გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.04.2020
საქმის ნომერი
010310020003630884
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/222-20( 010310020003630884)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

23 აპრილი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე - ვ--------------–---–-

ადვოკატი - პ------–-----

 

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილება

წარმომადგენელი - ნ--------------

 

მესამე პირი - რ--------------------

 

დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ნ--------------- მიერ 2020 წლის 18 აპრილს გამოცემული №027538 შემაკავებელი ორდერის გაუქმება (იხ. 2020 წლის 23 აპრილის სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 18 აპრილს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ნ--------------მ მის მიმართ შეადგინა №027538 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის 18 აპრილს, ვ--------------–---–-- და რ--------------------ს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას.

 

ინსპექტორ-გამომძიებლის, ნ--------------- მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი უკანონოა, როგორც ფაქტობრივი, ისე, სამართლებრივი თვალსაზრისით. ორდერი გამოიცა იმგვარად, რომ ინსპექტორ-გამომძიებელმა არც კი გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ შეისწავლა ჯეროვნად შეტყობინების შინაარსი და არ დაადგინა ის გარემოება, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის ძალადობის ფაქტს ვ--------------–---–-ს მხრიდან. ე.წ. ,,მსხვერპლი“ პოლიციის განყოფილებაში მიცემულ განმარტებაში და გამოკითხვის ოქმში მიუთითებს, რომ ვ--------------–---–- აქვს მისი ვალი, რომელსაც არ უბრუნებს. ცხადია, ეს საკითხი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს და ვალის არსებობის შემთხვევაში, რ--------------------ს შეეძლო აღეძრა სარჩელი სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. შესაბამისად, ეს საკითხი არ შეიძლება განხილულ იქნას ძალადობის შემთხვევად და ორდერის გამოცემის საფუძვლად.

 

№027538 შემაკავებელი ორდერით, ვ--------------–---–- აეკრძალა მსხვერპლთან, რ--------------------სთან მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება სადაც მსხევრპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; მოძალადეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. ამგვარი შეზღუდვები ყოვლად უსაფუძვლოა, ვ--------------–---–- არ გააჩნია თანასაკუთრება რ--------------------სთან, ისინი არ არიან მეუღლეები, არ აწარმოებენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, არც ამჟამად ცხოვრობენ და არც წარსულში უცხოვრიათ ერთად. სადავო ორდერში არ არის დაკონკრეტებული თუ რაში გამოიხატა ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც მიჩნეულ იქნა ოჯახურ ძალადობად.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს ოპერატიული, მყისიერი რეაგირება იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რაც გამომდინარეობს სავარაუდო მოძალადის მხრიდან და საფრთხეს უქმნის მესამე პირთა უფლებებს.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, მსხვერპლი განმარტებულია შემდეგნაირად - ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

საქმის მასალებში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან, მესამე პირის მიმართ ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან ეკონომიკური ძალადობის განხორციელებას. მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა არ გამომდინარეობს საოჯახო დავიდან, ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ პიროვნულ ურთიერთ ბრალდებებს, რაც ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას, რაც ვერ დაკვალიფიცირდება ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ თუ ეკონომიკურ ძალადობად.

 

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია უკანონოდ, ორდერში მითითებული ქმედება არ შეიძლება შეფასდეს როგორც ოჯახური ძალადობა, მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერი უნდა გაუქმდეს და აღუდგეს მას შეზღუდული უფლებები. (იხ. სარჩელი)

 

2. მხარეთა პოზიცია:

2.1. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების წარმომადგენელმა განმარტა, რომ არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ გარემოებებს. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე. კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირების სახით, მსხვერპლის დაცვის და მოძალადის გარკვეული ქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოსცემს შემაკავებელ ორდერს. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ პირთა მიმართ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ რისკჯგუფებს განეკუთვნებიან ან რომლებმაც ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა ჩაიდინეს. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 1441−1443 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში.

 

მოსარჩელე მხარე ცდილობს სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, ფულადი ვალდებულების შესახებ რ--------------------ს რაიმე სახის ინფორმაცია უბნის ინსპექტორ-გამომძიებლისთვის არ მიუწოდებია, შესაბამისად, ნათელია, რომ ვალის არსებობა ვერ გახდებოდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი. თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის აკრძალვას გასაჩივრებული შემაკავებელი ოდერი არ ითვალისწინებს, შესაბამისად, ამ საკითხზე მითითებაც უსაფუძვლოა. 2020 წლის 18 აპრილს, საგამოძიებო ორგანოში სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, ვ--------------–---–-- თავადვე მიუთითა იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ 2019 წლის აგვისტოს თვიდან დღემდე, რ--------------------სთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში ქალაქ ბათუმში, ი. გოგებაშვილის ქუჩა N4, ბინა N19-ში, ასევე მიუთითა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რ--------------------სთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მტკიცება, იმასთან დაკავშირებით, რომ მას რ--------------------სთან არ აკავშირებს ოჯახური ერთიერთობა, არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

2020 წლის 18 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში შევიდა N890099 შეტყობინება, რომლის თანახმად, ქალაქ ბათუმში, ი. გოგებაშვილის ქუჩა N4, ბინა N4-ში მცხოვრები, ლ--–------–-–--–- აცხადებდა, რომ თავის მეზობლად, ი. გოგებაშვილის ქუჩა N4, ბინა N19-ში ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N171180420003, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით. N890099 შეტყობინების ავტორთან შედგა სატელეფონო გასაუბრება, სადაც ლ--–------–-–--–-- აღნიშნა, რომ 2020 წლის 18 აპრილს, ის იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც შემოსმა ქალისა და მამაკაცის ხმამაღალი ყვირილი, სადარბაზოში გასული მიხვდა, რომ ბინა N19-ში ყვიროდა ქალბატონი და ითხოვდა პოლიციის დახმარებას. ლ--–------–-–--–- მიუთითებდა, რომ მითითებული ბინიდან ისმოდა ქალისა და მამაკაცის აშკარა ჩხუბის ხმა, რის გამოც მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახში ძალადიბის ფაქტს.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოიკითხა რ--------------------, რომელმაც მიუთითა, რომ 2019 წლის აგვისტოს თვიდან დღემდე, თავის მეგობარ მამაკაცთან, ვ--------------–---–------რთად ცხოვრობს ქალაქ ბათუმში, ი. გოგებაშვილის ქუჩა N4, ბინა N19-ში. ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში თუმცა, ეწევიან ერთიან ოჯახურ მეურნეობას. რ--------------------ს პოზიციით, 2020 წლის 18 აპრილს, ვ--------------–---–-ს მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მათ მხოლოდ სიტყვიერად იკამათეს, რაც არ გადაზრდილა ფიზიკურ ძალადობაში. სახის არეში მიღებულ დაზიანებასთან დაკავშირებით, რ--------------------მ მიუთითა, რომ თვითონ მიიღო დაზიანება, დაუდევრობის გამო და ამ დაზიანებასთნ დაკავშირებით პრეტენზია არავის მიმართ გააჩნდა.

 

შემაკავებელი ორდერის გამოცემისას გათვალისწინებულ იქნა ვ--------------–---–-ს მხრიდან წარსულში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი რ--------------------ს მიმართ, ასევე ის გარემოება, რომ 2018 წლის 25 მარტს, პოლიციის მე-3 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით ვ--------------–---–-ს მხრიდან რ--------------------ზე განხორციელებული მუქარის ფაქტთან დაკავშირებით.

 

გარდა აღნიშნულისა, უმნიშვნელოვანესი იყო ის გარემოებაც, რომ 2020 წლის 18 აპრილს, საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვის დროს რ--------------------ს სახის არეში აღენიშნებოდა ძალადობის აშკარა კვალი და თვალნათლივ ჩანდა, რომ დაზიანება რამდენიმე საათის წინ იყო მიყენებული. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ პოლიციის თანამშრომლებს ადგილზე დახვდათ მხოლოდ რ-------------------- და ვ--------------–---–-, შესაბამისად, ალბათობა იმისა, რომ სწორედ ვ--------------–---–- ჰქონდა მიყენებული ეს დაზიანება რ--------------------სთვის, იყო საკმაოდ დასაბუთებული. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მიიჩნია, არსებობდა დიდი ალბათობა იმისა, რომ რ--------------------, ვ--------------–---–-ს მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და დაშინების გამო, გამოძიებას არ აწვდიდა სწორ და ამომწურავ ინფორმაციას.

 

2020 წლის 18 აპრილს, ვ--------------–---–-ს მიმართ გამოიცა №027538 შემაკავებელი ორდერი რომლის თანახმად, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, რ--------------------სთან მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება სადაც მსხევრპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

მოპასუხეს მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. (იხ შესაგებელი)

 

2.2. მესამე პირის პოზიცია:

 

მესამე პირმა, რ--------------------მ აღნიშნა, რომ ის თავს იკავებდა საქმესთან დაკავშირებით და წარმოდგენილ სარჩელთან მიმართებით კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებისგან. რ--------------------ს პოზიციით, იგი თანახმაა განსახილველი საკითხი და საქმის გარემოებები შეაფასოს სასამართლომ და მიიღოს მასზე შესაბამისი გადაწყვეტილება. (იხ. 2020 წლის 23 აპრილის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ვ--------------–---–-ს მიმართ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში აღძრული იყო N17060418008 სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. 2018 წლის 25 მარტს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ვ--------------–---–-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, კერძოდ, რ--------------------ს მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობა;

-მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.2. 2020 წლის 18 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში შევიდა ქალაქ ბათუმში, ი. გოგებაშვილის ქუჩა N4, ბინა N4-ში მცხოვრები ლ--–------–-–--–-ს N890099 შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. N890099 შეტყობინების თანახმად, ქალაქ ბათუმში, ი. გოგებაშვილის ქუჩა N4, ბინა N19-დან ისმოდა ქალისა და მამაკაცის ხმამაღალი ყვირილი, ხოლო, ქალი ითხოვდა პოლიციის დახმარებას. შეტყობინების საფუძველზე ვ--------------–---–-ს მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N171180420003, ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით. 2020 წლის 18 აპრილს, N890099 შეტყობინებაში აღნიშნული ფაქტის შემდგომ, რ--------------------ს სახის არეში აღენიშნებოდა ძალადობის კვალი. შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნ--------------- მიერ 2020 წლის 18 აპრილს გამოცემული იქნა №027538 შემაკავებელი ორდერი, ვ--------------–---–-ს მიმართ, რომლის თანახმად, 2020 წლის 18 აპრილს, ვ--------------–---–-- და რ--------------------ს შორის ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას, რითაც, მსხვერპლზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N890099 შეტყობინება;

- სატელეფონო გასაუბრების ოქმი;

- №027538 შემაკავებელი ორდერი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.3. №027538 შემაკავებელი ორდერით, ვ--------------–---–- აეკრძალა მსხვერპლთან, რ--------------------სთან მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება სადაც მსხევრპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №027538 შემაკავებელი ორდერი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნ--------------- მიერ 2020 წლის 18 აპრილს გამოცემული იქნა №027538 შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერით ვ--------------–---–- აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება სადაც მსხევრპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით.

 

6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ხოლო, მე-31 მუხლის თანახმად, 1.ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა. 2. ამ კანონის მიზნებისთვის ქალად მიიჩნევა აგრეთვე 18 წელს მიუღწეველი მდედრობითი სქესის არასრულწლოვანი.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

 

6.3. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. 11. პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 1441−1443 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ხოლო, 36 ნაწილის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

6.4. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ვ--------------–---–- და რ-------------------- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან, მათ შორის ჩამოყალიბებულია კონფლიქტური ურთიერთობა. მოსარჩელის მიმართ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში აღძრული იყო N17060418008 სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. ამასთან, 2018 წლის 25 მარტს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ვ--------------–---–-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, კერძოდ, რ--------------------ს მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით.

 

ქ. ბათუმის პოლიციის III განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ნ--------------- მიერ 2020 წლის 18 აპრილს ვ--------------–---–-ს მიმართ გამოცემული იქნა №027538 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად სახეზე იყო ფსიქოლოგიური ძალადობა, რ--------------------ს მიმართ. №027538 შემაკავებელი ორდერი, გამოიცა შემდეგი პირობით: მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება სადაც მსხევრპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით. მოცემულ შემთხვევაში, ვ--------------–---–-ს მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა რ--------------------ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, რასაც მოძალადის მხრიდან ადგილი ჰქონდა 2020 წლის 18 აპრილს.

 

მხარეთა განმარტებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის III განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ნ--------------- მიერ 2020 წლის 18 აპრილს გამოცემული №027538 შემაკავებელი ორდერი გამოცემულია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო მიიჩევს, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს მსხვერპლის დაცვა და მოძალადისათვის ისეთი ქმედებების განხორცილების აკრძალვა, რაც ადამიანს აქცევს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლად. მოძალადის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს მსხვერპლის იმ უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც დაცულია საერთაშორისო ხელშკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილო მოთხოვნების დაცვით, რის გამოც არ არსებობს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნ--------------- მიერ 2020 წლის 18 აპრილს გამოცემული №027538 შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით, ;ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და;

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ვ--------------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ნ--------------- მიერ 2020 წლის 18 აპრილს გამოცემული №027538 შემაკავებელი ორდერი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე: კობა გოცირიძე