გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N3/8163-18 20 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მანანა გოგიბედაშვილი, გიორგი ჩიქოვანი
მოსარჩელე - ი--------–--ე
წარმომადგენელი - ი---------–---–---–ი, ვ----------------–---–ი
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - გ-----------------ბი
მესამე პირი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის სმინისტროს სსიპ გარემოს ერონული სააგენტო
წარმომადგენელი - ი-----–----------ე
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტო
წარმომადგენელი - ა---------–-------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 27 სექტემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე ი--------–--ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ (სხდომის ოქმი N---), ამავე კომისიის 2018 წლის 26 ნოემბრის N---- განკარგულება და მოპასუხეს დაევალოს, თბილისში, ა----–-----–------------------ში მდებარე 31 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღიაროს ი--------–--ის საკუთრების უფლება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3.2. სსიპ გარემოს ეროვნული საგენტო საწრმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2017 წლის 29 სექტემბერს ი--------–--ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ა----–-----–------------------ში მდებარე 31 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 ოქტომბრის მიმართვით ი--------–--ის განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები განსახილველად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაეგზავნა. აღნიშნულ დოკუმენტებში არსებული, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურებრივი ბარათისა და მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის ამსახველი გეგმის მიხედვით, ი--------–--ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო N0--13.08.01.0-- საკადასტრო კოდით სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირებულ 192 კ.მ მიწის ნაკვეთთან. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, N0-----0--0--0-- საკადასტრო კოდის 192 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 172,62 კვ.მ შენობა ნაგებობა 2010 წლის 29 ივნისს დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად და ამავე წელს მასზე სარგებლობის უფლება გადაეცა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს.
მტკიცებულება: განცხადება, საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი, გეგმა (ს.ფ. 104, 105-106, 116), სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 98), ს.ფ. 148-149), საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 148-149).
4.2. ი--------–--ის მოთხოვნაზე ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად კომისიამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს მიმართა. პასუხად, აღნიშნული სამსახურის 2018 წლის 8 მაისის წერილით კომისიას ეცნობა, რომ ი--------–--ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეული იყო საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში (სსზ-2).
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის წერილი (ს.ფ. 94).
4.3. 2018 წლის 3 აგვისტოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ი--------–--ის განცხადებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების თხოვნით სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა. პასუხად, აღნიშნული საგენტოს 2018 წლის 15 აგვისტოს წერილით კომისიას ეცნობა, რომ ია ურუშაძის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი იმყოფებოდა სააგენტოს ბალანსზე და გამოიყენებოდა, როგორც ავტოსადგომი, რის გამოც სააგენტო გამოთქვემდა წინააღმდეგობას, მასზე აღიარებული ყოფილიყო ი--------–--ის საკუთრების უფლება.
მტკიცებულება: მიმართვები (ს.ფ. 118, 119).
4.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 27 სექტემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი N---) და მის საფუძველზე 2018 წლის 26 ნოემბერს გამოტანილი N---- განკარგულებით ი--------–--ეს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ა----–-----–------------------ში მდებარე 31 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღირებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, მიწის ნაკვეთი იმყოფებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სარგებლობაში, რაც გამორიცხავდა მასზე ი--------–--ის საკუთრების უფლების აღიარებას.
მტკიცებულება: სხდომის ოქმი (ს.ფ. 120-134), განკარგულება (ს.ფ. 14-15).
3.5. საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ ჰქონდა საფუძველი, დაედგინა ქალაქ თბილისში, ა----–-----–------------------ში მდებარე 31 კვ.მ მიწის ნაკვეთის ი--------–--ის ან/და მისი მამკვიდრებლის მიერ შენობა-ნაგებობით თვითნებურად დაკავების ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლის ივლისამდე.
მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დასადასტურებლად საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარედგინა მისი კოორდინატების ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 105-106), ფოტოსურათები (ს.ფ. 99-102), ა----–-----–-----------ი N150-ში მდებარე კორპუსის N1 ბინაზე ლ--------–---–ის საკუთრების უფლების თაობაზე დოკუმენტები (ს.ფ. 108-110) და ლ--------–---–ის დანაშთ ქონებაზე ი--------–--ის, როგორც მემკვიდრის უფლების შესახებ სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.111-113), ასევე, ა----–-----–-----------ი N150-ში მცხოვრები კ-------------------–---–-სათვის კორპუსის ეზოში ავტოფარეხის მშენებლობაზე თანხმობის შესახებ საქართველოს ჰიდრომეტ.სამსახურის სამმართველოს უფროსის მიერ 1965 წელს გაცემული ცნობის ასლი (ს.ფ. 108). სასამართლო მიიჩნევს რომ ა----–-----–-----------ი N150-ში მდებარე კორპუსის ბინაში ცხოვრებისა და შესაბამის ბინაზე საკუთრების მიღების ფაქტი არ წარმოადგენს კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოფარეხის ფლობის უტყუარ მტკიცებულებას, მით უმეტეს ისეთ პირობებში, როცა განსახილველი 31 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ ექცევა კორპუსის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში და ვერ განიხილება კორპუსი ეზოს ნაწილად, მასზე არსებული ავტოფარეხი კი არის არა ცალკე მდგომი ნაგებობა, არამედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 172,61 კვ.მ შენობა-ნაგებობის ნაწილი (ორთოფოტო, გეგმა - ს.ფ. 11, საჯარო რეესტრის ამონაწერი - ს.ფ. 148-149), ხოლო 172,61 კვ.მ შენობის ი--------–--ის მამკვიდრებლის მიერ აშენების შესახებ მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.
4.6. ი--------–--ის მიერ მოთხოვნილი, ა----–-----–------------------ში მდებარე 31 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია ისტორიული ნაწილის დამცავ ზონაში და ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში (ისტ-2).
მტკიცებულება: დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 27 სექტემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და ამავე კომისიის 2018 წლის 26 ნოემბრის N---- განკარგულების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
მითითებული აქტების შინაარსიდან გამომდინარე, მათი კანონიერების საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა იქნეს შეფასებული, გააჩნდა თუ არა მოპასუხეს მოსარჩელისათვის მის მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონმა (მიღებულია 2007 წლის 11 ივლისს) კერძო პირების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთების მათ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები დაადგინა.
დასახელებული კანონის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლი, 76 მუხლი).
ამავე კანონით, მისი მიზნებისათვის, განისაზღვრა, თუ რა მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად და ვინ წარმოადგენს მასზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე უფლებამოსილ, დაინტერესებულ პირს. კერძოდ:
- თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (მართლზომიერი მფლობელობა)(კანონის მე-2 მუხლის ,,გ” პუნქტი);
- დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება (კანონის მე-2 მუხლის ,,ე” პუნქტი).
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასასაბუთებლად კომპეტენტური კომისიისათვის დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვისას კანონი შემდეგი დოკუმენტების წარდგენის საჭიროებას ითვალისწინებს:
ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი;
გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად;
დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები).
ამავე კანონის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას კომისიამ უნდა გაითვალისწინოს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა:
ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა;
ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
გ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას;
დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა;
ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა;
ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები;
ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი;
თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები;
ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები;
კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები;
ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას;
მ) სასაფლაო და პანთეონი;
ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები;
ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის;
პ) საძოვარი („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი).
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი.
დასახელებული ნორმებიდან და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რა, რომ ქალაქ თბილისში, ა----–-----–------------------ში მდებარე 31 კვ.მ მიწის ნაკვეთი ი--------–--ის მამკვიდრებელმა შენობა-ნაგებობით თვითნებურად დაიკავა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლის ივლისამდე, ამასთან, მიწის ნაკვეთი მოქცეულია ისტორიული დაცვის ზონაში და განკარგულია სახელმწიფოს მიერ, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სადავო გადაწყვეტილებით მართლზომიერად იქნა უარყოფილი მოსარჩელის მოთხოვნა და არ არსებობს შესაბამისი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის სხვა სახის აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება მოსარჩელეს შესრულებული აქვს სარჩელის წარდგენის ეტაპზე - საქმეს ერთვის 100 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 21-22).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი--------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია