განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.01.2018
საქმის ნომერი
330310115001176512
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
18.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310115001176512

საქმე №3ბ/2304-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

18 იანვარი,2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;

წარმომადგენელი - გ--------------ე;

 

აპელანტი (მოპასუხე)- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - ნ---------------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ----- ნ-–-----ე;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 8 მაისის №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 30 ოქტომბრის №6-- ბრძანება ზ----- ნ-–-----ის წარმომადგენლის ნ---- ნ-–-----ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება მისი სასარჩელო მოთხოვნის მხარდასაჭერად. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 30 ოქტომბრის №6-- ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ზ----- ნ-–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 30 ოქტომბრის №6-- ბრძანება ,,ზ----- ნ-–-----ის წარმომადგენლის ნ---- ნ-–-----ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 8 მაისის №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ზ----- ნ-–-----ის მიმართ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში. მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს მოსარჩელე - ზ----- ნ-–-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ.თბილისი, სოფ. ფ-------–ა, გრ.გ---–----- ქ. №8 (ს--------- №8------------------), დაზუსტებული ფართობი: 295.00 კვ მეტრი, 2003 წლიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ზ----- ნ-–-----ის სახელზე. (ს.ფ 29)

 

4.2. ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 4 თებერვალს, შედგენილ იქნა №0----- მითითება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ იგი გაცემულ იქნა ზ----- ნ-–-----ის მიმართ. მითითებაში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, სოფ. ფ-------–ა, გრ. გ---–----- ქ.№8-ის (საკ. კოდი №8------------------) მიმდებარედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განხორციელებულია კაპიტალური მშენებლობა (მიშენება), სახლის წინ არსებული კაპიტალური შენობა - ნაგებობის და კაპიტალური ღობის მშენებლობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. დარღვევის გასწორების მიზნით ზ----- ნ-–-----ეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან დემონტაჟის განხორციელება. ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა. (ს.ფ. 194-195)

 

4.3. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 9 მარტს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0----- ზ----- ნ-–-----ის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ზ----- ნ-–-----ის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები. (ს.ფ. 192-193)

 

4.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 8 მაისს მიღებული იქნა დადგენილება №0-----, რომლის თანახმადაც ზ----- ნ-–-----ე დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, სოფ. ფ-------–ა, გრ.გ---–----- ქ.№8-ის (ს--------- №8------------------) მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განხორციელებული კაპიტალური მშენებლობისათვის (მიშენებისათვის), ასევე ამავე ტერიტორიაზე სახლის წინ არსებული კაპიტალური შენობა - ნაგებობის მშენებლობისა და უნებართვოდ მოწყობილი კაპიტალური ღობისათვის. ზ----- ნ-–-----ეს დაევალა ქ. თბილისში, სოფ. ფ-------–ა, გრ.გ---–----- ქ.№8-ის (ს--------- №8------------------) მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განხორციელებული კაპიტალური მშენებლობის (მიშენების), სახლის წინ არსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის და კაპიტალური ღობის დემონტაჟი. (ს.ფ. 40-42)

 

4.5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 30 ოქტომბრის №6-- ბრძანებით მოქალაქე ზ------ ნ-–-----ის წარმომადგენლის ნ---- ნ-–-----ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 8 მაისის №0----- დადგენილება. (ს.ფ. 51-59)

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ზ----- ნ-–-----ის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ - მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ სადავო მშენებლობები ქ. თბილისში, სოფ. ფ-------–ა, გრ.გ---–----- ქ. №8-ის (ს--------- №8------------------) მიმდებარედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განხორციელებლი კაპიტალური მშენებლობა (მიშენება), სახლის წინ არსებული კაპიტალური შენობა - ნაგებობა და კაპიტალური ღობე განთავსებული იქნა ძველი მესაკუთრის - ე--------------ძის მიერ ჯერ კიდევ 2003 წლამდე, ამ ნაგებობებით ერთპიროვნულად სარგებლობდა ძველი მესაკუთრე ე--------------ძე. ზ----- ნ-–-----ის მიერ უძრავი ქონების შესყიდვის დროს, 2003 წელს, ეს ქონება არსებობდა იმ სახით რა სახეც დღეის მდგომარეობით აქვს შენარჩუნებული. ამდენად, აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს რამდენად წარმოადგენს ზ----- ნ-–-----ე უკანონო მშენებლობის მწარმოებელ პირს და აღნიშნული გარემოების დაუდგენლობის შემდეგ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, მითუმეტეს იმ პირობებში რომ შესაძლოა არსებობდეს ალბათობა იმისა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე უკანონო მშენებლობები განახორციელა არა მოსარჩელემ, არამედ ძველმა მესაკუთრემ - ე--------------ძემ. გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში კი არ არის სათანადო მსჯელობა იმაზე, თუ რატომ არ იქნა გამოკვლეული აღნიშნული გარემოება.

