განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 030100120003560575
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
საქმის # 1/92-2020 წ
24 აპრილი, 2020 წელი ქ. ფოთი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ წულაძე
სხდომის სახე: ღია (მხარეთა დისტანციური მონაწილეობით)
ბრალდების მხარე - პროკურორი ე---–---- ბ------
დაცვის მხარე - ადვოკატი დ------- თ--------
ბრალდებული - ა--–----- ი---------- (დაბადებული 1--- წლის 1--------- პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დ------------–-, ს-–----–-- განათლების მქონე, მცხოვრები ქ---------, გ------- ჩ--------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
თარჯიმანი - ჯულიეტა ციკოლია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2020 წლის 04 მარტს, დაახლოებით 21 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა--–----- ი-----------, ქ. ფოთში, გ------- ჩ--- #--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ეჭვიანობის ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ს-----–--- ფ-----–--- ხელი დაარტყა რამდენჯერმე თავის არეში და მოქაჩა თმებზე, ხოლო შემდეგ მარცხენა მკლავზე კბენით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდებულმა ა--–----- ი-----------, სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინებები, ს-----–--- ფ-----–---, ა---- პ--------, გ------- ლ--------, ს------ ე---------- გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ს-----–--- ფ-----–--- განცხადება.
ამრიგად, უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ა--–----- ი----------- ოჯახის წევრის მეუღლის ს-----–--- ფ-----–--- მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ა--–----- ი-----------, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ოჯახში თანასწორუფლებიანობას და მშვიდ თანაცხოვრებას, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებული დაუპირისპირდა ოჯახში და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.
სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშული, ბრალდებული არაა ნასამართლევი, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა და ინანიებს ჩადენილს, რაც მიუთითებს, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახედ პირობით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რომლის ზომა ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში საშუალო ზომით.
სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენის დროს ა--–----- ი---------- არ იყო ნასამართლევი.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
ნივთმტკიცება წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა--–----- ი---------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ა--–----- ი---------- დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო - 2020 წლის 04 მარტიდან 2020 წლის 24 აპრილამდე, გაუქმდეს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება და დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს.
ა--–----- ი----------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი