განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.02.2018
საქმის ნომერი
330310014538281
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310014538281

საქმე №3ბ/859-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

08 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ე-–------–-–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - შ--–--------–-–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;

წარმომადგენელი - გ--------------ე;

 

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 25 მარტის №0----- დადგენილება ;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 27 მაისის №1---

განკარგულება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიის და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ე-–------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 23 დეკემბრის N1----------- წერილით ე-–-- ხ--–-–---–ს განესაზღვრა 45 კალენდარული დღე ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 45-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რათა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ვ----------ს ქ. N11-ში მდებარე ობიექტის ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 12 სექტემბრის N0-----0 ბრძანებით შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა ან კორექტირებული პროექტის შეთანხმება. ე-–------–-–---–ს აღნიშნული წერილი ჩაბარდა 2013 წლის 3 იანვარს. (ს.ფ. 81); (ს.ფ. 80)

 

4.2. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 10 იანვრის N4----- (A-------) ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ვ----------ს ქ. N11-ში, ე-–------–-–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადად განისაზღვრა 2013 წლის 11 იანვრიდან 2013 წლის 11 მაისის ჩათვლით. (ს.ფ. 33-35);

 

4.3. 2014 წლის 19 თებერვალს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის მიერ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ე-–------–-–---–ის მიმართ გაიცა №0----- მითითება, რომლითაც მხარეს განესაზღვრა 14 კალენდარული დღე. მითითებაში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, ფ-------ს (ყოფილი ვ----------ს) ქ. N11-ში დარღვეულია თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 10 იანვრის N4----- ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. კერძოდ: ობიექტის ფასადები არ შეესაბამება საპროექტო მონაცემებს სიგრძეში, სიგანეში და სიმაღლეში. ფასადის ნახაზებზე არ არის დატანილი: ელექტროკარადა, ფანჯარა, ფრამუგა, აირსავალი და საკანალიზაციო მილები, დეკორატიული ელემენტები, ფანჯრებზე მოწყობილი გისოსები. შეცვლილია კარის ნახატი, სამკუთხა ვიტრაჟების გაბარიტი, ფანჯრის გაბარიტი და მდებარეობა. კარს მონაცვლებული აქვს მდებარეობა ვიტრაჟის შუა მონაკვეთში, არ არის მოწყობილი პროექტით გათვალისწინებული ფანჯარა და ფრამუგა. დარჩენილია შეუვსებელი ღიობები. ±0,00 ნიშნულზე შემცირებულია სართულის სიმაღლე. „1-3“ და „ა-გ“ ფასადებზე, ასევე +3,15 ნიშნულზე ინტერიერში განთავსებულია ბუნებრივი აირის მილგაყვანილობა. ±0,00 ნიშნულიდან +3,15 ნიშნულთან დამაკავშირებელ კიბეს მონაცვლებული აქვს მდებარეობა. სახურავის კონფიგურაცია არ შეესაბამება საპროექტოს, შეცვლილია მისი დონე და ქანობის მიმართულება „ა-ა“ და „ბ-ბ“ ღერძებს შორის.

 

დარღვევის გამოსწორების მიზნით ე-–------–-–---–ს დაევალა, ობიექტი მოეყვანა საპროექტო მდგომარეობაში ან წარედგინა კორექტირებული პროექტი.

 

უდავო გარემოებაა, რომ ე-–------–-–---–მა ქ. თბილისში, ფ-------ს (ყოფილი ვ----------ს) ქ. N11-ში განახორციელა მითითების აქტში აღწერილი სამშენებლო- სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლებიც არ შეესაბამება დამტკიცებულ პროექტს.

(ს.ფ. 40-41);

 

4.4. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 17 მარტის №0----- შემოწმების აქტში დაფიქსირდა ამავე სამსახურის 2014 წლის 19 თებერვლის მითითებით განსაზღვრული მოთხოვნათა შეუსრულებლობა. (ს.ფ. 42-43);

 

4.5. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 25 მარტის №0----- დადგენილებით ე-–------–-–---–ს დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, ქ. თბილისში, ფ-------ს ქ. N11-ში, თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 10 იანვრის N4----- ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. კერძოდ, დადგენილების მიხედვით: ობიექტის ფასადები არ შეესაბამება საპროექტო მონაცემებს სიგრძეში, სიგანეში და სიმაღლეში. ფასადის ნახაზებზე არ არის დატანილი: ელექტროკარადა, ფანჯარა, ფრამუგა, აირსავალი და საკანალიზაციო მილები, დეკორატიული ელემენტები, ფანჯრებზე მოწყობილი გისოსები. შეცვლილია კარის ნახატი, სამკუთხა ვიტრაჟების გაბარიტი, ფანჯრის გაბარიტი და მდებარეობა. კარს მონაცვლებული აქვს მდებარეობა ვიტრაჟის შუა მონაკვეთში, არ არის მოწყობილი პროექტით გათვალისწინებული ფანჯარა და ფრამუგა. დარჩენილია შეუვსებელი ღიობები. ±0,00 ნიშნულზე შემცირებულია სართულის სიმაღლე. „1-3“ და „ა-გ“ ფასადებზე, ასევე +3,15 ნიშნულზე ინტერიერში განთავსებულია ბუნებრივი აირის მილგაყვანილობა. ±0,00 ნიშნულიდან +3,15 ნიშნულთან დამაკავშირებელ კიბეს მონაცვლებული აქვს მდებარეობა. სახურავის კონფიგურაცია არ შეესაბამება საპროექტოს, შეცვლილია მისი დონე და ქანობის მიმართულება „ა-ა“ და „ბ-ბ“ ღერძებს შორის.

 

ე-–------–-–---–ის პასუხისმგებლობა განისაზღვრა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა" ქვეპუნქტით. (დადგენილებაში მითითებულია, რომ დადგენილების მიმღებმა ორგანომ იხელმძღვანელა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა" ქვეპუნქტით. დადგენილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ბ" ქვეპუნქტით. პასუხისმგებლობის ზომა - ჯარიმა 2000 ლარი სწორედ 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა" ქვეპუნქტს შეესაბამება. ამასთან, ქ. თბილისის მერიის განკარგულებაშიც მითითებულია, რომ დაჯარიმება განხორციელდა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა" ქვეპუნქტით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო ამსახურის 2014 წლის 25 მარტის №0----- დადგენილების ტექსტის აღწერილობით- სამოტივაციო ნაწილში ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ბ" ქვეპუნქტზე მითითება, ნაცვლად „ა.ა“ ქვეპუნქტისა, წარმოადგენს მექანიკური ხასიათის შეცდომას). ე-–------–-–---–ს ასევე განემარტა, რომ ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ დამრღვევი დაჯარიმდება წინა ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც დამრღვევს შეიძლება, დაეკისროს არაუმეტეს სამჯერ. (ს.ფ. 30-32);

 

4.6. 2014 წლის 15 აპრილს ე-–------–-–---–მა №1------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 25 მარტის №0----- დადგენილების ბათილად ცნობა.

 

ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 27 მაისის №1--- განკარგულებით ე-–------–-–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. (ს.ფ. 54-57).

 

4.7. ე-–------–-–---–მა 2014 წლის 25 მარტს NA-------- განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2011 წლის 12 სექტემბრის N4----- ბრძანებით შეთანხმებული პროექტის ცვლილების თაობაზე. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 21 მარტის N1162032 და 2014 წლის 15 აპრილის N1------ გადაწყვეტილებებით დაუდგინდა ხარვეზები. ქ. თბილისის მერიაში საჩივრის განხილვის დროისათვის პროექტის ცვლილების შესახებ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ ბრძანება არ ყოფილა გამოცემული. (ს.ფ. 127-132).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ე-–------–-–---–ის მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, ვ----------ს ქ. N11-ში მდებარე ობიექტზე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლებიც არ შეესაბამება შეთანხმებულ პროექტს და მშენებლობის ნებართვას. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ მოსარჩელეს რაიმე არგუმენტი არ მიუთითებია. მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაზე ბევრად მეტი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ გამოესწორებინა დარღვევა (2013 წლის 3 იანვრიდან, როდესაც მას წერილით ეცნობა დარღვევების თაობაზე - 2014 წლის 19 თებერვლამდე), თუმცა, საპროექტო დოკუმენტაციაში არ შეუტანია ისეთი ცვლილებები, რომლებიც სრულად აღმოფხვრიდა დარღვევას.

 

მოსარჩელეს არ მიუთითებია კანონით დადგენილი მოთხოვნების კონკრეტულ დარღვევებზე, სასარჩელო განცხადება არ შეიცავს რაიმე დამაჯერებელ არგუმენტს იმის თაობაზე, თუ რა საფუძვლით უნდა ჩაითვალოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები უკანონოდ.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელდა შეთანხმებული პროექტის დარღვევით ისეთი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც იწვევს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 25 მარტის №0----- დადგენილება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან ვერ იქნა გამოვლენილი სადავო აქტის გამოცემისას წარმოების სახის ან აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონით დადგენილი წესის დარღვევის ფაქტი. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 25 მარტის №0----- დადგენილება მიღებულია კანონმდებლობის სრული დაცვით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის ფაქტს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ განხორციელდა მშენებლობა შეთანხმებული პროექტის დარღვევით. შესაბამისად, არ არსებობდა ქ. თბილისის მერიის სადავო განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6. ე-–------–-–---–ი სააპელაციო მოთხოვნა:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

6.1. ე-–------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი შეფასება, რის გამოც მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ე-–------–-–---–მა 2014 წლის 28 ოქტომბერს აღნიშნული უძრავი ქონება გაასხვისა გიორგი ნერსეზაშვილზე, რომელმაც თავის მხრივ 2015 წლის 8 იანვარს გაასხვისა თ------ნ ჯ------ზე. თ------ნ ჯ------მ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე აწარმოვა სამშენებლო სამუშაოები შეთანხმებული პროექტის საფუძველზე და ყველა ის ხარვეზი, რაც დაუდგინდა და რაზედაც დაჯარიმებული იქნა ყოფილი მესაკუთრე - ე-–------–-–---–ი, გამოსწორებულ იქნა თ------ნ ჯ-----ის მიერ, ანუ აღარ არსებობს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველი და შესაბამისად ვერ აღსრულდება 2014 წლის 25 მარტის N0----- დადგენილება.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

 

აღნიშნული დადგენილების 33-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა, კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები.

 

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: პირების, აგრეთვე ამხანაგობის საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობების, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები. ამავე კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის თანახმად, თუ II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა) მშენებლობისას ან რეკონსტრუქციისას სანებართვო პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის შემთხვევაში დამრღვევი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე შეიტანს საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილებებს, მას არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა) მშენებლობისას ან რეკონსტრუქციისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მითითების გაცემამდე 45 კალენდარული დღით ადრე ატყობინებს დამრღვევს.

 

ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის ”გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა- ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ე-–------–-–---–ის მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, ვ----------ს ქ. N11-ში მდებარე ობიექტზე სამშენებლო- სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლებიც არ შეესაბამება შეთანხმებულ პროექტს და მშენებლობის ნებართვას. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ მოსარჩელეს რაიმე არგუმენტი არ მიუთითებია. აპელანტს კანონით დადგენილ ვადაზე ბევრად მეტი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ გამოესწორებინა დარღვევა (2013 წლის 3 იანვრიდან, როდესაც მას წერილით ეცნობა დარღვევების თაობაზე - 2014 წლის 19 თებერვლამდე), თუმცა, საპროექტო დოკუმენტაციაში არ შეუტანია ისეთი ცვლილებები, რომლებიც სრულად აღმოფხვრიდა დარღვევას.

 

ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სააპელაციო საჩივარში აპელანტს არ მიუთითებია კანონით დადგენილი მოთხოვნების კონკრეტულ დარღვევებზე, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე დამაჯერებელ არგუმენტს იმის თაობაზე, თუ რა საფუძვლით უნდა ჩაითვალოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები უკანონოდ.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელდა შეთანხმებული პროექტის დარღვევით ისეთი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც იწვევს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას .

 

აპელანტის მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 27 მაისის №1--- განკარგულების ბათილად ცნობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან ვერ იქნა გამოვლენილი სადავო აქტის გამოცემისას წარმოების სახის ან აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონით დადგენილი წესის დარღვევის ფაქტი. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 25 მარტის №0----- დადგენილება მიღებულია კანონმდებლობის სრული დაცვით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის ფაქტს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ განხორციელდა მშენებლობა შეთანხმებული პროექტის დარღვევით. შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მერიის სადავო განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

რაც შეეხება აპელანტის არგუმენტს, რომ უძრავი ქონების ახალმა მესაკუთრემ უკვე გამოასწორა ის დარღვევები, რაც განახორციელა ე-–------–-–---–მა და რომ აღნიშნულის გამო გასაჩივრებული აქტები უნდა გაუქმდეს, პალატა განმარტავს, რომ შეთანხმებული პროექტის დარღვევით მშენებლობა აწარმოა ე-–------–-–---–მა, მანვე არ გამოასწორა მითითებით დადგენილ ვადაში ეს დარღვევები და ამდენად, ახალი მესაკუთრის მიერ განხორციელებული მოქმედებები (დარღვევების სავარაუდო გამოსწორება) გავლენას ვერ მოახდენს წარსულში ე-–------–-–---–ის მიერ ჩადენილ სამშენებლო სამართალდარღვევის სამართლებრივ შეფასებაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ე-–------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -