გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2020
საქმის ნომერი
010310019003156549
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310019003156549

№3-418/19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე – ვლ-----------------ე

მოპასუხე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი – ნი-------------–--ე

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ვლ-----------------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

- მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, კომისიის 2019 წლის 24 აპრილის N--- განკარგულების ბათილად ცნობა;

- კომისიის მიერ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქალაქ ბათუმში, ბ------------------ მიმდებარე, 254,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ვლ-----------------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

ვლ-----------------ე 1999 წლიდან მუშაობდა შპს „ტურბაზა მწვანე კონცხის“ ადმინისტრაციაში, კანალიზატორის პოზიციაზე. ამ დროიდან, დირექციის ნებართვით იგი ოჯახთან ერთად შეასახლეს ბ------------------------ს მიმდებარედ, 254,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არსებულ ხის დამხმარე შენობაში, რომელიც შემდგომ ვლ-----------------ემ მოაწყო საცხოვრებლად. ამასთან, მას ნება დართეს ნაკვეთზე ბოსტნეული კულტურების გასაშენებლად, სადაც მოჰყავდა სხვადასხვა სახის ერთწლიანი კულტურები, რაც მნიშვნელოვნად ეხმარებოდა ოჯახის წევრთა გამოკვებაში.

2008 წლის დასაწყისში, ვლ-----------------ემ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, 990 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოსარჩელეს მოუწია კომისიისთვის განმეორებით მიმართვა. როგორც გამოირკვა, საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი 990 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან ნაწილი, 250.00 კვ.მ საკუთრების უფლებით უკვე აღიარებული იყო სხვა პირის, ნანული იაკობაძის სახელზე, რის გამოც ნაკვეთის თვითნებური დაკავების საფუძვლით ვლ-----------------ეს უღიარდა მხოლოდ 446.00 კვ.მ. რომელზეც განთავსებულია მისი საცხოვრებელი სახლი.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, 2018 წლის დეკემბრის თვეში ვლ-----------------ემ განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მისი სახლის გვერდით მდებარე, თავისუფალ 254.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, თუმცა კომისიის გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი 2015 წელს, საკუთრების უფლების აღიარებისას არ იყო მოქცეული 446.00 კვ.მ მიწასთან ერთად, ერთიან ნახაზში.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 24 აპრილის N--- განკარგულება უკანონოა, რადგანაც კომისიამ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები. ვლ-----------------ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთით ფლობისა და სარგებლობის ფაქტი დასტურდება, არაერთი მოწმის ჩვენებით. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნაკვეთი 1999 წლიდან იყო მის კანონიერ სარგებლობაში, მართალია იგი 2007 წლიდან სხვა პირს აქვს შემოღობილი, მაგრამ ეს არ უნდა უშლიდეს ხელს, საკუთრების უფლების აღიარებაში. საგულისხმოა ისიც, რომ ვლ-----------------ესთან ახლოს მცხოვრებმა მეზობლებმა ორ-ორჯერ შესძლეს ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება, რაც იმას მოწმობს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა კანონიერია.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

კომისიის მიერ განხილული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის N511968 წერილობითი შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტაცია, ქალაქ ბათუმში, ბა---- I ჩიხის, N--ის მიმდებარედ, 254.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ვლ-----------------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ ვლ-----------------ის განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა, მის საკუთრებაში არსებული 446,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რომელზეც საკუთრების უფლება უღიარდა 2015 წელს, თვითნებური დაკავების საფუძვლით.

ვლ-----------------ის განცხადება არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს განმცხადებლის საკუთრებაში აღიარებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რომელზეც მისი საკუთრების უფლება წარმოიშვა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების (2007 წლის 15 სექტემბერი) შემდგომ, 2015 წლის 16 ივლისს, საკუთრების უფლების აღიარების საფუძველზე.

254,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა ვლ-----------------ის მიერ კომისიაში არ ყოფილა წარდგენილი, როდესაც განიხილებოდა მისი განცხადება, 446,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. შესაბამისად, ბა---- I ჩიხის, N--ის მიმდებარე 254.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას, რის გამოც კომისიის 2019 წლის 24 აპრილის განკარგულებით, ვლ-----------------ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

კომისია მოქმედებდა კანონის შესაბამისად, მან გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და კანონმდებლობის დაცვით გამოსცა, შესაბამისი სამართლებრივი აქტი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიიის მიერ ვლ-----------------ეს თვითნებური დაკავების საფუძვლით უღიარდა საკუთრების უფლება ქალაქ ბათუმში, ბა---- ქუჩა I ჩიხის N---ში მდებარე, 446.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ, 61.62 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე და 2015 წლის 16 ივლისს გაიცა N---- საკუთრების უფლების მოწმობა, რის შესაბამისად, 2015 წლის 23 ივლისს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნა ვლ-----------------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით: 0--3--2--2---

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საჯარო რეესტრის 2015 წლის 23 ივლისის ამონაწერი;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. ვლ-----------------ემ 2018 წლის 17 დეკემბერს განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ქალაქ ბათუმში, ბ------------------------ის მიმდებარე 254,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, თვითნებური დაკავების საფუძვლით.

კომისიის 2019 წლის 5 აპრილის №12 საოქმო გადაწყვეტილებითა და 2019 წლის 24 აპრილის №--- განკარგულებით ვლ-----------------ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს იმ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რომელზეც ვლ-----------------ის საკუთრების უფლება წარმოიშვა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და საკუთრება უღიარდა 2015 წლის 16 ივლისს, ხოლო, განსახილველი 254.0 კვ.მ.ნაკვეთის აღიარების მოთხოვნა ვლ-----------------ის მიერ კომისიაში 446.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან ერთად არ წარდგენილა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– კომისიის 2019 წლის 24 აპრილის №--- განკარგულება;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ვლ-----------------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

-„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 24 აპრილის №--- განკარგულება წარმოადგენს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და შესაბამისად, მისი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით, რისთვისაც საკმარისი არ არის მისი ფორმალური კანონშესაბამისობა, არამედ გასაჩივრებული აქტის კანონიერება უნდა განისაზღვროს მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც, უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა კანონისმიერი საფუძველი, კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ვლ-----------------ის მიერ მოთხოვნილ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმისათვის.

დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

6.3. მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებითა და ამ წესით.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ შესაბამისად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამვილად ფლობდა, ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი.

კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი:

ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული;

გ) თვითნებურად დაკავებული.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს, აგრეთვე იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. ზემოაღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს.

ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული),ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.

ამდენად, აღნიშნული ნორმის შინაარსით სახელმწიფო საკუთრების მიწა პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს თვითნებურად დაკავებული.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კომისია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - განკარგულებით. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე.

 

6.5. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია - ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

სასამართლო დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს.

ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენა არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, - საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია.

 

6.6. ვლ-----------------ეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიიის მიერ თვითნებური დაკავების საფუძვლით უღიარდა საკუთრების უფლება ქალაქ ბათუმში, ბა---- ქუჩის I ჩიხის N---ში მდებარე, 446.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ, 61.62 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე. 2015 წლის 16 ივლისს ვლ-------- დო-–-----ე გაიცა N---- საკუთრების უფლების მოწმობა, რის შესაბამისად, 2015 წლის 23 ივლისს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნა მისი საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით: 0--3--2--2---

სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ვლ-----------------ემ, 2018 წლის 17 დეკემბერს განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ბა---- ქ-------------- N--ის მიმდებარე 254.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, თვითნებური დაკავების საფუძვლით.

კომისიის 2019 წლის 24 აპრილის №--- განკარგულებით, ვლ-----------------ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ მოტივით, რომ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული იმ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რომელზეც მან საკუთრების უფლება მოიპოვა თვითნებური დაკავების საფუძველზ 2015 წლის 16 ივლისს, კომისიის მიერ აღიარების გზით, რა დროსაც მას არ მოუთხოვია იგივე საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარება, ამ 254.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ხოლო, მეორეჯერ საკუთრების უფლების აღიარებას მოქმედი კანონმდებლობა ასეთი საფუძვლით, არ ითვალისწინებს.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

კანონის ამ ნორმის დანაწესის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოებული მიწის რეფორმის გატარების ერთ-ერთ ღონისძიებად იქნა წარმოდგენილი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება კონკრეტული წესის მიხედვით, იმ პირთა მიერ, ვინც წლების განმავლობაში ფაქტობრივად სარგებლობდა (მართლზომიერად, ან თვითნებურად) მიწის ნაკვეთით, გამოიყენებდა მას სათანადო დანიშნულებით, ხოლო სახელმწიფო ასეთი მოცემულობების არსებობის შემთხვევაში გამოხატავს თავის დამოკიდებულებას და ასეთ პირებს უქმნის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების სამართლებრივ საფუძველს.

ამასთან, სახელმწიფოს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ამ საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელობას ანიჭებს პირის კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას, მიწის ნაკვეთის დანიშნულების და საჭიროებისამებრ გამოყენების მხრივ, მიწის ნაკვეთით რეალურად სარგებლობასა და მისი საჭიროების ფაქტს.

როგორც აღინიშნა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია კონკრეტული საფუძვლები, რომლის მიხედვით საკუთრების უფლების მოსაპოვებლად არ არის საკმარისი მიწის ნაკვეთის მხოლოდ ფაქტობრივი ფლობა და სარგებლობა.

თვითნებურად დაკავებულად რომ ჩაითვალოს მიწის ნაკვეთი, გარდა მისი ფაქტობრივი ფლობისა და სარგებლობისა, სავალდებულოა ორი კონკრეტული პირობათაგან ერთ-ერთი მათგანის არსებობა. კერძოდ, ამ მიწის ნაკვეთზე კანონის ამოქმედებამდე განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი უნდა მდებარეობდეს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, და მისი ფართობი ნაკლები უნდა იყოს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ვლ-----------------ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა არ მდებარეობს, რაც მხარეთა მიერ დადასტურებულია.

ამდენად, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებულად ჩასათვლელად რჩება მეორე საფუძველი, ამ ნაკვეთის მომიჯნავეობა დაინტერესებული პირის (ვლ-----------------ე) საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან.

დადგენილია და მხარეებიც ადასტურებენ, რომ ვლ-----------------ეს მართლაც აქვს მოპოვებული საკუთრების უფლება, თუმცა თვითნებური დაკავების საფუძვლით, მის საკუთრებასთან მომიჯნავე 446,0 კვ.მ. სხვა მიწის ნაკვეთზე.

სასამართლო განმარტავს, თუ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესი იმგვარად იქნება გაგებული, რომ შესაძლებელია მომიჯნავეობის საფუძვლით ფაქტობრივად დაკავებულ არაერთ, სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება (არაერთჯერადი აღიარების გზით), „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნიდან გამომდინარე, ამ კანონითვე დადგენილი პრინციპი და მიდგომა დაირღვევა, რამდენადაც სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების განკარგვა მოხდება არა მიწის ბაზრის განვითარების და მიწის ფონდის დანიშნულების მიხედვით გამოყენების ათვისების ხელშეწყობის მიზნით, არამედ სტიქიურად.

სწორედ, ამის თავიდან არიდების მიზნით, კანონმდებელმა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დაადგინა შემდეგი რეგულაცია, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობი ნაკლები უნდა იყოს მომიჯნავე, დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და ამ წესის თანახმად, დაუშვებელია რამოდენიმე, ნაკლები ფართის მქონე მიწის ნაკვეთებზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარება, მათი თვითნებური დაკავების საფუძვლით.

ამ წესის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი და მიდგომა იმაშიც მდგომარეობს, რომ იმ თვითნებური მიწის ნაკვეთის დამკავებლისათვის, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე ამ ნაკვეთზე გააჩნდა შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობის მხრივ შეზღუდვა არ არის დაწესებული, რამდენადაც შესაძლებელია, დამკავებელი იყოს უმიწო კომლი და მას სხვა მიწის ნაკვეთი არ გააჩნდეს.

იმ შემთხვევაში კი, როდესაც თვითნებური დაკავებით საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველს წარმოადგენს მიწის ნაკვეთის მომიჯნავეობა (დაინტერესებული პირის საკუთრებაში, ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან), აუცილებლად იგულისხმება, რომ დაინტერესებულ პირს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის გარდა უკვე გააჩნია სხვა მიწის ნაკვეთიც, საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში და კანონის დანაწესით სწორედ ამის გამოც იზღუდება იგი, უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობის მხრივ (საკუთრებაში, ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით).

განსახილველ შემთხვევაში, რაც მთავარი და ნიშანდობლივია, ვლ-----------------ეს მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს არა მართლზომიერი მფლობელობით, არამედ მისი თვითნებური დაკავების საფუძვლით და ამასთან, 2015 წლის 16 ივლისს, ანუ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების (2007 წლის 15 სექტემბერი) შემდგომ. გარდა ამისა, მისივე განმარტების თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ 254 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობას და ნაკვეთით სარგებლობას ვლ-----------------ის მხრიდან ადგილი აღარ ჰქონია 2007 წლიდან, არამედ, ნაკვეთი ამ დროისათვის თავისუფალ მდგომარეობაშია და ამიტომაც გადაწყვიტა მასზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა.

დადგენილია და მხარეებიც ადასტურებენ, რომ ქალაქ ბათუმში, ბა---- ქუჩის I ჩიხი, N--ის მიმდებარედ, 446.0 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისას, მომიჯნავედ მდებარე - 254,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ვლ-----------------ის მიერ არ იყო მოქცეული ერთიან საზღვრებში, 2007 წლიდან იგი სხვა პირს აქვს შემოღობილი, რასაც მოსარჩელე ადასტურებს და შესაბამისად, ამ დროიდან მოყოლებული საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ არის ვლ-----------------ის სარგებლობაში

ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება, რომ სადავო 254,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი, არ წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ ისეთ მიწას, რომელიც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა და რომელიც დაინტერებული პირის სარგებლობაშია.

 

6.8. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სწორი სამართლებრივი შეფასება გააკეთა, როდესაც ვლ-----------------ის განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ დაინტერესებულ პირს არ გააჩნდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კონკრეტული საფუძვლები, როგორც მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებელს, მოეპოვებინა მასზე საკუთრების უფლება.

შესაბამისად, კომისიის 2019 წლის 24 აპრილის №--- განკარგულებით ვლ-----------------ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

 

6.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოცემულ შემთხვევაში, კომისიამ საქმისათვის საჭირო და მნიშვნელოვანი კონკრეტული გარემოებების გამოკვლევისა და დადგენის შედეგად მიიღო 2019 წლის 24 აპრილის №--- განკარგულება, ვლ-----------------ის განცხადებაზე, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

მოპასუხე მხარის მიერ როგორც თვით გასაჩივრებულ აქტში, ისე საქმის სასამართლო განხილვის დროს დასაბუთებული იქნა გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია.

 

6.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა ამავე კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო იმ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას აქტის ბათილად ცნობის თაობაზე თუ ეს აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 24 აპრილის №--- განკარგულების ბათილობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც ის კანონის სრული შესაბამისობით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების მიმართ ამ აქტის შედეგად ზიანის მიყენების საფუძველიც გამორიცხულია.

 

6.11. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ვლ-----------------ის სარჩელი სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელია და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს

 

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 100 ლარი. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ვლ-----------------ის სარჩელი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს წინასწარ.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე