განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2018
საქმის ნომერი
050210017002169504
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
21.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050210017002169504

საქმე 2/ბ-1311-17

განჩინება

საქართველოს სახელით

21 თებერვალი 2018 წ ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი: თ----- ქ--------–-–ვილი

წარმომადგენელი: დ---- მ-----–-–ვილი

მოწინააღმდეგე მხარე: დ----- ქ-------ე, ა-–---------- ქ--------–-–ვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული

განჩინების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 13 ნოემბერს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თ----- ქ--------–-–ვილის წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა დ----- ქ-------ე და ა-–---------- ქ--------–-–ვილი და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მხარეთა შორის სასესხო სამართალურთიერთობის დადგენა მოითხოვა.

მოსარჩელემ იმავდროულად მოითხოვა სახ. ბაჟის გადახდის გადავადება საქმის დასრულებამდე იმ მიზეზით, რომ შ------- პ--------- იყო სტუდენტი და არ გააჩნდა რაიმე სახის შემოსავალი ან დამატებით, 15 დღის ვადის განსაზღვრა, რათა მოეხდინა ოზურგეთის სასამართლოში იგივე დავის საგანზე, სარჩელის გამოხმობის გამო დაბრუნებული სახ. ბაჟის სახელმწიფო ხაზინიდან მიღება და ხელახალი გადახდა.

ოზურგეთის რაიონული რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, თ----- ქ--------–-–ვილის წარმომადგენელს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის ფასი მითითებულია 17000 აშშ დოლარი, რაც განსაზღვრული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე ლარი წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას და ანგარიშსწორება წარმოებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

გარდა ამისა, გადახდილი არ არის სახელმწიფო ბაჟი, ხოლო მისი გადახდის გადავადების სათანადო მტკიცებულება მოსაჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა თ----- ქ--------–-–ვილის წარმომადგენელმა დ---- მ-----–-–ვილმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ თ----- ქ--------–-–ვილი არის სტუდენტი, არ გააჩნია დამოუკიდებელი შემოსავალი და არ შეუძლია სოლიდური ოდენობით სახ. ბაჟის გადახდა, კერძოდ დავის საგნის ღირებულებაა 17 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, რომელზეც სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ეროვნულ ვალუტაში შეადგენს დაახლოებით 1200 ლარს.

რაც შეეხება სადავო ქონებას, ეს არის ერთადერთი ქონება, რომელიც ბებიამ შეუძინა და დღეს, თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე იმყოფება მოპასუხე დ----- ქ-------ის საკუთრებაში.

ამდენად, თ----- ქ--------–-–ვილს არ აქვს შესაძლებლობა ჯეროვნად გამოიყენოს მისი კუთვნილი ქონება და მიიღოს შემოსავალი.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ მოითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, არამედ მოითხოვს მხოლოდ გადავადებას, რაზეც მიიღო დაუსაბუთებელი უარი.

სარჩელში დავის საგნის ფასის მითითება აშშ დოლარში განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სადაო ე.წ. ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულებით, ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 17 000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის გადათვლა ეროვნულ ვალუტაში არის მარტივი არითმეტიკის საქმე და ეს არ უნდა გამხდარიყო სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

დადგენილია, რომ 2017 წლის 13 ნოემბერს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თ----- ქ--------–-–ვილის წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა დ----- ქ-------ე და ა-–---------- ქ--------–-–ვილი და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მხარეთა შორის სასესხო სამართალურთიერთობის დადგენა მოითხოვა.

მოსარჩელემ იმავდროულად მოითხოვა სახ. ბაჟს გადახდის გადავადება.

დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, თ----- ქ--------–-–ვილის წარმომადგენელს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა თ----- ქ--------–-–ვილის წარმომადგენელმა დ---- მ-----–-–ვილმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

განსახილველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადავადებაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტისა და მე-3 ნაწილის ,,ა.ა.” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ქონებრივი დავის დროს, ფიზიკური პირებისათვის სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა და არაუმეტეს 3000 ლარისა.

ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები) კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

პალატა განმარტავს, რომ მართალია, მოსარჩელეს კანონი ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, მაგრამ იქვე აკისრებს ასეთი მოთხოვნის დასასაბუთებლად უტყუარი მტკიცებულების წარდგენის ვალდებულებასაც.

სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე კანონით გათვალისწინებული შეღავათის გაწევის საფუძველი არის, მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, როცა მხარეს შემოსავლის რაიმე წყარო და რაიმე სახის ქონება არ გააჩნია, ასევე, როცა წარდგენილია მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შესაბამისად, მოსარჩელის ვალდებულებაა წინასწარ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.

როგორც სარჩელითა და კერძო საჩივრის შინაარსით ირკვევა, თ----- ქ--------–-–ვილს იგივე დავის საგანზე გადახდილი სახ. ბაჟი, სარჩელის გამოხმობის გამო დაუბრუნდა, რაც ადასტურებს მის მიერ, მოცემულ დავაზე სახ. ბაჟის გადახდის შესაძლებლობას.

ამდენად, ის ფაქტი, რომ თ----- ქ--------–-–ვილი არის სტუდენტი და რაიმე სახის შემოსავალი არ უფიქსირდება, მხოლოდ ეს გარემოება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი ვერ გახდება და პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აღნიშნული შუამდგომლობა დასაბუთებულია.

პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სარჩელის ფასის ეროვნულ ვალუტაში მიუთითებლობა წარმოადგენს ხარვეზს, რაც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, ასევე 178.1 „დ“ მუხლის თანახმად, სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. სარჩელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით... სარჩელში უნდა აღინიშნოს სარჩელის ფასი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის მიხედვით, სარჩელის ფასის გრაფაში ვალუტა მითითებულია- ლარი.

ვინაიდან, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სარჩელის ფასი თ. ქ--------–-–ვილს დაფიქსირებული აქვს აშშ დოლარებში და არა ეროვნულ ვალუტაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი სარჩელი წარმოდგენილია ფორმის დაუცველად, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინება დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს თ----- ქ--------–-–ვილის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ----- ქ--------–-–ვილის (წარმომადგენელი-დ---- მ-----–-–ვილი) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე; ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე