გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/28278-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მარტი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე
მოსარჩელე - გ-------------------ი
წარმომადგენელი - თ-------–-----–---–-
მოპასუხე - ნ--------–-----ი
წარმომადგენელი - ს-----------–-–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ--------–-----ს მოსარჩელე გ-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 4500 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს შორის 2006 წლის 27 ნოემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ნ--------–-----მა მოსარჩელისგან სესხად მიიღო 4500 აშშ დოლარი, 2 წლის ვადით. ხელშეკრულება გაფორმდა მხარეთა და მოწმეთა ხელმოწერებით, ნოტარიული დამოწმების გარეშე, სადაც მხარეებს სესხის გაცემაში დაეხმარათ შუამავალი ნ------------------ი.
სესხის ხელშეკრულების თანახმად, ბინის მფლობელს და მსესხებელს - ნ--------–-----ს, გ-------------------ისთვის სესხის სარგებლის ნაცვლად მისთვის უნდა მიეცა თავის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებით (მდებარე, თბილისი, კ---------ის N12-ში) სარგებლობის, ცხოვრების, უფლება, ხოლო 2 წლის თავზე, გამსესხებლის ბინიდან გამოსვლისთანავე უნდა დაებრუნებინა 4500 აშშ დოლარი.
გ-------------------ი შვილთან ერთად 2017 წლამდე ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში. მას აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ნ--------–-----თან და 2008 წლიდან, ბინიდან გასვლის სანაცვლოდ სთხოვდა კუთვნილ 4500 აშშ დოლარს, რაც მოპასუხეს სარჩელის წარმოდგენის დღემდე არ დაუბრუნებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა ზეპირი შეთანხმებით, გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, თუმცა 2017 წელს, რაც მოსარჩელე გაემგზავრა მალტაში, შვილის მოსანახულებლად, ნ--------–-----მა გააღო კარი და შეცვალა სახლის გასაღები. იგი ამავდროულად უარს აცხადებს თანხის დაბრუნებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ გამორიცხა სარჩელის დაკმაყოფილება და მიუთითა მოთხოვნის უსაფუძვლობასა და ხანდაზმულობაზე. მოპასუხის განმარტებით, მიუხედავად ხელშეკრულების გაფორმებისა, მითითებული თანხა გ-------------------ს მისთვის არ გადაუცია და გადასცა მაკლერს, ნ------------------ს, რომელმაც თავის მხრივ თანხა სხვაზე გაასესხა. მოსარჩელე აღნიშნულს ნანობდა და იმასაც კი აღნიშნავდა, რომ მაკლერმა ისიც დააზარალა და ნასესხები 500 აშშ დოლარი არ დაუბრუნებია.
თანხა მას რომ აეღო, იგი აქამდე აუცილებლად იჩივლებდა, ხელშეკრულების ვადა 2008 წელს გავიდა, სარჩელი კი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვიდან 11 წლის შემდეგ არის წარდგენილი.
მოთხოვნის მიუხედავად გ-------------------ი ბინას არ ათავისუფლებდა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენა კი ვერ მოხერხდა, ვინაიდან ფართის მოპასუხის სახელზე საკუთრებაში აღრიცხვა დღემდე ვერ მოხერხდა. 2017 წელს კი, ვინაიდან მოსარჩელემ ბინის ფლობა მიატოვა, იძულებული გახდა მეზობლების თანდასწრებით კარი გაეღო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2006 წლის 27 ნოემბერს ნ--------–-----სა და გ-------------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ--------–-----ი, 2 წლის ვადით, აგირავებს თბილისში, კ---------ის ქ. N12-ში მდებარე უძრავ ქონებას გ-------------------ის სასარგებლოდ. თავის მხრივ, გ-------------------ი ბინაში ცხოვრების სანაცვლოდ იხდის 4500 აშშ დოლარს, რაც დაუბრუნდება 2 წლის შემდეგ, 2008 წლის 27 ნოემბერს, ბინაში ცხოვრების გასვლისთანავე.
ნ--------–-----ი ადასტურებს მისი მხრიდან ხელშეკრულების ხელმოწერას. ხელშეკრულებას ასევე ხელს აწერენ გ-------------------ი და მოწმის სახით: გ--------–--------–ი და ნ------------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.11.2006 წლის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. ხელშეკრულებაში მითითებული ნ------------------ი არის შუამავალი, რომლის საშუალებითაც დაიდო დასახელებული ხელშეკრულება, ხოლო გ--------–--------–ი არის მოსარჩელე გ-------------------ის შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. თბილისში, კ---------ის ქ. N12-ში მდებარე ბინა არც 2006 წელს (ხელშეკრულების დადების დროს) და არც შემდგომში ნ--------–-----ის სახელზე საკუთრების უფლებით არ დარეგისტრირებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. გ-------------------ი თბილისში, კ---------ის ქ. N12-ში მდებარე ბინაში ცხოვრობდა 2006 წლიდან 2017 წლის აგვისტომდე, საზღვარგარეთ წასვლამდე, სადაც დღემდე იმყოფება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კომუნალური მომსახურების გადახდის ქვითრები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. ნ--------–-----ი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბინაში, მოსარჩელესთან შეუთანხმებლად, 2019 წელს შევიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- CD დისკი.
3.1.6. სესხის თანხის დაკისრების მოთხოვნით სარჩელი გ-------------------მა მოპასუხე ნ--------–-----ის მიმართ სასამართლოში 2019 წლის 12 ნოემბერს აღძრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს შორის 2006 წლის 27 ნოემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება, სადაც მსესხებელს წარმოადგენს ნ--------–-----ი, ხოლო გამსესხებელს - გ-------------------ი. ეს არის არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება, სადაც მხარეთა შეთანხმებით, სესხის თანხაზე სარგებლის მიღება უთანაბრდება სესხის ხელშეკრულების ვადით ბინაში ცხოვრების უფლებას.
მოპასუხე ნ--------–-----ი ადასტურებს, რომ იგი გაეცნო ხელშეკრულების შინაარსს, სადაც აღნიშნულია, რომ ნ--------–-----ი თბილისში, კ---------ის ქ. N12-ში მდებარე ბინას, მასში ცხოვრების უფლებით, 2 წლის ვადით, გ-------------------ს გადასცემს. თავის მხრივ გ-------------------ი ბინაში ცხოვრების სანაცვლოდ იხდის 4500 აშშ დოლარს. გ-------------------ი ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2006 წლიდან, 2017 წლის აგვისტომდე ფაქტობრივად ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.11.2006 წლის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, სესხის ხელშეკრულების ხელმოწერის პარალელურად ნ--------–-----ს, მსესხებელს გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა - 4500 აშშ დოლარი.
მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, სადაც მოპასუხე სადავოდ ხდის სესხი თანხების მიღებას და მიუთითებს, რომ თანხა მას არ აუღია და მის ნაცვლად შუამავალმა, ნ------------------მა აიღო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ,,სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის და 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილების თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
სამოქალაქო საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, საკასაციო პალატამ შემდეგი განმარტება გააკეთა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არამხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისთვის გადაცემის მომენტიდან წარმოშობა. შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (სუსგ Nას-1245-1168-2015, 20.05.2016წ). ასევე „სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად მიიჩნევა და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (Nას-361-343-2015, 14.12.2015).
სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები არ შეიცავს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს, ხოლო მხარეთა შორის მტკიცების განაწილების 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თანხის გაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. სადავოობის შემთხვევაში კი მტკიცების ტვირთზე გავლენას ახდენს, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისთვის გადაცემის თაობაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებაში პირდაპირ არის მოცემული შემდეგი ჩანაწერი: „მივიღე 4500 აშშ (ოთხი ათას ხუთასი დოლარი) ნ--------–-----ი“. აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით მოპასუხე მიუთითებს, რომ ჩანაწერი მისი ხელმოწერის შემდეგ არის შესრულებული, არ ეკუთვნის მას და სასამართლოს მხრიდან არ უნდა იქნეს გაზიარებული, თუმცა, მტკიცებულება რაც მის პოზიციას დაადასტურებდა, მას არ წარმოუდგენია. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ნებისმიერი გარიგება მიიჩნევა ნამდვილად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. გარიგების დადებისას ნების ნაკლის მტკიცების ტვირთი კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება იმ მხარეს, რომელიც სადავოდ ხდის ნების ნამდვილობას, რომელმაც პრეზუმფცია სარწმუნო მტკიცებულებებით უნდა გააქარწყლოს.
გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგომ არსებული ფაქტობრივი გარემოებებიც ადასტურებენ, რომ თანხა 4500 აშშ დოლარი, გადაეცა ნ--------–-----ს, რომელიც უფლებამოსილი იყო ბინა ხელშეკრულების მოქმედების ვადით, დროებით სარგებლობაში გადაეცა გამსესხებლისთვის.
რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას, რომ თანხა შემდგომში შუამავალმა აიღო და ამ თანხით მას არ უსარგებლია, აღიშნული ფაქტი ამ დავის ფარგლებში საკვლევი გარემოება არ არის. სასამართლოსთვის არ აქვს მნიშვნელობა, სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ რა დანიშნულებით მოხდა სესხის თანხის განკარგვა. აღნიშნული გარემოება ვერ შეცვლის გ-------------------თან სასესხო ურთიერთობაში ნ--------–-----ის ვალდებულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- კომუნალური მომსახურების გადახდის ქვითრები.
3.2.3. ნ--------–-----ს გ-------------------ისთის სესხის თანხა არ დაუბრუნებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხის, მსესხებლის, მტკიცების ტვირთს წარმოადგენს იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელის მიმართ ფულადი დავალიანება შესრულებული აქვს. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლთან მიმართებით და განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულება უნდა დადასტურდეს კრედიტორის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, კერძოდ, მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ 15.09.2014წ., საქმე №ას-517-490-2014).
კონკრეტულ შემთხვევაში ნ--------–-----ი საერთოდ გამორიცხავს მისი მხრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდის ვალდებულებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სესხის თანხა მას არ აუღია და არც მისი გადახდის ვალდებულება აკისრია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.4. გ-------------------სა და ნ--------–-----ს შორის სასესხო ურთიერთობა, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, 2008 წლის შემდგომ გაგრძელდა 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით.
