განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2018
საქმის ნომერი
820210017002067353
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820210017002067353

საქმე N2/ბ-1293-17წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

14 მარტი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი: რ--------- დ---–--ე

მოწინააღმდეგე მხარე: მ----- ა--–--ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი: მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გაუქმება

სააპელაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2017 წლის 30 აგვისტოს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ----- ა--–--ემ, მოპასუხედ დაასახელა რ--------- დ---–--ე და დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:

„1. მოსარჩელე მ----- ა--–--ე იღებს ვალდებულებას, რომ მოპასუხე რ--------- დ---–--ეს გადაუხადოს ალიმენტის სახით ყოველთვიურად მისი შვილის, ლ---- ა--–--ის (დაბ. 2005 წლის 11 ივნისს) სასარგებლოდ 150 (ასორმოცდაათი) ლარი და არანაირი პრეტენზია შემდგომში მის მიმართ არ ექნება.

2. მოპასუხე რ--------- დ---–--ე თანახმაა სასამართლოს მიერ წინამდებარე მორიგების დამტკიცებიდან მიიღოს მოსარჩელე მ----- ა--–--ისგან ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარი თავისი შვილის ლ---- ა--–--ის სასარგებლოდ.

3. მხარეებს ერთმანეთის მიმართ წინამდებარე მორიგების აქტის გარდა სხვა მოთხოვნები არ გააჩნიათ“.

სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მხარეები მორიგდნენ, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ დ “ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა რ--------- დ---–--ემ და მისი გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია, მხარეთა შორის გაფორმდა მორიგების აქტი, რის გამოც შეწყდა საქმის წარმოება, თუმცა მ----- ა--–--ე კეთილსინდისიერად არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, რის გამოც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება და შეწყდა მ----- ა--–--ის სარჩელთან დაკავშირებული საქმის წარმოება.

დადგენილია, რომ 2017 წლის 14 დეკემბერს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა რ--------- დ---–--ემ და ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საკითხს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, შესაძლებელია თუ არა მხარეთა მორიგების გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მხარე ნებაყოფლობით არ ასრულებს მორიგების პირობებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პალატა განმარტავს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განმტკიცებულია მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპი, რომელიც მხარეებს ანიჭებს შეუზღუდავ საპროცესო უფლებებს, კანონმდებლობით დადგენილი ბოჭვის ფარგლებში (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ - სსსკ-ის მე-3 მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მხარეთა შორის მორიგების აქტის დამტკიცება მოხდა მათივე შუამდგომლობისა და ორივე მხარის მონაწილეობით შედგენილი შეთანხმების საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან კანონის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ამდენად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის იურიდიული ინტერესი მორიგების განჩინების გაუქმების შედეგად, რისი მიღწევა სურს.

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მორიგების განჩინებით, მ----- ა--–--ემ აიღო ვალდებულება, რომ მოპასუხე რ--------- დ---–--ეს გადაუხდის ალიმენტის სახით ყოველთვიურად მისი შვილის, ლ---- ა--–--ის (დაბ. 2005 წლის 11 ივნისს) სასარგებლოდ 150 (ასორმოცდაათი) ლარს, რაც მისაღებია რ--------- დ---–--ისათვის.

ვინაიდან, მორიგება თავისუფალი ნების გამოვლენაა, რომელიც კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომას იწვევს, როგორც პროცესუალური, აგრეთვე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესასრულებელია სავალდებულო წესით.

ისეთ შემთხვევაში, თუკი მხარე ნებაყოფლობით არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, კრედიტორი, ანუ რ--------- დ---–--ე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოახდინოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) იძულებითი აღსრულება.

ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, როდესაც მორიგება დამტკიცებულია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე და მისი დამტკიცებისას სასამართლოს მხრიდან კანონის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია, არ არსებობს, რ--------- დ---–--ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. რ--------- დ---–--ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის გაჩინება N2-477-76 სამოქალაქო საქმეზე;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე