განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.03.2018
საქმის ნომერი
030210117001849799
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
01.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030210117001849799

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-989-2017 23 იანვარი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - თ----–--- ს-------

მოწინააღმდეგე მხარე - სს ს----------–--------ი

წარმომადგენელი - გ--------–-----ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს ს----------–--------ის სარჩელი თ----–--- ს-------ს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე. მოპასუხე თ----–--- ს-------ს მოსარჩელე სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისრა 2527,98 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 979,61 ლარი, სარგებელი - 910,37 ლარი, საკომისიო 390 ლარი და ჯარიმა - 248 ლარი. მოპასუხე თ----–--- ს-------ს მოსარჩელე სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისრა გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის 150 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს ს----------–--------ისა და სს პ-----------ის შერწყმა. შესაბამისად, სს ს----------–--------ი წარმოადგენს სს პ-----------ის უფლებამონაცვლეს. 2.2. 2011 წლის 21 მაისს სს პ-----------სა და თ----–--- ს-------ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N1------------------, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1500 ლარიანი ლიმიტით, ერთი წლის ვადით (განახლებადი), წლიური საპროცენტო სარგებლის 36%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს თანხის 1%-ს. 2.3. მოპასუხეს სესხის ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რის გამოც 2017 წლის 16 მარტის მდგომარეობით მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის მიმართ, 4765,21 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 979,61 ლარი, სარგებელი 910,37 ლარი, საკომისიო - 390 ლარი და პირგასამტეხლო - 2485,23 ლარი. 2.4. 2015 წლის 18 ნოემბერს სს ს----------–--------ის მიერ თ----–--- ს-------ს მიმართ სესხზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილ იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ რესპოდენტს მხრიდან წარმოდგენილი იქნა პროტესტი, რაც სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს ბრძანების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირი თანხის - 910,37 ლარის დაკისრებისა და გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის 150 ლარის დაკისრების ნაწილში. 2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. მხარეებმა დადეს რა საკრედიტო ხელშეკრულება, იკისრეს: კრედიტორმა სასყიდლიანი კრედიტის გაცემის, ხოლო მსესხებელმა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. მოპასუხეს ხელშეკრულებით ეკისრებოდა წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება, მას სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. სასამართლომ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ კრედიტორს ჰქონდა უფლება მოსთხოვა მოპასუხისაგან ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის გადახდა. 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო 2485,23 ლარის ოდენობით იყო შეუსაბამოდ მაღალი და იგი შეამცირა 248 ლარამდე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ----–--- ს-------მ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. აპელანტმა სს ტ------------ ბანკის უნივერსალური საკრედიტო ბარათისათვის საკრედიტო ლიმიტი მიუთითა 1500 ლარი, თუმცა საბოლოო საკრედიტო ლიმიტი 2013 წლის მდგომარეობით დამტკიცდა 980 ლარი. დაკისრებული 979,61 ლარი იწვევს ეჭვს და ის არასწორად არის დაანგარიშებული. საკომისიო არ არის სწორად დაანგარიშებული. 3.2. ამონაწერით დგინდება, რომ სანამ არსებობდა ტ------------ ბანკი, ანუ როდესაც მოხდა ბანკების შერწყმა, შემოსრული და გასული თანხის ჯამი შეადგენს 0 ლარს, ანუ არ მომხდარა არანაირი პროცენტის, ჯარიმისა და საკომისიოს დარიცხვა. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელის უნდა გამოეყენებინა, არასწორად დაიანგარიშა როგორც ძირი თანხა, ასევე სარგებელი და საკომისიო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2011 წლის 21 მაისს სს პ-----------სა და თ----–--- ს-------ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1500 ლარიანი ლიმიტით. სესხის სარგებელი განისაზღვრა 36%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა თანხის 1%-ს. 4.2. აპელანტს სესხის ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, თუმცა მან დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რის გამოც 2017 წლის 16 მარტის მდგომარეობით მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ იყო 4765,21 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხა შეადგენდა 979,61 ლარს, სარგებელი 910,37 ლარს, საკომისიო - 390 ლარს და პირგასამტეხლო - 2485,23 ლარი. 4.3. 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს ს----------–--------ისა და სს პ-----------ის შერწყმა. 4.4. 2015 წლის 18 ნოემბერს სს ს----------–--------მა აპელანტის მიმართ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების დაწყების მიზნით, თუმცა ამის საპასუხოდ რესპოდენტმა წარადგინა პროტესტი. სამართლებრივი დასაბუთება 4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.5.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე, 420-ე, 867-ე, 867-ე მუხლების საფუძველზე მართებულად დააკმაყოფილა მოთხოვნა. 4.6. პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა. 4.6.1. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები აპელანტს პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია. 4.6.2. მეტიც, მან სესხის ძირითადი თანხის, საკომისიოსა და გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილი თანხის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნო. 4.6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებს... რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. 4.6.4. ამის შესაბამისად, აპელანტის მიერ ახალ ფაქტებზე მითითება დაუშვებელია და სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი ისინი მიიღოს. 4.7. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, სააპელაციო საჩივარში აღნიშნული გარემოებები არც საქმის მასალებით დასტურდება. 4.8. აპელანტის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ ბანკის მიერ გაცემული საკრედიტო ბარათით იგი პერიოდულად სარგებლობდა და ბოლოს თანხა, 71 ლარი ანგარიშზე შეიტანა 2013 წლის 31 მაისს. ამ დროისათვის, მისი დავალიანება შეადგენდა 947,61 ლარს. აპელანტის მიერ ანგარიშზე შეტანილი თანხიდან 29,97 ლარი ჩაითვალა საპროცენტო სარგებლის ანგარიშში, 2013 წლის 5 ივნისს კი მან, დამატებით, დახარჯა 30 ლარი. 4.8.1. ამის შესაბამისად, 2013 წლის 5 ივნისისათვის აპელანტის დავალიანება მოწინააღმდეგე მხარის მიმართ შეადგენდა 1009,58 ლარს, თუმცა აღნიშნული თანხა მოიცავდა პროცენტის სახით დარიცხულ 29,97 ლარსაც. ამიტომ, საბოლოოდ, აპელანტის დავალიანებამ მოწინააღმდეგე მხარის მიმართ შეადგინა: 1009,58-29,97=979,61 ლარი, ანუ სარჩელით მოთხოვნილი თანხა. 4.9. როგორც აღინიშნა, ხელშეკრულების თანახმად, აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა სარგებელი, ყოველთვიურად, სესხის ძირითადი თანხის 3%-ის, ე.ი. წლიური 36%-ის ოდენობით. 4.9.1. საქმეში არსებული ფორმიდან დგინდება, რომ მხარეთა შორის დადებული „უვადო“ ხელშეკრულება. ეს კი ნიშნავს, რომ ვალის დაბრუნებისათვის დრო განსაზღვრული არ ყოფილა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, აპელანტს იგი უნდა დაებრუნებინა კრედიტორის მხრიდან მისი მოთხოვნისთანავე. 4.9.2. კრედიტორმა ვალის დაბრუნება მოითხოვა 2017 წლის 8 მარტს, ხოლო 2013 წლის 1 ივლისიდან აპელანტს სარგებელი აღარ გადაუხდია. 4.9.3. ამრიგად, აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის სარგებელი უნდა გადაეხადა 2013 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 8 მარტამდე პერიოდისათვის. ამ პერიოდში გადასახდელი სარგებელი. 979,61 ლარის წლიური 36% კი მოსარჩელის მიერ სარგებლის სახით მოთხოვნილ თანხას აღემატება. 4.10. პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული იყო ორი სახის პირგასამტხელო - საურავი დავალიანების არადროული დაფარვისათვის და ჯარიმა, საკომისიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერ ფულად ვალდებულებაზე გადახდების ვადების 30 დღეზე მეტი ვადით დარღვევისათვის. 4.10.1. ამის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტისათვის დაკისრებული საკომისიო, 390 ლარი, შინაარსობრივად, არის პირგასამტეხლო. 4.10.2. ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული აქვს 390+248=638 ლარის გადახდა, რაც, პალატის აზრით, დარღვეული ვალდებულების მოცულობას და დარღვევის პერიოდს სავსებით შეესაბამება. 4.11. პალატა არ ეთანხმება აპელანტს, რომ მას მოწინააღმდეგე მხარის მიმართ დავალიანება არ აქვს. 4.11.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება შესრულებით წყდება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ვალდებულების შესრულების ფაქტზე აპელანტს არც კი მიუთითებია. 4.12. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 144 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სს ს----------–--------ი სს პ-----------ის სამართალმემკვიდრეა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, იგი უფლებამოსილია აპელანტისაგან ვალდებულების შესრულება მოითხოვოს. 4.13. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. თ----–--- ს-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე