განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.02.2018
საქმის ნომერი
010210016001507518
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001507518

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-867-2017 16 იანვარი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - გ---–----- გ-----–-ა

წარმომადგენელი - ჟ--–------–--------------ე

მოწინააღმდეგე მხარე - რ---–---- ჯ----–ი

წარმომადგენელი - ო----------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გ---–----- გ-----–-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2012 წლის 15 ნოემბერს გ---–----- გ-----–-ამ რ---–---- ჯ----–ს ერთი თვის ვადით ასესხა 5000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რ---–---- ჯ----–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, რ-------- ქ. №-- ბ. 5--ში. 2.2. 2014 წლის 9 ნოემბერს რ---–---- ჯ----–მა გ---–----- გ-----–-ას დაუბრუნა 5000 აშშ დოლარი. 2.3. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს სარგებელი უნდა გადაეხადა ყოველთვიურად. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 9 ნოემბერს რ---–---- ჯ----–მა გ---–----- გ-----–-ას დაუბრუნა 5000 აშშ დოლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელწერილის შედგენისას სარგებელზე მითითებული არ იყო იმიტომ, რომ იგი გადახდილი იყო მანამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა მიეღო კუთვნილი სარგებელი 3000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ 5000 აშშ დოლარიდან დარჩენილი 2000 აშშ დოლარი უნდა ჩაეთვალა ძირ თანხაში. ასე არ მოხდა იმიტომ, რომ მოსარჩელეს სარგებელი ყოველთვიურად მიღებული ჰქონა. მას მისაღები ჰქონდა მხოლოდ ძირი თანხა, რაც 2014 წლის 9 ნოემბერს მოპასუხისაგან მიიღო სრულად. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. 2.5. სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება არ მტკიცდებოდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა გ---–----- გ-----–-ამ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად და უსაფუძვლოდ მიიჩნია, თითქოსდა მოპასუხე რ---–---- ჯ----–მა მოსარჩელე გ---–----- გ-----–-ას გადაუხადა სარგებელი. 3.2. თუ ზეპირად გაცხადებული ფაქტები გასაზიარებელია მხოლოდ მაშინ, როცა მხარეები ზეპირად გაცხადებულ ფაქტებს სადაოდ არ ხდიან, ხოლო სადაოობისას, ფაქტების არსებობის დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება არაა საკმარისი, სასამართლოს სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა. 3.3. საქმეში წარმოდგელია აუდიტის მიერ გაცემული დასკვნა, სადაც მითითებულია ზიანის ოდენობა მინიმალური და მაქსიმალური ოდენობით. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სს 37-ე მუხლი, არასწორად განმარტა და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სს 37-ე მუხლი, არასწორად განმარტა, საქმის მასალებით კი დადგენილია რომ მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნული მუხლების მოთხოვნას აკმაყოფილებს. რადგანაც არსებობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ხელწერილი მხოლოდ ძირი თანხის 5000 აშშ დოლარი-ის დაბრუნებაზე, ხოლო სარგებლის გადახდა არ დასტურდება არც ერთი ფორმით. 3.4. სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სს 319, 316-ე, 394-ე, 411-ე, 102-ე მუხლი, მაგრამ არასწორად განმარტა და უკანონო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც საქმის მასალებით არ დასტურდება სარგებლის გადახდა, ხოლო მოწმე ბადრი ჯ----–ი არის მოპასუხე რ---–---- ჯ----–ის ძმა და მის ინტერესში შედის ძმის გამართლება, რომელიც არ დასტურდება სამართლებრივად, აღიარება მხოლოდ ზეპირი განმარტებით მისაღებია თუ მას მოდავე მხარეები აღიარებენ. 3.5. რადგანაც რ---–---- ჯ----–მა გ---–----- გ-----–-ას შეთანხმებით გათვალისწინებულ, ერთ თვის ვადაში არ დაუბრუნა 5000 აშშ დოლარი და დაუბრუნა მხოლოდ 2 წლის შემდეგ, სახეზე გვაქვს სსკ 394 მუხლით (ასევე სხვა მუხლების) გათვალისწინებული ვალდებულების მოთხოვნის წარმოშობა, რაც სასამართლომ არასწორად განმარტა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2012 წლის 15 ნოემბერს გ---–----- გ-----–-ამ რ---–---- ჯ----–ს ერთი თვის ვადით ასესხა 5000 აშშ დოლარი. 4.2. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რ---–---- ჯ----–ის კუთვნილი უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №0------------------. 4.3. სესხით სარგებლობისათვის მოვალეს აპელანტისათვის უნდა გადაეხადა ყოველთვიური სარგებელი, სესხის თანხის 5%-ის ოდენობით. 4.4. 2014 წლის 9 ნოემბერს რ---–---- ჯ----–მა აპელანტს სესხი სრულად დაუბრუნა. სამართლებრივი დასაბუთება 4.5. უდავოდ არის დადგენილი, რომ მხარეთა შორის დადებული იყო სესხის ხელშეკრულება. 4.6. მხარეები ადასტურებენ, რომ სესხს ერიცხებოდა სარგებელი. მართალია, აპელანტის განმარტებით, ვალს სარგებელი უნდა დარიცხვოდა 2012 წლის 15 ნოემბრიდან ორი თვის გასვლის შემდეგ, თუმცა ამას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან აპელანტი ითხოვს არა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებას, არამედ ზიანის ანაზღაურებას 5000 აშშ დოლარის შეთანხმებულ ვადაში დაუბრუნებლობის გამო. 4.7. 2014 წლის 9 ნოემბერს რ---–---- ჯ----–მა აპელანტის წინაშე ვალდებულება შეასრულა და აპელანტმა გადასცა დოკუმენტი ვალის მიღების შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ “მე გ---–--------–--მ რ---–---- ჯ----–ის ბინაზე მქონდა იპოთეკით ჩადებული 5000$ (ხუთიათასი დოლარი) ბინა მდებარეობს რ-------- ქ. 1- ბ. 5-. 09.11.2014 წ. რ---–---- ჯ----–მა დამიბრუნა ძირი თანხა 5000$ (ხუთიათასი დოლარი) თანხა მივიღე”. 4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე კოდექსის 430-ე მუხლის მიხედვით, კი კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს. 4.9. ნათელია, რომ აპელანტის მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაცემული საბუთი კანონით გათვალისწინებულ ყველა მონაცემს შეიცავს. ამის შესაბამისად, ამ დოკუმენტით მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი უტყუარად დასტურდება. 4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალის მიღების შესახებ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც არაფერია ნათქვამი პროცენტის შესახებ, გულისხმობს, რომ პროცენტიც გადახდილია და ფულადი ვალდებულებაც მთლიანად შეწყვეტილია. 4.11. 2014 წლის 9 ნოემბრის საბუთში პროცენტის შესახებ არაფერია ნათქვამი, ამის გამო, კანონის საფუძველზე, იგულისხმება, რომ 2012 წლის 15 ნოემბრიდან 2014 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით მოწინააღმდეგე მხარემ აპელანტს პროცენტი სრულად გადაუხადა. 4.12. აღნიშნულის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, მას კი თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.13. აპელანტის განმარტებით, მის მიერ მისაღები სარგებელი 3000 აშშ დოლარს შეადგენდა, მოწინააღმდეგე მხარის თქმით კი ყოველთვიურად გადასახდელი სარგებელი სესხის 5%, ე.ი. 250 აშშ დოლარი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა აპელანტის მოთხოვნას აღემატება. 4.14. ეს კი ნიშნავს, რომ აპელანტს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებელი მიღებული აქვს და მას ზიანი არ განუცდია. 4.15. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, არსებითად, სწორია და მისი შეცვლის საფუძვლები არ არსებობს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. გ---–----- გ-----–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე