განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.03.2018
საქმის ნომერი
330310016001256546
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
09.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001256546

საქმე 3ბ/1570-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 ნოემბერი, 2017წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია ქუთათელაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

სხდომის მდივანი _ ნათია ზანდუკელი

აპელანტი - ირ-------–---ი

წარმომადგენელი - ლელა ხორავა

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

წარმომადგენელი - თამარ ნავერიანი

მესამე პირები: მა----------–--ნი (კანონიერი წარმომადგენელი ირ-------–---ი), ნელიკო გაბედავა

დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სასარჩლო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28

ნოემბრის გადაწყვეტილებით ირ-------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ-1; ს.ფ. 198-207).

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე - ირ-------–---ი, ასევე მესამე პირები ნელიკო გაბედავა და მა----------–--ნი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები.

 

ასევე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე და მესამე პირები დევნილებად რეგისტრირებული არიან თბილისში, აეროპორტის დასახლებაში, აეროპორტის სასტუმროში.

 

2.1.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 9 ნოემბრის №124 ოქმით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კომისიამ მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხთან ერთად, განიხილა 2015 წლის 17 აგვისტოს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგისა და შედგენილი ოქმების საფუძველზე, კომისიის წევრთა და დამსწრე პირთა მიერ თბილისში, 14 ნგრევადი ობიექტის ერთობლივად დათვალიერების შედეგად შერჩეული ორი, ყველაზე მასშტაბური ნგრევადი ობიექტიდან - სასტუმრო „კოლხეთიდან“ და სასტუმრო „აეროპორტიდან“ დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი და საკუთრების გამო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე სასტუმრო ,,აეროპორტში’’ მცხოვრებ მოსარჩელეს და მის ოჯახს ეთქვათ უარი.

 

2.1.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 19 ნოემბრის №01-02/08/29666 წერილით ირ-------–---ს მისი 2015 წლის 16 ნოემბრის პასუხად ეცნობა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი №124), ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ქ. თბილისში აეროპორტის დასახლებაში, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის გამო.

 

2.1.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 08 იანვრის №308 ბრძანებით ირ-------–---ის ოჯახს (მა----------–--ნი, ნელიკო გაბედავა) საკუთრების გამო, იმ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

2.1.5. 2015 წლის 27 იანვარს, ირ-------–---მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართით მისი, შვილისა და დედის დაკმაყოფილება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 04 იანვრის №01-02/08/11 წერილით ირ-------–---ს ეცნობა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი №124), როგორც ნგრევადი ობიექტიდან, უარი ეთქვა ,,საკუთრების გამო’’ (ქ. თბილისი, დასახლება აეროპორტი, კორპუსი (სახლი)

№34, ბ. №45, ს/კ 01.19.25.009.005.01.045). მოსარჩელეს ასევე ეცნობა, რომ კომისიის გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

2.1.6. 2016 წლის 20 ივნისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მოსარჩელის დედის - ნელიკო გაბედავას შორის დაიდო შეთანხმება მასზედ, რომ სამინისტრომ აიღო ვალდებულება, უახლოეს მომავალში განიხილოს მისი გლძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნვლყოფის საკითხი, ხოლო ნელიკო გაბედავამ იკისრა ვალდებულება, სამინისტროს მოთხოვნისთანავე დატოვოს სასტუმრო აეროპორტში დაკავებული ფართი და საკითხის გადაწყვეტამდე თვითნებურად არ დაიკავოს სხვა ობიექტში მდებარე ფართი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში, სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. მითითებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, რომელიც ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.

 

აღნიშნული წესის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ეს წესი ეფუძნება

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებულ ”იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა” (შემდგომში - სტრატეგია) და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას“ (შემდგომში - სამოქმედო გეგმა).

 

ამავე წესის მეორე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით

უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია.

 

სასამართლომ მიუთითა ამავე წესის მე-4 მუხლზე, რომლითაც დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. მე-5 პუნქტის თანახმად კი, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად. მითითებული მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

 

ამასთან, ამავე წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილია, რომ დეპარტამენტი არ განიხილავს იმ დევნილი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე იყო იძულებით გადაადგილებული პირი, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი და იგი რეგისტრირებული იყო სასტუმრო ,,აეროპორტში’’. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ აღნიშნული ობიექტი შეფასებულია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ნგრევად ობიექტად. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილი იყო, ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა მითითებულ სასტუმროში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი, იმ შემთხვევაში, თუ სათანადო გამოკვლევის შედეგად დადასტურდებოდა, რომ ოჯახი მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრობდა. თუმცა, ამავე წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის გათვალისწინებით, დეპარტამენტი უფლებამოსილი იყო, არ განეხილა იმ დევნილი ოჯახების განცხადება, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე ჰქონდათ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. ამასთან, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი.

 

სასამართლომ საქმის მასალებით ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე იყო იძულებით გადაადგილებული პირი, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი და იგი რეგისტრირებული იყო სასტუმრო „აეროპორტში“. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ აღნიშნული ობიექტი შეფასებულია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ნგრევად ობიექტად. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილი იყო, ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა მითითებულ სასტუმროში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი, იმ შემთხვევაში, თუ სათანადო გამოკვლევის შედეგად დადასტურდებოდა, რომ ოჯახი მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრობდა. თუმცა, ამავე წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის გათვალისწინებით, დეპარტამენტი უფლებამოსილი იყო, არ განეხილა იმ დევნილი ოჯახების განაცხადება, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე ჰქონდათ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. ამასთან, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი.

 

მოპასუხის პოზიციის თანახმად, მართალია, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელის რეგისტრაცია თბილისში, აეროპორტის დასახლებაში მდებარე სასტუმრო „აეროპორტი“, თუმცა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოკვლეული ინფორმაციით დადგინდა, რაც სადავო მოსარჩელესაც არ გაუხდია, რომ ირ-------–---ს საკუთრებაში გააჩნია სხვა ფართი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ მოთხოვნაზე. პრიორიტეტი მიენიჭათ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ მათი რეგისტრაციის ადგილზე და სხვა თავშესაფარი არ გააჩნდათ. უფრო მეტიც, საქმის მასალებით დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელის დედასა და სამინისტროს შორის დაიდო შეთანხმება უახლოეს მომავალში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის თაობაზე.

 

2.2.2. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 08.10.2015წ.) სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი №01.19.25.009.005.01.045) მდებარე ქალაქი თბილისი, დასახლება აეროპორტი, კორპუსი (სახლი), №34, ბინა №45 რეგისტრირებულია ირმა ავალიანის საკუთრების უფლება. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ უძრავი ნივთზე 2015 წლის 08 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია სესხის, იპოთეკის და საცხოვრებელი ბინით სარგებლობის უფლება.

 

სასამართლომ არ გაზიარა მოსარჩელის მოსაზრება და განმარტა, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებისა, მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების არსებობა გამორიცხავდა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაძლებლობას და წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის გათვალისწინებით, სამინისტრო უფლებამოსილი იყო, ემსჯელა მხოლოდ მოსარჩელის ოჯახის დახმარების შესაძლებლობებზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 08 იანვრის №308 ბრძანება გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგება მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებს. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოთხოვილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შმოწმება შუძლებელია. კერძოდ:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ იქნა გათვალისწინებული საქმეში არსებული მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი და თანდართული მასალები, სადაც ნათლად ჩანს რომ მხოლოდ საკუთრების დამადასტურებელი რეესტრის ამონაწერის გარდა, მოსარჩელის ოჯახის წევრთა ფაქტობრივი საცხოვრებლის ირგვლივ არ ყოფილა შესწავლილი საკითხი, რაზეც სამინისტროს მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი შიდა მიმოწერა მოცემულ პირებზე, მიმოწერის არ არსებობის გამო და ცალსახადაა ხაზგასმული მოსარჩელეთა მიმართ უარი-ფაქტობრივად არ ცხოვრების საფუძვლით, თუმცა მოპასუხე მის პოზიციაში განმარტავს, რომ „არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი“, მიხედავად იმისა, რომ მოსარჩელეები მიეკუთვნებიან სამინისტროს მიერ პრიორიტეტად მიჩნეულ ნგრევად, მომეტებული საფრთხის შემცვლელ ობიექტში ფაქტობრივად მაცხოვრებელ დევნილ ოჯახს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებასა და არ გააჩნიათ სხვა თავშესაფარი, ხოლო იმ დევნილ ოჯახებს, რომელთაც გააჩნიათ სხვა ალტერნატიული თავშესაფარი და საკუთრებაში უძრავი ქონება, ამ ეტაპზე უარი ეთქვათ ფართით დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ავალიანის საკუთრებაში არსებულ ნივთზე 2015 წლიდან რეგისტრირებულია „სესხის, იპოთეკისა და საცხოვრებელი ბინით სარგებლობის უფლება, თუმცა ისევე როგორც მოპასუხე სამინისტროს, აგრეთვე სასამართლოს არ გაუთვალისწინებია, შეუსწავლია და არც გადაწყვეტილებაში უმსჯელია მოცემულ საკითხთთან დაკავშირებით. მოსარჩელემ გარკვევით ახსნა კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულებებისა და გარემოებების შესახებ. სასამართლომ უგულვებელყო დევნილი - ირ-------–---ის, როგორც ფინანსური, ასევე ფაქტობრივი მდგომარეობა და არ დააკმაყოფილა მისი სასარჩელო განცხადება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

 

3.1.2. ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების შესახებ მასალებიდან წარმოადგინა მხოლოდ გასაჩივრებული ბრძანება, რომელიც ძალიან ზოგადია და აგრეთვე კომისიის ოქმი (09/11/2015 წლის, 124) , სადაც ჩამოთვლილია მხოლოდ „საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აეროპორტის სასტუმროში მცხოვრები დევნილი ოჯახებისა და მათ შორის, მოსარჩელის ოჯახის შესახებ. არ არის წარმოდგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის მასალები, კერძოდ, სასტუმროში ადგილზე დათვალიერებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სავალდებულო ოქმი, შედგენილი აღწერის ადგილას, მონიტორინგის შესახებ ელექტრონული ვერსია მისი გამოცემის სამართლებრივი საფუძვლები (ბრძანება/დადგენილება და ა.შ). აღნიშნულით დასტურდება, რომ მოპასუხე სამინისტრომ საერთოდ არ განიხილა მოსარჩელეთა შესახებ ფაქტობრივად არსებული ვითარება.

 

ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ კომისიამ სასტუმროში შეისწავლა თითოეული ოჯახის საკითხი და ადგილზე ჩატარებული მონიტორინგის თანახმად, მასალები მოპოვებულია სრულად, რომელიც საჭიროებს შესაბამისი მონიტორინგის ფორმის შედგენას, მას ხელს აწერენ მოცემული განყოფილების შესაბამისი თანამშრომლები და დევნილთა ოჯახების სრულწლოვანი წევრები. აღნიშნული ინფორმაცია წარედგინა კომისიას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რომელიც კომისიის მიერ გადაწვეტილების მიღების საფუძველი გახდა, რომ დევნილებს ნგრევად ობიეტქში არსებული საცხოვრებელი ფართის გარდა, ხელი არ მიუწვდებოდათ სხვა თავშესაფარზე. თუმცა, მოპასუხის მიერ ვერც მონიტორინგის მიერ შედგენილი შესაბამისი ფორმა იქნა წარმოდგენილი და ვერც სრულწლოვანი ოჯახის წევრების ხელმოწერები სასამართლოში, რომელიც აგრეთვე არ დასტურდება სასამართლოში მოწვეულ მოწმეთა მიერ.

 

3.1.3. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არაა გათვალისწინებული, რომ მოსარჩელე, აფხაზეთიდან დევნილი, ავალიანის ოჯახი მუდმივად ცხოვრობს 1993 წლიდან დღემდე დროებითი რეგისტრაციის მისამართზე, აეროპორტის სასტუმროში 435. აღნიშნული სასტუმრო მათ ერთადერთ საცხოვრებელს წარმოადგენს. გარდა მათი დევნილების მოწმობებისა, აღნიშნულს ადასტურებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობა მისი შვილის აეროპორტის სკოლაში სიარულთან დაკავშირებით, აგრეთვე, ცნობები მისი შვილების აეროპორტის პოლიკლინიკაში აღრიცხვაზე ყოფნის შესახებ.

 

3.1.5. მოსარჩელე ირ-------–---ის მცირეწლოვანი შვილი, აგრეთვე ცხოვრობს სასტუმროში, რომელსაც არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი. არსებობს შენობის დანგრევის საშიშროება, შენობა ექვემდებარება სასწრაფო დემონტაჟს, რომელიც მაცხოვრებელთაგან თითქმის გასახლებული და დაცლილია, ხოლო მოსარჩელეები უბინაოდ ქუჩაში რჩებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მინისტრის ბრძანება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის ოჯახს უერი უთხრეს დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. მინისტრის 308 ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ადასტურებს კონკრეტულად მოსარჩელე პირების უფლებებს. შესაბამისად, სახეზეა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომლის ბათილობის მოთხოვნა დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ზიანი მიადგა უშუალოდ დევნილ ირ-------–---ის ოჯახს, რითაც დაირღვა აპელანტის კონსტიტუციური და საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული უფლებები. ამავე დროს დარღვეული საერთაშორისო ნორმებით, კერძოდ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებით „იძულებითი გადაადგილების შესახებ“, (პრინციპი 14), „ყოველ იძულებით გადაადგილებულ პირს აქვს თავისუფალი გადაადგილების უფლება და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება“. (პრინციპი 14-ის თანახმად), 2. „იძულებით გადაადგილებულ პირთა ამ უფლების განსახორციელებლად, იმ წევრებს, რომელთაც სურთ ერთად დარჩენა უნდა მიეცეთ ამის უფლება. (პრინციპი 29), არ შეიძლება იძულებით გადაადგილებულები იყვნენ დისკრიმინირებულნი თავიანთი მდგომარეობის გამო. ხელისუფლებას აკისრია პასუხისმგებლობა უზრუნველყონ მათი დახმარება. ხელისუფლებას აკისრია პასუხისმგებლობა უზრუნველყონ და დაეხმარონ შესაბამისი კომპენსაციის ან სხვა სახის რეპარაციის( ზიანის აღდგენა) მიღებაში.

 

ასევე დაირღვა ქვეყნის შიდა კანონმდებლობა, რადგან ,,საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება, დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მათი ნების საწინააღმდეგოდ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ირ-------–---ის სააპელაციო საჩივარი;

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 თებერვალს ირ-------–---მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა:

 

- ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 08 იანვრის №308 ბრძანება.

 

- დაევალოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის თანახმად დაუყოვნებლივ მოხდება მოსარჩელე ირ-------–---ის და მა----------–--ნის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

 

4.1.2. მოსარჩელე - ირ-------–---ი, ასევე მესამე პირები ნელიკო გაბედავა და მა----------–--ნი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები. მათი რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენს თბილისი, აეროპორტის დასახლება, აეროპორტის სასტუმრო (ტ-1; ს.ფ. 13-18).

 

4.1.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 9 ნოემბრის №124 ოქმით დადგენილია, რომ კომისიამ მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხთან ერთად, განიხილა 2015 წლის 17 აგვისტოს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგისა და შედგენილი ოქმების საფუძველზე, კომისიის წევრთა და დამსწრე პირთა მიერ თბილისში, 14 ნგრევადი ობიექტის ერთობლივად დათვალიერების შედეგად შერჩეული ორი, ყველაზე მასშტაბური ნგრევადი ობიექტიდან - სასტუმრო „კოლხეთიდან“ და სასტუმრო „აეროპორტიდან“ დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი და საკუთრების გამო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე სასტუმრო ,,აეროპორტში’’ მცხოვრებ მოსარჩელეს და მის ოჯახს ეთქვათ უარი (ტ-1; ს.ფ. 50-58; ს.ფ. 58-59).

 

4.1.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 19 ნოემბრის №01-02/08/29666 წერილით ირ-------–---ს მისი 2015 წლის 16 ნოემბრის პასუხად ეცნობა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი №124), ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ქ. თბილისში აეროპორტის დასახლებაში, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის გამო (ტ-1; ს.ფ. 20).

 

4.1.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 08 იანვრის №308 ბრძანებით ირ-------–---ის ოჯახს (მა----------–--ნი, ნელიკო გაბედავა) საკუთრების გამო, იმ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე (ტ-1; ს.ფ. 22).

 

4.1.6. 2015 წლის 27 იანვარს, ირ-------–---მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართით მისი, შვილისა და დედის დაკმაყოფილება.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 04 იანვრის №01-02/08/11 წერილით ირ-------–---ს ეცნობა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი №124), როგორც ნგრევადი ობიექტიდან უარი ეთქვა ,,საკუთრების გამო’’ (ქ. თბილისი, დასახლება აეროპორტი, კორპუსი (სახლი) №34, ბ. №45, ს/კ 01.19.25.009.005.01.045). მოსარჩელეს ასევე ეცნობა, რომ კომისიის გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ტ-1; ს.ფ. 108-110; ს.ფ. 107).

 

4.1.7. 2016 წლის 20 ივნისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მოსარჩელის დედის - ნელიკო გაბედავას შორის დაიდო შეთანხმება მასზედ, რომ სამინისტრომ აიღო ვალდებულება უახლოეს მომავალში განიხილოს მისი გლძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნვლყოფის საკითხი, ხოლო ნელიკო გაბედავამ იკისრა ვალდებულება სამინისტროს მოთხოვნისთანავე დატოვოს სასტუმრო აეროპორტში დაკავებული ფართი და საკითხის გადაწყვეტამდე თვითნებურად არ დაიკავოს სხვა ობიექტში მდებარე ფართი (ტ-1; ს.ფ. 139-140).

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევში არსებობს გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. ეს ის შემთხვევაა, როცა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმად კი არ უნდა იქნას აღქმული, არამედ საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლა-გამოკვლევის მიზნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

მითითებული მუხლით რეგლამენტირებული სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.

 

ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

 

სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები. ანუ სააპელაციო სასამართლო, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები.

 

4.2.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ საკუთრების დამადასტურებელი რეესტრის ამონაწერის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება და არ შეუსწავლია მოსარჩელის ოჯახის წევრთა ფაქტობრივი საცხოვრებელი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეები მიეკუთვნებიან სამინისტროს მიერ პრიორიტეტად მიჩნეულ ნგრევად, მომეტებული საფრთხის შემცვლელ ობიექტში ფაქტობრივად მაცხოვრებელ დევნილ ოჯახს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას და არ გააჩნიათ სხვა თავშესაფარი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ავალიანის საკუთრებაში არსებულ ნივთზე, 2015 წლიდან რეგისტრირებულია „სესხის, იპოთეკისა და საცხოვრებელი ბინით სარგებლობის უფლება, თუმცა ისევე როგორც მოპასუხე სამინისტროს, აგრეთვე სასამართლოს, არ გაუთვალისწინებია, შეუსწავლია და არც გადაწყვეტილებაში უმსჯელია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. მოსარჩელემ გარკვევით ახსნა კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულებებისა და გარემოებების შესახებ. სასამართლომ უგულვებელყო დევნილი - ირ-------–---ის, როგორც ფინანსური, ასევე ფაქტობრივი მდგომარეობა და არ დააკმაყოფილა მისი სასარჩელო განცხადება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

 

პალატა აქვე განმრტავს, რომ საკუთრების უფლება, მფლობელობის უფლების ვერგანხოცრილების გარეშე ვერ ქმნის იმ გარანტიებს, რაც კონკრეტულ შემხტვევაში, გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას. ამიტომ, ეს გარემოებებიც უნდა შეისწავლოს ადმინისტრაციულმა ორგანომ და მისცეს შესაბამისი შეფასება.

 

ნიშანდობლივია, რომ ირ-------–---ს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი _ 2006 წლის 25 აგვისტოს დაბადებული _ მა----------–--ნი (ს.ფ. 16).

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულის მიხედვით, ყველა შემთხვევაში, არსებობს ბავშვის უფლებების განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა.

 

საქართველოსათვის „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან, შესაბამისად, ყველა ის ვალდებულება, რომელიც ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა მითითებულ კონვენციასთან მიერთებით აიღეს, საქართველოზეც ვრცელდება.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვენციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი წევრი ქვეყნებისათვის სამი განსხვავებული სახის ვალდებულებას ადგენს:

 

(ა) თუ გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს სხვადასხვა ინტერესები უპირისპირდება, ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა, რომ გარანტირებულად და უპირატესად მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და გათვალისწინებულ იქნეს;

 

(ბ) თუ სამართლებრივ ნორმას ერთზე მეტი განმარტება შეიძლება მიეცეს, არჩეულ უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე ეფექტურად ემსახურება. (განმარტების ფარგლებს გვთავაზობს ის უფლებები, რომლებიც კონვენციაში და დამატებით ოქმებშია მოცემული);

 

(გ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეფასდეს ბავშვის ინტერესებზე ამ გადაწყვეტილების შესაძლო ზეგავლენის შედეგები (დადებითი თუ უარყოფითი) და გადაწყვეტილებაში პირდაპირ უნდა აისახოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები უპირატესად შეფასდა და მხედველობაში იქნა მიღებული.

 

„ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ კონცეფცია მიზნად ისახავს კონვენციის მიერ აღიარებული ყველა უფლებით სრულ და ეფექტურ სარგებლობას და ბავშვის კომპლექსურ განვითარებას. ზრდასრულების განსჯა „ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა“, კონვენციით გათვალისწინებული ბავშვის ყველა უფლების პატივისცემას ვერ უკუაგდებს. არ არსებობს კონვენციაში გათვალისწინებული უფლებების იერარქია. ყველა უფლება ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის და არცერთი უფლების უარყოფა არ შეიძლება „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ ნეგატიური განმარტებით.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-4 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომას წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განსახორციელებლად.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.

 

სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით, მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება, თავისი გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების, დასახელებული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლო ხარჯები:

 

5.2..2. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ირ-------–---ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ირ-------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 08 იანვრის №308 ბრძანება და დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. ?32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. ?7ა) მეშვეობით. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 (ოცდაერთი) დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

თავმჯდომარე: ნათია ქუთათელაძე