გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32846-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მარტი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე
მოსარჩელე - საქართველოს თ-----–---------------ო
წარმომადგენელი - ჯ----–-----------–ი
მოპასუხე - ა-–-----------------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ა-–-----------------ს საქართველოს თ-----–---------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს დაზიანებული ავტომანქანის პირველადი საბალანსო ღირებულების - 29150 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საქართველოს თ-----–---------------ოსა და ა-–-----------------ს შორის გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, გაუფრთხილდეს სახელმწიფო-საზოგადოებრივ თუ სხვა ქონებას და სრულად აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების (მათ შორის ტექნიკის და ა.შ.) უსაფრთხოებასა და მოვლაზე.
2018 წლის 4 იანვრის ბრძანებით ავტომანქანაზე SKODA RAPID, სახელმწიფო ნომრით M------, მძღოლად მიმაგრებული იყო ა-–-----------------ი. ავტომობილის პირველადი საბალანსო ღირებულება შეადგენს 29150 ლარს.
2018 წლის 17 მაისს, დაახლოებით 06:00 საათზე, ა-–-----------------მა, რომელიც მართავდა დასახელებულ სატრანსპორტო საშუალებას, თბილისი-სენაკი-ლესელიძის სავალი გზის 109-ე კილომეტრზე დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახა სატვირთო ავტომანქანას. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ს----------ოს კუთვნილი ავტომობილი, რის გამოც კონტრაქტის თანახმად მოპასუხეს წარმოეშვა ს----------ოს სასარგებლოდ 29150 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
ა-–-----------------ი თ-----–-------–--------------ის 31.05.2019 წლის ბრძანებით დათხოვილ იქნა ს--------ო სამსახურიდან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და ნაწილობრივ დაეთანხმა ფაქტობრივ გარემოებებს. სარჩელი ცნო მხოლოდ 15000 ლარის ნაწილში.
მოპასუხემ სადავოდ გახადა ზიანის ოდენობა და განმარტა, რომ გაურკვეველი იყო, რის საფუძველზე ითხოვდა ს----------ო 29150 ლარის დაკისრებას, როცა ექსპერტიზის დასკვნით სატრანსპორტო საშუალებისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეფასებულია 15000 ლარად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს თ-----–---------------ოსა და ა-–-----------------ს შორის 2015 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა კონტრაქტი - კ------–-----–----ის თანამდებობაზე ს--------ო მოსამსახურეების მიერ ოთხი წლის ვადით ს--------ო სამსახურის გავლის შესახებ.
ა-–-----------------ი საქართველოს თ-----–---------------ოს თ-----–-------–------------ის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ს------–---ის საავტომობილო ბაზის მსუბუქი მანქანების ასეულის სატრანსპორტო ოცეულის მძღოლის თანამდებობიდან გათავისუფლდა და დათხოვილ იქნა ს--------ო სამსახურიდან საქართველოს თ-----–-------–--------------ის 2019 წლის 31 მაისის ბრძანების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.12.2015 წლის კონტრაქტი.
- საქართველოს თ-----–-------–--------------ის 31.05.2019 წლის ბრძანება.
3.1.2. 2018 წლის 4 იანვრიდან ა-–-----------------ი მძღოლად მიმაგრებული იქნა საქართველოს თ-----–---------------ოს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებაზე - SKODA RAPID, სახელმწიფო ნომრით M------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შ-------------–-----–-------------–------–--------------ის ლოგისტიკური უზრუნველყოფის ს------–---ის საავტომობილო ბაზის უფროსის 04.01.2018 წლის ბრძანება.
3.1.3. 2018 წლის 17 მაისს, დაახლოებით 06:00 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის სავალი გზის 109-ე კილომეტრზე მოძრაობისას, საქართველოს თ-----–---------------ოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, SKODA RAPID, სახელმწიფო ნომრით M------, რომელსაც მართავდა ა-–-----------------ი, შეეჯახა სატვირთო ავტომანქანას.
შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ავტომანქანა შკოდას ორი მგზავრი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.03.2019 წლის განაჩენი;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.4. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში აღნიშნულია, რომ შექმნილ საგზაო სიტუაციაში ავტომობილ SKODA RAPID-ის მძღოლის ა-–-----------------ის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 ნაწილის „კ“ პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული შეჯახება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 10.12.2018 წლის ექსპერტის დასკვნა.
3.1.5. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დანაშაულზე გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-400 მუხლის მესამე ნაწილით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ა-–-----------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება: ა-–-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-400 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით, ასევე 1 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.03.2019 წლის განაჩენი.
3.1.6. საქართველოს შინაგან საქმეთა ს----------ოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 1 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ, 2014 წელს დამზადებულ მსუბუქ ავტომობილზე - SKODA RAPID, სახელმწიფო ნომრით M------, საორიენტაციო ღირებულება დაზიანებამდე ექსპლოატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 17000 ლარს, მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა საორიენტაციოდ შეადგენს - 15000 ლარს, ხოლო ავტომანქანის ნარჩენი ღირებულება მისი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საორიენტაციოდ - 2000 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტის დასკვნა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელე საქართველოს თ-----–---------------ოსთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 15000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას მიუთითებს, რომ საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოპასუხემ სადავოდ გახადა ზიანის ოდენობა, მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას ავტომანქანის პირველადი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, რაც 29150 ლარია.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის დამტკიცება ევალება მოსარჩელეს. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე სასამართლოს წარმოუდგენს მტკიცებულებებს ზიანის გაანგარიშების თაობაზე, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე, რომელიც ზიანის ოდენობას ხდის სადავოდ.
მოსარჩელე ზიანის ოდენობის დაანგარიშებისას მიუთითებს როგორც ექსპერტის დასკვნაზე, ასევე სასაქონლო ზედნადებზე და მიღება-ჩაბარების აქტზე, სადაც აღნიშნულია საქართველოს თ-----–---------------ოს მიერ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვასთან ერთად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ფასი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ სასაქონლო ზედნადები და მიღება-ჩაბარების აქტი მოიცავს 2013 წლის მდგომარეობით სატრანსპორტო საშუალების SKODA RAPID-ის შესყიდვის ფასს და მისი ექსპლუატაციაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით (სატრანსპორტო საშუალება ა-–-----------------ს 2018 წელს გადაეცა და საგზაო შემთხვევაც 2018 წელს მოხდა) არ არის გასაზიარებელი მოსარჩელის პოზიცია პირველადი ფასით ზიანის ოდენობის განსაზღვრის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერვე წარმოდგენილ, საქართველოს შინაგან საქმეთა ს----------ოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 1 აგვისტოს დასკვნაში ზიანის ოდენობის შეფასებისას ექსპერტი აღნიშნავს, რომ საავტომობილო ბაზრობაზე ანალოგიური მარკის ავტომანქანების საცალო სარეალიზაციო საორიენტაციო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს 17000 ლარს. ამდენად, ზიანის ოდენობის დადგენისას ექსპერტმა გაითვალისწინა ექსპლუატაციაში ყოფნის პერიოდი და დაზიანებამდე სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება ისე განსაზღვრა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი პოზიციის დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06.09.2013 წლის სასაქონლო ზედნადები;
- 06.09.2013 წლის მიღება-ჩაბარების აქტი;
- საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 01.08.2018 წლის დასკვნა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თ-----–---------------ოს სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 999-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
ამდენად, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა - დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: ზიანი. ასევე სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - დადგენილია, რომ ა-–-----------------მა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია შეჯახება; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა მოპასუხის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა ავტომობილი და შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს არ მიადგებოდა ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში ა-–-----------------ის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს, აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მხოლოდ 15000 ლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს ავტომანქანის პირველადი საბალანსო ღირებულებით - 29150 ლარის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო 15000 ლარის ნაწილში, ა-–-----------------ს საქართველოს თ-----–---------------ოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 15000 ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილდა.
საქართველოს თ-----–---------------ო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან მოპასუხემ ცნო სარჩელი დაკმაყოფილებული მოთხოვნის ნაწილში, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს თ-----–---------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ა-–-----------------ს საქართველოს თ-----–---------------ოს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 15 000 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე