განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.01.2018
საქმის ნომერი
330310016001469848
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები , დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
18.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001469848

საქმე №3ბ/2043-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

18 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;

წარმომადგენელი - ე---------------–--–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,გ--------------ი“;

წარმომადგენელი- ი-----–-----------ძე

 

დავის საგანი - ქმედების უკანონოდ ცნობა, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. უკანონოდ იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ თ------------–---ს ქმედება №A1------- სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 09 აგვისტოს №8---- ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი;

 

1.3. დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა №3---- აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონების, მდებარე: მცხეთა, ს--------ო, გაზის დასახლება (საკადასტრო კოდი: 7-----------), შპს ,,გ--------------ისათვის“ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

შპს ,,გ--------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; უკანონოდ იქნა ცნობილი აღმასრულებელ თ------------–---ს ქმედება №A1------- სააღსრულებო საქმის შეჩერების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 09 აგვისტოს №8---- ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი; აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა №3---- აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონების (მდებარე: მცხეთა, ს--------ო, გაზის დასახლება, საკადასტრო კოდი: 7-----------) შპს ,,გ--------------ის“ საკუთრებაში გადაცემის შესახებ; მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ მცხეთაში, სოფელ ს--------ოში, გაზის დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობებზე: N1 (საერთო ფართით 646.65 კვ.მ.) და N2 (საკადასტრო კოდი 7-----------) რეგისტრირებულია ა--------ლ ა-----ის საკუთრება. (ს.ფ. 46-47).

 

ა--------ლ ა-----ესა და მ-------ა ქ---–--ეს შორის 2012 წლის 27 მარტს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ-------ა ქ---–--ისაგან ა--------ლ ა-----ემ ისესხა 72 00 აშშ დოლარი, რაც ხელშეკრულების დადების დღისათვის შეადგენდა 117 972 ლარს. სესხი გაიცა პროცენტული სარგებლის გარეშე, 7 თვის ვადით და უნდა დაბრუნებულიყო 2012 წლის 28 ოქტომბრამდე. სასესხო ვალდებულება უზრუნველყოფილი იქნა ,,მოვალის“ ა--------ლ ა-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით - მცხეთაში, სოფელ ს--------ოში, გაზის დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთით და ზედ მდგომი შენობა-ნაგებობებით (საკადასტრო კოდი 7-----------). მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადის (მათ შორის ვადაზე ადრე) დადგომისას, თუ მოვალე ნებაყოფლობით არ შეასრულებდა იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილი იქნებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.

 

მ-------ა ქ---–--ესა და ა--------ლ ა-----ეს შორის 2012 წლის 02 მაისს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ცვლილება შევიდა 27.03.2012წ. ხელშეკრულებაში, კერძოდ სესხის თანხა გაიზარდა 24000 აშშ დოლარით, რაც ხელშეკრულების დადების დღისათვის შეადგენდა 39187,20 ლარს. შესაბამისად, სესხის საერთო თანხა ნაცვლად

72000 აშშ დოლარისა განისაზღვრა 96000 აშშ დოლარით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა უცვლელი დარჩა. მ-------ა ქ---–--ესა და ა--------ლ ა-----ეს შორის 2012 წლის 28 მაისს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ცვლილება შევიდა 27.03.2012წ. ხელშეკრულებაში - სესხის თანხა შემცირდა 4900 აშშ დოლარით, რაც ხელშეკრულების დადების დღისათვის შეადგენდა 7983,08 ლარს. შესაბამისად, სესხის საერთო თანხა ნაცვლად 96000 აშშ დოლარისა განისაზღვრა 91100 აშშ დოლარით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა უცვლელი დარჩა.

 

მ-------ა ქ---–--ესა და ა--------ლ ა-----ეს შორის 2012 წლის 25 ივნისს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ცვლილება შევიდა 27.03.2012წ. ხელშეკრულებაში - სესხის თანხა გაიზარდა 15900 აშშ დოლარით, რაც ხელშეკრულების დადების დღისათვის შეადგენდა 26 114,16 ლარს. შესაბამისად, სესხის საერთო თანხა ნაცვლად 91 100 აშშ დოლარისა განისაზღვრა 107 000 აშშ დოლარით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა უცვლელი დარჩა.

 

მ-------ა ქ---–--ესა და ა--------ლ ა-----ეს შორის 2013 წლის 18 მარტს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით კვლავ ცვლილება შევიდა 27.03.2012 წ. ხელშეკრულებაში, კერძოდ ხელშეკრულების ვადა გაიზარდა 2013 წლის 27 ივნისამდე. სესხის თანხა გაიზარდა 31 500 აშშ დოლარით, რაც ხელშეკრულების დადების დღისათვის შეადგენდა 52 236,45 ლარს. შესაბამისად, სესხის საერთო თანხა ნაცვლად

107 000 აშშ დოლარისა განისაზღვრა 138 500 აშშ დოლარით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა უცვლელი დარჩა.

 

მ-------ა ქ---–--ის მინდობილ პირს დ---------------ა და ა-----–--------–-ილს შორის

2014 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მ-------ა ქ---–--ემ ,,ახალ მფლობელს“ იგივე ,,იპოთეკარს“ ა-----–--------–-ილს გადასცა 2012 წლის 27 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 138 500 აშშ დოლარის ,,მოთხოვნა“, რაც ხელშეკრულების დადების დროისათვის შეადგენდა 240 990 ლარს, ასევე, მასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები, რომელიც გააჩნდა მ-------ა ქ---–--ეს ,,მსესხებლის“ იგივე ,,მესაკუთრის“ ა--------ლ ა-----ის მიმართ. ამავე ხელშეკრულებაში მითითებული იქნა, რომ სესხი უზრუნველყოფილი იყო ა--------ლ ა-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე: მცხეთა, სოფელი ს--------ო გაზის დასახლება (დაზუსტებული ფართობი მდებარე 1500 კვ.მ.) (ს.ფ 77- 80; ს.ფ.49-50; ს.ფ.53-57; ს.ფ. 58-62;ს.ფ. 62-66; ს.ფ. 67-72);

 

2014 წლის 02 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ მცხეთაში, სოფელ ს--------ოში გაზის დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობებზე: №1 (საერთო ფართით 646.65 კვ.მ.) და №2 (საკადასტრო კოდი 7-----------) რეგისტრირებულია ა--------ლ ა-----ის საკუთრების უფლება.

 

მითითებულ უძრავ ქონებაზე, 2014 წლის 02 ოქტომბერს განხორციელებული რეგისტრაციის შედეგად, იპოთეკარად რეგისტრირებულია ა-----–--------–-ილი, 2012 წლის 27 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (რეგისტრაციის ნომერი

№1--------) საფუძველზე. ამავე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია 2012 წლის 25 ივნისის ხელშეკრულება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ (რეგისტრაციის ნომერი №1--------), 2013 წლის 18 მარტის ხელშეკრულება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ, (რეგისტრაციის ნომერი №1--------), 2014 წლის 29 სექტემბრის მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება (რეგისტრაციის ნომერი №1--------). (73-74);

 

ნოტარიუსმა ე---------------–-ძემ 2014 წლის 15 ოქტომბერს, 2012 წლის 27 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცა №1-------- სააღსრულებო ფურცელი იპოთეკით დატვირთული ა--------ლ ა-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: მცხეთა, სოფელ ს--------ო, გაზის დასახლება, 1500 კვ.მ. სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობები: №1 (საერთო ფართით 646.65 კვ.მ.) და №2 (საკადასტრო კოდი 7-----------), რეალიზაციის თაობაზე. (ს.ფ. 44-45).

