განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2018
საქმის ნომერი
080210017002182050
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210017002182050

საქმე 2/ბ-1260-17წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

14 თებერვალი 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ლაურა მიქავა

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი: ნ--- ღ-------ე

წარმომადგენელი: რ--------- ხ----–--–--ა

მოწინააღმდეგე მხარე: ფ------ ე----ე

დავის საგანი: სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კანონიერება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული

განჩინების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 21 ნოემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ--- ღ-------ემ (წარმომადგენელი - რ--------- ხ----–--–--ა), მოპასუხედ დაასახელა ფ------ ე----ე და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ თანხის დაკისრება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, ნ--- ღ-------ეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლებზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის აღძვრის დროს, მოსარჩელე ვალდებულია სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით ასახოს საკუთარი მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებზე, მაგრამ არ მიუთითებს იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ მოსარჩელეს მიერ მითითებულ გარემოებებს, ამასთან არ არის წარმოდგენილი სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ--- ღ-------ის წარმომადგენელმა რ--------- ხ----–--–--ამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის მიღების სტადიიდან საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ უარი განაცხდა სარჩელის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ თითქოსდა სარჩელში არ იყო მითითებული ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ითხოვდა ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას, ასევე დაკონკრეტებული არ იყო ოქროს ნივთების ფასი საიდან გამომდინარეობდა ან რის საფუძველზე იქნა განსაზღვრული მისი ოდენობა.

ოქროს ფასის განსაზღვრა რაიმე დამატებითი აქტით არ არის აუცილებელი და არც აუდიტის ან ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს ამ შემთხვევაში აუცილებლობას სარჩელის წარმოებაში მიღებისათვის, რადგან სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს იმ ოქროს საფასურის გადახდას, რომელც ზეპირი ნასყიდობის საფუძველზე იქნა გადაცემული მოწინააღმდეგე მხარისათვის.

გაურკვეველია საიდან მსჯელობს სასამართლო, რომ უნდა წარადგინოს სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რადგან კონკრეტული სარჩელის განხილვისას მტკიცებულებად მითითებულია მოწმეთა ჩვენებები.

გარდა ამისა, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია მტკიცებულებების მიუთითებლობაა და არა მტკიცებულებების წარუდგენლობა, რასაც მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების

დასაბუთება

სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ--- ღ-------ემ (წარმომადგენელი - რ--------- ხ----–--–--ა), მოპასუხედ დაასახელა ფ------ ე----ე და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ თანხის დაკისრება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, ნ--- ღ-------ეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ნ--- ღ-------ის სარჩელი წარდგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით კერძოდ:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შედგენილი უნდა იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშში მითითებული წესების დაცვით. სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით.

ამავე კოდექსის 178-ე მუხლის ,,ე,ვ,ზ” ქვეპუნქტების მიხედვით, სარჩელში უნდა მიეთითოს მოსარჩელის მოთხოვნა, კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს.

ამდენად, მოსარჩელეს ევალება იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რომლებიც გამომდინარეობენ შესაბამისი სამართლის ნორმიდან და ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ეს ფაქტები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა დაფიქსირდეს სარჩელის შესაბამის გრაფაში.

მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნაა თანხის დაკისრება. სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამის გრაფში მოსარჩელე მიუთუითებს გარკვეულ ფაქტებს, მათი დადასტურებისათვის მოწმის ჩვენებას, როგორც მტკიცებულებას, თუმცა არც სასამართლოში დასაბარებელ პირთა გრაფაში და არც მტკიცებითი შუამდგომლობების გრაფში დაფიქსირებული არ არის მოწმეთა ვინაობა, რომლის დაბარებასაც მოსარჩელე ითხოვს კონკრეტული ფაქტების დადასტურებისათვის და რომლის მითითებაც ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვისათვის, რათა მოპასუხეს მიეცეს შესაძლებლობა გადაწყვიტოს ესაჭიროება თუ არა რომელიმე კონკრეტული მოწმის საწინააღმდეგოდ წარმოადგინოს საპასუხო მტკიცებულება ან მიუთითოს სხვა ფაქტებზე.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი წარმოდგენილია დადგენილი წესის დაუცველად, რაც მისი მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინება დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს ნ--- ღ-------ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ--- ღ-------ის (წარმომადგენელი - რობოზონ ხ----–--–--ა) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ლაურა მიქავა