გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 010-10119003015585
საქმე №2-1634/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 მარტი, 20-0 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - არ-----------------ი
წარმომადგენელი - რა–--------–--–---–ი
მოპასუხე - ალ------------------ო
წარმომადგენელი - ქრ---------------ვა
თარჯიმანი - ზი-----------------ი
დავის საგანი - დელიქტიდან გამომდინარე მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ალ------------------ოს დაეკისროს არ-----------------ის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის 2252.92 ლარის და მორალური ზიანის 2000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ საფუძვლებს:
2018 წლის 30 სექტემბერს, მოპასუხე ალ------------------ო, ქ. ბათუმში, თა-----------–-------------–ი მდებარე სილამაზის სალონში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა არ-----------------ის საკუთრებაში არსებულ სამსუნგ S 8 მოდელის მობილურ ტელეფონს, რომელიც მოსარჩელეს შეძენილი ჰქონდა 2252,92 ლარად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენით დადგენილი იქნა ალ------------------ოს ბრალეულობა და მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ასევე, ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, თუმცა, არასწორად განისაზღვრა ნივთის ღირებულება. აღნიშნული გამოწვეულია იყო იმ გარემოებით, რომ მობილური ტელეფონი ამოღებული იქნა დაშლილ მდგომარეობაში, რამაც ნივთის ღირებულების შემცირება გამოიწვია. სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება არ გამხდარა სადავო. შესაბამისად, ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს ნივთის ტავდაპირველი ღირებულებით 2252.92 ლარით.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტმა გამოიწვია ნერვიული დაძაბულობა, ცხოვრების ნორმალური წესისა და რითმის დარღვევა, რასაც საბოლოოდ მოჰყვა მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა. მოსარჩელემ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ქურდობის ჩადენის მომენტისათვის გადიოდა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსს, თუმცა, მარლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად აღმოჩნდა ხანგრძლივ უმწეო მდგომარეობაში, მკურნალობის უშედეგობის და შრომისუნარიანობის დაქვეითების გამო. შესაბამისად, მოითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებასაც 2000 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი. მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ 2----–-–-------------- განაჩენით დადგენილი იქნა მისი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, თუმცა, სადავოდ ხდის აღნიშნული ქმედების შედეგად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს. მხარის განმარტებით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მობილური ტელეფონი ინახება შესაბამის საგამოძიებო ორგანოში და მოსარჩელეს შეუძლია ნებისმიერ დროს დაიბრუნოს ნივთი. ამდენად, არ არსებობს მატერიალური ზიანი, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.
ამავე დროს, მოსარჩელეს არ წამოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, რასაც მოჰყვა სულიერი ტანჯვა და ფსიქიკური სტრესი. ამდენად, ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2018 წლის 30 სექტემბერს, ქ. ბათუმში, დ. თა-----------–-------------–ი მდებარე სილამაზის სალონ „ალექსიში“, ალ------------------ო, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა არ-----------------ის კუთვნილ „სამსუნგი S 8“ მოდელის მობილურ ტელეფონს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენით ბრალდებული ალ------------------ო ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენის ასლი (საქმე N1-------წ).
3.1.2. მხარეებს შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მობილური ტელეფონი “SAMSUNG GALAXY S8” , დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილებაში და შესაბამისი პროცედურების დაცვით დაუბრუნდება მესაკუთრეს/მოსარჩელეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენის ასლი (საქმე N1-------წ);
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, რომ მობილური ტელეფონი “SAMSUNG GALAXY S8” არ-----------------ის მიერ შეძენილი იქნა 2017 წლის 10 დეკემბერს, N 6------ საკრედიტო ხელშეკრულების (განვადებით) საფუძველზე, 2252. 92 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 10 დეკემბერს N 6------ საკრედიტო ხელშეკრულება;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 10--ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემული დავა გამომდინარეობს კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან - დელიქტური სამართლის ნორმებიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის შესაბამისად, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგნაირად: მოთხოვნის წინაპირობების მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზარალებული თავს გაართმევს კანონით დაკისრებულ მტკიცების სტანდარტს, ზიანის მიმყენებელს ევალება მოთხოვნის გამომრიცხველი წინაპირობების დადასტურება (სუსგ. 522-499-16 05/04/2019წ). მტკიცების ტვირთის განაწილების მოცემული პრინციპის გათვალისწინებით, დელიქტიდან გამომდინარე დავებში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთია ზიანის არსებობის ფაქტის, ზიანის მოცულობის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მათ შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა, ხოლო მოპასუხის პროცესუალური ვალდებულება მოიცავს მის ქმედებაში ბრალის არარსებობის დადასტურებას.
ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 --ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია საპროცესო მტკიცებითი სტანდარტი, რომლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე კოდექსის 30917 -ე მუხლით თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენით დადგენილია, რომ მოპარული ნივთი ამოღებულია და ინახება საგამოძიებო ორგანოში. განაჩენი არ შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების დროს ნივთი დაზიანდა ან დაკარგა სასაქონლო თვისებები. განაჩენში მითითებულია, რომ ნივთი ინახება ქ. ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილებაში და უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ზიანის მიყენების ფაქტისა და მისი ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელემ ზეპირად განმარტა, რომ ნივთი ინახება დაშლილ მდგომარეობაში საგამოძიებო ორგანოში; შესაძლებელია იყოს დაზიანებული; ამ დროის განმავლობაში დაკარგული ექნება ფასეულობა; შეცვლილი იქნება ნივთის საბაზრო ღირებულება; შესაძლებელია ნივთი არ იყოს მუშა მდგომარეობაში. მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი ამ გარემოებების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ზეპირ მითითებას იმის თაობაზე, რომ მან ვერ შეძლო ნივთის დაბრუნება. სასამართლოსთვის გაუგებარი დარჩა, მოითხოვა თუ არა მან ნივთი და ეთქვა თუ არა მას რაიმე მიზეზით უარი. ასეთ პირობებში, სათანადო მტკიცების გარეშე რჩება დელიქტური ქმედების შემდეგ ნივთის ფაქტობრივი მდგომარეობა, აქედან გამომდინარე, მატერიალური ზიანის ოდენობა და თავად ზიანის არსებობის ფაქტი.
საქმეში წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენი და საბანკო ამონაწერები ადასტურებს მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს და იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 10 დეკემბერს 2252.92 ლარად შეიძინა მობილური ტელეფონი, რაც მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა.
სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ საფუძვლად მოსარჩელეს მიაჩნია დელიქტის შედეგად დამდგარი ზიანი, კერძოდ, ის გარემოება, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების შემდეგ ნივთი დაზიანდა და დაკარგა თავდაპირველი ღირებულება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენით, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას N850/ს დადგენილია, რომ ტელეფონი არ არის დაშლილი, არის ექსპლოატაციაში ნამყოფი და მისი საბაზრო ღირებულება შეადგენს 950 ლარს. ცხადია, განაჩენში მითითებული ნივთის ფასი დადგენილია დანაშაულის კვალიფიკაციის მიზნებისათვის, თუმცა, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გამოძიების დაწყების მომენტისათვის ტელეფონი ამოღებული იქნა არა დაშლილ, არამედ მუშა მდგომარეობაში. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საწინააღმდეგოს. მას არ გამოუვლენია ნება დაებრუნებინა ნივთი იმის გამოსაკვლევად, თუ რამდენით შემცირდა მისი თვითღირებულება დელიქტის შედეგად. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ტელეფონი შეძენილი იქნა 2017 წლის დეკემბერში, ექსპლოატაციაში იყო თითქმის 10 თვე და ბუნებრივად განიცადა გარკვეული ფიზიკური ცვეთა. თუმცა, რა ზიანი განიცადა ნივთმა დელიქტის შედეგად უნდა დადასტურდეს არა თავდაპირველი ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებით, არამედ მტკიცებულებით, რომელიც დაადასტურებდა უშუალო კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თუ რა ზიანი განიცადა ნივთმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების შემდეგ, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტებისა და გარემოებების უტყუარად და ცალსახად დადასტურება. მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ არის ზიანი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობდა მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენის ასლი (საქმე N1-------წ);
-ექსპერტიზის დასკვნა 15--------–--------;
-საბანკო ამონაწერები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.3. მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, ნერვული დაძაბულობისა და ცხოვრების ნორმალური წესის და რითმის დარღვევის შედეგად. ქურდობის ჩადენის მომენტისათვის გადიოდა სამკურნალო კურსს, თუმცა, აღმოჩნდა უმწეო მდგომარეობაში მკურნალობის უშედეგობისა და შრომისუნარიანობის დაქვეითების გამო. შესაბამისად, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების საფუძვლით მოსარჩელე ითხოვს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას.
მოცემულ შემთხვევაშიც, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენდა დელიქტის ძირითადი ელემენტების არსებობა: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირის დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. მტკიცება ესაჭიროებოდა იმ გარემოებას, რომ ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად პირმა განიცადა არაქონებრივი ზიანი.
შპს აჭარის ა/რ ონკოლოგიის ცენტრის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, არ-----------------ი სტაციონარში მოთავსდა 01/05/2018 წელს და სტაციონარიდან გაეწერა 03/05/2018 წელს. აღნიშნული ცნობით მოპასუხის დიაგნოზია: მარჯვენა და მარცხენა ტერფების პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია. არ-----------------ს თურქეთის რესპუბლიკის ხოფის სახელმწიფო საავადმყოფოს მიერ 2018 წლის 3 ოქტომბერს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ არ-----------------ს გაუკეთდა ოპერაცია, კერძოდ: გაიხსნა ძველი განაკვეთი და ამოღებული იქნა იმპლანტი. არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ ქურდობის ფაქტიდან გამომდინარე, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაიმე ზიანი მიადგა. სასამართლო მიიჩნევს, რომ გარკვეულწილად, მომხდარი ფაქტი შესაძლოა ყოფილიყო ემოციური დატვირთვის მქონე მხარისათვის, თუმცა, დანაშაული გაიხსნა და მოპარული ნივთი ამოღებული იქნა მოკლე ვადაში (ორ კვირაში), რაც გარკვეულ მორალურ კომპენსაციად უნდა ჩაითვალოს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დასტურდება არ-----------------ისათვის არაქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი, არ დასტურდება დელიქტის შედეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან ვნების მიყენება. ამდენად, მორალური ზიანის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებს სასამართლო განიხილავს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
-ხოფის სახელმწიფო საავადმყოფოს ოპერაციის ფურცელი;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
-სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. არ-----------------ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა დანაშაულით მიყენებული მატერიალური და მორალურის ზიანის ანაზღაურება, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული სამართალურთიერთობის მტკიცების საპროცესო სტანდარტს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 309 17 -ე და 30920- -ე მუხლები. აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენს აქვს პრეიუდიციული ძალა ზიანის ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, თუმცა, ზიანის ოდენობის დასადგენად საჭიროა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი შეიცავდეს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე, დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა. ამდენად, ზიანის ოდენობის შესახებ შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება მოსარჩელეს.
დადგენილია, რომ ალ------------------ო, 2018 წლის 30 სექტემბერს, ქ. ბათუმში, დ. თა-----------–-------------–ი მდებარე სილამაზის სალონი „ალექსიში“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა არ-----------------ის კუთვნილ „სამსუნგი S 8“ მოდელის მობილურ ტელეფონს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენით ბრალდებული ალ------------------ო ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი არ შეიცავს დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის გაანგარიშებას. მოპარული ნივთი ამოღებულია და მისი დაბრუნების დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. განაჩენით არ დასტურდება მიადგა თუ არა ზიანი ნივთს მართლსაწინააღმდეგო დაუფლების გამო.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მატერიალური ზიანი დადგა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ნივთის/მობილური ტელეფონის დაბრუნება, მაინც უნდა აუნაზღაურდეს მატერიალური ზიანი, რადგან ნივთი ინახება დაშლილ მდგომარეობაში, შესაძლებელია იყოს დაზიანებული, ამ დროის განმავლობაში დაკარგული ექნება ფასეულობა, შეცვლილი იქნება ნივთის საბაზრო ღირებულება, შესაძლებელია ნივთი არ იყოს მუშა მდგომარეობაში და ა.შ. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასამტკიცებლად, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია და მხოლოდ ვარაუდს და მოსაზრებას ეყრდნობოდა. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დელიქტური ვალდებულების დაკისრებისათვის საკმარისი არაა დელიქტის რომელიმე ერთი ან რამდენიმე ელემენტის არსებობა. სახეზე უნდა იყოს ყველა ელემენტი, კუმულატიურად, კერძოდ: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და ბრალი. რომელიმე ერთი ელემენტის არარსებობა, გამორიცხავს დელიქტური ვალდებულების წარმოშობას. ამდენად, ის გარემოება, რომ კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი განაჩენით მოპასუხე ცნობილი იქნა დანაშაულის ჩადენაში, საკმარისი არაა, რადგან, მოსარჩელის მტკიცების ტვირთი მოიცავს ზიანის კონკრეტული მოცულობის დამტკიცებასაც.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ზიანს მოცულობის დადასტურება სათანადო მტკიცებულებებით. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ განაჩენი არ შეიცავს ზიანის გაანგარიშებას ან არაა წარმოდგენილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული გაანგარიშება, ქონებრივი ზიანის დადგენა უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის საფუძველზე, რომლის პირველი ნაწილით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 411- ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის. ქონებრივი დანაკლისის დადგენა (მატერიალური ზიანის გაანგარიშება) ხდება დაზარალებული პირის ქონებრივ მდგომარეობის შეფასებით: 1) რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, სანამ მის მიმართ განხორციელდებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მას მიადგებოდა ქონებრივი ზიანი, 2) რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფება პირი, ქონებრივი ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდგომ. ზიანის მოცულობა განისაზღვრება ამ ორ მდგომარეობას შორის არსებული სხვაობით.
მოსარჩელე განმარტავდა, რომ ქურდობამდე მისი ტელეფონი ღირდა 2252.92 ლარი, თუმცა, მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მან მთლიანად დაკარგა მატერიალური ფასი, სასაქონლო სახე და ამიტომ, მისი აზრით, დელიქტის შედეგად მიღებული ზიანი უტოლდება ნივთის თავდაპირველ ღირებულებას. ამ მტკიცებას ვარგისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მხარე წარმოადგენდა რაიმე სახის მტკიცებულებას (გარდა ზეპირი განცხადებისა, რომელიც შედავებული იქნა მოპასუხის მიერ), ნივთის თვითღირებულების ან სასაქონლო მდგომარეობის შესახებ, მისი დაბრუნების მომენტისათვის. მოსარჩელემ არათუ ასეთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, არამედ საერთოდ არ უზრუნია იმისთვის, რომ ნივთი დაებრუნებინა. ასეთ პირობებში, კი, სასამართლო ვერ დაეყრდნობა მხოლოდ ვარაუდს, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის მესამე ნაწილით საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, ხოლო 105-ე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა და გარემოებების უტყუარად და ცალსახად დადასტურება. მოსარჩელემ ვერ დაასტურა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა. საქმის მასალებით არ დასტურდება ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ელემენტის ერთობლიობა. სასამართლო თვლის, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ არის დადასტურებული მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოსარჩელეზე მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა. შესაბამისად, სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
6.2. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას არაქონებრივი ზიანის დაკისრებასთან დაკავშირებით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც
კერძო სამართლებრივი ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი; ამდენად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო და არა - ქონებრივი ზიანის გამო სულიერი ტანჯვით გამოწვეული ჯანმრთელობის მოშლის შემთხვევაში (№ას-1156-1176-2011 20 იანვარი, 2012 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით ხელყო მოსარჩელის საკუთრება და არა უშუალოდ მოსარჩელის ჯანმრთელობა. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ დელიქტმა გამოიწვია მოსარჩელის ჯანმრთელობის მოშლა, რის შედეგადაც მას განუვითარდა სულიერი ტანჯვა ან ფსიქიკური სტრესი. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე გახდა ქურდობის მსხვერპლი, არ წარმოშობს მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით - 2000 ლარის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. სასამართლო განმარატვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (საქმე N№2/1634-19), რომლითაც ალ------------------ოს აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, ჭ--------------- (ს/კ 05.21.51.001.0-.0-0, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან N8----------- 15/10/2019), გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე ირმა ტოგონიძე