავშვს ხელი და წაიყვანა. მისი წასვლის შემდეგ მან დარეკა პოლიციაში. ბავშვი აღარ ჩამოუყვანია რუსთავში, გადაიყვანა აფხაზეთში, 9 დღე სად ჰყავდა, როგორც მათთვის, ასევე ბ---–---ის ოჯახისთვისაც უცნობი იყო. მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების და სუს-ის დახმარებით მოხდა აფხაზეთიდან ბავშვის დაბრუნება. აღნიშნულის შემდეგ ბავშვის დასჭირდა ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური დახმარება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ---–----–--–-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ დაზარალებულ თ-------------ეს ჰქონდა ნერვული აშლილობა. ბავშვს ყველაფერზე უყვიროდა, ოჯახში სტუმრებს ვერ იტანდა და მის ოჯახის წევრებს ცუდი სიტყვებით მოიხსენიებდა. მოგვიანებით გახდა მისთვის ცნობილი, რომ განათხოვარი იყო, ამის მიუხედავად, მისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყნებია არასდროს. ადასტურებს, რომ მისი ოქროს ნივთები დაალომბარდა, მაგრამ დაიხსნა და დაუბრუნა უკანვე. ე.წ. "პლანს" იშვიათად ეწეოდა. მათი შეუთავსებლობის მთავარი მიზეზი იყო, რომ თ-------------ე უყურებდა პორნო ფილმებს და აიძულებდა ის სიბინძურეები ეკეთებინა, რასაც იქ ნახულობდა. საყვედურობდა, რომ კაცად არ ვარგოდა, საყვარელს გაიჩენდა და გასცილდებოდა. მომხდარ ინციდენტამდე ერთი თვით ადრე უთხრა, რომ საყვარელი ჰყავდა. ამის გამო და ალიმენტის დავალიანების 5000 ლარის მოთხოვნის გამო, მოითხოვა მის მიერ ნაჩუქარი საჩუქრები დაებრუნებინა. 2019 წლის 21 ივნისს ჩავიდა რუსთავში ბავშვის წასაყვანად. თ-------------ე მისი სახლის სადარბაზოსთან შეხვდა ბავშვთან ერთად, სადაც მან მოსთხოვა თ-----ს ჩამოეტანა მის მიერ მიტანილი საჩუქრები. თ-----ის სახლში ასვლისას თვითონაც ავიდა ბავშვთან ერთად. ბინის კარი ღია იყო და შევიდა. ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. მხოლოდ ის უთხრა თ-----ს, ბოზი ხარო. თვითონ თ-----მა და დედამისმა ჰკრეს ხელი და გარეთ გააგდეს. მან წაიყვანა ბავშვი და წავიდა ბათუმში. გზაში იყო, როდესაც პოლიციამ დაურეკა, ვერ გაიგო რა უნდოდათ, რადგან კავშირი გაწყდა. 2019 წლის 02 ივლისს აფხაზეთში წავიდა ბავშვთან ერთად მეგობრის სანახავად. უკან დაბრუნებისას რუსმა მესაზღვრეებმა დაიჭირეს. ტელეფონი არ ჰქონდა და დედამისმაც არ იცოდა სად იყო, ისე მოგზაურობდა მის შვილთან(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნენ შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელი ზ--------–--–--ა და ქვ. ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი ი-----–---------ე, რომლებმაც დაადასტურეს სს საქმეზე მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა. გამოქვეყნებული იქნა წერლობითი მკიცებულებები
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში. მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ამ დანაშაულის ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია და მსხვერპლი - ერთი ოჯახის წევრები არიან.
ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა-სისტემატურ შეურაცხყოფა-შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური კუთხით.
სასამართლო განმარტავს, რომ ფიზიკურ ძალადობას წარმოადგენს ცემა და სხვაგვარი ძალადობა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულის ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ცემის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ძალადობა ძალის აშკარა ან ფარული გამოყენება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფისაგან ისეთი რამის მისაღწევად, რაზედაც ისინი თავისი ნებით არ თანხმდებიან. სინონიმებია: აგრესია, სასტიკი მოპყრობა, შეურაცხყოფა, იძულება, ხელყოფა, წამება, მუქარა. ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებელი ულებები. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება, და თავისუფლება. ესენი კი ადამიანის განუყოფელი უფლებებია.
ფიზიკური ძალადობაა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;
ფსიქოლოგიური ძალადობაა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივის და ღირსების შელახვას;
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. იგი გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ოჯახში ძალადობას ახასითებს ფარული და განგრძობადი ხასიათი, რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის/ების მიმართ. ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვეევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.
ძალადობა შედგება სამი კომპონენტისაგან: მსხვერპლი, მოძალადე და თვით ქმედება(ძალადობა). თავისი ხასიათისა და შედეგების გათვალისწინებით, იგი ხშირად მოიაზრება როგორც კრიმინალი.
საქართველოს კანონმდებლობით, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობა ან იძულება.
მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ოჯახის სხვა წევრის მიმართ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ახორციელებს.
ძალადობა მოიცავს უკანონო ქმედებათა ყველა სახეს, გამოხატულს მუქარით ან ქმედებით, რომელსაც შედეგად მოჰყვება ქონების დაზიანება ან განადგურება, ანდა პიროვნების შეურაცხყოფა ან სიკვდილი.
სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობრივი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას.
განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილით დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება - იგივე ქმედების ჩადენა, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისი ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით, ოჯახში ძალადობა, როგორი ფორმითაც არ უნდა ვლინდებოდეს, მის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ძალადობის უშუალო მსხვერპლს არ წარმოადგენს, ძალადობის მოწმედ ყოფნა, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან ადამიანებს შორის, როგორიც მშობლებია, უარყოფითად აისახება მის კეთილდღეობაზე და მოწყვლადს (განსაკუთრებული ზრუნვისა და საჭიროების მქონეს) ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ.
4. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს. მტკიცების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თვითმხილველი მოწმეები, რომელთა ჩვენებები, მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს საქმის მტკიცებულებების უმნიშვნელოვანეს წყაროს. სასამართლოს მხედველობაში აქვს ე.წ. ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი საქმის შედეგით და აძლევენ იმ ჩვენებას, რაც მათ რეალურად ნახეს და აღიქვეს და რომელი ჩვენებებიც სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის და შეფასებისას სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ მას მეუღლის თ-------------ის მიმართ ძალადობა არ ჩაუდენია. დადასტურებულია, რომ მხარეთა შორის არსებობდა სერიოზული კონფლიქტი, რასაც სამართალდამცავთა მხრიდან არაერთი შემაკავებელი ორდერიც ადასტურებს, რომლის სანდოობაში სასამარლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს. მით უფრო, რომ არცერთი შემაკავებელი ორდერი ბრალდებულის მხრიდან არ გასაჩივრებულა. სასამართლო სხდომაზე დაზარალებული თ-------------ის და გ----–----------–---–ის თანმიმდევრული ჩვენებით უტყუარად დადასტურებულია, რომ 2019 წლის 21 ივნისს, მათ ბინაში შესულმა ბ---–----–--–-----მა თ-------------ეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არასრულწლოვანი ბავშვის, თ--------–--–-----ის თანდასწრებით, რასაც წინ უძღოდა ბრალდებულის მხრიდან აგრესიულად საჩუქრების მოთხოვნა, რასაც არ უარყოფს თვით ბრალდებულიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებული მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით ცდილობს დაარწმუნოს სასამართლო მის უდანაშაულობაში, რაც საქმეზე შეკრებილი როგორც ზემოთ აღნიშნული პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი მტკიცებულებებით(ი-----–---------ის და ზ--------–--–--ას) არ იქნა დადასტურებული.
5. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებული ბ---–----–--–-----ის საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩამდენ პირად, ანუ დამნაშავედ ცნობის თაობაზე.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ბ---–----–--–-----ის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სასამართლო ჩადენილი ქმედების (ოჯახში ძალადობის) საზოგადოებრივ საშიშროებისა და ხასიათის, მისი გავრცელების მასშტაბებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდებულის პირადი და ეკონომიკურ პირობების, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემდგომი მოქმედების გათვალისწინებით, რომ ბავშვი გადაიყვანა საქართველოს არაკონტროლირებად რეგიონში სამართალდამცავებისაგან თავის არიდების მიზნით, ასევე დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ---–----–--–-----ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაინიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ისეთი ზომით, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
8. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ბ---–----–--–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ---–----–--–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
2. ბ---–----–--–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2019 წლის 04 სექტემბრიდან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი