გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210016001416927
№2-2042/2016წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - შპს ,,ევ---------------''
წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი
მოპასუხეები - გი------------ე
წარმომადგენელი - გი------------------
დავის საგანი: სესხის თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს - გი------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 668 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული სარგებლის /პროცენტის - 200 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეს - გი------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ავტომობილის შეფასების საფასურის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
1.3. დაკისრებული თანხების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.
1.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელე თავის მოთხოვნებს ამყარებს შემდეგი არგუმენტაციით:
- 2015 წლის 29 იანვარს შპს ,,ევ---------------''-ს და მოპასუხე გი------------ეს შორის დაიდო სესხის და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გი------------ეს გაეცა სესხი 1200 აშშ დოლარის ოდენობით. სესხიდან გამომდინარე, სარგებელი შეადგენდა თვიურად 5%-ს. მსესხებელს სესხი და სარგებელი უნდა დაეფარა 12 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად გადაიხდიდა სესხს და სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. სესხის უზრუნველსაყოფად, მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომობილი - სუბარო ფორესტერი.
- ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოც ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის სახით, ასევე გირავნობის საგნის ჩამორთმევა და რეალიზაცია, ხოლო დარჩენილი დავალიანების შემთხვევაში მისი გადახდის ვალდებულება. ასევე განისაზღვრა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებაც. მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან არ უზრუნველყო სესხის დაფარვა, არც იმ დარჩენილ ნაწილზე აიღო დაფარვის ვალდებულება, რაც ავტომანქანის რეალიზაციის შემდეგ დარჩა.
- მსესხებელი დავალიანებაში იმყოფება 2016 წლის 28 იანვრიდან. გაყიდული ავტომანქანის შედეგად შემოსული თანხებით დაიფარა ნყველა ის მიმდინარე ვალდებულებები, რაც იმ დროისათვის იყო და ნაწილობრივ დაიფარა სესხზე დარიცხული სარგებელიც. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ სესხის დაფარვა ვერ მოხერხდა და არც მოვალემ იკისრა ვალდებულება, ვადაგადაცილების ათვლა დარჩენილ სესხის ძირ თანხაზე დაიწყო იმ თვიდან, საიდანაც მოხდა სარგებლის გასწორება.
- გირავნობის საგანი - ავტომობილი გაიყიდა 2016 წლის 28 დეკემბერს 565 აშშ დოლარად, მის რეალიზაციამდე მოხდა მისი დათვალიერება და შეფასება იმ დროს არსებული საბაზრო ღირებულებისა და ავტომობილის ვარგიაისიანობის მიხედვით. ავტომანქანა შეძენილ იქნა ფიზიკური პირის მიერ.
- ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ დარჩენილი დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, მოსარჩელემ 2016 წლის 16 ივნისს შეტყობინება გაუგზავნა მოპასუხეს და მიეცა დამატებითი ვადა, თუმცა წერილი მსესხებელს ვერ ჩაბარდა. წერილით მოსარჩელე დეტალურად განუმარტავდა მოპასუხეს ყველა იმ მოქმედების შესახებ, რაც ავტომანქანის რეალიზაციის შემდეგ კომპანიამ განახორციელა, კერძოდ: 313 აშშ დოლარი გაიქვითა სესხის სარგებელში, 170 ლარი - სესხის დაფარვის საკომისიოში, 180 აშშ დოლარი - სრულად გაიქვითა მანქანის ტრანსპორტირების ხარჯში და 104 აშშ დოლარით შემცირდა სესხის ძირი.
- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხემ გადახდის მე-5 ეტაპზე უკვე დაარღვია ვალდებულება და აღარ გადაიხადა თანხა მოპასუხეს ავტომანქანის თბილისში ევაკუატორით გაგზავნის ხარჯის გარემოება სადავოდ არ გაუხდია. ასევე სწორად არის დათვლილი პროცენტის ოდენობა, რაც ავტომანქანის გაყიდვამდე 6 თვის დღიურად დარიცხული პროცენტია. გირაოს საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით ჯერ დარიცხული პროცენტი, შემდეგ ევაკუატორის ხარჯი და საკომისიო დაიფარა.
(იხ. სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლების ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).
2. მოპასუხის პოზიცია:
- მოპასუხე გი------------ემ შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო.
მოპასუხის პოზიცია ეფუძნება შემდეგ არგუმენტაციას:
- მოპასუხე შესაგებლით მიუთითებს, რომ მისი მხრიდან მოსარჩელის წინაშე ვალდებულებები სრულად იქნა შესრულებული, გადახდილი აქვს ყველა ის თანხა, რაც სარჩელშია მითითებული. მოსარჩელემ სახელოსნოდან გირავნობის საგანი - ავტომობილი წაიყვანა და მას შემდეგ მოპასუხეს მისგან რაიმე შეტყობინება არ მიუღია.
- მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ევაკუატორის ხარჯის - 180 ლარის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი, ასევე უცნობია, თუ სად წაიყვანა ავტომობილი და სად მოახდინა მისი რეალიზაცია. 170 ლარი ხელშეკრულებით საკომისო თანხაა და არა ავტომობილის რეგისტრაციის საფასური, გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ მოსარჩელეს მისთვის ინფორმაცია არ წარუდგენია. არც ავტომობილის შეფასების საფასურის გადახდის მტკიცებულებაა წარმოდგენილი და შეფასებაც არაა სწორი, ვინაიდან ავტომობილის რეალური ღირებულება 1100 აშშ დოლარზე ნაკლები არ იყო, მისი გამოშვების წლისა და ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
(იხ. შესაგებელი, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ 2015 წლის 29 იანვარს შპს ,,ევ---------------''-ს და მოპასუხე გი------------ეს შორის დაიდო სესხის და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გი------------ეს გადაეცა სესხი 1200 აშშ დოლარის ოდენობით. სესხიდან გამომდინარე, სარგებელი შეადგენდა თვიურად 5%-ს. მსესხებელს სესხი და სარგებელი უნდა დაეფარა 12 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად გადაიხდიდა სესხს და სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. სესხის უზრუნველსაყოფად, მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომობილი - სუბარო ფორესტერი. გირავნობის საგანი დარჩა მოპასუხის მფლობელობაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება;
- შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ;
- მხარეების ახსნა-განმარტება;
3.1.2. მხარეებს შორის სხვა უდავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს შორის სადავოა შემდეგი საკითხები:
- ხელშეკრულების დარღვევის შედეგად, რა სახის და ოდენობის ვალდებულებები დარჩა შესასრულებელი მოპასუხეს და დაიფარა თუ არა სრულად, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით;
- გირავნობის საგნის რეალური ღირებულება, თუ რამდენად საბაზრო ღირებულებით გაიყიდა;
- სარჩელით მოთხოვნილი საკომისიოს, შეფასების საფასურისა და ავტომობილის რეგისტრაციის ხარჯების ოდენობები;
მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხეს, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადასახდელი აქვს სესხის ძირითადი თანხის ნაწილი - 668 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული სარგებელი/პროცენტი - 200 აშშ დოლარი. ასევე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ავტომობილის შეფასების საფასურის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელეს, მიუთითებს, რომ მოსარჩელის წინაშე ვალდებულებები სრულად იქნა შესრულებული, გადახდილი აქვს ყველა ის თანხა, რაც სარჩელშია მითითებული. მოსარჩელემ სახელოსნოდან გირავნობის საგანი - ავტომობილი წაიყვანა და მას შემდეგ მოპასუხეს მისგან რაიმე შეტყობინება არ მიუღია. ევაკუატორის ხარჯის - 180 ლარის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი, ასევე უცნობია, თუ სად წაიყვანა ავტომობილი და სად მოახდინა მისი რეალიზაცია. 170 ლარი ხელშეკრულებით საკომისო თანხაა და არა ავტომობილის რეგისტრაციის საფასური, გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ მოსარჩელეს მისთვის ინფორმაცია არ წარუდგენია. არც ავტომობილის შეფასების საფასურის გადახდის მტკიცებულებაა წარმოდგენილი და შეფასებაც არაა სწორი, ვინაიდან ავტომობილის რეალური ღირებულება 1100 აშშ დოლარზე ნაკლები არ იყო, მისი გამოშვების წლისა და ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
3.2.2. სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებებს. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
სასამართლო განმარტავს, რომ ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები ზეპირად გადმოცემულ ფაქტებს ადასტურებენ და სადავოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადავოა, მაშინ ზეპირი განმარტება აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს მხარეთა განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა ზეპირად რა ითქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ სადავოობისას თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია.
შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება მოვალეობა დაამტკიცოს, თუ როდის და რა ოდენობის თანხები აქვს გადახდილი მოსარჩელისათვის. თავის მხრივ მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ გირავნობის საგნის რეალიზაცია განახორციელა საბაზრო ფასად და მიღებული თანხით, ხელშეკრულების პირობების თანახმად, სწორად გაქვითა ვალდებულებები და სრულად ვერ იქნა დაფარული დავალიანება.
3.2.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
3.2.5. უდავოდ დადგენილია, რომ:
- 2015 წლის 29 იანვარს შპს ,,ევ---------------''-ს და მოპასუხე გი------------ეს შორის დაიდო სესხის და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გი------------ეს გადაეცა სესხი 1200 აშშ დოლარის ოდენობით. სესხიდან გამომდინარე, სარგებელი შეადგენდა თვიურად 5%-ს. მსესხებელს სესხი და სარგებელი უნდა დაეფარა 12 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად გადაიხდიდა სესხს და სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. სესხის უზრუნველსაყოფად, მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომობილი - სუბარო ფორესტერი. გირავნობის საგანი დარჩა მოპასუხის მფლობელობაში;
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხე გი------------ემ დაარღვია 2015 წლის 29 იანვრის სესხის და გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სესხის გადახდის შეთანხმებული გრაფიკით გათვალისწინებული მე-5 გადახდა 2015 წლის 23 ივნისს არ ან ვერ განახორციელა, და არც შემდეგში გადაუხდია რაიმე თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება;
- სესხის გადახდის გრაფიკი;
- ამონაწერი პროგრამიდან;
- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;
3.2.6. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული გირავნობის საგანი - მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომობილი ,,სუბარო ფორესტერი", რომელიც იმყოფებოდა მოპასუხის მფლობელობაში, ვალდებულებების დარღვევის გამო მოსარჩელემ წაიყვანა და მოახდინა მისი რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება;
- სესხის გადახდის გრაფიკი;
- ამონაწერი პროგრამიდან;
- მხარეების ახსნა-განმარტება;
3.2.7. დადგენილია, რომ გირაოს საგანი - ავტომობილი ,,სუბარო ფორესტერი" შპს ,,ჯი ეი ჯგუფის" მიერ, 2015 წლის 22 ივლისის მდგომარეობით, შეფასებულია 700 აშშ დოლარად, ხოლო ლიკვიდური ფასი კი განსაზღვრულია 500 აშშ დოლარით. აღნიშნული მომსახურებისათვის, შპს ,,ევ---------------''-მა შპს ,,ჯი ეი ჯგუფს" გადაუხადა საფასური 100 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება;
- ავტომობილის შეფასების აქტი;
- მიღება-ჩაბარების აქტი;
- მხარეების ახსნა-განმარტება;
3.2.8. დადგენილია, რომ 2015 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელემ გირავნობის საგანი - ავტომობილი ,,სუბარო ფორესტერი" გაასხვისა, ავტომობილი შეძენილი იქნა ფიზიკური პირის გო------------ის მიერ 565 აშშ დოლარად. ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია ქ. თბილისში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება;
- ნასყიდობის ხელშეკრულება;
- მხარეების ახსნა-განმარტება;
3.2.9. დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2016 წლის 16 ივნისს წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა მოპასუხეს და მიეცა დამატებითი ვადა, თუმცა წერილი მსესხებელს ვერ ჩაბარდა, მიუხედავად იმისა, რომ წერილი მოპასუხეს გაეგზავნა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე: ხელვაჩაური, ს. ფ------------ ქუჩა #11, წერილით მოსარჩელე დეტალურად განუმარტავდა მოპასუხეს ყველა იმ მოქმედების შესახებ, რაც ავტომანქანის რეალიზაციის შემდეგ კომპანიამ განახორციელა, კერძოდ: 313 აშშ დოლარი გაიქვითა სესხის სარგებელში, 170 ლარი - სესხის დაფარვის საკომისიოში, 180 აშშ დოლარი - სრულად გაიქვითა მანქანის ტრანსპორტირების ხარჯში და 104 აშშ დოლარით შემცირდა სესხის ძირი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება;
- 2016 წლის 16 ივნისის წერილობითი შეტყობინება;
- მხარეების ახსნა-განმარტება;
3.2.10. დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის, გირაოს საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული საფასურით ვერ დაიფარა მთლიანი დავალიანება და მოპასუხეს გადასახდელი დარჩა სესხის ძირი თანხა 668 აშშ დოლარი, სარგებელი - 200 აშშ დოლარი, ასევე მოსარჩელე მოითხოვს ავტომობილის შეფასების საფასურის დაკისრებას 100 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება;
- ავტომობილის შეფასების აქტი;
- ნასყიდობის ხელშეკრულება;
- ამონაწერი პროგრამიდან;
- 2016 წლის 16 ივნისის წერილობითი შეტყობინება;
- მხარეების ახსნა-განმარტება;
3.2.11. 2015 წლის 29 იანვრის სესხის და გირავნობის ხელშეკრულების 4.5. მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირაოს საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა თუ არ დაფარავდა დავალიანებას, ამ შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მოითხოვოს მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან. ხელშეკრულების 8.5. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ სესხის, სარგებლის, ჯარიმის და სხვა გადასახდელების გადახდის თანმიმდევრობაზეც, რომ: პირველ რიგში იფარება საკომისიო, იურიდიული მომსახურების, სანოტარო ხარჯები, ჯარიმა, შემდეგ სესხი და სხვა ხარჯები. ამავე ხელშეკრულების 8.12. მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება;
- მხარეების ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე გი------------ეს სესხი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მოპასუხემ გადააცილა კრედიტის დაფარვის ვადებს, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა. აგრეთვე, მოპასუხეს გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხის და შეთანხმებული პროცენტის გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის თანხის - სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში მოპასუხე დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. (იხ., სუს 08.11.2011წ.-ის გადაწყვეტილება Nას-839-890-2011).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 29 იანვარს შპს ,,ევ---------------''-ს და მოპასუხე გი------------ეს შორის დაიდო სესხის და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გი------------ეს გადაეცა სესხი 1200 აშშ დოლარის ოდენობით. სესხიდან გამომდინარე, სარგებელი შეადგენდა თვიურად 5%-ს. მსესხებელს სესხი და სარგებელი უნდა დაეფარა 12 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად გადაიხდიდა სესხს და სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით.
ასევე დადგენილია, რომ ამავე სესხის ხელშეკრულებით, სესხის უზრუნველსაყოფად, მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომობილი - სუბარო ფორესტერი. გირავნობის საგანი დარჩა მოპასუხის მფლობელობაში;
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის მოპასუხეებისათვის დაკისრება.
6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
ამავე კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს სურვილი ჰქონდათ თანხის დასესხებისა. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. ორივე მხარემ გამოავლინა სესხთან დაკავშირებული ნამდვილი ნება, რაც უნდა გამხდარიყო ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებმა სესხის გაცემაზე და გადახდაზე გამოავლინეს ნება და შეთანხმდნენ კიდეც. ასეთი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია. ნების გამოვლენის საფუძველზე მხარეებს შორის, 2015 წლის 29 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი1200 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, სარგებლის/პროცენტის დარიცხვით, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მხარეთა შორის წარმოშობილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, შესაბამისად მათი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი ნორმების მეშვეობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები.
6.6. განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე გი------------ემ სესხის პროდუქტით ისარგებლა და აითვისა. სესხის თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხა ვალის დაფარვის მიზნით, შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. დავალიანების დარჩენილი თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა არათუ ორ ვადაზე მეტი, არამედ უფრო მეტიც, დაარღვია რა 2015 წლის 29 იანვრის სესხის და გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სესხის გადახდის შეთანხმებული გრაფიკით გათვალისწინებული მე-5 გადახდა 2015 წლის 23 ივნისს არ ან ვერ განახორციელა, ამის შემდეგ კი მსესხებელმა საერთოდ შეწყვიტა სესხზე მომსახურება-გადახდა, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.
დადგენილია და მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. პროცენტი მას უნდა შეეტანა გრაფიკის მიხედვით. გრაფიკი შეიცავდა, როგორც ძირითადი გადასახდელის, ისე პროცენტის თანხასაც. გი------------ემ გრაფიკის მიხედვით აღარ შეიტანა თანხა, შესაბამისად გადასახდელი დარჩა, როგორც ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული პროცენტი. ხელშეკრულებისა და გადახდის გრაფიკის მიხედვით გი------------ეს გადასახდელი აქვს სარგებელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნილი ავტომობილის შეფასებისათვის გადახდილი საფასური, ასევე ავტომობილის ევაკუატორით გადაყვანისათვის, რეგისტრაციისაათვის გაწეული ხარჯები წარმოადგენს ზიანს, რაც მიადგა მოსარჩელეს მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით. რომ არა ვალდებულების დარღვევა, მოსარჩელეს არც ავტომობილის გადაყვანა, შეფასება და მისი რეალიზაცია, რეგისტრაცია არ დაჭირდებოდა და არც ამ ხარჯების გაწევა მოუწევდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.
6.8. მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 -ე ნაწილით: ,,ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება და დაადგინა, რომ ხელშეკრულების 8.12. მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსრულებას.
წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულების შესრულება გახდა სადავო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხის მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მისი სარჩელის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.12. პუნქტის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 100 ლარს.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი. სარჩელის დაკმაყოფილებიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მისი ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
9. აღსრულების წესის განსაზღვრა
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სესხისა და გირაოს ხელშეკრულების თანახმად, მართალია, სესხის უზრუნველმყოფი საგანი - მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა მოსარჩელის გასხვისებულ იქნა.
განსახილველ შემთხვევაში (სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად, გირაო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის სახე), ვინაიდან განხორციელდა გირაოს საგნის რეალიზაცია, გირავნობა უფლება შეწყვეტილად ითვლება.
ამავე კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, მოსრჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს გირავნობის საგნის რეალიზაცია ან მის საკუთრებაში გადაცემა მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელემ მოახდინა მისი რეალიზება, თუმცა რეალიზაციის შედეგად დავალიანება მთლიანად არ დაიფარა.
მხარეთა შორის გაფორმებული 2015 წლის 29 იანვრის სესხის და გირავნობის ხელშეკრულების 4.5. მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირაოს საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა თუ არ დაფარავდა დავალიანებას, ამ შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მოითხოვოს მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი თუ არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ დაფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, მაშინ დარჩენილი დავალიანების გადახდევინება მოხდება მათ საკუთრებაში არსებული სხვა ნებისმიერი ქონებიდან.
10. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი
10.1. მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 -ე ნაწილით: ,,ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება და დაადგინა, რომ ხელშეკრულების 8.12. მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსრულებას.
წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულების შესრულება გახდა სადავო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხის მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მისი სარჩელის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.12. პუნქტის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.11-ე ნაწილის დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე, ისინი-მხარეები შეთანხმდნენ ამ პირობაზე, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არის დასაბუთებული და მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 268-ე-270-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ევ---------------''-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე გი------------ეს მოსარჩელე შპს ,,ევ---------------''-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 668 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული სარგებლის/პროცენტის - 200 აშშ დოლარის, ჯამში 868 აშშ დოლარის გადახდა.
3. მოპასუხე გი------------ეს მოსარჩელე შპს ,,ევ---------------''-ის სასარგებლოდ დაეკისროს ავტომობილის შეფასების საფასურის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
4. მოპასუხე გი------------ეზე მოსარჩელე შპს ,,ევ---------------''-ის სასარგებლოდ დაკისრებული თანხების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხე გი------------ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.
5. მოპასუხე გი------------ეს მოსარჩელე შპს ,,ევ---------------''-ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, 100 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 12 დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. 32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: სალიხ შაინიძე