განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.02.2018
საქმის ნომერი
330310016001620742
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
თანხის დაკისრება, ადმინისტრაციული
თარიღი
01.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001620742

საქმე №3ბ/2063-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

01 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე

მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი, თამარ ონიანი

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - ნ------------------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს ”ხ----–----------ტ-ს------ი”;

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს ”ხ----–----------ტ-ს------ისათვის” სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრება 22 487,29 ლარის ოდენობით;

1.2. შპს ”ხ----–----------ტ-ს------ისათვის” სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება 2016 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით 7352,53 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის 17 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 22 487.29 ლარის 0.2%-ის ოდენობით.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. შპს ”ხ----–----------ტ-ს------ის” წარმომადგენელმა მომსახურების ღირებულების - 22 487,29 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში გადასახდელი თანხის სასამართლოს მიერ შემცირება მოითხოვა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს ”ხ----–----------ტ-ს------ს” სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 22 487,29 ლარის გადახდა; შპს ”ხ----–----------ტ-ს------ს” სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისთვის დაეკისრა პირგასამტეხლო 2016 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდისთვის 1000 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის 17 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 22 487,29 ლარის 0.03% -ის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შპს ”ხ----–----------ტ-ს------ს” სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღურება 367 ლარის ოდენობით; სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ სარჩელისათვის N2---- საგადახდო მოთხოვნით ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი - 337,3 ლარი (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, მიმღების ბანკი-სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი- TRESGE22).

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. 2014 წლის 25 დეკემბრს შპს ”ხ----–----------ტ-ს------სა” და სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის №-- ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვით, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საწარმოსთვის ვეტერინარული ზედამხედველობა უნდა განხორციელებულიყო. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, გაწეულ მომსახურებაზე ყოველი თვის 5 რიცხვამდე შედარების აქტი შედგებოდა, შედარების აქტის საფუძველზე კი ყოველთვიურად მომდევნო თვის 15 რიცხვამდე უნაღდო ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო (3.1, 3.2, 3.3, 3.4 პუნქტები). ამავე ხელშეკრულებით დადგენილ იქნა, რომ ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში საწარმოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფაქტიურად გაწეული მომსახურების საფასურის 0,2% ოდენობით ჯარიმა დაეკისრებოდა (პუნქტი 3.5); (ს.ფ. 14-16)

4.2. 2015 წლის 24 დეკემბრს შპს ”ხ----–----------ტ-ს------სა” და სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის №-- ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვით, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საწარმოსთვის ვეტერინარული ზედამხედველობა უნდა განხორციელებულიყო. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, გაწეულ მომსახურებაზე ყოველი თვის 5 რიცხვამდე შედარების აქტი შედგებოდა, შედარების აქტის საფუძველზე კი ყოველთვიურად მომდევნო თვის 15 რიცხვამდე უნაღდო ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო (3.1, 3.2, 3.3, 3.4 პუნქტები). ამავე ხელშეკრულებით დადგენილ იქნა, რომ ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში საწარმოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფაქტიურად გაწეული მომსახურების საფასურის 0,2% ოდენობით ჯარიმა დაეკისრებოდა (პუნქტი 3.5); (ს.ფ. 17-19)

4.3. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შპს ”ხ----–----------ტ-ს------ისათვის” 2014 წლის 25 დეკემბრის №-- და 2015 წლის 24 დეკემბრის №-- ხელშეკრულებების შესაბამისად განხორციელებული მომსახურების ღირებულებამ 2015 წლის 13 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 1919 ლარი, 2015 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით - 180 ლარი, 2015 წლის 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - 2065 ლარი, 2015 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით - 1775 ლარი, 2016 წლის 1 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით - 1530 ლარი, 2016 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით - 1540 ლარი, 2016 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით - 1300 ლარი, 2016 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით - 1250 ლარი, 2016 წლის 1 ივნისიდან 31 ივნისის ჩათვლით - 1925 ლარი, 2016 წლის 1 ივლისდან 31 ივლისის ჩათვლით - 1765 ლარი, 2016 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით - 1845 ლარი, 2016 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით - 1765 ლარი, ხოლო 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 2145 ლარი შეადგინა. (ს.ფ. 21-33)

4.4. 2015 წლის 3 ნოემბერს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შპს ”ხ----–----------ტ-ს------ს” შორის შეთანხმების აქტი შედგა მასზედ, რომ 2015 წლის 29 ოქტომბრიდან 2015 წლის 31 დეკემბერამდე შეჩერდა მხარეთა შორის 2014 წლის 25 დეკემბრის №-- ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვა იმ პირობით, რომ შპს ”ხ----–----------ტ-ს------ი” დარიცხულ დავალიანებას - 7923,5 ლარს დაფარავდა გრაფიკის მიხედვით: 2015 წლის 30 ნოემბერამდე გადაიხდიდა 3961,75 ლარს, ხოლო 2015 წლის 31 დეკემბრამდე - 3961,75 ლარს. (ს.ფ.20)

4.5. 2016 წლის 17 ნოემბრის მდგომარებით შპს ”ხ----–----------ტ-ს------ის” დავალიანებამ ძირითადი ვალდებულების შესაბამისად - 22 487,29 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში 7 352,53 ლარი შეადგინა. (ს.ფ.39-40; 2017 წლის 24 აპრილის სხდომის ოქმი).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შპს ”ხ----–----------ტ-ს------ს” შორის ურთიერთობა 2014 წლის 25 დეკემბრის №-- და 2015 წლის 24 დეკემბრის №-- ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოიშვა და მათი უფლებები და ვალდებულებები დასახელებული ხელშეკრულებების პირობებიდან და სამოქალაქო კოდექსის დებულებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვრულიყო.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხეს არ შეუსრულებია 2014 წლის 25 დეკემბრის №-- და 2015 წლის 24 დეკემბრის №-- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება 22487,29 ლარის ოდენობით, რაც განაპირობებდა მის ვალდებულებას, გადაეხადა ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლო.

 

ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან. მითითებული მუხლით განსაზღვრული ნორმის დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მდგომარეობის, ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და დარღვევით განპირობებული შესაძლო ზიანის მხედველობაში მიღებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო იმგვარად, რომ 2016 წლის 17 ნოემბრამდე გადასახდელ ოდენობად 1000 ლარი განისაზღვროს, ხოლო 2016 წლის 17 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების ძირითადი თანხის - 22448,29 ლარის 0,03%.

 

6. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.

 

7.1. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლებზე. სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. აპელანტს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს პოზიცია მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილში, რადგან მოთხოვნილი 7352.53 ლარიდან დაეკისრა 1000 ლარი, რომლის ძირითადი საფუძველი სასამართლოს მიერ არ იქნა დასახელებული მიღებულ გადაწყვეტილებაში, რაც არასწორია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, რადგან აღნიშნული პირგასამტეხლო შეთანხმებული იყო მხარეებს შორის და ასევე ძირითადი ვალდებულების თანხა არ იქნა გადახდილი სრულად 2016 წლის მარტის შემდეგ, რაც საკმაოდ დიდ დროდ შეიძლება ჩაითვალოს ვალდებულების შეუსრულებლობისა და ამით გამოწვეული ზიანისათვის.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ ვინაიდან ითხოვს ძირითადი ვალდებულების ანაზღაურებას სრულად, ამიტომ შპს ”ხ----–----------ტ-ს------ს” უნდა დაეკისროს პირვანდელი სარჩელით მოთხოვნილი მომსახურების საფასურის პირგასამტეხლოს ანაზღაურება 2016 წლის 17 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 22487.29 ლარის 0.2 პროცენტი.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვარის №2-3 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაზე, რომლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ამოცანებია: ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობისა და ხარისხის დაცვის უზრუნველყოფა, ჰიგიენური, ვეტერინარულ- სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ეპიზოოტიური და ფიტოსანიტარიული რისკის შეფასების საფუძველზე რისკის მართვა და კომუნიკაცია; გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სურსათის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის საფუძველზე სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; დ) პესტიციდების, აგროქიმიკატების, ვეტერინარული პრეპარატების (საშუალებების) და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია და კონტროლი; ე) წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭება; ვ) ცხოველების განსაკუთრებით საშიში სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზება; ზ) საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვა; თ) კერძო ვეტერინარული საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა; ი) ნებართვებისა და სერტიფიკატების გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) საზოგადოების უზრუნველყოფა დროული, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციით საფრთხეებისა და შესაძლო რისკების თაობაზე; ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე რეაგირება; მ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ნ) ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დროს კრიზისული მართვის გეგმის შემუშავება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა; ო) კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს განხორციელება.

 

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 262 -ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება ცხოველზე, ცხოველურ პროდუქტზე, ვეტერინარულ პრეპარატზე, ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე დაკვირვება ცხოველის დაკვლის, დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ პროცესებზე.

 

ამდენად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცხოველის დაკვლის პროცესებზე ზედამხედველობა საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შპს ”ხ----–----------ტ-ს------ს” შორის ურთიერთობა 2014 წლის 25 დეკემბრის №-- და 2015 წლის 24 დეკემბრის №-- ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოიშვა და მათი უფლებები და ვალდებულებები დასახელებული ხელშეკრულებების პირობებიდან და სამოქალაქო კოდექსის დებულებებიდან გამომდინარე უნდა იქნეს განსაზღვრული.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით შეიძლება, გათვალისწინებულ იქნეს მოვალის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. დასახელებული კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სააპელაციო სასამართო იზიარებს ირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოპასუხეს არ შეუსრულებია 2014 წლის 25 დეკემბრის №-- და 2015 წლის 24 დეკემბრის №-- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება 22487,29 ლარის ოდენობით, რაც განაპირობებს მის ვალდებულებას, გადაიხადოს ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლო.

 

ამასთან, მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან. მითითებული მუხლით განსაზღვრული ნორმის დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მდგომარეობის, ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და დარღვევით განპირობებული შესაძლო ზიანის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, რომლის თანახმადაც მართებულად, კანონმდებლობის შესაბამისად განისზღვრა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს იმგვარად, რომ 2016 წლის 17 ნოემბრამდე გადასახდელ ოდენობად 1000 ლარი განისაზღვროს, ხოლო 2016 წლის 17 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების ძირითადი თანხის -22448,29 ლარის 0,03%.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე 2017 წლის 17 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე 2017 წლის 17 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

 

შოთა გეწაძე -

 

თამარ ონიანი -

 

გიორგი გოგიაშვილი -