განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2018
საქმის ნომერი
330210117001672586
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001672586

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/7237-17 19 თებერვალი, 2018 წელი

თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე

 

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

წარმომადგენელი - გ----------------

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ-----------–------- (მოსარჩელე)

 

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სარჩელის მოთხოვნა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 07 დეკემბრის, ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ #1----- აქტით დაყადაღებული და ქალაქი თბილისი, გ----------–- განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები - მაცივარი v------ (ვერცხლისფერი), სარეცხი მანქანა (v------ ვერცხლისფერი), სამეული (მ–-----------ს) ტელევიზორი ს-------- (მეორადი, ძველი) ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. ნ-----------–-------ს სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158-ე, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1, 32.2, მე-40 მუხლების საფუძველზე.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

4. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. უდავო ფაქტია, რომ აღსრულების მიზნით აღმასრულებლის მიერ 2016 წლის 8 დეკემბერს ქ.თბილისში, გ------------–- მდებარე ბინაში აღწერილი და დაყადაღებული იქნა (აქტი N1-----) შემდეგი დასახელების ნივთები: 1. მაცივარი ,,ვ------–ი“-ს ფირმის, 2. სარეცხი მანქანა ,,ვ------–ის“ ფირმის; სამეული მ–-----------ს, ტელევიზორი ,,ს--------ს“ ფირმის. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1 მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. სსსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი იყო მოსარჩელეზე, მას უნდა ემტკიცებინა, რომ ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენდა მის საკუთრებას. მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აღნიშნული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 20.1 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. ამავე კოდექსის 158.1 მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, უძრავი ქონება წარმოადგენს ნ-----------–-------ს საკუთრებას, მაგრამ, ვინაიდან შ--–---------–-–---–ი მასთან ერთად ბინაში ცხოვრობს და იქ ფლობს მოძრავ ქონებას, შესაბამისად, მოძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია მასზეც ვრცელდება. ამდენად, შ--–---------–-–---–ი ითვლება მის საცხოვრებელ მისამართზე განთავსებული მოძრავი ნივთების მესაკუთრედ. გარდა ამისა, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის თანახმად, იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის. სამოქალაქო კოდექსის 151.1 მუხლის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენს ცალ-ცალკე შეძენილ ნივთებს, რომლებიც სივრცობრივ კავშირშია ბინასთან, გააჩნია კონკრეტული დანიშნულება და დამოუკიდებელი სარეალიზაციო ღირებულება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებს:

 

6. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე მდებარე: ქალაქი თბილისი, ქ------------------, ს--------–---------------, შ----------- ფ-------------- კვ.მ. (საკადასტრო კოდი 0----------------------) რეგისტრირებულია ნ-----------–-------ს საკუთრების უფლება.

 

7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–---------------ს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ ?1----- აქტის მიხედვით, ქ.თბილისის მერიის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე მოვალე - შ--–---------–-–---–ის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, დაყადაღდა ქ. თბილისში, გ-------------–-, მ-------------–---, ბ----------–----–-----------–- განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: მაცივარი ,,ვ------–“ (ვერცხლისფერი); სარეცხის მანქანა ,,ვ------–” (ვერცხლისფერი); სამეული (მ–-----------ს); ტელევიზორი ,,ს------გ” (მეორადი, ძველი).

 

8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გაცემული წერილის ?A1--------------- მიხედვით, 2----–-–----------------ს, ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ #1----- აქტით, სადავო მოძრავ ნივთებზე იძულებითი აუქციონი დანიშნული არ არის.

 

პალატა იზიარებს სადავო ფაქტის დადგენისათვის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ მსჯელობას, რომლის მიხედვით სადავო ნივთებზე შ--–---------–-–---–ის საკუთრების უფლების დადგენა ვერ განხორციელდება სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული პრეზუმფციით, მფლობელობის საფუძველზე.

 

2----–-–---------------ს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ ?1----- აქტში ასახულ ნივთებზე შ--–---------–-–---–ის უფლების ამსახველი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ნივთის მდებარე: ქალაქი თბილისი, ქ---------------- სა-------–------------, შ--------- (საკადასტრო კოდი 0----------------------) მესაკუთრეს წარმოადგენს ნ-----------–-------. შესაბამისად, საკუთვნებლის პრინციპიდან გამომდინარე (სკ 151-ე მუხლი), აღნიშნულ მისამართზე განთავსებული მოძრავი ნივთები ითვლება მოსარჩელე ნ-----------–-------ს საკუთრებად.

 

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

10. მოცემულ შემთხვევაში აღინიშნა, რომ სადავო ნივთებზე შ--–---------–-–---–ის უფლების არსებობის მტკიცება შემოიფარგლება აპელანტის სიტყვიერი განმარტებით; პალატა მიუთითებს, რომ მხოლოდ მხარეთა განმარტებანი არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სადავო ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებად იმ პირობებში, როდესაც ფაქტის დადასტურება არ ხდება მეორე მხარის მიერ. ამდენად, აპელანტის პრეტენზია უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

11. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კანონის შესაბამისად დაკმაყოფილდა ნ-----------–-------ს სარჩელი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლების საფუძველზე. დადგენილი იქნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–---------------ს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ ?1----- აქტით დაყადაღებული მოძრავი ქონების, რომლებიც განთავსებულია ქ.თბილისში, გ-------------–-, მ-------------–---, ბ--------–---–----------–- მესაკუთრედ აღრიცხულია ნ-----------–------- და არა მოვალე შ--–---------–-–---–ი. ამდენად, დაყადაღებული ნივთების საკუთრებაზე პრეტენზია შეიძლება, მიმართული იყოს მხოლოდ ნ-----------–-------ს მიმართ. საწინააღმდეგოზე აპელანტის პრეტენზია დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული;

 

სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო-სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო-სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო-სამეურნეო დანიშნულებით. ივარაუდება, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ბინის მესაკუთრე ამავე ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელია. მთავარ ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე საკუთვნებელზეც, თუ ერთ-ერთი ნივთი, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, მიჩნეულია მთავარ ნივთად, მაშინ მისი მესაკუთრე მოიპოვებს საკუთრებას საკუთვნებელზედაც (სამოქალაქო კოდექსის194.2).

 

ამდენად, მესაკუთრის - ნ-----------–-------ს - სასარგებლოდ გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 151-ე და 158-ე მუხლებით გათვალისწინებული პრეზუმფციები, ხოლო მათი გაქარწყლება მოპასუხის ვალდებულებაა. ამგვარის რელევანტურ მტკიცებულებად მიიჩნევა ნივთების ნასყიდობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ქვითრები და ხელშეკრულებები) და მოწმეთა ისეთი ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ მოძრავი ნივთების შეძენის ფაქტებს. მოცემულ შემთხვევაში ამ სახის მტკიცებულებები არაა წარმოდგენილი საქმეში და აპელანტი პრაქტიკულად მხოლოდ ახსნა-განმარტებით ცდილობს სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ ნაწილში გამართლებას.

 

12. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება (იხ. კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები).

 

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ნ-----------–------- წარმოადგენს სადავო ნივთების მესაკუთრეს, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

13. პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

14. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

თავმჯდომარე: ნათია გუჯაბიძე