განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-859-19
(N012021019007)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29.04.2020 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი,ბრალდების მხარე: პროკურორი - თინათინ სტურუა
დაცვის მხარე: ადვოკატი - ლელა გოძიაშვილი
ბრალდებული: გ-----------–--–---–ი
მამის სახელი: თ-----ი
დაბადებული: 04.01.1--- წ.
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო-სპეციალური
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული და მცხ.: ქ. რუსთავი, კ-----------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
სხდომის სახე: ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 02 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 სთ-ზე, ქ. რუსთავში, ი. ჭ----------------ის მიმდებარედ არსებულ სკვერში, გ-----------–--–---–მა ძალადობა განახორციელა 2012 წელს დაბადებულ მ-------------–---–ის მიმართ, კერძოდ, ფეხი ჩაარტყა ზურგის არეში, რა დროსაც მ-------------–---–ი წაიქცა. გ-----------–--–---–ის ძალადობრივი ქმედების შედეგად მ-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--------–----–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის მ-------------–---–ის ბებია. 2019 წლის 02 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 სთ-ზე, ქ. რუსთავში, მის შვილიშვილებთან, 7 წლის მ------თან და 9 წლის ნ-----------–---–ებთან, ასევე მის მეუღლე ზ-------–---–---ესთან ერთად იმყოფებოდა ქ. რუსთავში. ჭ----------------ის მიმდებარედ არსებულ სკვერში. ახალი დაბნელებული იყო, მაგრამ ბაღი განათებული იყო. მ------ი თამაშობდა მის ხედვის არეში; მისგან დაახლოებით 4-5 მ-ში იჯდა შუახნის მამაკაცი, როგორც შემდეგ გაიგო მისი სახელი, გ-----------–--–---–ი, რომელიც დაჟინებით უყერებდა მ------ს. მოულოდნელად ეს უკანასკნელი წამოდგა, მიიჭრა მ------თან და ზურგში ჩაარტყა ფეხი. ბავშვი დაეცა პირქვე. მისი მეუღლე დაედევნა და გააჩერა, რა დროსაც გადაუღო ფოტო და ამავე დროს გამოიძახა პოლიცია(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ-------–---–---ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის მ-------------–---–ის პაპა. 2019 წლის 02 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 სთ-ზე, ქ. რუსთავში, მას და მის მეუღლეს მ--------–----–---–ს შვილიშვილები 7 წლის მ------ი და 9 წლის ნ-----------–---–ი, გაყვანილი ჰყავდათ ქ. რუსთავში. ჭ----------------ის მიმდებარედ არსებულ სკვერში. ბაღი განათებული იყო. მ------ი თამაშობდა მისი და მისი მეუღლის ხედვის არეში; მისგან დაახლოებით 4-5 მ-ში იჯდა შუახნის მამაკაცი, რომელიც მოულოდნელად წამოდგა, მიეჭრა მ------ს და ზურგში ჩაარტყა ფეხი. ბავშვი დაეცა პირქვე. მათ ყვირილზე მამაკაცი გაიქცა ბაღის მიმართულებით. იგი დაედევნა და დაიჭირა. მამაკაცი გაოცებული ეკითხებოდა, რა გინდა ჩემგან, რაზე მიჭერო. გამოიძახეს პოლიცია(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. საქმეზე ჩატარებული ლევან სამხარაულის სეებ-ის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N002426820 დასკვნის თანახმად გ-----------–--–---–ს აღენიშნება შიზოიდური პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი-F60.1. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), გართულებული ალკოჰოლიზაციით. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ-----------–--–---–ი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დრებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა შიზოიდური პერსონოლოგიური აშლილობა, გართულებული ალკოჰოლიზაციით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდულ შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ-----------–--–---–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გ-----------–--–---–ი იმგავარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. გ-----------–--–---–ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. გ-----------–--–---–ი იძულებით, ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. გ-----------–--–---–ს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ-----------–--–---–ს შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. გ-----------–--–---–ის გონებრივი განვითარების დონე შეესაბამება მის ასაკს. საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად სწორად მისცა გამოძიებას ჩვენება , სცდება მათ კომპეტენციას. (იხ. დასკვნა საქმეში, ტ.2.).
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტმა ქ--------–----------ემ. მისი განმარტებით, საკითხი იმის შესახებ, რამდენად სწორად მისცა გ-----------–--–---–მა გამოძიებას ჩვენება, სცდება მათ კომპეტენციას(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, მათ შორის ბრალდებულის გამოკითხვის ოქმიც, დაცვის მხარემ უდავოდ გახადა. დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად არავის აქვს უფლება შევიდეს სხვის მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული აუცილებლობა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ასევე პასუხისმგებლობაა დაწესებული ისეთი განზრახი ქმედებისათვის, როგორიცაა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის დაზიანებასთან, მაგრამ იწვევს ფიზიკურ ტკივილს. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულია ძალადობის ორი ხერხი - ცემა და სხვაგვარი ძალადობა. სხვაგვარი ძალადობა, რომელშიც იგულისხმება თმებით თრევა, ჩქმეტა ან თერმული საშუალებით ზემოქმედება და სხვა, შედეგი გამოიხატება ფიზიკური ტკივილის სახით და მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასთან. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას ან სისხლნაჟღენთს, აღსანიშნავია, რომ ცემის დროს გამოყენებული საშუალება, იქნება ეს საგანი თუ ხელ-ფეხი, მიეკუთვნება მკვრივ ბლაგვ საგანს.
აღნიშნული დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს 14 წელს მიღწეული ნებისმიერი შერაცხადი პირი.
სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობრივი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას.
განსახილველი მუხლის 11-ლი ნაწილით დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება იგივე ქმედება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ.
4. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ 2019 წლის 02 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 სთ-ზე, ქ. რუსთავში, ი. ჭ----------------ის მიმდებარედ არსებულ სკვერში, შიზოიდური პერსონოლოგიური აშლილობის (გართულებული ალკოჰოლიზაციით) მქონე გ-----------–--–---–მა 2012 წელს დაბადებულ მ-------------–---–ს ფეხი ჩაარტყა ზურგის არეში, რის შედეგადაც მ-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებული გ-----------–--–---–ის საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩამდენ პირად, ანუ დამნაშავედ ცნობის თაობაზე.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გ-----------–--–---–ის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სასამართლო ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებისა და ხასიათის, ბრალდებულის ფსიქიკურიმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ არის შეზღუდული შერაცხდობის მქონე პირი, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-----------–--–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაინიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ისეთი ზომით, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
7. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
7.1. გ-----------–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-----------–--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) თვის ვადით.
2. გ-----------–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
3. გ-----------–--–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 03 ოქტომბრიდან.
4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში მისი გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი