განაჩენი

სისხლის სამართლის 28.03.2018
საქმის ნომერი
010141318700055138
ინსტანცია
თარიღი
28.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700055138

საქმე №აგ/-238-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 მარტი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გი-------–---------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ლ.ცქ---------ს და განსასჯელ გ.წ---------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გი-------–---------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 09 მარტს მსჯავრდებულმა გი-------–---------მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის სამეთა პალატას და სისხლის სამართლის კოდექსში 2013 წლის 11 დეკემბერის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გი-------–---------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულმა გი-------–---------მა საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება ჩაიდინა 2010 წლის 10 თებერვალს, რა დროსაც საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობას გვაძლევდა პირის 21 წლის ასაკს მიუღწევლობა. მოცემულ შემთხვევაში გი-------–---------ი იყო არასრულწლოვანი და, შესაბამისად, მისმა ქმედებამ მოგვცა 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების დანაშაულის შემადგენლობა.

 

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. განაჩენის გამოტანის დროისთვის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი იყო ,,21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან/და ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება“. 2013 წლის 11 დეკემბრის N1701 კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 8 იანვარს, შეიცვალა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიცია და კანონმდებელმა დასჯადად გამოაცხადა ,,ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული ან ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება“. ამავე მუხლში 2015 წლის 12 ივნისს N 3705 კანონით კვლავ შევიდა ცვლილება და დღეის მდგომარეობით დასჯადია ,,ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული, ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება“. ვინაიდან მოქმედი ნორმის თანახმად დასჯადი აღარ არის 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, გი-------–---------ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკი-ს 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2010 წელს მოქმედი რედაქცია) დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან კანონში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კვალიფიკაციასა და სასჯელზე, გი-------–---------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 თებერვლის განაჩენში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, 2381-ე მუხლით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გი-------–---------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 თებერვლის განაჩენში გი-------–---------ის მიმართ შევიდეს ცვლილება.

 

გი-------–---------ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან.

 

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნ. სანდოძე

 

მოსამართლეები: ვ. ლომიძე

 

გ. ჯეირანაშვილი