განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 111210018002248308
საქმე № 2/ბ-134-18
განჩინება
საქართველოს სახელით
21 თებერვალი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: შპს ,,ფ---------- ს---------”
მოწინააღმდეგე მხარე: გ------- ჩ------ელი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 10 იანვრის განჩინება
დავის საგანი: თანხის დაკისრება
კერძო საჩივრის მოთხოვნა: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გაუქმება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული
განჩინების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 08 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს „ფ---------- ს---------ს” წარმომადგენელმა გ------- წ------–---–--, მოპასუხედ დაასახელა გ------- ჩ------ელი და მოპასუხეზე მის სასარგებლოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება მოითხოვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 10 იანვრის განჩინებით, შპს ,,ფ--------- ს---------” უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილების მოთხოვნებს. კერძოდ, სარჩელში უნდა აღინიშნოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. ასევე მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ შპს ,,ს--- ლ-------“და შპს ,,ფ--------- ს---------“ შორის დაიდო ხელშეკრულება სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობის შესახებ, რის საფუძველზეც ძველმა კრედიტორმა ახალ კრედიტორს დაუთმო საკუთარი მოთხოვნა გ------- ჩ------ელის მიმართ. აღნიშნულის მტკიცებულებად მიეთითა ცნობა მოთხოვნის დათმობის შესახებ (დანართი N4,დანართი N3).
სასამართლომ შეაფასა ზემოაღნიშნული მტკიცებულება და მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენდა მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებას მოთხოვნის დათმობის შესახებ, გარდა ამისა, წარმოდგენილი ცნობა არ იყო დამოწმებული სათანადო ბეჭდით, რის გამოც არ დასტურდებოდა მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების დადებისა და შპს ,,ს--- ლ------ს“ მიერ, შპს ,,ფ---------- ს---------ათვის“ კანონით დადგენილი წესით სარჩელის აღძვრის უფლებამოსილების მინიჭების ფაქტობრივი გარემოება.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელზე დართული მტკიცებულებებით სარჩელის აღძვრაზე უფლებამოსილია შპს ,,ს--- ლ------“ და რომ დაინტერესებული პირის სახელით სარჩელი აღძრა პირმა, რომელსაც არ ქონდა უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს ,,ფ---------- ს---------ს” წარმომადგენელმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, განჩინების გამოტანისას, მართალია, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი.
სარჩელთან ერთად წარდგენილი ცნობა მოთხოვნის დათმობის შესახებ საკმარისი მტკიცებულებაა იმ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, რომ შპს ,,ს--- ლ-------“ და შპს ,,ფ--------- ს---------“ შორის, ნამდვილად დაიდო სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ძველმა კრედიტორმა ახალ კრედიტორს დაუთმო საკუთარი მოთხოვნა გ------- ჩ------ელის მიმართ.
ამ ცნობის საკმარისობას ადასტურებს მასზე ორივე კომპანიის დირექტორების ხელმოწერა. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 5.5. მუხლით დადგენილია, რომ საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა.
ამდენად, ბეჭდით დამოწმება იმაზე მეტად სარწმუნოს ვერ გახდიდა ამ ცნობას, ვიდრე ის არის, ორივე კომპანიის დირექტორების მიერ ხელმოწერილი სახით უკვე წარდგენილი.
ვინაიდან, ცნობაში სათანადო ფორმის დაცვით, ნათლად არის გამოხატული ორივე კომპანიის ნება, შესაბამისად, ეს ცნობა უნდა ჩაითვალოს სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების ტოლფას მტკიცებულებად.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების
დასაბუთება
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2018 წლის 08 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს „ფ---------- ს---------ს” წარმომადგენელმა გ------- წ------–---–--, მოპასუხედ დაასახელა გ------- ჩ------ელი და მოპასუხეზე მის სასარგებლოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება მოითხოვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 10 იანვრის განჩინებით, შპს ,,ფ--------- ს---------” უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.
დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარის წარადგინა შპს ,,ფ--------- ს---------ს” წარმომადგენელმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს ,,ფ--------- ს---------“ უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის სახელით სარჩელი აღძრა პირმა, რომელსაც არ ქონდა უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე, რადგან სარჩელზე დართული მტკიცებულებით -მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობით არ დგინდებოდა, რომ მოთხოვნის უფლება გ------- ჩ------ელის მიმართ გადაეცა შპს ,,ფ--------- ს---------“.
პალატა განმარტავს, რომ სათანადო მხარეები პროცესში (სამოქალაქო საქმეში) არიან ის პირები, რომლებთან მიმართებაშიც არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ისინი შესაძლოა, იყვნენ სადავო მატერიალური სამართალურთიერთობის სუბიექტები.
შესაბამისად, მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში უნდა მიუთითოს ყველა ის ფაქტი, რომელთაც შეუძლიათ წინასწარ დაარწმუნონ სასამართლო მასში, რომ მოსარჩელე და მოპასუხე სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტები არიან, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ სუბიექტი სათანადო მხარეა, ეს ჯერ კიდევ ვარაუდია პროცესის დასაწყისში.
ეკუთვნის თუ არა მოსარჩელეს სადავო უფლება, უნდა გადაწყდეს და დადგინდეს თვით პროცესში, საქმის განხილვის დროს, მატერიალური ნორმების საფუძველზე.
თუ საქმის განხილვის დროს გაირკვევა, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არ არიან მატერიალური სამართალურთიერთობის მონაწილენი, ე.ი მოსარჩელეს არ ეკუთვნის ის უფლება, რომლის დაცვის შესახებაც მან მიმართა სასამართლოს, ანდა მოპასუხე არ წარმოადგენს მოსარჩელის მოვალეს, აღნიშნულს აწერიგებს არასათანადო მხარის სათანადო მხარით შეცვლის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები (84-ე-85-ე მუხლები).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ, სარჩელის მე-4 ფაქტობრივი გარემოების (მოთხოვნის დათმობა) დასადასტურებლად მიუთითა და სარჩელს დაურთო 2017 წლის 13 ნოემბრით დათარიღებული, ორივე იურიდიული პირის დირექტორების მიერ ხელმოწერი ცნობა (ს.ფ.36), სადაც დაფიქსირებულია, რომ შპს ,,ს--- ლ------“–სა და შპს ,,ფ--------- ს---------“ შორის, დაიდო სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ძველმა კრედიტორმა- შპს ,,ს----ლ-------“ ახალ კრედიტორს -შპს ,,ფ--------- ს---------“ დაუთმო საკუთარი მოთხოვნა გ------- ჩ------ელის მიმართ.
პალატა მიიჩნევს, რომ დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ჩამოაყალიბა მოთხოვნა, მიუთითა ფაქტები და გარემოებები, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას. ასევე სარჩელს დაურთო მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, გადაუხადა სახ. ბაჟი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
რაც შეეხება საკითხს, რამდენად საკმარისი შეიძლება იყოს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, პალატა განმარტავს, რომ სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე სასამართლო არ ამოწმებს მტკიცებულებათა უტყუარობას და საკმარისობას. მისი შეფასება ხდება სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია.
შესაბამისად, შპს ,,ფ--------- ს---------ს“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 10 იანვრის განჩინება, შპს ,,ფ---------- ს---------ს“ სარჩელი გ------- ჩ------ელის მიმართ დასაშვებად უნდა იქნას ცნობილი და სამოქალაქო საქმე 2/1-2018 შპს ,,ფ---------- ს---------ს“ სარჩელისა გამო გ------- ჩ------ელის მიმართ, შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელების მიზნით, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ფ--------- ს---------ს“კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 10 იანვრის განჩინება;
3. შპს ,,ფ---------- ს---------ს“ სარჩელი გ------- ჩ------ელის მიმართ დასაშვებად იქნას ცნობილი;
4. სამოქალაქო საქმე 2/1-2018, შპს ,,ფ---------- ს---------ს სარჩელისა გამო გ------- ჩ------ელის მიმართ, განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
6. განჩინება არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე