განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.02.2018
საქმის ნომერი
330310115001087909
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
22.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310115001087909 (3ბ/2205-16)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - მირანდა ერემაძე

თამარ ონიანი

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენელი - თ---------------–--ე, გ----------–---–---–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,ი-–-----ი“

წარმომადგენელი - რ-----------–--ე, გ----------------–---–ი

 

მესამე პირი - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ი-–-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 10 აგვისტოს N--- განკარგულება შპს ,,ი-–-----ის” შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ“.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თსუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაფინანსების ფარგლებში სახურავის გადახურვისა და მოასფალტების სამუშაოების შესყიდვის მიზნით (GPV 4-------, GPV 4-------) გამოაცხადა S------------ ელექტრონულ ტენდერი, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,ი-–-----ი“. 2014 წლის 07 ივლისს შპს ,,ი-–-----სა“ და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N------. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრება 64000.00 ლარით. მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 50 კალენდარული დღის ვადაში. მიმწოდებელს სამუშაოები უნდა განეხორციელებინა ქ. თბილისში და ქ. რუსთავში, ტ-–-----ის N--ში მდებარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსებში. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, დასრულებული სარემონტო სამუშაოები მიღებულად ჩაითვლებოდა მიღება-ჩაბარების აქტისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე. ხელშეკრულების მე-11 მუხლით დადგინდა მხარეთა უფლება-მოვალეობები. კერძოდ, შემსყიდველს უფლება ჰქონდა: მოეთხოვა მიმწოდებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებელი პირობების ზუსტი და განუხრელი შესრულება; განეხორციელებინა კონტროლი და ზედამხედველობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე; მოეთხოვა გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა დამატებითი ანაზღაურების გარეშე. ხარვეზების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შეეჩერებინა მიმწოდებლისათვის დაფინანსება; შეეწყვიტა ხელშეკრულება სამუშაო ხარისხისა და/ან ხელშეკრულების პირობების გაურესების გამო. ასევე, შემსყიდველი ვალდებული იყო უზრუნველეყო შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდა მე-7 პუნქტის შესაბამისად. თავის მხრივ, მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში; მოეთხოვა შემსყიდველისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ზუსტი და განუხრელი დაცვა. ასევე, მიმწოდებელი ვალდებული იყო: განეხორციელებინა შესყიდვის ობიექტის მიწოდება ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად; უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვა; განეხილა შემსყიდველის პრეტენზიები და მიეწოდებინა მოტივირებული პასუხი ყველა კითხვაზე, აგრეთვე დაუყონებლივ უზრუნველეყო აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება. ხელშეკრულების მე-12 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელი იყო მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე; ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელი იყო, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდებოდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდებოდა ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსკ-ის 398-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა დაუშვებელი იყო ხელშეკრულების ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით; ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარე უფლებამოსილი იყო ცალმხრივად მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ხელშეკრულების მე-14.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა მხარეებს უნდა გადაეჭრათ ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი იყვნენ მიემართათ სასამართლოსათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ხელშეკრულების 15.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულება მოქმედებდა 2014 წლის 1 დეკემბრამდე.

 

2.2. 2014 წლის 12 აგვისტოს შპს ,,ი-–-----მა“ მიმართა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ფინანსური პრობლემიდან გამომდინარე, 2014 წლის 07 ივლისის N------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებისათვის განსაზღვრული ვადის 20 (ოცი) დღით გაგრძელების მოთხოვნით.

 

2.3. 2014 წლის 15 აგვისტოს შპს ,,ი-–-----სა“ და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2014 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------ ხელშეკრულებაში, კერძოდ, სამუშაოების დასრულების სავალდებულო ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2014 წლის 05 სექტემბერი. წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენდა 2014 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებდა მასთან ერთად.

 

2.4. მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტის 2014 წლის 25 სექტემბრის N-------- მოხსენებით ბარათით სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეცნობა, რომ 2014 წლის 07 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ი-–-----ს“ 2015 წლის 05 სექტემბრამდე უნდა დაესრულებინა საუნივერსიტეტო შენობა-ნაგებობების ბრტყელი სახურავების ჰიდროსაიზოლაციო, მაღლივი კორპუსის სპორტდარბაზის მიმდებარე ღია ტერიტორიის, ბიოლოგების კორპუსის საკანალიზაციო ტრასის ზედაპირის, მორფოლოგიის ინსტიტუტის უკანა ეზოს, საუნივერსიტეტო ავტოფარეხების მოედნისა და მეტეოსადგურთან მისასვლელი ბილიკის მოასფალტების სამუშაოების წარმოება, თუმცა ორგანიზაციამ ჩამოთვლილ სამუშაოთა მხოლოდ ნახევარი შეასრულა (მოასფალტების სამუშაოები 900 კვ.მ. ნაცვლად 1700 კვ.მ.-ის, სახურავების ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები 450 კვ.მ. ნაცვლად 1000 კვ.მ.-ისა). სიტყვიერი შეთანხმებით მიმწოდებელი თანახმა იყო ეკისრა ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები, ხოლო ზემოთჩამოთვლილი სამუშაოები დაესრულებინა ხარისხიანად და სრული ოდენობით.

 

2.5. 2014 წლის 10 ოქტომბერს შპს ,,ი-–-----მა“ მიმართა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სადაც განმარტა, რომ 2014 წლის 07 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოება შეჩერებული იყო უხვი ნალექის გამო.

 

2.6. მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტის 2014 წლის 05 ნოემბრის N--------- მოხსენებით ბარათით, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეცნობა, რომ მრავალჯერადი ზეპირი გაფრთხილების, ასევე შპს ,,ი-–-----ის“ დაპირების მიუხედავად, 2014 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ სრულდებოდა, 25 სექტემბრის შემდეგ არაფერი იყო შეცვლილი, გარდა მორფოლოგიის ინსტიტუტის ეზოში 50 კვ.მ. ქვიშა-ცემენტის ხსნარით მოჭიმვის მოწყობისა.

 

2.7. 2014 წლის 11 ნოემბერს შპს ,,ი-–-----მა“ სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აცნობა, რომ 2014 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში მოცემულ სამუშაოებზე არ გააჩნდა ტექნიკური დოკუმენტაცია (დეფექტური აქტები კონკრეტულ ობიექტებზე და პროექტები), რის გამოც ზეპირსიტყვიერად ნათქვამ დავალებებზე მისულებს უხდებოდათ სხვა დამატებითი სამუშაოების შესრულება, რაც დამატებით დროს და სახსრებს საჭიროებდა. მოითხოვა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის მიწოდება, ასევე რეალური ვადების დაწესება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა სამუშაოების შეჩერება.

 

2.8. სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2014 წლის 12 ნოემბრის N---------------- წერილით შპს ,,ი-–-----ს“ აცნობა, რომ თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2014 წლის 05 სექტემბრის N-------- წერილის შესაბამისად, 2014 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო შესრულებული. იმავე დეპარტამენტის 25.09.2014წ. N-------- წერილით კვლავ შესრულებული იყო სამუშაოების მხოლოდ ნახევარი, 05.11.2014წ. N-------- წერილის მიხედვით კი არაფერი იყო შეცვლილი. მრავალჯერადი ზეპირი გაფრთხილების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მათ მხრიდან არ სრულდებოდა. შემსყიდველმა ორგანიზაციამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, მოითხოვა წერილობითი პოზიცია მოცემულ საკითხზე. წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებამოსილი იქნებოდა ემოქმედა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

2.9. სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 წლის 14 ნოემბრის N---------------- წერილში, რომელიც გადაეგზავნა შპს ,,ი-–-----ს“, შემსყიდველმა ორგანიზაციამ განმარტა, რომ 2014 წლის 11 ნოემბრის წერილით მოთხოვნილი ,,დეფექტური აქტები“ კონკრეტულ ობიექტებზე და პროექტები, ასევე დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია და რეალური ვადების დაწესება, ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხი თვის თავზე დაუსაბუთებელად მიაჩნია. მას, ტენდერის პირობების მიხედვით, შემსყიდველისაგან ხელმოწერისთანავე გადაეცა ხელშეკრულება და დანართი 1-ხარჯთაღრიცხვა, სადაც გაწერილი იყო შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები, რაც სრულიად საკმარისი იყო შესაბამისი სამუშაოების წარმოებისათვის. დეფექტური აქტი არის შიდა დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო ცნობილ ხარჯთაღრიცხვის მომზადებას. სხვა დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის საჭიროებაზე მათ მხრიდან საკითხი არ დასმულა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში უნივერსიტეტის მხრიდან აუცილებლად მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხებოდა დამატებით დროს და სახსრებს, რომელიც 12 აგვისტოს წერილში ორგანიზაციის მიერ ახსნილი იყო ფინანსური უქონლობით, მოთხოვნილი იქნა სამუშაოს დასრულების ვადის 20 დღით გაგრძელება, რაც უნივერსიტეტმა დაუსაბუთებლად მიიჩნია. უნივერსიტეტმა ასევე დაადასტურა, რომ ,,სამუშაოების შესრულების ადგილის“ შეცვლის გამო, მის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამუშაოთა გარკვეული ნაწილის მცირეოდენ შეფერხებას, რაც არ ნიშნავდა პირობების გაუარესებას. ამის გამო, 2014 წლის 15 აგვისტოს მათ შორის გაფორმდა ,,შეთანხმება“, რომლის საფუძველზეც სამუშაოთა შესრულების სავალდებულო ვადამ გადაიწია 05 სექტემბრამდე. თუმცა, ვადის გადაწევას შედეგი არ მოჰყოლია და 2014 წლის 10 ოქტომბერს კვლავ ითხოვდა სამუშაოების შესრულების ვადის გადაწევას, ამჯერად უხვი ნალექების გამო. შემსყიდველმა ორგანიზაციამ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის მიწოდება და რეალური ვადების დადგენა სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია.

 

2.10. 2014 წლის 19 ნოემბერს შპს ,,ი-–-----მა“ სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აცნობა, რომ 2014 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში უნივერისტეტს გადაეცა შესასრულებელი სამუშაოების ზოგადი მოცემულობები, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის მიერ ხორციელდებოდა ზეპირი დავალებების მითითება სხვადასხვა მონაკვეთებზე, ხშირ შემთხვევაში იცვლებოდა შესასრულებელი სამუშაოების ტიპი, რაც იწვევდა ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი სამუშაოების წარმოებას, ფინანსურ ზარალს, რომელიც თავისთავად წამგებიანი იყო და რაც საფრთხეს უქმნიდა მომავალში ორგანიზაციის სრულფასოვან ფუნქციონირებას. მათ მიერ არაერთხელ სიტყვიერად და წერილობით მოთხოვნილი იქნა სამუშაოების სრული მისამართები და შესაბამისი დაზუსტებული ობიექტები ან დეფექტური აქტები, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია გამოხატავდა მზადყოფნას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში შესაბამისი სამუშაოების წარმოებაზე, თუმცა აღნიშნული დღემდე არ იყო მიღწეული და სამუშაოების დროულად შეუსრულებლობის ძირითად მიზეზსაც სწორედ ეს გარემოება წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, შპს ,,ი-–-----ი“ გამოხატავდა მზადყოფნას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულებაზე და იმედოვნებდა, რომ მიწოდებული იქნებოდა საშემსრულებლო დოკუმენტაცია, რომელშიც წინასწარ ორივე მხარის ნება იქნებოდა დადასტურებული.

 

2.11. მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტის 2014 წლის 1 დეკემბრის N-------- მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ 2014 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ი-–-----ი“ მრავალჯერადი წერილობითი და სიტყვიერი გაფრთხილების, ასევე მათ მხრიდან მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაში არაფერი იყო შეცვლილი. შპს ,,ი-–-----ის“ ხელმძღვანელობა 2014 წლის 19 ნოემბრის წერილით კვლავ დებდა პირობას მათ მხრიდან გარკვეული (რეალობას მოკლებული) პირობების შესრულების შემთხვევაში ,,ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად განხორციელებაზე“. ამასთანავე, ამ სამუშაოების წარმოება ზამთრის პირობებში ტექნოლოგიური და ტექნიკური ნორმებით მიზანშეწონილი არ იყო. მითუმეტეს, რომ ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში აქამდე შესრულებული სამუშაოების ხარისხი არადამაკმაყოფილებელი იყო. აქედან გამომდინარე, ექსპერტმა შპს ,,ი-–-----თან“ შემდგომი თანამშრომლობა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე შეუძლებლად მიიჩნია.

 

2.12. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 წლის 09 დეკემბრის N---------------- წერილით შპს ,,ი-–-----ს“ 2014 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 10.1 და 10.2 პუნქტების საფუძველზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. იმავე წერილით მიმწოდებელ ორგანიზაციას ეცნობა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარედგინებოდა შესაბამისი დოკუმენტაცია ორგანიზაციის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 წლის 09 დეკემბრის N---------------- წერილით, სააგენტოს ეცნობა შპს ,,ი-–-----ის“ მიერ S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების საფუძველზე დადებული 2014 წლის 07 ივლისის N------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შესახებ.

 

2.13. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2014 წლის 10 დეკემბრის №---- წერილით, შპს ,,ი-–-----ს“ შავ სიაში დარეგისტრირების საკითხის გადასაწყვეტად, წერილობითი განმარტებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სააგენტოში წარსადგენად განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა, წერილის მიღებიდან. ხსენებული წერილის პასუხად, შპს ,,ი-–-----მა“ 2014 წლის 17 დეკემბრის N---------- პოზიციაში განმარტა, რომ დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის პირობებში დაირღვა 2014 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რამაც გამორიცხა მხარეთა შორის შემდგომი თანამშრომლობა. შესაბამისად, შპს ,,ი-–-----მა“ მიმართა სასამართლოს და ითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტილად გამოცხადება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქმედებების გამო. შპს ,,ი-–-----მა“ მოითხოვა სასამართლოში დავის დასრულებამდე უნივერსიტეტის 2014 წლის 09 დეკემბრის N---------------- წერილის განხილვის შეჩერება.

 

2.14. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის №--- განკარგულებით შეჩერდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 წლის 09 დეკემბრის N---------------- წერილობითი შეტყობინების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ი-–-----ის“ შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების დღემდე.

 

2.15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა მორიგების გამო. მხარეთა შორის მორიგება დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მხარეთა შეთანხმებით სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და შპს ”ი-–-----მა” განაცხადეს თანხმობა, 2014 წლის 7 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტაზე. სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აიღო ვალდებულება შპს ,,ი-–------------ს” გადაეხადა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება 15 557 ლარისა და 10 თეთრის ოდენობით წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში; სსიპ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უარი განაცხადა 2014 წლის 7 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამატებითი პირგასამტეხლოს მოთხოვნაზე.

 

2.16. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015 წლის 04 აგვისტოს N---------------- წერილით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის განჩინება მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (საქმე N2/22238), ხოლო შპს ,,ი-–-----მა“ 2015 წლის 07 აგვისტოს სააგენტოს გადაუგზავნა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება.

 

2.17. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 10 აგვისტოს N--- განკარგულებით შპს ,,ი-–-----ი“ 2015 წლის 11 აგვისტოს დარეგისტრირდა შავ სიაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე. სააგენტომ განმარტა, რომ მუხედავად მხარეთა მორიგებისა, 2014 წლის 7 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 76%) შეუსრულებელი დარჩა, შესაბამისად, მიმწოდებელმა არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულები ნაკისრი ვალდებულებანი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.18. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 10 აგვისტოს N--- განკარგულება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

2.19. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი’’, რომლის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი. წესის მოქმედება ვრცელდება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე. სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლით განსაზღვრულია შავი სიის წარმოების წესი და პირობები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან/კონკურსიდან ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო. ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან/კონკურსიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო ან თუ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ; გ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო; დ) შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიამ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღო გადაწყვეტილება ამ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულ მიმწოდებელთან დადებული შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულებების ყველა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეწყვეტის თაობაზე. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელება; ბ) ტენდერის განხორციელების შემთხვევაში - სატენდერო განცხადების ნომერი, გამარტივებული შესყიდვის, კონკურსის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში - შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელება; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტები; ე) ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები - თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ) ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის (თუ იგი ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები - თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას - ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები - თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს არაუმეტეს ორი თვის ვადაში, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გაგრძელდეს სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არაუმეტეს ერთი თვით. სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დაზუსტება, მიიღოს დაინტერესებული პირებისგან სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მოიწვიოს სააგენტოში დაინტერესებული მხარეები ზეპირ განხილვაზე. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპები. იმავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პრეტენდენტის/მიმწოდებლის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი ან/და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიმართ ერთხელ გამოიყენოს გაფრთხილება, რომელიც მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო წერილობით შეტყობინებაში მითითებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს არეგისტრირებს შავ სიაში.

 

2.20. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უპირველეს ყოვლისა იკვლევს, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის. მოცემულ შემთხვევაში, გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2014 წლის 07 ივლისს, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს ,,ი-–-----ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N------. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა თსუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაფინანსების ფარგლებში სახურავის გადახურვისა და მოასფალტების სამუშაოების შესყიდვა - GPV 4-------, GPV 4-------. ხელშეკრულების მე-11 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები. ხელშეკრულების მე-14.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა მხარეებს უნდა გადაეჭრათ ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი იყვნენ მიემართათ სასამართლოსათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დადგენილია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ სრულდებოდა, რის გამოც ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით, შპს ,,ი-–-----ს“ დაეკისრა პირგასამტეხლო. ამასთანავე, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეუძლებლად მიიჩნია სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებიდან გამომდინარე შპს ,,ი-–-----თან“ თანამშრომლობა. 2014 წლის 09 დეკემბერს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა N---------------- წერილით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს შემდგომი რეაგირების მიზნით აცნობა შპს ,,ი-–-----ის“ მიერ S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების საფუძველზე დადებული 2014 წლის 07 ივლისის N------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შესახებ. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ დავის ფარგლებში ხელშეკრულების მხარეთა მიერ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი იქნა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის განჩინება, რომლითაც შპს ,,ი-–-----სა“ და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: მხარეთა შეთანხმებით სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და შპს ”ი-–-----მა” განაცხადეს თანხმობა 2014 წლის 7 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტაზე. სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აიღო ვალდებულება შპს ,,ი-–------------ს” გადაეხადა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება 15 557 ლარისა და 10 თეთრის ოდენობით წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. სსიპ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უარი განაცხადა 2014 წლის 7 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამატებითი პირგასამტეხლოს მოთხოვნაზე.

 

2.21. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 10 აგვისტოს N--- განკარგულებით, შპს ,,ი-–-----ი“ 2015 წლის 11 აგვისტოს დარეგისტრირდა შავ სიაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე. სააგენტომ განმარტა, რომ მიუხედავად მხარეთა მორიგებისა, 2014 წლის 7 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი (ხელშეკრულები საერთო ღირებულების 76%) შეუსრულებელი იყო, შესაბამისად, მიმწოდებელმა არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულები ნაკისრი ვალდებულებანი.

 

2.22. საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ მიაქცია მხარეთა ყურადღება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. საქალაქო სასამართლომ მითითებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ სააგენტოში შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან სატენდერო დოკუმენტაციის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების, ასევე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარდა, მის ვალდებულებას წარმოადგენს ამტკიცოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ან/და შეუსრულებლობის ფაქტის დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს განსახილველ დავაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით ირკვევა, რომ 2014 წლის 7 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------ ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ი-–-----ის“ მიერ შესრულებული სამუშაოები, მოცულობის მიუხედავად, მისაღები აღმოჩნდა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის. ამის დასტურად, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიმწოდებლისათვის გადახდილი იქნა მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება. მათ შორის ხელშეკრულება შეწყდა არა ცალმხრივად, არამედ შეთანხმებით. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს მითითებით, დარჩენილ მომსახურებასთან მიმართებაში, მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტეზია, ვალდებულება არ აქვთ. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლო განჩინებით დადგენილი არ არის მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რაც ერთ-ერთ საფუძველად არის მიჩნეული პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირებისათვის.

 

2.23. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არც ადმინისტრაციული წესით და არც საქმის სასამართლო განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უდავოდ დადასტურებული ვერ იქნა შპს ,,ი-–-----ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული წესის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მისი შავ სიაში დარეგისტრირებას კანონშეუსაბამოდ მიიჩნია. გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქმიანობის მთავარი დანიშნულება - განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი, მიზნად ისახავს შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებების დაცვას. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მხარეებმა - შპს ,,ი-–-----მა“ და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მათ შორის წამოჭრილი დავა დაასრულეს ურთიერთშეთახმებით, კერძოდ მორიგებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობდა შპს ,,ი-–-----ის“ შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტი არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მხარეებმა - შპს ,,ი-–-----მა’’ და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მათ შორის წამოჭრილი დავა დაასრულეს ურთიერთშეთანხმებით, კერძოდ მორიგებით, ამიტომ აღარ არსებობდა შპს ,,ი-–-----ის’’ შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. აპელანტის მითითებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2014 წლის 9 დეკემბერს წარდგენილი იქნა სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ 2014 წლის 9 დეკემბრის №---------------- წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ი-–-----ის“ (ს/კ 4--------) მიერ S----------- ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული 2014 წლის 7 ივლისის №------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შესახებ. სააგენტოში აგრეთვე წარდგენილი იქნა სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ 2014 წლის 26 დეკემბრის №---------------- წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა მიმდინარე საკითხზე მხარეთა შორის არსებული სასამართლო დავის შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე სააგენტომ 2014 წლის 31 დეკემბრის №--- განკარგულებით შეაჩერა შპს „ი-–-----ის“ შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება. სააგენტოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015 წლის 4 აგვისტოს წერილით ეცნობა მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. სააგენტოში წარდგენილი და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში S----------- ელექტრონულ ტენდერში ატვირთული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 7 ივლისის №------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელს ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეესრულებინა სახურავის გადახურვისა და მოასფალტების სამუშაოები, რომელთა ღირებულება შეადგენდა 64 000 ლარს. მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტის მოხსენებითი ბარათებით დასტურდება, რომ მიმწოდებელმა შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ ნაწილი. დადგენილ ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2014 წლის 9 დეკემბრის №---------------- წერილით შპს „ი-–-----ს“ დააკისრა პირგასამტეხლო. შპს „ი-–-----მა“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა 2015 წლის ივნისის განჩინებით მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა შეთანხმებით, შეწყდა 2014 წლის 7 ივლისის №------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედება, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაევალა მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 15 557,10 ლარის (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 24%) ანაზღაურება და მან უარი განაცხადა დამატებითი პირგასამტეხლოს მოთხოვნაზე. აპელანტის მითითებით, მიუხედავად მხარეთა მორიგებისა, 2014 წლის 7 ივლისის №------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 76%) შეუსრულებელი დარჩა, შესაბამისად, მიმწოდებელმა არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი. აქედან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ არსებობდა შპს ,,ი-–-----ის’’ შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელს S----------- ელექტრონულ ტენდერში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო 2015 წლის 13 თებერვალს მიეცა გაფრთხილება, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ წლის განმავლობაში სახეზე იყო მიმწოდებლის მიერ ორ დამოუკიდებელ ტენდერში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი. სააგენტო უფლებამოსილია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიმართ ერთხელ გამოიყენოს გაფრთხილება, რომელიც მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქმიანობის მთავარი დანიშნულებაა განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი, სააგენტომ მიიჩნია, რომ არსებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის შესწავლის შედეგად სახეზე იყო მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების წინაპირობა და არ არსებობდა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძვლები, ვინაიდან მიუხედავად მხარეთა მორიგებისა, 2014 წლის 7 ივლისის №------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 76%) შეუსრულებელი დარჩა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის არც ერთი საფუძველი, რადგან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 10 აგვისტოს №--- განკარგულება შპს „ი-–-----ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი ყველა მოთხოვნის სრული დაცვით.

 

3.2. აპელანტის წარმომადგენელმა ფაქტობრივ უსწორობად მიიჩნია ის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 100 ლარის გადახდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად.

 

3.3. აპელანტი განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე იმავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო წერილობით შეტყობინებაში მითითებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს არეგისტრირებს შავ სიაში. აპელანტის მითითებით, განსახილველ შეთხვევაში დადგენილია, რომ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. კერძოდ, შპს ,,ი-–-----ის’’ მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულების საერთო ღირებულების მხოლოდ 24%. იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ შესრულებულ იქნა ვალდებულება სრულად და ჯეროვნად, უნდა წარედგინა შესრულებული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა ასეთი მტკიცებულება ვერ იქნა წარდგენილი. ამასთან, სააგენტო გარდა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებისა, სხვა საშუალებას ვერ გამოიყენებდა, ვინაიდან დასტურდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, ამასთან, მიმწოდებელს S----------- ელექტრონულ ტენდერში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო 2015 წლის 13 თებერვალს მიეცა გაფრთხილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ აქტის ბათილობის საფუძველი არ არსებობს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თსუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაფინანსების ფარგლებში სახურავის გადახურვისა და მოასფალტების სამუშაოების შესყიდვის მიზნით (GPV 4-------, GPV 4-------) გამოაცხადა S------------ ელექტრონულ ტენდერი, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,ი-–-----ი“. 2014 წლის 07 ივლისს შპს ,,ი-–-----სა“ და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N------. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრება 64000.00 ლარით. მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 50 კალენდარული დღის ვადაში. მიმწოდებელს სამუშაოები უნდა განეხორციელებინა ქ. თბილისში და ქ. რუსთავში, ტ-–-----ის N--ში მდებარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსებში. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, დასრულებული სარემონტო სამუშაოები მიღებულად ჩაითვლებოდა მიღება-ჩაბარების აქტისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე. ხელშეკრულების მე-11 მუხლით დადგინდა მხარეთა უფლება-მოვალეობები. კერძოდ, შემსყიდველს უფლება ჰქონდა: მოეთხოვა მიმწოდებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებელი პირობების ზუსტი და განუხრელი შესრულება; განეხორციელებინა კონტროლი და ზედამხედველობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე; მოეთხოვა გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა დამატებითი ანაზღაურების გარეშე. ხარვეზების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შეეჩერებინა მიმწოდებლისათვის დაფინანსება; შეეწყვიტა ხელშეკრულება სამუშაო ხარისხისა და/ან ხელშეკრულების პირობების გაურესების გამო. ასევე, შემსყიდველი ვალდებული იყო უზრუნველეყო შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდა მე-7 პუნქტის შესაბამისად. თავის მხრივ, მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში; მოეთხოვა შემსყიდველისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ზუსტი და განუხრელი დაცვა. ასევე, მიმწოდებელი ვალდებული იყო: განეხორციელებინა შესყიდვის ობიექტის მიწოდება ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად; უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვა; განეხილა შემსყიდველის პრეტენზიები და მიეწოდებინა მოტივირებული პასუხი ყველა კითხვაზე, აგრეთვე დაუყონებლივ უზრუნველეყო აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება. ხელშეკრულების მე-12 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელი იყო მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე; ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელი იყო, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდებოდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდებოდა ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსკ-ის 398-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა დაუშვებელი იყო ხელშეკრულების ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით; ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარე უფლებამოსილი იყო ცალმხრივად მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ხელშეკრულების მე-14.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა მხარეებს უნდა გადაეჭრათ ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი იყვნენ მიემართათ სასამართლოსათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ხელშეკრულების 15.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულება მოქმედებდა 2014 წლის 1 დეკემბრამდე.

 

4.3. 2014 წლის 12 აგვისტოს შპს ,,ი-–-----მა“ მიმართა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ფინანსური პრობლემიდან გამომდინარე, 2014 წლის 07 ივლისის N------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებისათვის განსაზღვრული ვადის 20 (ოცი) დღით გაგრძელების მოთხოვნით.

 

4.4. 2014 წლის 15 აგვისტოს შპს ,,ი-–-----სა“ და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2014 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------ ხელშეკრულებაში, კერძოდ, სამუშაოების დასრულების სავალდებულო ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2014 წლის 05 სექტემბერი. წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენდა 2014 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებდა მასთან ერთად.

 

4.5. მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტის 2014 წლის 25 სექტემბრის N-------- მოხსენებით ბარათით სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეცნობა, რომ 2014 წლის 07 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ი-–-----ს“ 2015 წლის 05 სექტემბრამდე უნდა დაესრულებინა საუნივერსიტეტო შენობა-ნაგებობების ბრტყელი სახურავების ჰიდროსაიზოლაციო, მაღლივი კორპუსის სპორტდარბაზის მიმდებარე ღია ტერიტორიის, ბიოლოგების კორპუსის საკანალიზაციო ტრასის ზედაპირის, მორფოლოგიის ინსტიტუტის უკანა ეზოს, საუნივერსიტეტო ავტოფარეხების მოედნისა და მეტეოსადგურთან მისასვლელი ბილიკის მოასფალტების სამუშაოების წარმოება, თუმცა ორგანიზაციამ ჩამოთვლილ სამუშაოთა მხოლოდ ნახევარი შეასრულა (მოასფალტების სამუშაოები 900 კვ.მ. ნაცვლად 1700 კვ.მ.-ის, სახურავების ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები 450 კვ.მ. ნაცვლად 1000 კვ.მ.-ისა). სიტყვიერი შეთანხმებით მიმწოდებელი თანახმა იყო ეკისრა ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები, ხოლო ზემოთჩამოთვლილი სამუშაოები დაესრულებინა ხარისხიანად და სრული ოდენობით.

 

4.6. 2014 წლის 10 ოქტომბერს შპს ,,ი-–-----მა“ მიმართა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სადაც განმარტა, რომ 2014 წლის 07 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოება შეჩერებული იყო უხვი ნალექის გამო.

 

4.7. მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტის 2014 წლის 05 ნოემბრის N--------- მოხსენებით ბარათით, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეცნობა, რომ მრავალჯერადი ზეპირი გაფრთხილების, ასევე შპს ,,ი-–-----ის“ დაპირების მიუხედავად, 2014 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ სრულდებოდა, 25 სექტემბრის შემდეგ არაფერი იყო შეცვლილი, გარდა მორფოლოგიის ინსტიტუტის ეზოში 50 კვ.მ. ქვიშა-ცემენტის ხსნარით მოჭიმვის მოწყობისა.

 

4.8. 2014 წლის 11 ნოემბერს შპს ,,ი-–-----მა“ სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აცნობა, რომ 2014 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში მოცემულ სამუშაოებზე არ გააჩნდა ტექნიკური დოკუმენტაცია (დეფექტური აქტები კონკრეტულ ობიექტებზე და პროექტები), რის გამოც ზეპირსიტყვიერად ნათქვამ დავალებებზე მისულებს უხდებოდათ სხვა დამატებითი სამუშაოების შესრულება, რაც დამატებით დროს და სახსრებს საჭიროებდა. მოითხოვა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის მიწოდება, ასევე რეალური ვადების დაწესება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა სამუშაოების შეჩერება.

 

4.9. სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2014 წლის 12 ნოემბრის N---------------- წერილით შპს ,,ი-–-----ს“ აცნობა, რომ თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2014 წლის 05 სექტემბრის N-------- წერილის შესაბამისად, 2014 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო შესრულებული. იმავე დეპარტამენტის 25.09.2014წ. N-------- წერილით კვლავ შესრულებული იყო სამუშაოების მხოლოდ ნახევარი, 05.11.2014წ. N-------- წერილის მიხედვით კი არაფერი იყო შეცვლილი. მრავალჯერადი ზეპირი გაფრთხილების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მათ მხრიდან არ სრულდებოდა. შემსყიდველმა ორგანიზაციამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, მოითხოვა წერილობითი პოზიცია მოცემულ საკითხზე. წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებამოსილი იქნებოდა ემოქმედა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

4.10. სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 წლის 14 ნოემბრის N---------------- წერილში, რომელიც გადაეგზავნა შპს ,,ი-–-----ს“, შემსყიდველმა ორგანიზაციამ განმარტა, რომ 2014 წლის 11 ნოემბრის წერილით მოთხოვნილი ,,დეფექტური აქტები“ კონკრეტულ ობიექტებზე და პროექტები, ასევე დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია და რეალური ვადების დაწესება, ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხი თვის თავზე დაუსაბუთებელად მიაჩნია. მას, ტენდერის პირობების მიხედვით, შემსყიდველისაგან ხელმოწერისთანავე გადაეცა ხელშეკრულება და დანართი 1-ხარჯთაღრიცხვა, სადაც გაწერილი იყო შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები, რაც სრულიად საკმარისი იყო შესაბამისი სამუშაოების წარმოებისათვის. დეფექტური აქტი არის შიდა დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო ცნობილ ხარჯთაღრიცხვის მომზადებას. სხვა დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის საჭიროებაზე მათ მხრიდან საკითხი არ დასმულა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში უნივერსიტეტის მხრიდან აუცილებლად მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხებოდა დამატებით დროს და სახსრებს, რომელიც 12 აგვისტოს წერილში ორგანიზაციის მიერ ახსნილი იყო ფინანსური უქონლობით, მოთხოვნილი იქნა სამუშაოს დასრულების ვადის 20 დღით გაგრძელება, რაც უნივერსიტეტმა დაუსაბუთებლად მიიჩნია. უნივერსიტეტმა ასევე დაადასტურა, რომ ,,სამუშაოების შესრულების ადგილის“ შეცვლის გამო, მის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამუშაოთა გარკვეული ნაწილის მცირეოდენ შეფერხებას, რაც არ ნიშნავდა პირობების გაუარესებას. ამის გამო, 2014 წლის 15 აგვისტოს მათ შორის გაფორმდა ,,შეთანხმება“, რომლის საფუძველზეც სამუშაოთა შესრულების სავალდებულო ვადამ გადაიწია 05 სექტემბრამდე. თუმცა, ვადის გადაწევას შედეგი არ მოჰყოლია და 2014 წლის 10 ოქტომბერს კვლავ ითხოვდა სამუშაოების შესრულების ვადის გადაწევას, ამჯერად უხვი ნალექების გამო. შემსყიდველმა ორგანიზაციამ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის მიწოდება და რეალური ვადების დადგენა სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია.

 

4.11. 2014 წლის 19 ნოემბერს შპს ,,ი-–-----მა“ სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აცნობა, რომ 2014 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში უნივერისტეტს გადაეცა შესასრულებელი სამუშაოების ზოგადი მოცემულობები, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის მიერ ხორციელდებოდა ზეპირი დავალებების მითითება სხვადასხვა მონაკვეთებზე, ხშირ შემთხვევაში იცვლებოდა შესასრულებელი სამუშაოების ტიპი, რაც იწვევდა ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი სამუშაოების წარმოებას, ფინანსურ ზარალს, რომელიც თავისთავად წამგებიანი იყო და რაც საფრთხეს უქმნიდა მომავალში ორგანიზაციის სრულფასოვან ფუნქციონირებას. მათ მიერ არაერთხელ სიტყვიერად და წერილობით მოთხოვნილი იქნა სამუშაოების სრული მისამართები და შესაბამისი დაზუსტებული ობიექტები ან დეფექტური აქტები, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია გამოხატავდა მზადყოფნას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში შესაბამისი სამუშაოების წარმოებაზე, თუმცა აღნიშნული დღემდე არ იყო მიღწეული და სამუშაოების დროულად შეუსრულებლობის ძირითად მიზეზსაც სწორედ ეს გარემოება წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, შპს ,,ი-–-----ი“ გამოხატავდა მზადყოფნას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულებაზე და იმედოვნებდა, რომ მიწოდებული იქნებოდა საშემსრულებლო დოკუმენტაცია, რომელშიც წინასწარ ორივე მხარის ნება იქნებოდა დადასტურებული.

 

4.12. მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტის 2014 წლის 1 დეკემბრის N-------- მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ 2014 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ი-–-----ი“ მრავალჯერადი წერილობითი და სიტყვიერი გაფრთხილების, ასევე მათ მხრიდან მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაში არაფერი იყო შეცვლილი. შპს ,,ი-–-----ის“ ხელმძღვანელობა 2014 წლის 19 ნოემბრის წერილით კვლავ დებდა პირობას მათ მხრიდან გარკვეული (რეალობას მოკლებული) პირობების შესრულების შემთხვევაში ,,ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად განხორციელებაზე“. ამასთანავე, ამ სამუშაოების წარმოება ზამთრის პირობებში ტექნოლოგიური და ტექნიკური ნორმებით მიზანშეწონილი არ იყო. მითუმეტეს, რომ ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში აქამდე შესრულებული სამუშაოების ხარისხი არადამაკმაყოფილებელი იყო. აქედან გამომდინარე, ექსპერტმა შპს ,,ი-–-----თან“ შემდგომი თანამშრომლობა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე შეუძლებლად მიიჩნია.

 

4.13. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 წლის 09 დეკემბრის N---------------- წერილით შპს ,,ი-–-----ს“ 2014 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 10.1 და 10.2 პუნქტების საფუძველზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. იმავე წერილით მიმწოდებელ ორგანიზაციას ეცნობა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარედგინებოდა შესაბამისი დოკუმენტაცია ორგანიზაციის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 წლის 09 დეკემბრის N---------------- წერილით, სააგენტოს ეცნობა შპს ,,ი-–-----ის“ მიერ S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების საფუძველზე დადებული 2014 წლის 07 ივლისის N------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შესახებ.

 

4.14. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2014 წლის 10 დეკემბრის №---- წერილით, შპს ,,ი-–-----ს“ შავ სიაში დარეგისტრირების საკითხის გადასაწყვეტად, წერილობითი განმარტებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სააგენტოში წარსადგენად განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა, წერილის მიღებიდან. ხსენებული წერილის პასუხად, შპს ,,ი-–-----მა“ 2014 წლის 17 დეკემბრის N---------- პოზიციაში განმარტა, რომ დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის პირობებში დაირღვა 2014 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რამაც გამორიცხა მხარეთა შორის შემდგომი თანამშრომლობა. შესაბამისად, შპს ,,ი-–-----მა“ მიმართა სასამართლოს და ითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტილად გამოცხადება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქმედებების გამო. შპს ,,ი-–-----მა“ მოითხოვა სასამართლოში დავის დასრულებამდე უნივერსიტეტის 2014 წლის 09 დეკემბრის N---------------- წერილის განხილვის შეჩერება.

 

4.15. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის №--- განკარგულებით შეჩერდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 წლის 09 დეკემბრის N---------------- წერილობითი შეტყობინების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ი-–-----ის“ შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების დღემდე.

 

4.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა მორიგების გამო. მხარეთა შორის მორიგება დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მხარეთა შეთანხმებით სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და შპს ”ი-–-----მა” განაცხადეს თანხმობა, 2014 წლის 7 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტაზე. სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აიღო ვალდებულება შპს ,,ი-–------------ს” გადაეხადა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება 15 557 ლარისა და 10 თეთრის ოდენობით წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში; სსიპ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უარი განაცხადა 2014 წლის 7 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამატებითი პირგასამტეხლოს მოთხოვნაზე.

 

4.17. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015 წლის 04 აგვისტოს N---------------- წერილით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის განჩინება მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (საქმე N2/22238), ხოლო შპს ,,ი-–-----მა“ 2015 წლის 07 აგვისტოს სააგენტოს გადაუგზავნა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება.

 

4.18. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 10 აგვისტოს N--- განკარგულებით შპს ,,ი-–-----ი“ 2015 წლის 11 აგვისტოს დარეგისტრირდა შავ სიაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე. სააგენტომ განმარტა, რომ მუხედავად მხარეთა მორიგებისა, 2014 წლის 7 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 76%) შეუსრულებელი დარჩა, შესაბამისად, მიმწოდებელმა არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულები ნაკისრი ვალდებულებანი.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.19. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.20. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.21. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს ეწინააღმდეგებოდა, ასევე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.22. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი’’, რომლის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი. წესის მოქმედება ვრცელდება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე. სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლით განსაზღვრულია შავი სიის წარმოების წესი და პირობები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან/კონკურსიდან ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო. ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან/კონკურსიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო ან თუ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ; გ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო; დ) შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიამ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღო გადაწყვეტილება ამ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულ მიმწოდებელთან დადებული შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულებების ყველა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეწყვეტის თაობაზე. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელება; ბ) ტენდერის განხორციელების შემთხვევაში - სატენდერო განცხადების ნომერი, გამარტივებული შესყიდვის, კონკურსის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში - შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელება; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტები; ე) ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები - თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ) ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის (თუ იგი ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები - თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას - ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები - თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს არაუმეტეს ორი თვის ვადაში, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გაგრძელდეს სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არაუმეტეს ერთი თვით. სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დაზუსტება, მიიღოს დაინტერესებული პირებისგან სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მოიწვიოს სააგენტოში დაინტერესებული მხარეები ზეპირ განხილვაზე. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპები. იმავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პრეტენდენტის/მიმწოდებლის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი ან/და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიმართ ერთხელ გამოიყენოს გაფრთხილება, რომელიც მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო წერილობით შეტყობინებაში მითითებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს არეგისტრირებს შავ სიაში.

 

4.23. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის. მოცემულ შემთხვევაში, გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2014 წლის 07 ივლისს, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს ,,ი-–-----ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N------. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა თსუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაფინანსების ფარგლებში სახურავის გადახურვისა და მოასფალტების სამუშაოების შესყიდვა - GPV 4-------, GPV 4-------. ხელშეკრულების მე-11 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები. ხელშეკრულების მე-14.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა მხარეებს უნდა გადაეჭრათ ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი იყვნენ მიემართათ სასამართლოსათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დადგენილია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ სრულდებოდა, რის გამოც ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით, შპს ,,ი-–-----ს“ დაეკისრა პირგასამტეხლო. ამასთანავე, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეუძლებლად მიიჩნია სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებიდან გამომდინარე შპს ,,ი-–-----თან“ თანამშრომლობა. 2014 წლის 09 დეკემბერს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა N---------------- წერილით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს შემდგომი რეაგირების მიზნით აცნობა შპს ,,ი-–-----ის“ მიერ S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების საფუძველზე დადებული 2014 წლის 07 ივლისის N------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შესახებ. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ დავის ფარგლებში ხელშეკრულების მხარეთა მიერ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი იქნა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის განჩინება, რომლითაც შპს ,,ი-–-----სა“ და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: მხარეთა შეთანხმებით სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და შპს ”ი-–-----მა” განაცხადეს თანხმობა 2014 წლის 7 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტაზე. სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აიღო ვალდებულება შპს ,,ი-–------------ს” გადაეხადა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება 15 557 ლარისა და 10 თეთრის ოდენობით წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. სსიპ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უარი განაცხადა 2014 წლის 7 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამატებითი პირგასამტეხლოს მოთხოვნაზე.

 

4.24. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 10 აგვისტოს N--- განკარგულებით, შპს ,,ი-–-----ი“ 2015 წლის 11 აგვისტოს დარეგისტრირდა შავ სიაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე. სააგენტომ განმარტა, რომ მიუხედავად მხარეთა მორიგებისა, 2014 წლის 7 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი (ხელშეკრულები საერთო ღირებულების 76%) შეუსრულებელი იყო, შესაბამისად, მიმწოდებელმა არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულები ნაკისრი ვალდებულებანი.

 

4.25. საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ სწორად მიაქცია მხარეთა ყურადღება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. სააპელაციო პალატაც მითითებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სააგენტოში შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან სატენდერო დოკუმენტაციის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების, ასევე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარდა, მის ვალდებულებას წარმოადგენს ამტკიცოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ან/და შეუსრულებლობის ფაქტის დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს განსახილველ დავაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით ირკვევა, რომ 2014 წლის 7 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------ ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ი-–-----ის“ მიერ შესრულებული სამუშაოები, მოცულობის მიუხედავად, მისაღები აღმოჩნდა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის. ამის დასტურად, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიმწოდებლისათვის გადახდილი იქნა მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება. მათ შორის ხელშეკრულება შეწყდა არა ცალმხრივად, არამედ შეთანხმებით. შესაბამისად, დარჩენილ მომსახურებასთან მიმართებაში, მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტეზია, ვალდებულება არ აქვთ. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლო განჩინებით დადგენილი არ არის მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რაც ერთ-ერთ საფუძველად არის მიჩნეული პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირებისათვის.

 

4.26. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არც ადმინისტრაციული წესით და არც საქმის სასამართლო განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უდავოდ დადასტურებული ვერ იქნა შპს ,,ი-–-----ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული წესის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მისი შავ სიაში დარეგისტრირება სწორად მიიჩნია უკანონოდ. გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქმიანობის მთავარი დანიშნულება - განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი, მიზნად ისახავს შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებების დაცვას. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მხარეებმა - შპს ,,ი-–-----მა“ და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მათ შორის წამოჭრილი დავა დაასრულეს ურთიერთშეთახმებით, კერძოდ მორიგებით, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ აღარ არსებობდა შპს ,,ი-–-----ის“ შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები მირანდა ერემაძე

 

თამარ ონიანი