განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210016001584109
საქმე №2ბ/5331-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ ცისკარიშვილი
აპელანტი - კ/ს კი-------------------ა
წარმომადგენელი - თე-------ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ნო----ი“
წარმომადგენელი - გე-–-------------–---–ი (დირექტორი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
შპს „ნო----ის“ სარჩელი მოპასუხე კ/ს კი-------------------ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე კ/ს კი-------------------ას მოსარჩელე შპს „ნო----ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 17 632.64 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. შპს „ნო----ი“ 2012 წლიდან პროდუქტებით ამარაგებდა კ/ს კი-------------------ას, რომლის სანაცვლოდ მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.
2.2. კ/ს კი-------------------ას შპს „ნო----ი“-სათვის გადახდილი აქვს 2014 წლის 30 იანვარს მიწოდებული პროდუქციის საფასური 351.62 ლარის ოდენობით.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.3. შპს „ნო----ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 17632.64 ლარის დაკისრების ნაწილში დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით, თუმცა მოპასუხე კ/ს კი-------------------ის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების რაიმე საწინააღმდეგო დოკუმენტი, რითაც დაადასტურებდა, რომ მოპასუხის მიერ ნამდილად იქნა გადახდილი აღნიშნული დავალიანება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის 20 აგვისტოდან შპს „ნო----ის“ ძირითად სამეწარმეო საქმიანობას წარმოადგენს გაყინული ხორც-პროდუქტების რეალიზაცია, მათ შორის, შპს „ნო----ი“ 2012 წლიდან პროდუქტებით ამარაგებდა კ/ს კი-------------------ას, რომლის სანაცვლოდ მოპასუხე თანხას უხდიდა მოსარჩელეს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ კ/ს კი-------------------ამ შეწყვიტა თანხის გადახდა და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2013 წლის 21 აგვისტოს და 22 აგვისტოს დარიცხული დავალიანება 445.62 ლარის ნაწილში ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლოს შეფასებით, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ელემენტს, რომლებსაც უკავშირდება მოთხოვნის წარმოშობის დრო: პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ ან/და უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. პირველ შემთხვევაში, არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, არ არსებობს ის ფაქტები, რომლებიც პირდაპირ უთითებს მისი უფლების დარღვევის შესახებ ცოდნაზე, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ თავისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის პროდუქციის მიწოდება მოხდა 2013 წლის 21 და 22 აგვისტოს, შესაბამისად, მოსარჩელისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო არსებული დავალიანების თაობაზე, აღნიშნული დავალიანება მოსარჩელემ სადავო გახადა მხოლოდ 2016 წლის 04 ნოემბერს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ნო----მა“ გაუშვა მოცემული საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის როგორც სპეციალური, ასევე ზოგადი ვადები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ კ/ს კი-------------------ამ მოსარჩელეს გადასცა მხარეთა შორის შეთანხმებული პროდუქცია, თუმცა მოპასუხის მხრიდან ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ სანაცვლოდ მან მოსარჩელეს გადაუხადა თანხა, გარდა 2014 წლის 30 იანვარს მიწოდებული პროდუქციის საფასურისა - 351.62 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლომ ჩათვალა, რომ სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების მოთხოვნით ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს ვალდებულები თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით, არცერთი დოკუმენტით არ დგინდება. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი კ/ს კ----------------------ს დაეკისრა 17632.64 ლარის გადახდა ისე, რომ შპს „ნო----ს“ ზედნადების გარდა, მოთხოვნის გასამყარებლად არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი არ წარუდგენია: არც შედარების აქტი, არც შემოსავლის ო----ერი, ან დავალიანების შესახებ წერილი მაინც, საიდანაც გამოჩნდებოდა რა დროიდან დაირღვა გადახდები და რამდენი ჰქონდა გადასახდელი, რითაც გაამყარებდა თავის მოთხოვნას.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად არ ჩათვალა გადახდილად მიწოდებული საქონლის საფასური. ბევრი გადახდა აცილებულია სასაქონლო ზედნადებით გამოწერილ მიწოდებას და გადახდის დროს ამის დამთხვევა შეუძლებელია, ვინაიდან მხარეები არიან სამეწარმეო ურთიერთობაში და მათი ურთიერთობა და ფინანსური ანგარიშწორება პერიოდულად ხორციელდებოდა ეგრედ წოდებულ „ნისიაზე“ ანუ მიწოდება ხორციელდებოდა სხვა დროს და გადახდა მიწოდებულ საქონელზე სხვა დროს, აქედან გამომდინარე მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით მიწოდებულ საქონელზე გადახდის დრო და გადახდილი თანხები ცდება დროში ერთმანეთს, მხოლოდ ამით გადახდის შეუსრულებელი ვალდებულების წარმოშობის დადგენა შეუძლებელია.
აპელანტის განმარტებით, ორივე მხარეს ჰქონდა წარმოდგენილი ცხრილის სახით შიდა საბუღალტრო აღრიცხვები 2012 წლიდან 2015 წლამდე ჩანაწერი, მტკიცებულების სახით, სადაც გაწერილი იყო დეტალურად მათი სამეწარმეო ურთიერთობა. შპს „ნო----ის“ ცხრილში როგორც ვალი ისე იყო გატარებული რამოდენიმე გადახდის ჩეკი, რომელიც გადახდილი ჰქონდა კ-------ს. სასამართლომ მხოლოდ ერთი გადახდა მიიჩნია გადახდილად, კერძოდ, 2014 წლის 30 იანვრის, რომელიც სასაქონლო ზედნადებს ნომერსა და თარიღზე დაემთხვა გადახდის ქვითარი. მხარის მოსაზრებით, არც ეს შეფასებაა მართებული, რადგან სავაჭრო ურთიერთობისას არსებობს ეგრედწოდებული „ნისია“, აქედან გამომდინარე ნაწილ-ნაწილ ხდებოდა სასაქონლო ზედნადებით მიწოდებულ პროდუქციაზე თანხის გადახდა, მიწოდება და გადახდა სხვადასხვა დროს ხორციელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიწოდებაზე სრულად აქვს გადახდილი კ/ს კ----------------------ს, ამას ვერ დაადასტურებს ვერცეთ მიწოდებაზე და კრედიტორს შეუძლია განმეორებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, რაც გამოიწვევს უსაფუძვლო გამდიდრებას.
ამიტომ საქმისათვის მნიშვნელოვანია იმ დოკუმენტების წარდგენა რასაც წარმოადგენს: შედარების აქტი, შემოსავლის ო----ერი, სალარო აპარატის ზეტ ანგარიშის წარდგენა, ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რაც სასამართლოს დაეხმარება ჭეშმარიტების დადგენაში.
მხარის განმარტებით, ყველა ამ დოკუმენტის წარდგენა კ/ს კი-------------------ისაგან შეუძლებელია. წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია კომპიუტერის და იმ ჩანაწერების განადგურება, რაც შესაძლოა გამოსადეგარი ყოფილიყო ამ კონკრეტულ საქმეში, როგორც მტკიცებულება. მისივე განმარტებით, კომპიუტერი ჩააბარა სამხარაულის ექსპერტიზას, და ასევე სურათების სახით წარმოადგინა ის ჩანაწერები რაც განადგურდა.
3.3. აპელანტის მოსაზრებით, მართალია სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპით და შეეძლო მას წარმოედგინა მტკიცებულებები, რაც ვერ განახორციელა, რადგან მისი მარწმუნებელი ბატონი ბ--------------ე გადის სამკურნალო რეაბილიტაციას პერიოდულად მკაცრი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მისი ავადმყოფობა დაკავშირებულია თავის ტვინსა და ნევროლოგიასთან, შესაბამისად მისთვის ემოციური და ნერვიული დატვირთვა შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს, ამიტომ ამ საქმესთან დაკავშირებით რწმუნებულისთვის არ იყო ხელმისაწვდომი ისეთი დოკუმენტები, რომლებიც ამ კონკრეტულ საქმეში მას გამოადგებოდა როგორც კონტრარგუმენტი. მხარის მონაწილეობის გარეშე მიუწვდომელი იყო როგორც იმფორმაცია ისე მტკიცებულებები. მაგრამ არც შპს „ნო----ის“ მოთხოვნა იყო გამყარებული შესაბამისი დოკუმენტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, მხოლოდ იმ მტკიცებულებით, რაც შპს ნო----მა წარმოადგინა არ შეიძლებოდა დაკმაყოფილებულიყო და 17632.64 ლარის გადახდა დაკისრებოდა კ/ს კი-------------------ას.
3.4. რაც შეეხება გადახდის დადასტურებას კ/ს წარმოდგენილი აქვს ცხრილი რომელიც იდენტურია შპს „ნო----ის“ შიდა საბუღალტრო ცხრილისა და უფრო ნათელს ხდის ამ საქმის არსს. რაც შეეხება ქვითრების წარდგენას, ჩეკის სტრუქტურული შემადგენლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მასზე დატანილი ინფორმაცია წაკითხვადი იყოს გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათზე მიცემულ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.4. პუნქტები).
4.2. სააპელაციო პალატას მხარეთა განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი ზედნადებების საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ 2012 – 2015 წლებში შპს „ნო----ი“ ანაზღაურების სანაცვლოდ ხორცპროდუქტებს აწვდიდა კ/ს კი-------------------ას.
4.3. საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით და აპელანტის მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დასტურდება, რომ შპს „ნო----მა“კ/ს კი-------------------ას მიაწოდა 17632.64 ლარის ღირებულების პროდუქცია.
4.4. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა 17632.64 ლარის ღირებულების პროდუქციის ნასყიდობის საფასურის გადახდის ფაქტობრივი გარემოება.
საქრთველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში ნასყიდობის საფასურის გადახდის მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეზეა, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მისი განხორციელება ვერ უზრუნველჰყო.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ, მოსარჩელის მიერ მიწოდებული 17632.64 ლარის ღირებულების პროდუქციის ღირებულების გადახდის ფაქტი, შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ/ს კი-------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
გოდერძი გიორგიშვილი