გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.04.2020
საქმის ნომერი
190210020003503644
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
30.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/420-2020

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.04.2020 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

მოსარჩელე თ----- ფ----------–---–ი

მოპასუხე ვ-–-------- ნ-------–---–ი

დავის საგანი ალიმენტის დაკისრება

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენის გარეშე

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ვ-–-------- ნ-------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილების 2006 წლის 3 ნოემბერს დაბადებული მ------ ნ-------–---–ის და 2010 წლის 3 აგვისტოს დაბადებული ა----- ნ-------–---–ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის თითოეულისათვის 650 ლარის დაკისრება.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მოპასუხესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში 2003 წლიდან. ჰყავთ 2 არასრულწლოვანი შვილი 2006 წლის 3 ნოემბერს დაბადებული მ------ ნ-------–---–ი და 2010 წლის 3 აგვისტოს დაბადებული ა----- ნ-------–---–ი. 2 წელია ერთად არ ცხოვრობენ და ბავშვები მასთან ცხოვრობენ. თავად არსად მუშაობს და არც მოპასუხე ეხმარება. თავდაპირველად მოპასუხემ თანხმობა განაცხადა ფულად დახმარებაზე, თუმცა შემდგომ თანხის გადახდაზე უარი თქვა. მოპასუხე მუშაობს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში და მისი ყოველთვიური ხელფასია 1500 ლარი, ასევე აქვს დამატებითი შემოსავალი. ბავშვები ბევრ საგანში რეპეტიტორთან ემზადებიან, კერძოდ, ქართულში, მათემატიკაში და ინგლისურში, რაშიც ყოველთვიურად იხდის 180-180 ლარს. ასევე დადიან ცეკვასა და ცურვაზე, რაშიც იხდის თვეში 160-160 ლარს.

 

მოსარჩელემ სარჩელში თანხმობა განაცხადა ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სრულად ცნო სარჩელი და თანხმობა განაცხადა ყოველთვიურად შვილების სარჩენად 650-650 ლარის გადახდაზე.

 

წერილობით შესაგებელში მოპასუხემ იშუამდგომლა ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის თაობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდაო გარემოებები

 

3.1.1. თ----- ფ----------–---–სა და ვ-–-------- ნ-------–---–ის ჰყავთ 2 არასრულწლოვანი შვილი - 2006 წლის 3 ნოემბერს დაბადებული მ------ ნ-------–---–ი და 2010 წლის 3 აგვისტოს დაბადებული ა----- ნ-------–---–ი, რომლებიც მშობლების დაშორების გამო ძირითადად ცხოვრობენ დედასთან მოსარჩელე თ----- ფ----------–---–თან ქალაქ რუსთავში. ბავშვები რეპეტიტორთან ემზადებიან ქართულში, მათემატიკაში და ინგლისურში, რაშიც მოსარჩელე ყოველთვიურად იხდის 180-180 ლარს. ასევე დადიან ცეკვასა და ცურვაზე, რაშიც იხდის თვეში 160-160 ლარს

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი

- შესაგებელი

- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 17-18. ტომი 1)

 

3.2.2. თ----- ფ----------–---–ის ამჟამად არ მუშაობს. ვ-–-------- ნ-------–---–ი მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და მისი ყოველთვიური ხელფასია 1500 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი

- შესაგებელი

 

3.2. დადგენილი სადაო გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები მხარეებს შორის სადაო არ არის, რადგან მოპასუხე სრულად ცნობს სარჩელს.

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.

· გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“

· საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 207-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 208-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამ ნორმის თანახმად, არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების პრიმატი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.

 

მოპასუხემ სრულად ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 650-650 ლარის დაკისრების ნაწილში და თანხმობა განაცხადა შვილების სარჩენად გადაიხადოს მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი. მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სრულად ცნო სარჩელი. ამდენად, მოპასუხემ დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე განაცხადა სარჩელის ცნობის შესახებ, რაც ზემოთაღნიშნული გარემოებების გამო მის წინააღმდეგ წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე მხარეთა თანხმობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე სასამართლომ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. ამ ნორმის შესაბამისად 2020 წლის 27 აპრილის განჩინებით დადგენილია საქმის ზეპირის მოსმენის გარეშე განხილვა.

 

ამდენად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადაო არ არის და დადასტურებულად ითვლება, შესაბამისად სარჩელის ცნობის გამო სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 2 მარტიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამ ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც ამ საქმეზე სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.

 

სსსკ 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელის ცნობის გამო მოპასუხე თავისუფლდება ამ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, ამ საქმეზე ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც სასამართლო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 207-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს თ----- ფ----------–---–ის სარჩელი;

 

1.1. ვ-–-------- ნ-------–---–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების 2006 წლის 3 ნოემბერს დაბადებული მ------ ნ-------–---–ის და 2010 წლის 3 აგვისტოს დაბადებული ა----- ნ-------–---–ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის თითოეულისათვის 650 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2020 წლის 2 მარტიდან;

2. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში რუსთავის საქალაქო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის გზით.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი