განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310015001021446
საქმე №3ბ/2203-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - გ------ი მ-----ე
წარმომადგენელი - ი-----–--------ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ხა--------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
წარმომადგენელი - გ------ი კ----ძე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით გ------ი მ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 27.08.2014წ. N0----- მითითებით დაფიქსირდა სამშენებლო სამართალდარღვევა, კერძოდ, ქალაქ თბილისში, გლ----ის პირველი მ/რ, კორპ. 4, ბინა №19-ში გ------ი მ-----ის მიერ მოწყობილი იყო ბაქანი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ მერიის არქიტექტურის სამსახურის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე (სფ.88).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 08.09.2014წ. №0----- შემოწმების აქტის თანახმად, 27.08.2014წ. N0----- მითითებით დაფიქსირებული სამართალდარღვევა არ იქნა გამოსწორებული (ს.ფ. 92-96).
საქმის მასალებით დგინდება, რომ 09.10.2014წ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში განხილულ იქნა ზემოაღნიშნული მითითება და შემოწმების აქტი, სხდომაზე საკითხის განხილვისას გ------ი მ-----ემ დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება, მანვე დაადასტურა სადავო ქმედების განხორციელება 2014 წელს, მისივე განმარტებით, იგი აპირებდა აღნიშნული ფართის ლეგალიზებას და ითხოვა ვადა საამისოდ (ს.ფ125).
უდავოდ დასტურდება, რომ სადავო მშენებლობის შესახებ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ არ ყოფილა გაცემული რაიმე სახის ნებართვა, ასევე არ არის მიღებული ბრძანება ობიექტის ლეგალიზების თაობაზე.
07.11.2014 წელს გაიმართა მორიგი სხდომა, რომელზეც გ------ი მ-----ემ აღნიშნა, რომ ბაქანი არ არის დემონტირებული, ასევე ობიექტი არ არის ლეგალიზებული, მანვე აღნიშნა რომ ოჯახური მდგომარეობის გამო უწევს ქალაქიდან გასვლა და ითხოვა ადმინისტრაციული წარმოების გადადება, ბაქანზე მის მიერ მოწყობილი არმატურის კონსტრუქციის მოხსნის მიზნით (ს.ფ 123).
გ------ი მ-----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 07.11.2014წ. ბრძანებით საქმის განხილვის ვადა გაგრძელებული იქნა ორი თვით 2015 წლის 7 იანვრამდე (ს.ფ. 87). აღნიშნული ბრძანება გაიგზავნა ფოსტით 2015 წლის 5 იანვარს.
19.12.2014წ. მორიგ სხდომაზე გ------ი მ-----ემ განაცხადა, რომ ბაქანი არ იყო დემონტირებული (ს.ფ119).
30.12.14წ. მოხსენებითი ბარათით დადასტურდა, რომ მითითებით განსაზღრული დავალება არ იყო შესრულებული და შესაბამისად, სამართალდარღვევა იყო სახეზე.
ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 30.12.2014წ. N0----- N4----------- დადგენილებით, გ------ი მ-----ე დაჯარიმდა 8000 ლარით ქალაქ თბილისში, გლ----ის პირველი მ/რ კორპ.4, ბინა №19-ში ბაქანის უნებართვოდ მოწყობისათვის, მშენებლობისათვის. ასევე, გ------ი მ-----ეს დაევალა თბილისში, გლ----ის პირველი მ/რ, კორპ. 4, ბინა №19-ში უნებართვოდ მოწყობილი (მიშენებული) ბაქანის დემონტაჟი (ს.ფ. 84-86).
ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილება გაიგზავნა ფოსტით 2015 წლის 5 იანვარს და მომდევნო დღეს, 6 იანვარს ჩაბარდა გ------ი მ-----ეს.
2.2.2. გ------ი მ-----ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 30.12.2014წ. N0----- N4----------- დადგენილების ბათილად ცნობა. საჩივრის ავტორი განმარტავდა, რომ დემონტაჟი განხორციელდა 2015 წლის 6 იანვარს, სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რადგან 2014 წლის 7 ნოემბრის №4----------4 ბრძანებით მას ვადა გაგრძელებული ჰქონდა 7 იანვრამდე. აღნიშნულ ბრძანებას გაეცნო 2015 წლის 6 იანვარს და ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო სწორედ ამ დროიდან.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.05.2015წ. №347 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა გ------ი მ-----ის ადმინისტრაციული საჩივარი. მოსარჩელეს განემარტა, რომ დადგენილება კანონიერია და არ არსებობს ადმინისტრაციული აქტის კანონმდებლობით დადგენილი ბათილად ცნობის საფუძველი (ს.ფ. 71-79).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. განსახილველ შემთხვევაში გ------ი მ-----ის სარჩელი აღძრულია ხსენებული ნორმის საფუძველზე.
2.3.2. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” №57 დადგენილების 33-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა, კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები.
განსახილველ შემთხვევაში ქალაქ თბილისში, გლ----ის პირველი მ/რ, კორპ. 4, ბინა №19-ში გ------ი მ-----ის მიერ მოწყობილი იქნა ბაქანი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ მერიის არქიტექტურის სამსახურის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. შესაბამისად, სადავო აქტები მიღებულ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.
2.3.3. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-4 თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის.
კოდექსის 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა - ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
მითითებული მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 30.12.2014წ. N0----- N4----------- დადგენილებით გ------ი მ-----ე დაჯარიმდა 8000 ლარით ქალაქ თბილისში, გლ----ის პირველი მ/რ, კორპ. 4, ბინა №19-ში ბაქანის უნებართვოდ მოწყობისათვის, მშენებლობისათვის.
დადგენილია, რომ სადავო აქტში მითითებული მშენებლობა განხორციელებულია გ------ი მ-----ის მიერ.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ორი თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება.
საქმის განხილვის საფუძველზე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონით გათვალისწინებული წარმოების წესის დაცვით იქნა მიღებული სადავო დადგენილება.
ის გარემოება, რომ სამსახურის 2014 წლის 7 ნოემბრის №4-3/55-გ/14 ბრძანებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე გაგრძელებული იქნა განხილვის ვადა 2 თვით, გ------ი მ-----ეს არ აძლევდა უფლებას, რომ ამ ვადის გამოყენებით აღმოეფხვრა სამართალდარღვევა. ხსენებული ვადა კანონით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რომლის განმავლობაშიც ნებისმიერ დროს უფლება აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ მიიღოს დადგენილება. თუ დადგენილების მიღებამდე დადასტურდება, რომ სამართალდარღვევა აღმოფხვრილია, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იმოქმედოს კანონით გათვალისწინებული წესით.
2.3.4. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დადგენილებაში მითითებულ მხარეს. ის გარემოება, რომ გ------ი მ-----ეს ბრძანება და დადგენილება ჩაბარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დარღვევით არ ქმნის მისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს, რადგან არ დადასტურდა, რომ მან ამ დადგენილების მიღებამდე აღმოფხვრა სამართალდარღვევა.
2.3.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 30.12.2014წ. N0----- დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.05.2015წ. N347 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო, რადგან ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლო იყო და არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 27.08.2014წ. N0----- მითითებით დაფიქსირებული დარღვევა არ იქნა აღმოფხვრილი კანონით დადგენილ ვადაში, ვინაიდან სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ 30.12.2014წ. მოხსენებით ბარათს დემონტაჟის განუხორციელებლობის შესახებ, რომლის საფუძველზეც იმავე დღესვე გამოიცა დადგენილება ჯარიმის დაკისრების შესახებ. მოპასუხის მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათის გარდა, საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა ნივთიერი მტკიცებულება ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ. სასამართლო გადაწყვეტილებაში გაზიარებული იქნა მოპასუხის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არსებული მსჯელობა, შესაბამისად, როგორც მოპასუხეს, ასევე სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოება, როგორიც არის სადავო მშენებლობის სახეობა და საკითხი - ექვემდებარება თუ არა ე.წ. ,,ბაქანი’’ დაჯარიმებას, რომელიც პრაქტიკულად წარმოადგენს ქვედა სართულის აივნის სახურავს და ჯარიმის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად მოყვანილი ნორმის მიზნებს არ შეესაბამება, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას და არ ამახინჯებს ფასადს. ამასთან, სასამართლოში საქმის განხილვისას სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ ე.წ. ,,ბაქანი’’ წლების წინ იყო გაკეთებული მოსარჩელის პაპის მიერ. მოსარჩელის მიერ დემონტაჟი განხორციელდა ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილ ვადაში, 2015 წლის 7 იანვრამდე. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა ემსჯელა ამ გარემოების შესახებ.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო არასწორად განმარტავს კანონს და უთითებს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილ განხილვის ვადაში აპელანტს არ ჰქონდა უფლება აღმოეფხვრა სამართალდარღვევა. აღნიშნული კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მიუხედავად იმისა, შესრულდა თუ არა თავდაპირველი მითითება, პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ მან დადგენილების მიღებამდე აღმოფხვრა სამართალდარღვევა, რასაც ფაქტობრივად ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში. განსახილველი სამართალდარღვევის საქმეზე, მოპასუხის სამართლებრივი აქტით დადგენილი იყო კონკრეტული ვადა 2015 წლის 7 იანვრამდე, რაც ანიჭებდა მოსარჩელეს კანონიერ ნდობას, რომ ამ ვადის განმავლობაში სამართალდარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში არ დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა. აპელანტის აზრით, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იმსჯელა კანონის მხოლოდ ფორმალური და სიტყვასიტყვითი განმარტებით და არასწორად განმარტა კანონი, შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა, უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ------ი მ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას. დამატებით, პალატა აღნიშნავს, რომ:
4.1. საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს, კერძოდ, მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”, რომლის 33-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა; დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს მშენებლობის შესაძლებლობაზე; კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ქალაქ თბილისში, გლ----ის პირველი მ/რ, კორპ. 4, ბინა №19-ში გ------ი მ-----ის მიერ მოწყობილი იქნა ბაქანი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ მერიის არქიტექტურის სამსახურის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენდა აღნიშნულ სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით მიღებული აქტების კანონიერება, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 30.12.2014წ. N0----- N4----------- დადგენილების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.05.2015წ. №347 ბრძანების პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსთან შესაბამისობის შემოწმება.
4.2. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების საფუძველზე, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ხსენებული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 27.08.2014წ. N0----- მითითებით დაფიქსირდა სამშენებლო სამართალდარღვევა, კერძოდ, ქალაქ თბილისში, გლ----ის პირველი მ/რ, კორპ. 4, ბინა №19-ში გ------ი მ-----ის მიერ მოწყობილი იყო ბაქანი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ მერიის არქიტექტურის სამსახურის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ასევე დადგენილია, რომ გ------ი მ-----ის მიერ მოწყობილი ბაქანის შემოწმება მითითების პირობების შესრულების მიზნით განხორციელდა არაერთხელ და საბოლოოდ 30.12.14წ. მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ვინაიდან დარღვევა გამოსწორებული არ იყო, მიღებული იქნა ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 30.12.2014წ. N0----- N4----------- დადგენილება, გ------ი მ-----ის დაჯარიმებისა და მისთვის დემონტაჟის დავალების შესახებ.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება. აღნიშნულ სამართლებრივ ნორმაზე დაყრდნობით, აპელანტი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის სამართლებრივი აქტით გაგრძელებული იყო ვადა 2015 წლის 7 იანვრამდე, რაც ანიჭებდა მოსარჩელეს კანონიერ ნდობას ამ ვადის განმავლობაში აღმოეფხვრა სამართალდარღვევა და გათავისუფლებულიყო პასუხისმგებლობისგან.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე საქმის განხილვის ვადის 2 თვით გაგრძელება, გ------ი მ-----ეს არ აძლევდა უფლებას, რომ ამ ვადის გამოყენებით აღმოეფხვრა სამართალდარღვევა. ხსენებული ვადა კანონით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რომლის განმავლობაშიც ადმინისტრაციულ ორგანოს ნებისმიერ დროს აქვს უფლება მიიღოს დადგენილება. დამრღვევი მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისგან, თუ სადავო დადგენილების მიღებამდე დადასტურდებოდა, რომ სამართალდარღვევა აღმოფხვრილი იქნა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
მითითებული კოდექსის 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. ამდენად, აღნიშნული ვადა წარმოადგენს არა მითითების შესასრულებლად დადგენილ ვადას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილების მიღებისთვის განსაზღვრულ კანონისმიერ ვადას. პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 30.12.2014წ. N0----- N4----------- დადგენილების მიღების დროისათვის გ------ი მ-----ეს სამართალდარღვევა გამოსწორებული არ ჰქონდა, უფრო მეტიც, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დემონტაჟი 2015 წლის 7 იანვრისთვისაც არ იყო განხორციელებული.
სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, კერძოდ, ვერ იქნა დადასტურებული სადავო გარემოება მასზედ, რომ სადავო დადგენილების მიღებამდე გ------ი მ-----ის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორებული იყო, განხორციელებული იყო დემონტაჟი ან/და არსებობდა სხვა გარემოება პასუხისმგებლობისგან მის გასათავისუფლებლად.
4.3. პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გ------ი მ-----ის სარჩელი უსაფუძვლო იყო, ადგილი არ ჰქონდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობდა გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 30.12.2014წ. N0----- N4----------- დადგენილების ბათილად ცნობის საფუძვლები. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული სადავო დადგენილება გ------ი მ-----ის დაჯარიმებისა და მისთვის დემონტაჟის დავალების შესახებ, ასევე არ არსებობდა სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.05.2015წ. №347 ბრძანების გასაუქმებლად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც აპელანტის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი და გ------ი მ-----ის მიერ გადახდილი თანხა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ------ი მ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ლევან მურუსიძე