 

ა-----– მ------–---–მა 2014 წლის 16 ოქტომბერს განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო აღმასრულებელს დ----- ც-–-–---–ს ნოტარიუს ე----------------–---ს მიერ 2014 წლის 15 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მოთხოვნით. განცხადების წარდგენის დროისათვის კრედიტორის მოთხოვნა შეადგენდა 138 500 აშშ დოლარს და 124, 36 ლარს. (ს.ფ. 40-41);

 

კერძო აღმასრულებელმა დ----- ც-–-–---–მა, ნოტარიუს ე----------------–---ს მიერ 2014 წლის 15 ოქტომბერს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაიწყო სააღსრულებო წარმოება №A1-------. (ს.ფ. 42-43);

 

კერძო აღმასრულებელმა დ----- ც-–-–---–მა მოვალე ა--------ლ ა-----ის მიმართ 2014 წლის 17 ოქტომბერს გამოსცა №A1------- - 0------ წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ა--------ლ ა-----ეს განესაზღვრა 7 დღის ვადა 2014 წლის 15 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხისა და სააღსრულებო საფასურის ნებაყოფლობით გადასახდელად. მასვე განემარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია. მითითებული დოკუმენტი ა--------ლ ა-----ემ ჩაიბარა პირადად 2014 წლის 20 ოქტომბერს. (ს.ფ. 93-96).

 

უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2014 წლის 20 ოქტომბრის აქტით ირკვევა, რომ, 15.10.2014წ. №1-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, კერძო აღმასრულებლმა დ----- ც-–-–---–მა აღწერა მცხეთაში, სოფელ ს--------ოში, გაზის დასახლებაში მდებარე 1500.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 (საერთო ფართი 646.65 კვ.მ.) და №2 უძრავი ქონების შიდა დათვალიერება ვერ მოხდა მესაკუთრის ადგილზე არყოფნის გამო. (ს.ფ. 101-102);

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 ოქტომბრის №1------------- გადაწყვეტილებით, მცხეთაში, სოფელ ს--------ოში, გაზის დასახლებაში მდებარე 1500.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა- ნაგებობებზე №1 (საერთო ფართი 646.65 კვ.მ.) და №2, განხორციელდა ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია, კერძო აღმასრულებლის დ----- ც-–-–---–ის 20.10.2014წ. №1--------0------ მიმართვის საფუძველზე. (ს.ფ. 137);

 

კერძო აღმასრულებელმა დ----- ც-–-–---–მა 2014 წლის 17 ოქტომბერს A1--------0------ წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა, 15.10.2014წ. №1-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ეცნობებინა ირიცხებოდა თუ არა ა--------ლ ა-----ის სახელზე უძრავი ქონება, (მდებარე მცხეთა, ს. ს--------ო, გაზის დასახლება, მიწის დაზუსტებული ფართობი, მასზე მდგომი შენობა-ნაგებობებით, საკადასტრო კოდი: 7-----------), იყო თუ არა დატვირთული და ვის სასარგებლოდ ან/და რაიმე სხვა სანივთო უფლებით, იყო თუ არა ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღა, მათ შორის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

 

ზემოხსენებული წერილის პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 ოქტომბრის №2----- წერილით აღმასრულებელს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით მცხეთაში, სოფელ ს--------ოში, გაზის დასახლებაში მდებარე 1500.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობებზე: №1 (საერთო ფართი 646.65 კვ.მ.) და №2, რეგისტრირებული იყო ა--------ლ ა-----ის საკუთრების უფლება, საცხოვრებელი სახლის ვარგისად აღიარების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 07/02/2012წ. №9-- ბრძანებისა და 31/07/2006წ. №----- კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო ა-----–--------–-ილის იპოთეკის უფლება, ნოტარიუსი ე---------------–-ძის მიერ 27/03/2012წ. დამოწმებული სესხი და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, (რეგისტრაციის ნომერი №1--------, ასევე, 2013 წლის 18 მარტის ხელშეკრულება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ, (რეგისტრაციის ნომერი №1--------), 2014 წლის 25 ივნისის ხელშეკრულება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ, (რეგისტრაციის ნომერი №1--------), 2014 წლის 29 სექტემბრის მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება (რეგისტრაციის ნომერი №1--------). ასევე, უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო ყადაღა, კერძო აღმასრულებელი დ----- ც-–-–---–ის 20.10.2014წ. №1--------0------ მიმართვის საფუძველზე. ა--------ლ ა-----ის ქონების მიმართ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება არ იყო რეგისტრირებული. (ს.ფ.97 ; ს.ფ. 100).

 

კერძო აღმასრულებლის დ----- ც-–-–---–ის მხრიდან 2014 წლის 7 ნოემბერს კვლავ განხორციელდა მცხეთაში მდებარე მოვალის ა--------ლ ა-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღწერა-დათვალიერება. აქტი შედგენილი იქნა კერძო აღმასრულებლის ზ----------------სა და ა--------ლ ა-----ის თანდასწრებით. აქტის სისწორე დადასტურდა მოვალის ხელმოწერით, რომელსაც დაყადაღებული ქონება ჩაბარდა შესანახად. (ს.ფ.103-104; ს.ფ.105-133).

 

დადგენილია, რომ ა-----–--------–-ილის 2014 წლის 07 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, №A1------- სააღსრულებო საქმის წარმოება შეჩერდა; კრედიტორმა 2015 წლის 06 თებერვალს განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს დ----- ც-–-–---–ს და მოითხოვა მისი განცხადების საფუძველზე, შეჩერებული ზემოაღნიშნული სააღსრულებო საქმის აღსრულების გაგრძელება.(ს.ფ. 138; ს.ფ. 139).

 

შპს ,,ჯ-----–---------–-----ის“ მიერ 2015 წლის 24 თებერვალს მომზადებული ქონების შეფასების შესახებ დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნით მცხეთაში, სოფელ ს--------ოში გაზის დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობების: №1 (საერთო ფართით 646.65 კვ.მ.) და №2 (საკადასტრო კოდი 7-----------) საბაზრო ფასი შეადგენდა 1 462 000 (ერთიმილიონ ოთხასსამოცდაორი ათასი) ლარს. (ს.ფ. 144-148).

 

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ №A-------- სააღსრულებო საქმეზე, მოვალის ა--------ლ ა-----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დაინიშნა იძულებითი საჯარო აუქციონი.

 

2015 წლის 23 მარტს, აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერნეტ აუქციონის ვებ- გვერდზე (Auction.ge) გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად, №1---- აუქციონზე,№9878 ლოტზე განთავსებული იქნა მცხეთაში, სოფელ ს--------ოში, გაზის დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობები (საკადასტრო კოდი: 7-----------). ლოტის სტატუსად განსაზღვრული იქნა მიმდინარე, საწყის ფასად - 1 096 500 ლარი, ვაჭრობის ბიჯად - 14 620 ლარი, საგარანტიო თანხად - 73 100 ლარი, აუქციონის დაწყების დროდ 23.03.2015წ. 16:00 საათი, დასრულების დროდ - 31.03.2015წ. 16:00 საათი. ( ს.ფ. 163-164).

 

ქ. თბილისის პროკურორის მოადგილის გ--------------ის 2015 წლის 28 მარტის №13/01-18906 მომართვის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2015 წლის 30 მარტის №1234 ბრძანებით შეჩერდა A1------- სააღსრულებო წარმოება 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თამჯდომარის 2015 წლის 28 სექტემბრის №4173 ბრძანებით კერძო აღმასრულებლის დ----- ც-–-–---–ისათვის სააუქციონო მომსახურების ფარგლებში A1------- სააღსრულებო საქმის აღსრულება შეჩერდა 6 (ექვსი) თვის ვადით. სააღსრულებო საქმის შეჩერებას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის პროკურატურის მოადგილის გ--------------ის 2015 წლის 16 სექტემბრის №13/01-18906 მომართვა.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2016 წლის 29 მარტის №1271 ბრძანებით კვლავ შეჩერდა კერძო აღმასრულებლის დ----- ც-–-–---–ისათვის სააუქციონო მომსახურების ფარგლებში A1------- სააღსრულებო საქმის აღსრულება 2 (ორი) თვის ვადით. სააღსრულებო საქმის შეჩერებას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის პროკურატურის მოადგილის გ. გ-----ის 2016 წლის 28 მარტის მიმართვა, რომლითაც სააღსრულებო საქმის და ქონების რეალიზაციის შეჩერება სისხლის სამართლის საქმეზე ჩასატარებელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების გამო მოითხოვა. (ს.ფ. 166-167); (ს.ფ. 168-170).

 

თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2016 წლის 14 ოქტომბერს A1--------014/001 წერილით მიმართა ქალაქ თბილისის პროკურატურას და აღნიშნა, რომ ვინაიდან A1------- სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების ვადა გასული იყო, ამასთან, საქმის წარმოების (ქონების რეალიზაცია) შეჩერების თაობაზე არ არსებობდა შესაბამისი მიმართვა, ბიუროს მიაჩნდა, რომ აღარ არსებობდა წარმოების შეჩერების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა ეცნობებინა დაყადაღებული უძრავი ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით მათი პოზიცია.

 

ქალაქ თბილისის პროკურატურამ 2016 წლის 20 ივნისის №1------------- წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მოქმედებაზე მიუთითა. (ს.ფ. 176).

 

შპს ,,ჯ----–--------–-----ის“ ქონების შეფასების შესახებ დამოუკიდებელი აუდიტორის 2016 წლის 17 ივნისის დასკვნით დგინდება, რომ 2015 წლის 24 თებერვალს №02/15-064 დასკვნით შეფასებული უძრავი ქონების, მდებარე: მცხეთა, სოფელ ს--------ო, გაზის დასახლება (საკადასტრო კოდი 7-----------), საბაზრო ღირებულებამ განიცადა ცვლილება და შეადგინა 1 421 000 (ერთიმილიონ ოთხასოცდაერთი ათასი) ლარი. (ს.ფ. 152).

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერნეტ აუქციონის ვებ-გვერდზე (Auction.ge) 2016 წლის 20 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად, №3---- აუქციონზე, №1---- ლოტზე განთავსებული იქნა მცხეთაში, სოფელ ს--------ოში, გაზის დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობები (საკადასტრო კოდი: 7-----------). ლოტის სტატუსად განსაზღვრული იქნა მიმდინარე, ვაჭრობის ბიჯად - 14 210,00 ლარი, საწყის ფასად - 1 065 750 ლარი, საგარანტიო თანხად - 71 050 ლარი, მიმდინარე ფასად - 1 065 750, 00 ლარი, აუქციონის დაწყების დროდ 20.06.2016წ. 17:00 საათი, დასრულების დრო - 30.06.2016წ. 16:00 საათი. (ს.ფ. 191-193);

 

2016 წლის 30 ივნისს მითითებულ უძრავ ქონებაზე დაინიშნა პირველი განმეორებითი აუქციონი. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერნეტ აუქციონის ვებ- გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად, №3---- აუქციონზე, №1---- ლოტზე განთავსებული იქნა მცხეთაში, სოფელ ს--------ოში, გაზის დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი: 7-----------). ლოტის სტატუსად განსაზღვრული იქნა მიმდინარე, ვაჭრობის ბიჯად - 14 210, 00 ლარი, საგარანტიო თანხად - 71 050 ლარი, საწყის ფასად და მიმდინარე ფასად 710 500 ლარი, აუქციონის დაწყების დროდ 30.06.2016წ. 16:00 საათი, დასრულების დროდ - 08.07.2016წ. 17:00 საათი. (ტ, ს.ფ. 197-199).

 

ა--------ლ ა-----ემ 2016 წლის 15 ივლისს №29432 განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა №ა1------- სააღსრულებო საქმეზე მიმდინარე აუქციონის შეწყვეტა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპირებდა სესხის აღებას შვილის დახმარებით და დავალიანების გადახდას, რისთვისაც სჭირდებოდა დრო 2016 წლის პირველ სექტემბრამდე.

 

ბიუროს 2016 წლის 18 ივლისის №7---- წერილით ა--------ლ ა-----ეს ეცნობა, რომ იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეწია დახმარება განცხადებაში მოცემულ ვითარებასთან დაკავშირებით. (ს.ფ. 203).

 

2016 წლის 07 ნოემბერს უძრავ ქონებაზე დაინიშნა მეორე განმეორებითი აუქციონი. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერნეტ აუქციონის ვებ-გვერდზე (Auction.ge) გამოქვეყნდა აუქციონის შესახებ ინფორმაცია. ინსტრუქციის შესაბამისად, №3---- აუქციონზე, ლოტი №1-----ზე განთავსებული იქნა მცხეთაში, სოფელ ს--------ოში, გაზის დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი: 7----------). ორგანიზატორის მიერ გამოქვეყნებული იქნა ელექტრონული აუქციონის წესი და პირობები: ლოტის სტატუსი - მიმდინარე, საწყის ფასი - 0 ლარი, ვაჭრობის ბიჯი და საგარანტიო თანხა- 710 50 ლარი, აუქციონის დაწყების დრო 08.07.2016წ. 17:00 საათი, დასრულების დრო - 18.07.2016წ. 16:00 საათი. (ტ, ს.ფ. 200-202).

 

მცხეთაში, სოფელ ს--------ოში, გაზის დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (საკადასტრო კოდი: 7-----------) რეალიზაცია განხორციელდა მეორე განმეორებით ე.წ. ,,ნულოვან“ აუქციონზე, უძრავი ქონების შემძენი გახდა შპს ,,გ--------------ი“, უძრავი ქონები შეძენა მოხდა 71050,00 ლარად. თანხის სრულად გადახდა განახორციელდა 2016 წლის 20 ივლისს. (ს.ფ. 13; ს.ფ. 206).

 

დადგენილია, რომ აუქციონის დასრულების შემდგომ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ცნობილი გახდა კრედიტორის ა-----–--------–-ილის 2017 წლის 18 ივლისს გარდაიცვალების შესახებ. (ს.ფ. 208-209).

 

შპს ,,გ--------------მა“ 2016 წლის 27 ივლისს №3---- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს და მოითხოვა აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 7-----------) საკუთრებაში გადაცემის თაობაზე განკარგულების გაცემა ან განკარგულების გაუცემლობის საფუძვლების/მიზეზების წერილობით განმარტება. (ს.ფ. 207).

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 09 აგვისტოს №8---- ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით შპს ,,გ--------------ს“ განემარტა, რომ კრედიტორის გარდაცვალების გამო, სააღსრულებო წარმოებაში აღმასრულებელს არ ჰყავდა სააღსრულებო წარმოების ერთ-ერთი მხარე (კრედიტორი) და არც განსაზღვრული იყო პირი, რომელიც მის ინტერესებს დაიცავდა, კანონმდებელი კი, ასეთად კრედიტორის უფლებამონაცვლეს განიხილავს, აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული კრედიტორის უფლებამონაცვლის დადგენამდე სააღსრულებოს წარმოების შეჩერება. (ს.ფ. 208-209).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოა ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ თ------------–---ს ქმედება - №A1------- სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. ასევე, გასაჩივრებულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 09 აგვისტოს №8---- აქტი, რომელიც თავისი შინაარსით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამრიგად, დავის განხილვისას სასამართლოს უნდა შეემოწმებინა მითითებული ქმედებისა და ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის თანახმად, №A1------- სააღსრულებო წარმოების შეჩერების მიზანია გარდაცვლილი კრედიტორის ინტერესების დაცვა, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და განმარტა, რომ სააღსრულებოს წარმოებაში კრედიტორის ინტერესსა და მიზანს აღსრულების რეალურად განხორციელება და კუთვნილი თანხის მიღება წარმოადგენს, განსახილველ შემთხვევაში კი მიზანი მიღწეულია - საჯარო აუქციონზე რეალიზებული ქონებიდან შემოსული თანხა კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად განთავსებულია ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ვერ იქნა წარდგენილი დასაბუთებული პოზიცია, თუ კრედიტორის სხვა რომელი ინტერესის დაცვას ემსახურებოდა სააღსრულებო წარმოების შეჩერება კრედიტორისთვის თანხის გადაცემის ეტაპზე. მოპასუხის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ კრედიტორს შესაძლოა მონაწილეობა მიეღო საჯარო აუქციონში და ის გამხდარიყო სადავო ქონების მესაკუთრე, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, ამასთან, მოპასუხის მიერ ვერ იქნა მითითებული, უკვე დასრულებული აუქციონის პირობებში, კრედიტორის უფლებამონაცვლე რა მექანიზმით შეძლებს კრედიტორის ზემოაღნიშნული უფლების რეალიზებას. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ სააღსრულებო წარმოებაში გამოჩნდა ახალი მხარე - ქონების აუქციონზე შემძენი, რომელმაც კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მონაწილეობა მიიღო საჯარო აუქციონში და სრულად გადაიხადა ქონების ღირებულება. შესაბამისად, სააღსრულებო ბიუროს სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე, ევალებოდა მისი ინტერესის გათვალისწინება, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით (განხორციელებული ქმედებით) პირის (მოცემულ შემთხვევაში შპს ,,გ--------------ის) კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად არ აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც მიღებული იქნა იგი. განსახილველ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია ამ კუთხითაც სრულიად დაუსაბუთებელია.

 

6. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

6.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 393-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე. აუქციონის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ იმავე დღეს 18 ივლისს გარდაიცვალა კრედიტორი, ვის სასარგებლოდაც განხორციელდა მოვალის ქონების რეალიზაცია აუქციონზე. რეალიზებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება გაცემული არ არის და არც ჩამორიცხული თანხის განკარგვა განხორციელებულა ამ დრომდე.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ უფლებამონაცვლეობის საკითხი დგება სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში, გასვლა შეიძლება გამოიხატოს გარდაცვალებით, ამ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობა დგინდება მემკვიდრეობის ინსტიტუტის გამოყენებით. უფლებამონაცვლეობის გამოყენება ემსახურება გარდაცვლილი პირის ინტერესების, სამართლებრივი წესრიგის დაცვას და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას.

 

სააღსრულებო წარმოება იწყება კრედიტორის განცხადებით და მიმართულია მოვალის ქონების ხარჯზე მისი მოთხოვნის დაკმაყიფილებისაკენ. შესაბამისად არ არსებობს საარსრულებო წარმოება კრედიტორისა და მოვალის მონაწილეობის გარეშე. კრედიტორის გარდაცვალება ქმნის სამართლებრივ საფუძველს შეჩერდეს სააღსრულებო წარმოება. სწორედ ამიტომ თვლის მიზანშეწონილად აღსრულების შეჩერებას უფლებამონაცვლის დადგენამდე, რომ არ განხორციელდეს ისეთი სააღსრულებო მოქმედებები, რომლითაც შესაძლებელი იქნება კრედიტორის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის ზიანის მიყენება.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს, რომ კრედიტორ ა-----–--------–-ილის გარდაცვალების მოწმობა საქმეში წარმოდგენილი არ არის, თუმცა მისი გარდაცვალების ფაქტი მხარეთა შორის სადავო არაა, რადგან მხარეთა განმარტებით, მოვალე ა-----ემ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში აუქციონის დღეს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა კრედიტორი მ------–---–ი; აღნიშნულ გარემოებას სასამართლოც ეთანხმება, რადგან ეს სამწუხარო ფაქტი არაერთხელ გაჟღერდა მასმედიის საშუალებებით და ამდენად, სასამართლო ამ ფაქტს საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს.

 

სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად კი, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საჩივარს განიხილავს მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქმის სირთულიდან გამომდინარე, არა უმეტეს 15 კალენდარული დღით გააგრძელოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა, რის შესახებაც იგი ატყობინებს საჩივრის შემტანს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უნდა იყოს. საჩივრის შემტანი უფლებამოსილია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ამ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავოა ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ თ------------–---ს ქმედება - №A1------- სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. ასევე, გასაჩივრებულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 09 აგვისტოს №8---- აქტი, რომელიც თავისი შინაარსით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამრიგად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მითითებული ქმედებისა და ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლი განსაზღვრავს სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლებსა და ვადებს. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას − სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ დასახელებული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია სააღსრულებო საქმე შეაჩეროს წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების გამო, ამასთან, სააღსრულებო წარმოების შეჩერება უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ კრედიტორის ან მოვალის უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლი უპირობოდ არ ადგენს ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას აღმასრულებლის მხრიდან აღსრულების შეჩერების ვალდებულებას, არამედ კანონმდებელი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ისე, რომ არ მოხდეს სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა კანონით დაცული ინტერესების შეზღუდვა. ამდენად, კანონმდებელმა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვა დისკრეციული უფლებამოსილებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, კერძოდ, მითითებული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო კანონმდებლობით მინჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია დაიცვას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი ფარგლები, დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც აქვს მინიჭებული ეს უფლებამოსილება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს მკაფიოდ დასაბუთებული ობიექტურ კრიტერიუმებზე მითითებით. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსლების განხორციელებისას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, ურთიერთშეჯერების ვალდებულებას. მითითებული ვალდებულების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფელბამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით (განხორციელებული ქმედება) პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც მიღებული იქნა იგი, გადაწყვეტილებამ არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებების და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი ავალდებულებს აღმასრულებელს მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. შესაბამისად, აღმასრულების ყველა ქმედება, მათ შორის, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით აღმასრულებლისთვის მინიჭებული უფლებასმოსილება, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულების მიზანს მოვალისა და კრედიტორის უფლებების დაცვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღმასრულებლის გადაწყვეტილების - სააღსრულებო წარმოების შეჩერების კანონიერების შეფასებისას, სასამართლოს მიერ უნდა დადგინდეს, შეჩერება ემსახურებოდა თუ არა იმ მიზანს, რომლისთვისაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება, კერძოდ, სააღსრულებო წარმოების შეჩერება აუცილებელი იყო თუ არა გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, ასევე, სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა კანონით დაცული ინტერესების დაცვისთვის.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს პოზიციის თანახმად, №A1------- სააღსრულებო წარმოების შეჩერების მიზანია გარდაცვლილი კრედიტორის ინტერესების დაცვა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ სააღსრულებოს წარმოებაში კრედიტორის ინტერესსა და მიზანს აღსრულების რეალურად განხორციელება და კუთვნილი თანხის მიღება წარმოადგენს, განსახილველ შემთხვევაში კი მიზანი მიღწეულია - საჯარო აუქციონზე რეალიზებული ქონებიდან შემოსული თანხა კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად განთავსებულია ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული პოზიცია, თუ კრედიტორის სხვა რომელი ინტერესის დაცვას ემსახურებოდა სააღსრულებო წარმოების შეჩერება კრედიტორისთვის თანხის გადაცემის ეტაპზე. მოპასუხის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ კერდიტორს შესაძლოა მონაწილეობა მიეღო საჯარო აუქციონში და ის გამხდარიყო სადავო ქონების მესაკუთრე, წარმოადგენს მხოლოდ ზედაპირულ ვარაუდს, ამასთან, მოპასუხის მიერ ვერ იქნა მითითებული, უკვე დასრულებული აუქციონის პირობებში, კრედიტორის უფლებამონაცვლე რა მექანიზმით შეძლებს კრედიტორის ზემოაღნიშნული უფლების რეალიზებას. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სააღსრულებო წარმოებაში გამოჩნდა ახალი მხარე - ქონების აუქციონზე შემძენი, რომელმაც კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მანაწილეობა მიიღო საჯარო აუქციონში და სრულად გადაიხადა ქონების ღირებულება. შესაბამისად, სააღსრულებო ბიუროს სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე, ევალებოდა მისი ინტერესის გათვალისწინება, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით (განხორციელებული ქმედებით) პირის (მოცემულ შემთხვევაში შპს ,,გ--------------ის) კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად არ აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც მიღებული იქნა იგი. განსახილველ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია ამ კუთხითაც სრულიად დაუსაბუთებელია.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებს და განმარტავს, რომ ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო ინსტანციაში, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურიმ თავი ვერ გაართვა მისთვის კანონით დაკისრებულ მტკიცების ვალდებულებას, ვერ დაადასტურა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება იმ მიზნით, რა მიზნითაც მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება, რაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის ქმედების - №A1------- სააღსრულებო საქმის შეჩერების უკანონოდ ცნობის საფუძველია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა საკითხი, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -