განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2018
საქმის ნომერი
010100116001465084
ინსტანცია
თარიღი
19.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001465084

(1/ბ-25-18წ)

განაჩენი

საქართველოს სახელით

19 მარტი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაკა გორგოძე (სხდომის თავმჯდომარე,მარინე იმერლიშვილი, თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

პროკურორის - ოლღა მერებაშვილი,ადვოკატის - ალექსანდრე როდინაძის,თარჯიმნის - ტატიანა ავალიანის,მსჯავრდებულის - დ-----------–--–------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ-----------–-----------------–--–------ის მიმართ, პირადი №6----------, დაბადებული 1994 წლის 10 აპრილს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, შ. ი--------ის ქუჩა №10, ბინა 17,აღწერილობითი ნაწილი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ დ-----------–--–------მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 8 სექტემბერს, ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ადლიის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ”მერსედესის” მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით A------, მართვისას დ-----------–--–------მა, დაარღვია ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი 32-ე, პუნქტი 1-ის მოთხოვნები და შეეჯახა ”იამახას” მარკის მოტოციკლს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით A-----, რომელსაც ჯ---------–--ე მართავდა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯ---------–--ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

ბათუმის საქალქო სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის განაჩენით დ-----------–--–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

აპელანტი - ზემოაღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ალექსანდრე როდინაძემ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქლაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის გამატყუნებელი განაჩენის გაუქმებას და დ-----------–--–------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენში სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. განაჩენში გაყალბებულია დ. პ-–--–------ის ჩვენება, მხოლოდ იმ მიზნით, რომ დამძიმებულიყო დ-----------–--–------ის მდგომარეობა, რათა სასამართლოს დაესაბუთებინა მსჯავრდებულის მიმართ ბრალი, თითქოს ის დაეჯახა მოძრავ მოტოციკლს. დ. პ-–--–------ს არ დაურღვევია მოძრაობის წესები და მის ჩვენებაში მითითებული გარემოება, რომ მოტოციკლი ავტომანქანაზე შეჯახებულია გვერდიდან წინა მარჯვენა ფრთაზე ირიბი კუთხით. დასტურდება, იმითაც რომ პ-–--–------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რომ შეჯახებოდა მოტოციკლს, მაშინ ავტომანქანას დაზიანებული ექნებოდა წინა ბამპერი და წინ ფარი. სინამდვილეში კი ავტომანქანა ,,მერსედესის” წინა ბამპერი და ფარი გაწეულია წინ, რაც ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოტოციკლი შეეჯახა ავტომობილს წინა ფრთაზე ირიბი კუთხით, ავტომობილის წინა ფრთაზე ნათლად ჩანს გასრიალების კვალი. ავტომობილის მძოლს დ. პ-–--–------ს საგზაო მოძრაობის არცერთი წესი არ დაურღვევია, გზაჯვარედინზე ავტომობილით მარჯვნივ მოხვევის დროს მან მიიღო ყველა ზომა, რაც გათვალისწინებულია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონით. სასამართლოს მიერ განაჩენში დადგენილად მიჩნეული დებულებები არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. განაჩენი აგებულია მხოლოდ სასამართლოს ვარაუდზე, რომელიც არანაირი მტკიცებულებებით არ არის გამყარებული. სასამართლომ განაჩენი დაადგინა ექსპერტების ურთიერთგამომრიცხავ დასკვნებზე. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს დ. პ-–--–------ი უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო თარჯიმნით, რომელიც მას ქართულ ტექსტს უთარგმნიდა მისთვის გასაგებ ენაზე, რაც შემთხვევის ადგილის დათვალირების დროს არ განხორციელებულა. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმეში არასწორად იყო განსაზღვრული შემთხვევის ადგილი, ნაცვლად ლ------------ ქუჩისა შემთხვევის ადგილად მიჩნეული იყო ხ--–--–-----–ის ქუჩა. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნას ცნობილი შემთხვევის დაგილის დათვალიერების ოქმი და მასზე დართული სქემა, რომლებიც შეადგინა გამომძიებელმა გ. ყ----–-----ემ. ასევე დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი ბრალდებულ დ-----------–--–------ის გამოკითხვის ოქმი და დადგენილება პირის ბრალდების შესახებ.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

აპელანტ - მსჯავრდებულ დ-----------–--–------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ალექსანდრე როდინაძეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორს ოლღა მერებაშვილს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და დ. პ-–--–------ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ-----------–--–------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ჯ---------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 8 სექტემბერს ქ. ბათუმში, ადლიის დასახლებაში გადაადგილდებოდა მოტოციკლით მარჯვენა სამოძრაო ზოლში, ბორდიურისგან დაახლოებით, 1,5 მეტრის დაშორებით. მის წინ მიდიოდა "მერსედესის" მარკის ავტომანქანა, რომელსაც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა დ-----------–--–------ი მართავდა. წინ შეხვდათ ხელოვნური საგზაო დაბრკოლება, შეანელეს სვლა, გადავიდნენ დაბრკოლებაზე. დაახლოებით 20 მეტრის შემდეგ დააპირა გაესწრო "მერსედესისთვის", გაზარდა სიჩქარე 35 კმ.სთ-მდე, ამ დროს "მერსედესს" არ ენთო არც სამუხრუჭე სინათლე და არც მარჯვნივ მოხვევის მანიშნებელი ციმციმა, მოძრაობდა ოდნავ უფრო ნელა, ვიდრე ა----–--ე. როდესაც ეს უკანასკნელი უკანა საბარგულს გაუსწორდა, "მერსედესის" მძღოლმა მოულოდნელად მკვეთრად მოუხვია მარჯვნივ, ინსტინქტურად ა----–--ემაც მარჯვნივ მისწია საჭე, თუმცა შეჯახების თავიდან აცილება ვერ შეძლო და "მერსედესს" შეეჯახა. შეჯახების შედეგად ჰაერში ავარდა და დაახლოებით 25-30 მეტრის მოშორებით დაეცა. მიიღო მრავლობითი დაზიანებები, მკურნალობა, დაახლოებით, 13 000 ლარი დაუჯდა. ტრამვების გამო დღემდე არ შეუძლია სრულფასოვნად მოძრაობა, პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელი. სურს დამნაშავე მძღოლმა აუნაზღაუროს ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული როგორც მორალური, ისე მატერიალური ზიანი.

მსჯავრდებული დ-----------–--–------მა არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2015 წლის 8 სექტემბერს ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ადლიის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა ”მერსედესის” მარკის ავტომანქანით. გზაზე არსებული ხელოვნური დაბრკოლების გადასავლელად შეჩერდა ისიც და მის უკან მიმავალი მოტოციკლიც, ნელა გადაიარეს ეს მონაკვეთი, რის შემდეგ გაიხედა მარჯვნივ, დარწმუნდა, რომ არაფერი მოძრაობდა, ჩართო მარჯვნივ მოხვევის მაჩვენებელი ციმციმა, დაამუხრუჭა, გზის ხარვეზის გამო მოძრაობდა 5 კმ-სთ სიჩქარით და მოხვევისას მოულოდნელად შეეჯახა ა----–--ის მოტიციკლს, რომელიც არ იცის მის გვერდით როგორ აღმოჩნდა. სარკეში გახედვისას მის უკან ან გვერდით არავინ მოძრაობდა, არც მოტოციკლის ხმა ისმოდა. ამდენად, თვლის, რომ კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია.

2015 წლის 8 სექტემბერს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემით, ფოტო -ცხრილით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ადლიის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულია მონაცემები სავალი ნაწილების ფართობის, გზის ზედაპირის მდგომარეობის, შემთხვევის შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე საპტრანსპორტო საშუალებების მდებარეობის და მდგომარეობის შესახებ .

საქართველოს შსს საექსპერტო -კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექპერტო -კრიმინალისტიკური სამსახურის 2015 წლის 15 სექტემბრის სატრანსპორტო -ტრასოლოგიური ექსპერტიზის №ს-------- დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილ ავტომობილზე და მოტოციკლზე არსებული დაზიანებების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია მათი რაიმე მკრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის; წარმოდგენილი ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი მწყობრიდან არის გამოსული მასზე მექანიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. წარმოდგენილი მოტოციკლის საჭით მართვის მექნიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ზ---------–--ის ჩვენებით და მის მიერ გაცემული 2015 წლის 17 ნოემბრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №2----- დასკვნით დადგენილია, რომ მძღოლ დ-------- პ-–--–------ს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პუნქტი პირველის მოთხოვნის გათვალისწინების შემთხვევაში, შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. მძღოლი ჯ--- ა----–--ეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ იმოქმედებდა "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. მოწმის განმარტებით ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაეცა საქმის სრული მასალები. გააეცნო ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლების განმარტებებს, რომლებიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგებლოდნენ ერთმანეთს. სწორი დასკვნის მოსამზადებლად და გამომძიებლის დადგენილებაში მითითებული გარემოებების სისწორეში პირადად დასარწმუნებლად, გავიდა შემთხვევის ადგილას და დათვალიერა იქაურობა. იქ არსებული ვითარების, შეჯახების ადგილის, შეჯახების კუთხეების გათვალისწინებით, დარწმუნდა, რომ როგორც ერთი, ისევე მეორე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოხდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. კერძოდ, მძღოლმა პ-–--–------მა დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულების და სიჩქარის გათვალისწინებით.

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის დ------------–ის ჩვენებით და მისი მონაწილეობით ჩატარებული შსს საექსპერტო -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის N7---- დასკვნის თანახმად, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც შსს საექსპერტო -კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების, ისე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, დადგინდა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ორივე მძღოლის ბრალეულობა "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის სწორედ იმ ნორმების უგულვებელყოფით, რაც აჭარის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ გაცემულ დასკვნაშია მითითებული. კერძოდ, კომისიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მძღოლი დ-------- პ-–--–------ის მოქმედება არ შეესაბამება "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

ექსპერტმა დ------------–მა სასამართლოს განუმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას დაწვრილებით გაეცნენ გამომძიებლის მიერ გადაგზავნილ მასალებს - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სქემას, გამოკითხვის ოქმებს. გაარკვიეს გამომძიებლის დადგენილებაში მითითებული გარემოებები მოდიოდა თუ არა თანხვედრაში საქმის მასალებთან. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლების ჩვენებები ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, ამიტომ არ დაეყრდნენ ამ ოქმებში მითითებულ გარემოებებს. ჩათვალეს, რომ მასალებში გადმოცემული მონაცემები საკმარისი იყო დასკვნის გასაკეთებლად და მათზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ როგორც ავტომანქანის მძღოლმა დ-----------–--–------მა, ისე მოტოციკლის მძღოლმა ჯ---------–--ემ დაარღვიეს "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის მოთხოვნები. პ-–--–------მა, რომელიც ასრულებდა მარჯვნივ მანევრს, მანევრის დაწყებამდე არ მიიღო ზომები რათა დარწმუნებულიყო, რომ მანევრისას არ შეუქმნიდა საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით. დასკვნის შემდგენისას, ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა.

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა დასკვნის თანაავტორებმა, ექსპერტებმა - ი----------------ემ და ი-----–----------ემ.

”საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2015 წლის 10 ნოემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ჯ---------–--ე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას შპს "უნიმედი აჭარას" ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 2015 წლის 8 სექტემბრიდან, დიაგნოზით: მარჯვენა იდაყვის ძვლის დიაფიზის ზედა მესამედის ნამსხვროვანი მოტეხილობა ცდომით, მარჯვენა სხივის ძვლის დიაფიზის ქვედა მესამედის ნამსხვროვანი მოტეხილობა ცდომით, მარცხენა მტევნის ნების I-II ძვლების მოტეხილობა ცდომით, მარცხენა ტერფის I თითის ძირითადი ფალანგის ნამსხვროვანი მოტეხილობა მცირე ცდომით, სხივის ნერვის სრული და იდაყვის ნერვის ნაწილობრივი დაზიანება წინამხრის დონეზე. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

მართალია სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება, თუმცა მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ხოლო მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მას მოძრაობის წესები არ დაურღვევია და დანაშაული არ ჩაუდენია სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას პროცესუალური დოკუმენტების და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების არასანდოობასთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს რომ ამ მტკიცებულებათა მოპოვებისას კანონის ისეთი დარღვევა არ გამოვლენილა, რომ მასზე დაყრდნობით ფაქტის დადასტურება ან უარყოფა არაგონივრული და მიზანშეუწონელი იყოს.

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად პირის ჯანმრთელობის დაზიანება ნაკლებად მძიმე ხარისხით მაინც. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებმა ორივე მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა დაადგინეს, დადგენილია, რომ დაზიანება მიადგა ჯ---------–--ეს. შესაბამისად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დ-----------–--–------ის მიმართ დადგა.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დ-----------–--–------ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ დ-----------–--–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ალექსანდრე როდინაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

დ-------- ა-–----------- ძე პ-–--–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნივთმტკიცება - ”მერსედესის” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით A------, რომელიც განთავსებულია შპს ”ბათ-ავტო 23”-ის სპეციალურ ავტოსადგომზე - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მაკა გორგოძე

 

მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი

 

თეიმურაზ სვანიძე