განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001614659
საქმე №2ბ/6345-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: გოდერძი გიორგიშვილი
მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ ცისკარიშვილი
აპელანტი - შპს „სა------------------------------–---ი“
წარმომადგენელი - და-----------–-------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ლა–-------–---ე
წარმომადგენელი - კო---------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - სესხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ლა–-------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „სა------------------------------–---ს“ ლა–-------–---ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 20 600 ლარი.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 3 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების 1.1. პუნქტის მიხედვით (რომელსაც მოპასუხის სახელით ხელს აწერდა ი. ორ------ი, როგ----ც საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი), გამსესხებელი გადასცემდა მსესხებელს 40 000 ლარს პროცენტიანი სესხის სახით, 7 თვის ვადით. ხოლო მსესხებელი მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას სრულად ან განაწილვადებით საჭიროებისამებრ მოთხოვნის შესაბამისად.
2.2. 2015 წლის 3 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა მოპასუხემ სადავოდ გახადა იმაზე მითითებით, რომ ხელშეკრულება ხელმოწერილი იყო ი. ორ------ის მიერ, რომელიც არ წარმოადგენდა კომპანიის უფლებამოსილ პირს, რის გამოც არ შეიძლებოდა დადასტურებულად მიჩნეულიყო სასესხო ურთიერთობა.
სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება სასესხო ურთიერთობის არ არსებობის შესახებ და მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელემ დაადასტურა სესხის ხელშეკრულების დადების (სესხის გადაცემის) ფაქტი, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია და ვერ გააქარწყლა სესხის არსებობის პრეზუმფცია საწინააღმდეგო, სარწმუნო და დამაჯერებელი ფაქტებითა და მტკიცებულებით. ამგვარი დასკვნის საფუძველი სასამართლოს მისცა შემდეგი ფაქტების ერთობლიობა,:
- მოპასუხემ 2015 წლის 4 დეკემბრიდან 2016 წლის 29 მარტის თვის ჩათვლით მოსარჩელისაგან მიიღო სხვადასხვა ოდენობის თანხა. კერძოდ: 04.12.2015წ. მიიღო 27 000 ლარი; 28.12.2015წ. მიიღო 2 600 ლარი; 29.03.2016წ. მიიღო 10 000 ლარი (იხ. შემოსავლის ორდერები);
- მოპასუხეს აღნიშნული თანხები მიღებული აქვს სესხად, რაც დასტურდება სალარო შემოსავლის ორდერებით (კომპანიის ანგარიშის ბარათით, რაც მოიცავს 01.01.2015წ.-დან 12.06.2016წ.-მდე ბრუნვის პერიოდს) და უშუალოდ მოპასუხე კომპანიის ბუღალტერის მიერ დამოწმებული ცნობით, რომლის ნამდვილობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. კერძოდ, სალარო შემოსავლის ორდერებში, თანხის ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებული იყო სესხის ხელშეკრულება. ხოლო 13.06.2016წ. მოპასუხე საზოგადოების მიერ გაცემული ცნობით, რომელსაც ხელს აწერდა ბუღალტერი შ. ბო-–----ე, დადასტურებული იყო 2016 წლის 1 ივნისის მდგომარეობით მოსარჩელის მიმართ არსებული სასესხო დავალიანება 20850 ლარის ოდენობით.
- მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ცნობის გაცემის შემდგომ მოპასუხემ მას გადაუხადა 250 ლარი და ამიტომ, მოპასუხის მიერ გადაუხდელი თანხის ოდენობა შეადგენს - 20 600 (20850-250) ლარს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.4. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (სკ-ის 316.1 მუხლი). ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სკ-ის 317.1 მუხლი). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.
2.5. აღძრული სარჩელის პირობებში, ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა, მისივე განმარტებით, გამომდინარეობდა სესხის ხელშეკრულებიდან, რომლის არსებობას მოპასუხე უარყოფდა და სადავოდ ხდიდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობას. ამიტომ, მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სესხის ხელშეკრულებად კვალიფიკაციისათვის, აუცილებელია შეფასება მიეცეს საკითხს იმის შესახებ, თუ რამდენად სწორად შეარჩია მოსარჩელემ სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი (მტკიცების საგანი) და საქმეზე დადგენილი ფაქტები შესაბამისობაშია თუ არა ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების (სკ-ის 623-624-ე მუხლები) აბსტრაქტულ აღწერილობასთან.
2.6. სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. შესაბამისად, იმისათვის, რომ ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებად დაკვალიფიცირდეს უნდა არსებობდეს შემდეგი კუმულაციური წინაპირობები: ა. გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემა; ბ. მსესხებლის მხრიდან ვალდებულების აღება, რომ იგი დააბრუნებს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთს. აღსანიშნავია ისიც, რომ სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს და მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის შერჩევაში.
2.7. სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის (სესხის გადაცემის) დადასტურების ტვირთი აკისრია გამსესხებელს, ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი კი, მსესხებელს. ამგვარი დასკვნის საფუძველია, როგ----ც საპროცესო (სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლები), ისე მატერიალური ნორმა (სკ-ის 624-ე მუხლი), რომლებიც სრულ თანხვედრაშია და მხარეთათვის მტკიცების ტვირთის განაწილების განსხვავებულ წესს არ ადგენენ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა სესხის ხელშეკრულების დადების (სესხის გადაცემის) ფაქტი, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია და ვერ გააქარწყლა სესხის არსებობის პრეზუმფცია საწინააღმდეგო, სარწმუნო და დამაჯერებელი ფაქტებითა და მტკიცებულებით. ამიტომ, იმ პირობებში, როცა დადგენილი იყო მოპასუხის მიერ სესხის მიღების ფაქტი და დაუდასტურებელი იყო მისი დაბრუნება, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი სახეზეა. ამასთან, ასეც რომ არ იყოს, ფაქტია, რომ მოპასუხეს მიღებული თანხა დაბრუნებული არ ჰქონდა რის გამოც სკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახეზე იყო გადაცემული თანხის მოსარჩელისთვის დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია სესხის ხელშეკრულების დადება მხარეთა შორის, მაშინ როდესაც კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებას ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი, იგ---- ორ------ი, ხოლო ე.წ. მსესხებელი, ლა–-------–---ე გახლდათ საზოგადოების დირექტორის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი და ადგილი ჰქონდა თვალთმაქცური გარიგების დადებას კომპანიის ფინანსების დაუფლების მიზნით.
3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა მათი არგუმენტაცია სასესხო ურთიერთობის არ არსებობის შესახებ და სალაროს შემოსავლების ორდერების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის არგუმენტაცია. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ იგნორირება გაუკეთა მათ არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დო-–---ე ასრულებდა დირექტორის ფუნქციებს კომპანიაში და ნებისმიერი მანიპულაციის გამოყენებით შეეძლო ვალდებულების ხელოვნური წარმოშობა, სასამართლომ მათი მსჯელობა დო-–---ის დირექტორის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებდა წარმომადგენლობის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების მსჯელობის საგნადაც არ გახადა.
3.3. აპელანტი მიუთითებს ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე და განმარტავს, რომ მოსარჩელის არაკეთილსინდისიერი მოქმედებების შედეგად დადგინდა კომპანიის საზიანოდ ჩადენილი დანაშაულებების ფაქტი, რის გამოც მოპასუხე მხარე ცნობილი იქნა დაზარალებულად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.- 2.7. პუნქტები).
4.2. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულეა არ დადებულა იმაზე მითითებით, რომ ხელშეკრულებას აპელანტის სახელით ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ 2015 წლის 4 დეკემბრიდან 2016 წლის 29 მარტის თვის ჩათვლით მოსარჩელისაგან მიიღო სხვადასხვა ოდენობის თანხა. კერძოდ: 04.12.2015წ. მიიღო 27 000 ლარი; 28.12.2015წ. მიიღო 2 600 ლარი; 29.03.2016წ. მიიღო 10 000 ლარი (იხ. შემოსავლის ორდერები, ტ. І, ს.ფ. 13-16)
საქმეში წარმოდგენილი სალარო შემოსავლის ორდერებით, კომპანიის ანგარიშის ბარათით, (რაც მოიცავს 01.01.2015წ.-დან 12.06.2016წ.-მდე ბრუნვის პერიოდს) და უშუალოდ მოპასუხე კომპანიის ბუღალტერის მიერ დამოწმებული ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხეს ზემოთ მითითებული თანხები მიღებული აქვს სესხად (ტ. І, ს.ფ. 13-16, 19). სალარო შემოსავლის ორდერებში, თანხის ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია სესხის ხელშეკრულება. ხოლო 13.06.2016წ. მოპასუხე საზოგადოების მიერ გაცემული ცნობით, რომელსაც ხელს აწერს ბუღალტერი შ. ბო-–----ე, დასტურდება 2016 წლის 1 ივნისის მდგომარეობით მოსარჩელის მიმართ არსებული სასესხო დავალიანება 20850 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს რეალურ ხელშეკრულებას, რომელიც დადებულად ითვლება სესხის გადაცემის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, ზემოთ მითითებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ერთობლიობაში კვლევის შედეგად, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 20850 ლარი, შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოიშვა სასესხო ურთიერთობა.
4.3. მოსარჩელის განმარტებით დგინდება, რომ მოპასუხემ მას დავალიანების ცნობის გაცემის შემდგომ გადაუხადა 250 ლარი.
ამდენად, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „სა------------------------------–---ის“ სასეხო დავალიანება ლა–-------–---ის მიამართ შეადგენს 20 600 (20850-250) ლარს, რისი გადახდაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „სა------------------------------–---ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
გოდერძი გიორგიშვილი