უდავოა, რომ სესხის ხელშეკრულება დაიდო ბინაში ცხოვრების პირობით, რაც ერთგვარი სესხის თანხაზე სარგებლის სანაცვლო პირობას წარმოადგენდა. ამდენად, ხელშეკრულება ორივე მხარეს ავალდებულებდა ერთმანეთის სასარგებლო ქმედების განხორციელებას - ნ--------–-----ი, სესხის თანხის სანაცვლოდ გადასცემს მოსარჩელეს ბინას და სესხის თანხის, 4500 აშშ დოლარის გადახდის შემდგომ გ-------------------ი იღებდა ვალდებულებას დაეცალა ბინა. თანხა ნ--------–-----ს ორ წლის შემდეგ, 2008 წლის 27 ნოემბერს უნდა გადაეცა. ამდენად, გ-------------------ს თანხა დაუბრუნდებოდა 2 წლის შემდეგ ბინაში ცხოვრების გასვლისთანავე.
მოპასუხე ადასტურებს, რომ გ-------------------ს ბინით ფაქტობრივად სარგებლობის უფლება 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით არ შეუწყვეტია. მოსარჩელე შემდგომშიც აგრძელებდა კომუნალური მომსახურებისთვის თანხის გადახდას. ამ პერიოდის განმავლობაში ნ--------–-----ის მხრიდან გ-------------------ის მიმართ რაიმე პრეტენზია (სარჩელი), რაც დაკავშირებული იქნებოდა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან, წარდგენილი არ ყოფილა. ერთგვარად მისი ქმედება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ-------------------ს ჰქონდა უფლება გაეგრძელებინა ბინით სარგებლობა, სანამ მსესხებლის მხრიდან თანხის დაბრუნება არ მოხდებოდა. სესხის ხელშეკრულების შინაარსიც ხომ ამ ორმხრივ ვალდებულებას მოიცავს - სესხის თანხის დაბრუნება უკავშირდება ბინით სარგებლობის შეწყვეტას. თანხა კი ნ--------–-----ს მოსარჩელისთვის დაბრუნებული არ აქვს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა გ-------------------ის სარჩელი და მიაჩნია, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 420-ე, 623-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
დადგენილია, რომ 2006 წლის 27 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულება ნ--------–-----ს 2 წლის ვადაში, შესაბამისად, 2008 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეესრულებინა. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობა მხარეებს შორის 2008 წლის შემდგომაც გაგრძელდა და შეწყდა 2017 წლის აგვისტოში. გ-------------------ს ჰქონდა უფლება გაეგრძელებინა ბინით სარგებლობა, სანამ მსესხებლის მხრიდან თანხის დაბრუნება არ მოხდებოდა. სესხის ხელშეკრულების შინაარსიც ხომ ამ ორმხრივ ვალდებულებას მოიცავს - სესხის თანხის დაბრუნება უკავშირდება ბინით სარგებლობის შეწყვეტას. თანხა კი ნ--------–-----ს მოსარჩელისთვის დაბრუნებული არ აქვს.
ამდენად, ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის წარმოშობის მომენტად (ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად) 2017 წლის აგვისტო უნდა იქნეს მიჩნეული. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა გადის 2020 წლის აგვისტოში. ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სარჩელი მოსარჩელემ 2019 წელს აღძრა. ამდენად, მოსარჩელის მხრიდან დაცულია სახელშეკრულებო მოთხოვნებისთვის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა და არ არსებობს ხანდაზმულობის საფუძვლით სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლი, კი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლების, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, ფულადი ვალდებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობის ფაქტი უნდა დადასტურდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მოვალისთვის თანხის გადაცემის ფაქტზე. სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად ითვლება მსესხებლისთვის თანხის ან გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან. ხოლო სესხის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, გასესხებული თანხის გადაცემის დამტკიცების მოვალეობა გამსესხებელს აქვს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-------------------სა და ნ--------–-----ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება - მოსარჩელემ მოპასუხეს 2 წლის ვადით ასესხა 4500 აშშ დოლარი. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ნ--------–-----ი გამსესხებელს ცხოვრების უფლებით დროებით გადასცემდა თბილისში, კ---------ის ქ. N12-ში მდებარე ბინას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელემ დაარღვია რა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების დანაწესი, კრედიტორმა შეთანხმებისამებრ, გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და მიმართა სასამართლოს თანხის მსესხებლისთვის დაკისრების მოთხოვნით.
ამდენად, სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს გ-------------------ის მოთხოვნას სესხის თანხის დაკისრების შესახებ და ნ--------–-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4500 აშშ დოლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 400 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე კი - 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ნ--------–-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილის სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 400 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ნ--------–-----ს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N----, საკადასტრო კოდი: 0---------------------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ნ--------–-----ს მოსარჩელე გ-------------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 4500 აშშ დოლარი.
3. მოპასუხე ნ--------–-----ს მოსარჩელე გ-------------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 400 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე