განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015002138594
საქმე №2ბ/5923-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 იანვარი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
გოდერძი გიორგიშვილი
ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი
აპელანტი – ააიპ გ------–----------–--------- და ს---–-------------------- საერთაშორისო ფონდი „ხ----“
წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ გ---–---- ფ-----–--ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი -საავტორო უფლების დარღვევისათვის კომპენსაციის და მორალური ზიანის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
გ---–---- ფ-----–--ას (პ.ნ.0----------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე, ა(ა)იპ ,,განათლების, კულტურისა და ს---–----------------------- საერთაშორისო ფონდს ,,ხ---- “ (ს.ნ.2--------), მოსარჩელე გ---–---- ფ-----–--ას (პ.ნ.0----------) სასარგებლოდ საავტორო უფლების დარღვევისათვის , კომპენსაციის სახით დაეკისრა 1500 (ათასხუთასი ) ლარის გადახდა. მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე,ა(ა)იპ ,,გ------–-----------–-------------------–---------------------------------–----------------ს ,,ხ---- “ (ს.ნ.2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1 მოსარჩელე, გ---–---- ფ-----–--ა (ლიტერატურული ფსევდონიმი - გ----- ო-------ა) არის პოეტი და ავტორი ლექსებისა: ,,მ---–--–--“, ,,გ-------“ და ,,ა----------“.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ს.ფ.-ები: 17-32.
2.2 2013 წლის 28-29 სექტემბერს, ქ. ხ---–ი ჩატარდა სიმღერის მე-6 საერთაშორისო ფესტივალი ,,ს------------------–--ზე“, სადაც ავტორთან, მოსარჩელე გ------ ფ-----–--ასთან შეუთანხმებლად და ავტორის მიუთითებლად, საჯაროდ იქნა წაკითხული ზემოაღნიშნული ლექსები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სარჩელზე დართული ფესტივალის ვიდეოჩანაწერები CD დისკებზე (ს.ფ.40);
- ს.ფ.-ები: 33, 91.
2.3 ფესტივალის ჩატარებისას და მოსარჩელის ლექსების საჯარო შესრულებისათვის, მოპასუხეს რაიმე სახის შემოსავალი/მოგება არ მიუღია; ასევე არ მომხდარა მოსარჩელისათვის, სხვა ავტორისათვის და/ან შემსრულებლისათვის ჰონორარის გადახდა; ფესტივალი არ ატარებდა კომერციულ ხასიათს და ემსახურებოდა ქართული სიმღერების პოპულარიზაციას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სარჩელზე დართული ფესტივალის ვიდეოჩანაწერები CD დისკებზე (ს.ფ.40).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.4 მოპასუხის ინიციატივითა და ორგანიზებით, 2013 წლის 28-29 სექტემბერს, ქ. ხ---–ი ჩატარდა სიმღერის მე-6 საერთაშორისო ფესტივალი ,,ს------------------–--ზე“, სადაც ავტორთან, მოსარჩელე, გ------ ფ-----–--ასთან შეუთანხმებლად, საჯაროდ იქნა წაკითხული ლექსები: ,,მ---–--–--“, ,,გ-------“ და ,,ა----------“, რა დროსაც მოპასუხის მიერ იქნა შედგენილი ფესტივალის რეპერტუარი, მათ შორის, - შერჩეული იქნა ფესტივალზე წასაკითხი მოსარჩელის ლექსები.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება, რომ მოპასუხე, ა(ა)იპ ,,გ------–----------–--------- და ს---–----------------------- საერთაშორისო ფონდი ,,ხ----“ იყო მხოლოდ ზემოაღნიშნული ფესტივალის თანაორგანიზატორი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის, სამეგრელო-ზემო სვანეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულისა და ხ----ს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობასთან ერთად, და მისი ფუნქციები შემოიფარგლებოდა მარტოოდენ ფესტივალის ჩატარებისათვის ტექნიკური საკითხების მოგვარებით (სტუმრების დაბინავებით და ა.შ.) და რომ მას არ შეუდგენია ფესტივალის რეპერტუარი, რამდენადაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი კანონშესაბამისი, პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებები.
ს.ფ. 84-ზე არსებულ ტექსტს, რომლის სათაურზედაც მითითებულია ხ----ს მუნიციპალიტეტის გამგეობა, სასამართლომ აღნიშნა, რომ მას ვერ მიიჩნევდა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რამდენადაც არ დგინდებოდა ამ ტექსტის ავტორი და წყარო - ტექსტი არ შეიცავდა არანაირ ინფორმაციას, რომლითაც შეიძლებოდა მომხდარიყო მისი ავტორისა და განთავსების ადგილის (საჯარო განცხადება, გაზეთი, ვებ-გვერდი და ა.შ.) იდენტიფიცირება. შესაბამისად, რამდენადაც მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას და იმავდროულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 11/12/2015წ. N---------- წერილში უარყოფდა მისი მხრივ ამ ფესტივალის ორგანიზატორობას (ს.ფ. 98) და გარდა მოპასუხისა, ფესტივალის ავტორად არ მიუთითებდა სხვა რომელიმე პირზე, სასამართლო დადასტურებულად ჩათვალა, რომ 2013 წლის 28-29 სექტემბერს , ქ. ხ---–ი სიმღერის მე-6 საერთაშორისო ფესტივალი ,,ს------------------–--ზე “ ჩატარდა მოპასუხის ორგანიზატორობით , ხოლო მოსარჩელის კუთვნილი ნაწარმოებების - ლექსების : ,,მ---–--–-- “, ,,გ------- “ და ,,ა----------ი “ - საჯარო შესრულება მოხდა მოსარჩელის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, მოპასუხისვე მიერ შედგენილი რეპერტუარის , დადგმისა და რეჟისურის მიხედვით .
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ფესტივალის ვიდეოჩანაწერები CD დისკებზე (ს.ფ.40);
- ს.ფ.: 91, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 11/12/2015წ.
N---------- წერილის ფოტოასლი.
სასამართლო არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება, რომ ერთი ლექსის საჯაროდ შესრულებისათვის მოსარჩელე ჰონორარის სახით მიიღებდა მინიმუმ 1000 ლარს, რამდენადაც მას არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, მათ შორის, სხვა შემთხვევაში მოსარჩელის ლექს(ებ)ის საჯარო შესრულებისათვის/გამოქვეყნებისათვის ჰონორარის ოდენობის და/ან ამავე ფესტივალზე მოპასუხის მიერ სხვა ავტორისათვის ჰონორარის გადახდის, ასევე ა(ა)იპ ,,საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ მიერ მოსარჩელის ნაწარმოების გამოყენებისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული სატარიფო განაკვეთის ოდენობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რა შემოსავალი შეიძლებოდა მიეღო მას ზემოაღნიშნული ნაწარმოებების მართლზომიერად გამოყენებით ან რა ზიანი მიიღო, როგორც ავტორმა, მითითებული ქონებრივი უფლებების დარღვევის გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, რომელიც ადგენს სასამართლოს დისკრეციას განსაზღვროს კომპენსაციის ოდენობა, ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების სატისფაქციური, რეპრესიული და პრევენციული მიზნების შესაბამისად, მოპასუხეს, როგორც მოსარჩელის საავტორო უფლების დამრღვევს, პასუხისმგებლობის ზომის სახით უნდა დაკისრებოდა კომპენსაციის გადახდა, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში, საქმის მასალების შეფასება-ანალიზის საფუძველზე გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
სასამართლომ, ყველა გარემოების (რომ მოპასუხეს დარღვევის შედეგად არ მიუღია შემოსავალი, დარღვევის მასშტაბი და ხასიათი , მისი ბრალის ხარისხი და ა.შ.) მხედველობაში მიღებით, გაითვალისწინა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის ერთი ლექსის ერთჯერადი საჯარო შესრულებისათვის ჰონორარი არ შეიძლება ყოფილიყო 50 ლარზე ნაკლები. შესაბამისად , მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ , კომპენსაციის სახით , უნდა დაეკისრებოდა 1500 ლარის (თითოეულ ლექსზე 500 ლარის (50X10=500) გადახდა .
(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26/10/2010წ. გადაწყვეტილება საქმეზე Nას-353-329-2010 და 30/01/2015წ. განჩინება საქმეზე Nას-547-520-2013).
რაც შეეხება სარჩელს, მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი
(დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების 6.2. პუნქტი).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.
სასამართლომ მიუთითა ,,ლიტერატურული და მხატვრულ ნაწარმოებთა დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-2(1) მუხლზე, რომლის თანახმად, ტერმინი “ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებები” მოიცავს ყველა ნაწარმოებს ლიტერატურის, მეცნიერების და ხელოვნების დარგში, როგორი საშუალებითა და ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული. სასამართლოს მითითებით, ამავე კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, ამ კონვენციით დაცული ნაწარმოებების მიმართ ავტორები , კავშირის ქვეყნებში, ნაწარმოების წარმოშობის ქვეყნის გარდა, სარგებლობენ უფლებებით , რომლებიც მინიჭებული აქვთ ამჟამად და შესაძლოა მიენიჭოთ მომავალში მათ მოქალაქეებს ქვეყნის შესაბამისი კანონებით, ასევე, ამ კონვენციით სპეციალურად მინიჭებული უფლებებით. ამ უფლებებით სარგებლობა და მათი გამოყენება არ არის დაკავშირებული რაიმე ფორმალობის შესრულებაზე ; ასეთი სარგებლობა და გამოყენება არ არის დამოკიდებული ნაწარმოების წარმოშობის ქვეყანაში დაცვის არსებობაზე. აქედან გამომდინარე, ამ კონვენციის დებულებების გარდა, დაცვის ფარგლები, ისევე როგორც ავტორის უფლებების დასაცავად მინიჭებული ზიანის ანაზღაურების საშუალებები, რეგულირდება მხოლოდ იმ ქვეყნის კანონმდებლობით , რომელშიც მოითხოვება დაცვა. დაცვა წარმოშობის ქვეყანაში რეგულირდება ეროვნული კანონმდებლობით. 11 ter მუხლის პირველი პუნქტით, ლიტერატურის ნაწარმოებების ავტორებს აქვთ განსაკუთრებული უფლება ნება დართონ:(i) თავიანთი ნაწარმოებების საჯარო წაკითხვაზე, მათ შორის ნებისმიერი საშუალებით ან ხერხით განხორციელებული საჯარო წაკითხვის ჩათვლით ; (ii) თავიანთი ნაწარმოებების ნებისმიერი წაკითხვის საყოველთაო გაცნობისათვის საჯარო გადაცემაზე.
სასამართლომ მიუთითა ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად ავტორი „ავტორი” არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები , ხოლო ამ მუხლის ,,რ“ პუნქტით , „საჯარო შესრულებაა ” ნაწარმოების .... წარმოდგენა დეკლამაციის , თამაშობის , სიმღერის , ცეკვის ან სხვა სახით, უშუალოდ (ცოცხალი შესრულება ) ან ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით , ადგილზე (ადგილებზე ), სადაც საჯარო შესრულება შეიძლება აღქმულ იქნეს საჯარო გადაცემის აუცილებლობის გარეშე და სადაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. „ყ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კი შემსრულებელია მსახიობი, მომღერალი ან სხვა პირი, რომელიც თამაშობს როლს, მღერის ან სხვაგვარად ასრულებს ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებს და სხვ. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.
სასამართლომ მიუთითა ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით, ნაწარმოების ავტორის ქონებრივი უფლებაა ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით, ნიშნავს განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს .... ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების აკრძალვა). სასამართლოს მითითებით, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის, მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, საავტორო ჰონორარის ოდენობა... ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენებისათვის დგინდება, ერთის მხრივ, ავტორს, საავტორო უფლების სხვა მფლობელს ან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასა და, მეორე მხრივ, მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით.
სასამართლომ მიუთითა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად. ამავე კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საავტორო უფლებების მფლობელს უფლება აქვს დამრღვევისაგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სასამართლო. ამასთან, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში, უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები.
სასამართლომ მიუთითა ამავე კანონის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის არსი, უფლების მფლობელისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელიც შეეძლო მიეღო უფლების მფლობელს ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის მართლზომიერად გამოყენების შედეგად. ამავე კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით, თუ ადგილი აქვს ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის საჯარო შესრულებას, ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის კანონიერ გამოყენებაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოსარგებლეს, საჯარო შესრულების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით ფლობს ადგილს ან შენობას (მოედანი, სცენა, დარბაზი და სხვა), სადაც სრულდება საჯარო შესრულება. აღნიშნული წერილობითი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის კანონიერ გამოყენებაზე სოლიდარულად ეკისრებათ მოსარგებლეს, საჯარო შესრულების ორგანიზატორსა და იმ პირს, რომელიც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით ფლობს ადგილს ან შენობას (მოედანი, სცენა, დარბაზი და სხვა), სადაც სრულდება საჯარო შესრულება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 464-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ხოლო, 465-ე მუხლით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
სასამართლომ განმარტა , რომ ბერნის კონვენციის 11ter მუხლის პირველი პუნქტითა და ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით ავტორისათვის კანონით მინიჭებული პირადი ქონებრივი უფლებების განსაკუთრებულობა ნიშნავს მის უფლებას , განახორციელოს , ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენება .
სასამართლოს აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ხელყო მოსარჩელე გ---–---- ფ-----–--ას საავტორო ქონებრივი უფლებები : არ მიიღო მისგან შესაბამისი ნებართვა ნაწარმოებების საჯარო შესრულებისათვის (,, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ) და ავტორისათვის არ გადაუხდია ჰონორარი ნაწარმოების გამოყენებისათვის (ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ), რაც ნიშნავდა იმას , რომ იგი იყო მოსარჩელის საავტორო უფლების დამრღვევი .
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის, როგორც მოსარჩელის საავტორო უფლების დამრღვევისათვის, პასუხისმგებლობის დაკისრების მართებულობა გამომდინარეობდა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტების ნორმებიდან . ამასთან , საქმეზე სხვა სოლიდარულად პასუხისმგებელი პირ (ებ)ის არსებობის შემთხვევაშიც, მოსარჩელეს , საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად , უფლება ჰქონდა სარჩელი შეეტანა ერთ -ერთის წინააღმდეგ და მოეთხოვა მისთვის კომპენსაციის სრული ოდენობით გადასახდელად დაკისრება , რაც ამ შემთხვევაში განახორციელა კიდეც მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელის წარდგენით , რომელმაც თავის მხრივ დაადასტურა ავტორთან შეუთანხმებლად მისი ნაწარმოებების გამოყენების ფაქტი .
სასამართლომ მიუთითა ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლზე, რომელიც იმპერატიულად აწესებს ავტორის თანხმობისა და ჰონორარის გადახდის გარეშე ნაწარმოების გამოყენების უფლების შემთხვევებს , ისიც ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით. ასეთი პირობების არსებობას კი მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი იძლეოდა ცალსახა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იმის შესახებ , რომ მოპასუხის მიერ ხელყოფილი იყო მოსარჩელის, საავტორო ქონებრივი უფლება, რაც გამოიხატა მისი ნაწარმოებების უნებართვო შესრულებასა და ჰონორარის გადაუხდელობაში, რის გამოც მოპასუხის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო შესაბამისი ქონებრივი პასუხისმგებლობის ზომა სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ - მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით უნდა დაკისრებოდა 1500 ლარის გადახდა.
სასამართლო მიიჩნია, რომ მორალური ზიანის მიყენების შესახებ, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
სასამართლოს მიუთითა ბერნის კონვენციის მე-6 bis მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად ავტორის ქონებრივი უფლებებისგან დამოუკიდებლად და აღნიშნული უფლებების გადაცემის შემდეგაც კი, ავტორს აქვს უფლება მოითხოვოს ნაწარმოების ავტორად აღიარება და წინ აღუდგეს ამ ნაწარმოების ნებისმიერ გაუკუღმართებას, დამახინჯებას, ან სხვაგვარ ცვლილებას,ასევე ამ ნაწარმოების ნებისმიერ სხვა შელახვას, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ავტორის ღირსებას ან რეპუტაციას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი არ ეფუძნებოდ ავტორის არაქონებრივი უფლებების დარღვევის გამო მოსარჩელის ღირსების ან რეპუტაციის შელახვას, რა შემთხვევაშიც კონვენციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენდა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას - ადგილი არ ჰქონდა შესრულებული ნაწარმოებების გაუკუღმართებას, დამახინჯებას ან სხვაგვარ ცვილებას, ასევე ამ ნაწარმოებების ნებისმიერ სხვა შელახვას, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, არ არსებობდა მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.01.2012 განჩინებაზე,რომელშიც არის მნიშვნელოვანი განმარტება სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე (საქმე Nას-1156-1176-2011).
პალატამ განმარტა, რომ ,,საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ამ ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენას . კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ , სულიერ ტანჯვას , მაგრამ მისი ანაზღაურება განპირობებულია
მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში , ე.ი. კანონი პირდაპირ
განსაზღვრავს , თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის . ამდენად , კანონის მიზანია , შეამციროს , შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება , რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი “.
პალატის განმარტებით, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, სარჩელსა და საქმის ზეპირი განხილვისას, მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებაში მითითებული გარემოებები, რომ ფესტივალზე მოსარჩელის ლექსების უნებართვო შესრულებით იგნორირებული იქნა როგორც ავტორი, შელახული იქნა მისი ღირსება, სახეზე იყო უპატივცემლობა, აბუჩად აგდება, განიცადა შფოთი და ნერვიულობა, გარკვეული პერიოდი გული აიცრუა შემოქმედებით საქმიანობაზე, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს მორალური ზიანის მიყენებად, ვინაიდან მოსარჩელეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, თითქოს ფესტივალის ერთადერთი ორგანიზატორი იყო ფონდი ხ----. აღნიშნულს ადასტურებს როგორც საქმეში წარმოდგენილი მოსაწვევი, ასევე ამონაწერი ხ----ს მუნიციპალიტეტის გამგეობის საიტიდან. საიტიდან ამონაწერს ქვევით აქვს შტრიხი, რომელიც ადასტურებს რომ ის წარმოადგენს დასაშვებ მტკიცებულებას. ორივე მტკიცებულების შეფასებიდან ცხადი ხდება, რომ სახეზე იყო სხვა ორგანიზატორებიც. მით უფრო როდესაც ფესტივალის ორგანიზატორს წარმოადგენდა ასევე ქართული ხალხური სიმღერების საერთაშორისო ცენტრი, რომლის ხელმძღვანელს წარმოადგენს ბ-ნი ა-----------------–---–ი. აპელანტი აღნიშნავს, რომ სწორედ ის მოახდენდა რეპერტუარის შერჩევას და არა ფონდი ხ----, რომელიც მხოლოდ საორგანიზაციო მიმართულებას ხელმძღვანელობდა.
აპელანტი განმარტავს, რომ გ---–---- ფ-----–--ას მოთხოვნას წარმოადგენდა ზარალის ანაზღაურება. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა თავისი მოთხოვნა და ვერ მიუთითა მტკიცებულებაზე, რომელიც ზარალის ოდენობას დაადასტურებდა. უფრო მეტი, მან სასამართლო პროცესზე, კითხვების ეტაპზე, აპელანტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რა ოდენობის ანაზღაურება მიუღია სხვა, ანალოგიურ შემთხვევაში განმარტა, რომ მას არასოდეს არ მიუღია მსგავსი ანაზღაურება. შესაბამისად, ცხადია, მას არანაირი სახის ზიანი არ განუცდია.
აპელანტის განმარტებით, მათ დავის განმავლობაში მიუთითეს და სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება რომ გ---–---- ფ-----–--ას და ფონდ ხ---ს შორის არ იყო ურთიერთობის პირველი შემთხვევა. 2007 წელს გამოიცა წიგნი მეგრული პოეზია. აღნიშნული წიგნი მომზადდა და გამოიცა სპეციალურად ხ----ს მესამე საერთაშორისო ფესტივალისთვის ,,ს--------------------–--ზე". აღნიშნულ კრებულში ასევე შესულია ბ-ნი გ----- ო-------ას ლექსები. მათ შორის სადაოდ გამხდარი ლექსები. აღნიშული წიგნის გამოცემა მოხდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ადგილი ქონდა ფონდ „ხ---სა“ და გ----- ო-------ას შორის ზეპირსიტყვიერ მოლაპარაკებას. მას ანაზღაურება მოცემულ შემთხვევაშიც არ მიუღია. მხარეთა შორის არსებობდა კეთილგანწყობილი ურთიერთობა. რის ფონზეც, მოხდა აღნიშნული ლექსების საჯარო წაკითხვა.
აპელანტის განცხადებით სასამართლოს ზარალის ოდენობის დადგენისას უნდა გაეთვალისწინებინა საქმის უდავო გარემოებები და ფესტივალის მიზანი. ფონდ „ხ---ს“ არ მიუღია არანაირი კომერციული შემოსავალი. მისი მიზნები იყო საქველმოქმედო. მათ შორის მეგრული სიმღერების და ლექსების პოპულარიზაცია. აღნიშნული მიზანი მიღწეულ იქნა მოწინააღმდეგე მხარის შემთხვევაში.
აპელანტი უთითებს, რომ ფონდი „ხ----სათვის“ დაკისრებული თანხა არის შეუსაბამოდ დიდი და ის უნდა შემცირდეს. იგი შესაძლოა გამოიხატოს სიმბოლური თანხის დაკისრებით, თუმცა 1500 ლარი არის დარღვევის არსთან შეუსაბამოდ დიდი ოდენობა. ამასთან აპელანტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გ---–---- ფ-----–--ას მოთხოვნას წარმოადგენდა საავტორო უფლებების დარღვევის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება. რაც დააზუსტა კიდეც სხდომაზე ამ სახით. სარჩელის დასაბუთებაც აგებული იყო მთლიანად მოთხოვნის შესაბამისად.
აპელანტის განმარტებით თანამედროვე საერთაშორისო სამართალში ჩამოყალიბებულია სამართლიანი გამოყენების დოქტრინა. აღნიშნული დოქტრინის გათვალიწინებით საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოების სამართლიანი გამოყენება დასაშვებია, რამდენადაც ეს არ არის ხელმყოფი გამოყენება, სამართლიანი გამოყენება კანონით ნებადართულია.
აპელანტის განცხადებით სამართლიანობის დადგენის კრიტერიუმებად აღიარებულია შემდეგი: 1) გამოყენების მიზანი და ხასიათი, რაც მოიცავს საკითხს, გამოყენება კომერციული მიზნით განხორციელდა თუ ადგილი ქონდა გამოყენებას საქველმოქმედო, საგანმანათლებლო მიზნებისათვის. 2) საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოების ხასიათი, 3) საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოების გამოყენებული ნაწილი რა მოცულობის და შინაარსის შემცველი იყო მთელ ნაწარმოებთან შედარებით და 4) პოტენციურ ბაზარზე საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოების მნიშვნელობაზე ან ღირებულებაზე რა გავლენას მოახდენდა ასეთი გამოყენება.
მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ სახეზე იყო სამართლიანი გამოყენება. ფონდისათვის 1500 ლარის დაკისრება არის შეუსაბამოდ დიდი თანხა. ფონდმა ნაწარმოები გამოიყენა საქველმოქმედო მიზნებისათვის. ყოველგვარი კომერციული შემოსავლის მიღების გარეშე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ააიპ გ------–----------–--------- და ს---–-------------------- საერთაშორისო ფონდი „ხ----ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- მოსარჩელე, გ---–---- ფ-----–--ა (ლიტერატურული ფსევდონიმი - გ----- ო-------ა) არის პოეტი და ავტორი ლექსებისა: ,,მ---–--–--“, ,,გ-------“ და ,,ა----------“.
-2013 წლის 28-29 სექტემბერს, ქ. ხ---–ი ჩატარდა სიმღერის მე-6 საერთაშორისო ფესტივალი ,,ს------------------–--ზე“, სადაც ავტორთან, მოსარჩელე გ------ ფ-----–--ასთან შეუთანხმებლად და ავტორის მიუთითებლად, საჯაროდ იქნა წაკითხული ზემოაღნიშნული ლექსები.
-ფესტივალის ჩატარებისას და მოსარჩელის ლექსების საჯარო შესრულებისათვის, მოპასუხეს რაიმე სახის შემოსავალი/მოგება არ მიუღია; ასევე არ მომხდარა მოსარჩელისათვის, სხვა ავტორისათვის და/ან შემსრულებლისათვის ჰონორარის გადახდა; ფესტივალი არ ატარებდა კომერციულ ხასიათს და ემსახურებოდა ქართული სიმღერების პოპულარიზაციას.
4.2 „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განმარტავს ავტორის დეფინიციას, რომლის თანახმად, ავტორი არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები; ამავე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო შესრულება ნიშნავს ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის წარმოდგენას დეკლამაციის, თამაშობის, სიმღერის, ცეკვის ან სხვა სახით, უშუალოდ (ცოცხალი შესრულება) ან ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით, ადგილზე (ადგილებზე), სადაც საჯარო შესრულება შეიძლება აღქმულ იქნეს საჯარო გადაცემის აუცილებლობის გარეშე და სადაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს.
განსახილველი დავის ფარგლებში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ გ------ ფ-----–--ა (ლიტერატურული ფსევდონიმი - გ----- ო-------ა) არის პოეტი და ავტორი ლექსებისა: „მ---–--–--“, „გ-------“ და „ა----------“. მხარეთა მიერ არც ის გამხდარა სადავოდ, რომ 2013 წლის 28-29 სექტემბერს, ქ. ხ---–ი ჩატარდა სიმღერის მე-6 საერთაშორისო ფესტივალი ,,ს------------------–--ზე“, სადაც ავტორთან, მოსარჩელე გ------ ფ-----–--ასთან შეუთანხმებლად და ავტორის მიუთითებლად, საჯაროდ იქნა წაკითხული ზემოაღნიშნული ლექსები.
ააიპ გ------–----------–--------- და ს---–-------------------- საერთაშორისო ფონდი „ხ----“ არ ეთანხმება პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ გარემოებას, რომ ფონდი „ხ----“ წარმოადგენს ფესტივალის ერთადერთ ორგანიზატორს, ამასთან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ოდენობა არაგონივრულია.
4.3 პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ფესტივალის ორგანიზატორს წარმოადგენდა ასევე ქართული ხალხური სიმღერების საერთაშორისო ცენტრი, რომლის ხელმძღვანელს წარმოადგენს ა-----------------–---–ი. სწორედ იგი ახდენდა რეპერტუარის შერჩევას და არა ფონდი „ხ----“, რომელიც მხოლოდ საორგანიზაციო მიმართულებას ხელმძღვანელობდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, ფონდი „ხ----ს“ მიერ ვერ იქნა სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული, რომ იგი არ ყოფილა ფესტივალის ერთადერთი ორგანიზატორი. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წერილი, რომლითაც განმარტებულია, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა ხ----ს ფესტივალის საორგანიზაციო და შემოქმედებითი საკითხების (რეპერტუარის შერჩევა, მონაწილეთა მოწვევა და ა.შ.) გადაწყვეტაში. აღნიშნული დასტურდება ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2015 წლის 11 დეკემბრის წერილით, საიდანაც დგინდება, რომ მისი ხელშეწყობით განხორციელდა ფესტივალი 2011, 2013 და 2015 წლებში, თუმცა იგი არ იღებდა მონაწილეობას ღონისძიებების განხორციელების საორგანიზაციო საქმიანობაში. ამდენად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უარყო, რომ ფონდი „ხ----ს“ მიერ ჩატარებული ფესტივალის საორგანიზაციო საქმიანობაში მიიღო მონაწილეობა.
პალატა აღნიშნავს, რომ ააიპ გ------–----------–--------- და ს---–-------------------- საერთაშორისო ფონდი „ხ----ს“ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს საპირისპიროში დაარწმუნებდა. საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება ქართული ხალხური სიმღერების საერთაშორისო ცენტრის შემხებლობა ფესტივალის ორგანიზებაში. ხ----ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან, რომელიც მოპასუხის მიერ იქნა წარმოდგენილი, არ დგინდება ის ფაქტი, ვის მიერ მოხდა რეპერტუარის შერჩევა და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, რის გამოც ფონდი „ხ----“ მიჩნეული უნდა იქნეს ფესტივალის ერთადერთ ორგანიზატორად.
საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.
,,ლიტერატურული და მხატვრულ ნაწარმოებთა დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-2(1) მუხლის თანახმად, ტერმინი “ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებები” მოიცავს ყველა ნაწარმოებს ლიტერატურის, მეცნიერების და ხელოვნების დარგში, როგორი საშუალებითა და ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული.
ამავე კონვენციის 11 ter მუხლის პირველი პუნქტით, ლიტერატურის ნაწარმოებების ავტორებს აქვთ განსაკუთრებული უფლება ნება დართონ: (i) თავიანთი ნაწარმოებების საჯარო წაკითხვაზე, მათ შორის ნებისმიერი საშუალებით ან ხერხით განხორციელებული საჯარო წაკითხვის ჩათვლით; (ii) თავიანთი ნაწარმოებების ნებისმიერი წაკითხვის საყოველთაო გაცნობისათვის საჯარო გადაცემაზე.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება); ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-58 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ის გარემოებები, რომ ააიპ გ------–----------–--------- და ს---–-------------------- საერთაშორისო ფონდი „ხ----ს“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე განხორციელდა გ------ ფ-----–--ას ლექსების საჯარო წაკითხვა, ასევე ის ფაქტი, რომ გ------ ფ-----–--ას საჯარო კითხვის შედეგად ჰონორარი არ მიუღია, მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ფონდმა „ხ---მა“ დაარღვია დასახელებული კანონის ნორმები, რის გამოც უნდა დაეკისროს საავტორო უფლების დარღვევისათვის, კომპენსაციის სახით თანხის გადახდა.
4.4 „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-59 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს და მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვთ დამრღვევისაგან მოითხოვონ ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სასამართლო. ამასთან, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები; ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის არსი, უფლების მფლობელისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელიც შეეძლო მიეღო უფლების მფლობელს ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის მართლზომიერად გამოყენების შედეგად.
პალატა განმარტავს, რომ სასამართლო ფულადი კომპენსაციის დაკისრებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს უფლების მფლობელის მიერ მისაღებ სავარაუდო შემოსავლის ოდენობას, მისთვის მიყენებულ ქონებრივ ზიანს, ასევე სხვა გარემოებებს, რომლებიც ფულადი ანაზღაურების ოდენობის დადგენის კუთხით მნიშნველოვანია.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული კომპენსაცია - 1500 ლარი არაგონივრული ოდენობაა, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
პალატა აღნიშნავს, რომ გ------ ფ-----–--ას მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ ფესტივალის ფარგლებში მისი ლექსების საჯარო წაკითხვის შედეგად, მისი ჰონორარი 1500 ლარის ოდენობით (თითო ლექსი - 500 ლარი) განისაზღვრებოდა. პალატას მიაჩნია, რომ თითო ლექსზე 500 ლარის ჰონორარის აღება არაგონივრულია და შეუსაბამოა საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საშუალო სტატისტიკური ხელფასების ოდენობის გათვალისწინებით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ფესტივალის მიზანზეც. პალატა ეთანხმება აპელანტის მიერ მითითებულ საერთაშორისო სამართალში ჩამოყალიბებულ სამართლიანი გამოყენების დოქტრინას, რომლის ფარგლებშიც აღიარებულია შემდეგი კრიტერიუმები: 1) გამოყენების მიზანი და ხასიათი 2) საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოების ხასიათი, 3) რა მოცულობის და შინაარსის შემცველი იყო მთელ ნაწარმოებთან შედარებით საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოების გამოყენებული ნაწილი, და 4) რა გავლენას მოახდენდა ასეთი გამოყენება პოტენციურ ბაზარზე საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოების მნიშვნელობაზე ან ღირებულებაზე.
დასახელებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ კომპენსაციის დაკისრებისას მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ასევე იმასაც, რა მიზნით მოხდა ლექსების საჯარო წაკითხვა. დადგენილია, რომ ფონდი „ხ----ს“ საქმიანობა უკავშირდება საქველმოქმედო მიზნებს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საგანმანათლებლო ღონისიძიებების დაგეგმვა და ქართული სიმღერების პოპულარიზაცია.
პალატა კომპენსაციის ოდენობას ადგენს შინაგანი რწმენის საფუძველზე, ამასთან გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ კომპენსაცია არ იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები. განსახილველი დავის ფარგლებში, დაუდგენელია რა შემოსავალს მიიღებდა მოსარჩელე ლექსების საჯაროდ კითხვის შედეგად, რის გამოც პალატა შინაგანი რწმენის საფუძველზე ადგენს კომპენსაციის გონივრულ ოდენობას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობა თითო ლექსზე 300 ლარით უნდა განისაზღვროს.
ამდენად, დაკისრებული თანხის ოდენობა უნდა შემცირდეს და ააიპ გ------–----------–--------- და ს---–-------------------- საერთაშორისო ფონდი „ხ---ს“ გ------ ფ-----–--ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თითო ლექსზე - 300 ლარის გადახდა, რაც ჯამში შეადგენს 900 ლარს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ა(ა)იპ ,,გ------–----------–--------- და ს---–----------------------- საერთაშორისო ფონდი ,,ხ----ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება. გ---–---- ფ-----–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ა(ა)იპ ,,გ------–----------–--------- და ს---–----------------------- საერთაშორისო ფონდი ,,ხ---ს“ გ---–---- ფ-----–--ას სასარგებლოდ დაეკისროს 900 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა(ა)იპ ,,გ------–----------–--------- და ს---–----------------------- საერთაშორისო ფონდი ,,ხ----ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. გ---–---- ფ-----–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ა(ა)იპ ,,გ------–----------–--------- და ს---–----------------------- საერთაშორისო ფონდ ,,ხ---ს“ გ---–---- ფ-----–--ას სასარგებლოდ დაეკისროს 900 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები: ბესარიონ ტაბაღუა
გოდერძი გიორგიშვილი