აღნიშნული გარემოებები არ იქნა შეფასებული და გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 სექტემბრის წერილს, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, სოფელი ფ-------–ა, გრ. გ---–----- ქუჩა №8-ის (ს--------- №8------------------) მიმდებარედ 2000 წელს აეროგადაღება არ განხორციელებულა და აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი სახის ინფორმაცია არსებობს მხოლოდ 2005 წლიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ 2003 წელს აეროგადაღება არ განხორციელებულა, არ წარმოადგენს მშენებლობის მწარმოებელი პირის დაუდგენლობის უტყუარ მტკიცებულებას.

შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით უნდა მოახდინოს საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა, მათ შორის წინა მესაკუთრის მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

6.1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე აცხადებდა, ზ----- ნ-–-----ე მზად იყო მოეხდინა უნებართვოდ ნაწარმოები შენობების და კედლის დემონტაჟი, თუმცა შემდეგ აღარ გამოასწორა სამართალდარღვევა, სწორედ ეს გარემოება უნდა გამხდარიყო სასამართლოსთვის ამოსავალი წერტილი, რადგან მხარე მზად იყო მოეხდინა დემონტაჟი, ესე იგი ის თავის თავზე იღებდა პასუხისმგებლობას. ზედამხედველობის საქალაქო სამსახური კანონის თანახმად წარმოადგენს სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოს, რომელმაც უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც არ იქნება შეუძლებელი, შესაბამისად, ვინაიდან ზ----- ნ-–-----ის პოზიციას ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წარმოადგენდა, რომ აპირებდა აღნიშნულ ნაგებობებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მოწესრიგებას, დადგინდა რომ ის წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს, რომელიც სარგებლობდა ნაგებობებით და შესაბამისად მას უნდა დავალებოდა სამართალდარღვევის აღმოფხვრა.

 

ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მიიჩნევს, რომ მის მიერ სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, შესაბამისად თუ სასამართლოს გაუჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა არსებობდეს რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მიგვანიშნებდა მშენებლობის მწარმოებელ პირზე, მაშინ სასამართლოს შეეძლო თავად გამოეთხოვა აღნიშნული ინფორმაცია ან/და მიეთითებინა ის ორგანო, სადაც შეიძლება ინახებოდეს ზემოხსენებული ინფორმაცია.

 

6.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 377-ე მუხლის მეორე ნაწილზე, 393-ე 394-ე მუხლის შინაარსზე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-14 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე დაჯარიმებულ იქნა როგორც მესაკუთრე და არა მშენებლობის მწარმოებელი პირი. მოსარჩელე აპელირებს იმაზე, რომ სადავო ობიექტი მან აღნიშნული სახით შეიძინა 2003 წელს და სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული იყო წინა მესაკუთრის მიერ. აღნიშნული გარემოებების შემოწმების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია - ფიქსირდებოდა თუ არა სადავო ობიექტის არსებობა 2000 წლის აეროფოტოგადაღებაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 სექტემბრის N 225062 წერილით დგინდება, რომ ქ. თბილისში სოფელი ფ-------–ა, გრ. გ---–----- ქ. 8-ის მიმდებარედ 2000 წელს აეროფოტოგადაღება არ მომხდარა და აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი ინფორმაცია არსებობს მხოლოდ 2005 წლიდან.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ მისთვის გაუგებარია თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ შეისწავლა საქმის გარემოებები. თუ სასამართლო ვარაუდობდა, რომ შესაძლოა არსებობდა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მიანიშნებდა მშენებლობის მწარმოებელ პირზე, სასამართლოს თავად შეეძლო გამოეთხოვა აღნიშნული ინფორმაცია, ანდა მიეთითებინა ის ორგანო, სადაც შესაძლებელია ინახებოდეს ის. აღნიშნულის მიუთითებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვერ მიიღებს სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებისაგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას, თუნდაც თავიდან მსჯელობის შემთხვევაში.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ – ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 4 თებერვალს შედგენილ იქნა №0----- მითითება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ იგი გაცემული იქნა ზ----- ნ-–-----ის მიმართ. მითითებაში აღნიშნულია, რომ ქ.თბილისში, სოფ. ფ-------–ა, გრ.გ---–----- ქ.№8-ის (ს--------- №8------------------) მიმდებარედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განხორციელებლია კაპიტალური მშენებლობის (მიშენების), სახლის წინ არსებული კაპიტალური შენობა - ნაგებობის და კაპიტალური ღობის მშენებლობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. დარღვევის გასწორების მიზნით ზ----- ნ-–-----ეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან დემონტაჟის განხორციელება, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა;გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 9 მარტს შედგენილი იქნა №0----- შემოწმების აქტი ზ----- ნ-–-----ის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ზ----- ნ-–-----ის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა- ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 44.1 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 8 მაისს მიღებული იქნა დადგენილება №0-----, რომლის თანახმადაც ზ----- ნ-–-----ე დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, სოფ. ფ-------–ა, გრ.გ---–----- ქ.№8-ის (ს--------- №8------------------) მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განხორციელებული კაპიტალური მშენებლობისათვის (მიშენებისათვის), ასევე ამავე ტერიტორიაზე სახლის წინ არსებული კაპიტალური შენობა - ნაგებობის მშენებლობისა და უნებართვოდ მოწყობილი კაპიტალური ღობისათვის. ზ----- ნ-–-----ეს დაევალა ქ. თბილისში, სოფ.ფ-------–ა, გრ.გ---–----- ქ.№8-ის (ს--------- №8------------------) მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განხორციელებული კაპიტალური მშენებლობის (მიშენების), სახლის წინ არსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის და კაპიტალური ღობის დემონტაჟი.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმების საფუძველზე სწორედ ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 24.15 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (53-ე მუხლი) დადგენილ მოთხოვნებს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ კანონის აღნიშნული დანაწესი მოცემულ შემთხვევაში დაცული არ არის.

 

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

 

აღნიშნული მუხლის ნორმის ანალიზიდან გამომდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ზ----- ნ-–-----ის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ - მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ სადავო მშენებლობები ქ. თბილისში, სოფ. ფ-------–ა, გრ.გ---–----- ქ. №8-ის (ს--------- №8------------------) მიმდებარედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განხორციელებლი კაპიტალური მშენებლობა (მიშენება), სახლის წინ არსებული კაპიტალური შენობა - ნაგებობა და კაპიტალური ღობე განთავსებული იქნა ძველი მესაკუთრის - ე--------------ძის მიერ ჯერ კიდევ 2003 წლამდე, ამ ნაგებობებით ერთპიროვნულად სარგებლობდა ძველი მესაკუთრე ე--------------ძე.ზ----- ნ-–-----ის მიერ უძრავი ქონების შესყიდვის დროს, 2003 წელს, ეს ქონება არსებობდა იმ სახით რა სახეც დღეის მდგომარეობით აქვს შენარჩუნებული. ამდენად, აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს რამდენად წარმოადგენს ზ----- ნ-–-----ე უკანონო მშენებლობის მწაროებელ პირს და აღნიშნული გარემოების დაუდგენლობის შემდეგ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ შესაძლოა არსებობდეს ალბათობა იმისა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე უკანონო მშენებლობები განახორციელა არა მოსარჩელემ, არამედ ძველმა მესაკუთრემ - ე--------------ძემ. გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში კი არ არის სათანადო მსჯელობა იმაზე თუ რატომ არ იქნა გამოკვლეული აღნიშნული გარემოება.

 

ამასთან, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ე--------------ძე საერთოდ არ ყოფილა ჩართული და ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუსმენია აღნიშნული პირის პოზიცია, რაც შესაძლოა გამხდარიყო საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტის საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობზე, რომ სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ სუბიექტის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. სამართალდარღვევისათვის ბრალის გარეშე პასუხიმგებლობის დაუშვებლობის პრინციპის დაცვას ემსახურება ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 14.2 მუხლის ,,გ“ პუნქტი, რომლის თანახმად, მითითებული კანონის მოქმედება ვრცელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი.

 

აღნიშნული გარემოებები არ იქნა შეფასებული და გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 სექტემბრის წერილს, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, სოფელი ფ-------–ა, გრ. გ---–----- ქუჩა №8-ის (ს--------- №8------------------) მიმდებარედ 2000 წელს აეროგადაღება არ განხორციელებულა და აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი სახის ინფორმაცია არსებობს მხოლოდ 2005 წლიდან. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ 2003 წელს აეროგადაღება არ განხორციელებულა, არ წარმოადგენს მშენებლობის მწარმოებელი პირის დაუდგენლობის უტყუარ მტკიცებულებას.

 

შესაბამისად, საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით უნდა მოახდინოს საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა, მათ შორის წინა მესაკუთრის მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას რომ სამშენებლო სამართალდარღვევასა და მასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის, და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა საკითხი, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტები გათავისუფლებულინი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -