განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.03.2018
საქმის ნომერი
160210116001507835
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავები
თარიღი
07.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160210116001507835

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა საქართველოს სახელით საქმე №2ბ/4934-17 “ 07“ მარტი, 2018წ. თბილისი თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატა თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე მოსამართლეები მერაბ გაბინაშვილი ირაკლი ბონდარენკო სხდომის მდივანი - ნ--- კაბულაშვილი აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - თ----- ნ--------ი, ნ-----------------ი (მოსარჩელეები) მოწინააღმდეგე მხარე/აპელანტი - შპს „ბა-----ი“, ნ--- სხ------–-ძე, თ------- სა------ძე, ი---- ნ--------ი (მოპასუხეები) გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართოს 13.06.2017წ. გადაწყვეტილება დავის საგანი - ხელფასის მიღებს უფლების არარსებობის აღიარება და ავტომანქანის ექსპლოატაციის უფლების არარსებობის აღიარება 1. აპელანტის მოთხოვნა 1.1. თ----- ნ--------ის და ნ------- ნ--------ის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება 1.2. შპს „ბა-----ის“, ნ--- სხ------–-ძის, თ------ სა------ძის და ი---- ნ--------ის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. თ----- ნ--------ისა და ნ------- ნ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2. აღიარებულ იქნა შპს „ბ-------“ დირექტორის (ი---- ნ--------ის) მიერ 2014 წლის 22 სექტემბრიდან ხელფასის სახით 15 000 ლარის მიღების უფლების არარსებობა 3. მოსარჩელეთა მოთხოვნა დირექტორისათვის შპს „ბ-------“ სახელზე რიცხული ავტომანქანის ექსპლუატაციის უფლების არარსებობის აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით: უდავო ფაქტობრივი გარემოებები 2.1. შპს ,,ბ-------” ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია ამავე საზოგადოების დირექტორი ი---- ნ--------ი, რომელიც იმავდროულად არის შპს ,,ბ-------" საწესდებო კაპიტალის 20%- იანი წილის მფლობელი. 2.2. მოსარჩელეები, თ----- და ნ------- ნ--------ები წარმოადგენენ შპს ,,ბ-------" პარტნიორებს და ფლობენ საზოგადოების საწესდებო კაპიტალის წილის 37%-ს. 2.3. მოპასუხეები, ი---- ნ--------ი, ნ--- სხ------–-ძე და თ------- სა------ძე წარმოადგენენ შპს ,,ბ-------" პარტნიორებს. ი---- ნ--------ი ფლობს საზოგადოების წილის 20%-ს, ნ--- სხ------–-ძე - 23%-ს, ხოლო თ------- სა------ძე - 20%-ს. 2.4. 2014 წლის 29 მარტს, შპს ,,ბ-------" პარტნიორთა საერთო კრებაზე დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად განხილული იქნა საზოგადოების დირექტორის ხელფასის განსაზღვრა 15000 ლარამდე. აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირეს თ----- და ნ------- ნ--------ებმა. პარტნიორთა ხმების უმრავლესობით დირექტორის სახელფასო ანაზღაურების სახით განისაზღვრა 15 000 ლარი (დარიცხული ხელფასი). 2.5. შპს „ბ-------“ პარტნიორთა კრების 2014 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დადგინდა შპს „ბა-----ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდებით: N8----------0 და N8----------7 თავისუფალი რეალიზაცია. 2.6. 2014 წლის 22 სექტემბერს, შპს „ბა-----სა“ და შპს „ა-–-----“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, შპს „ბ-------“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდებით N8----------0 და N8----------7, საჯარო რეესტრში აღირიცხა შპს „ა-–-----ს“ ს-------------. 2.7. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემოსავლების შემცირების შემდეგ, შპს ,,ბ-------“ პარტნიორებს, დირექტორის სახელფასო ანაზღაურების გადასინჯვის საკითხი არ განუხილავთ. 2.8. ავტომანქანა „ტ-------- ლ---------------ი“ L-----, სახელმწიფო ნომრით F-- 7--, რეგისტრირებულია შპს ,,ბ-------" სახელზე. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.9. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი შპს „ბ-------“ პარტნიორთა კრების 2014 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, კერძოდ, იმ ნაწილში რომლითაც განისაზღვრა საზოგადოების მოგების რეინვესტირება. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მოცემულ დავასთან მიმართებაში პრეიუდიციული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის N2------- გადაწყვეტილებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს ,,ბ-------" ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაქირავება. საზოგადოების პარტნიორთა კრების 2014 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით დამტკიცდა წლიური ანგარიში, რომლის მიხედვით შპს ,,ბ-------” 2013 წლის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 1 182 288 ლარს, საიდანაც გასანაწილებელმა მოგების ოდენობა შეადგინა 555 840 ლარი. 2014 წლის 29 მარტს დანიშნულ კრებაზე მოსარჩელეებმა თ----- და ნ------- ნ--------ებმა მხარი არ დაუჭირეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. 2014 წლის 29 მარტის კრებაზე პარტნიორთა ხმების უმრავლესობით მიღებული იქნა გადაწყვეტილება დირექტორის სახელფასო ანაზღაურების გაზრდის შესახებ იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ი---- ნ--------ის დირექტორის დანიშვნის შემდეგ, შპს ,,ბ-------" შემოსავალი განიცდიდა უწყვეტ ზრდას, რაც ცალსახად წარმოადგენდა ი---- ნ--------ის დამსახურებას. 2.10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის გაქირავებაც წარმოადგენდა შპს ,,ბ-------" ძირითად საქმიანობას, საზოგადოების მიერ გასხვისებული იქნა 1040000 ლარად. აღნიშნული ქონების გასხვისების შემდეგ, 2015 წლის 15 იანვარს, მოწვეული იქნა შპს ,,ბ-------“ პარტნიორთა კრება, სადაც დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად განხილული იქნა საზოგადოების საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრა; კრების გადაწყვეტილებით საზოგადოების დირექტორს უარი ეთქვა ბენზინგასამართი სადგურების ქსელის მოწყობაზე და დაევალა სამშენებლო მიმართულებით მუშაობის გაგრძელება. (იხ. პარტნიორთა კრების 15.01.2015წ. გადაწყვეტილება). 2015 წლის 25 აპრილს, შპს ,,ბა-----მა“ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, გლდანი (ნაკვეთი N----), საკადასტრო კოდით: 01------------50. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია შპს ,,ბ-------“ ს-------------. მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს ,,ბა-----ს“, მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: 01------------50, სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებია. 2.11. საქმეში წარმოდგენილია მოგების გადასახადის დეკლარაცია, რომლითაც დგინდება, რომ 2015 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია შპს „ბ-------“ შემოსავალი. კერძოდ, 2015-2016 წლებში საზოგადოების მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს 15939,92 – 15939,92 ლარს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით: 2.12. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ ფორმებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) არის მეწარმე სუბიექტი. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2.13. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის თანახმად შპს ,,ბ-------” ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი ი---- ნ--------ი, რომელიც იმავდროულად ამავე საზოგადოების პარტნიორია. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ი---- ნ--------სა და შპს „ბა-----ს“ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობით. მოცემულ შემთხვევაში, განსახილველი დავის საგანია - ხელფასის მიღების უფლების არარსებობის აღიარება და ავტომანქანის ექსპლუატაციის უფლების არსებობის აღიარება. დირექტორის ანაზღაურების საკითხის განსაზღვრისას, მხედველობაშია მისაღები კომპანიის ფინანსური შესაძლებლობების შეფასება, რათა სახეზე იყოს კომპანიის მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის რეალური სურათი და გაწეული ხარჯების ოდენობამ კომპანიისთვის არ იქონიოს ფატალური შედეგი. დირექტორის ხელფასის განსაზღვრისას, ანაზღაურების ოდენობაზე, როგორც წესი, გავლენას ახდენს, კომპანიის სიდიდე, ინვესტიციების შესაძლებლობები, შესაძლო რისკები, ბა-----ზე არსებული კონკურენცია პარტნიორთა სრული შემოსავალი, დივიდენდების ოდენობა, აქტივები და დაბანდებული კაპიტალი ანუ ინვესტიციები. ასევე პირობითი კრიტერიუმები შეიძლება იყოს დირექტორის კვალიფიკაცია, კომპეტენცია, საქმიანობის სახე, კომპანიასთან თანამშრომლობის ხანგძლივობა, კომპანიის სამომავლო წინსვლის პერსპექტივა, ანაზღაურებასა და მთლიან შემოსავალს შორის. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის შპს ,,ბ-------“ მიერ, 2014 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილ ანაზღაურებას, საწარმოს ძირითადი საქმიანობის ერთადერთი წყაროს - უძრავი ქონების გასხვისების შემდგომი პერიოდისათვის იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ფაქტობრივად საწარმო მოგების გარეშეა დარჩენილი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ბ-------“ დირექტორი იმავდროულად წარმოადგენს საზოგადოების 20%-იანი წილის მქონე პარტნიორს. უძრავი ქონება, რომლის გაქირავებაც წარმოადგენდა შპს ,,ბ-------" ძირითად საქმიანობას, დღეის მდგომარეობით გასხვისებულია. მართალია, შპს ,,ბა-----მა“ შეიძინა ალტერნატიული ქონება, თუმცა 2015 წლიდან დღემდე რაიმე სამეწარმეო საქმიანობა ამ უძრავ ქონებასთან მიმართებაში არ განუხორციელებია. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია შპს „ბ-------“ შემოსავალი. კერძოდ, 2015-2016 წლებში საზოგადოების მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 31 898,84 ლარი. ამის პარალელურად, საზოგადოებას, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე ეკისრება ვალდებულება დირექტორისათვის ხელფასის სახით ყოველთვიურად 15 000 ლარის (დარიცხული ხელფასი) ანაზღაურების შესახებ, რაც წელიწადში შეადგენს 180 000 ლარს. პარტნიორთა გადაწყვეტილებას, დირექტორის ხელფასის მითითებული ოდენობით განსაზღვრას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ შპს ,,ბ-------" შემოსავალი განიცდიდა უწყვეტ ზრდას, რაც ცალსახად წარმოადგენდა ი---- ნ--------ის დამსახურებას. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მიუხედავად საზოგადოების შემოსავლების მნიშვნელოვნად შემცირებისა, პარტნიორებს, დირექტორის ხელფასის ოდენობის გადასინჯვის ნება არ გამოუვლენიათ. განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეფასდეს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხი, რამდენადაც დავა შეეხება საწარმოს დომინანტ და მინორიტარ პარტნიორებს და მათ მიერ უფლება-მოვალეობათა რეალიზაციის კანონიერებას. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. მოცემულ შემთხვევაში, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ საწარმოს გასხვისებული აქვს ქონება, რომელიც შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა და ქონების გასხვისებით საზოგადოების შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ხელფასის ოდენობა არ შეესაბამება მსგავს პირობებში ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე მყოფი თანამდებობის პირის გონივრული ხელფასის ოდენობას. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ბ-------“ დირექტორს, ი---- ნ--------ს, ისევე როგორც საწარმოს სხვა პარტნიორებს ეკისრებათ საწარმოს გაძღოლის ვალდებულება. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის არგუმენტს, რომ დომინანტი პარტნიორების უმოქმედობა - შემოსავლების შემცირების მიუხედავად იგივე სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებით ზიანს აყენებს საკუთრივ საზოგადოების ინტერესს და მიუთითებს პარტნიორთა მიერ ფარული დივიდენდის მიღების მცდელობაზე. რაც შეეხება მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დირექტორს საერთოდ არ აქვს ხელფასის მიღების უფლება შემოსავლების არარსებობის პირობებში, სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ ანაზღაურების ოდენობისა და სისტემის განსაზღვრა უმთავრესად კომპანიის შიდა საქმეა და შესაბამისად ჩარევის ფარგლებიც მცირეა. თითოეულ კომპანიაში არსებული პრობლემები, მიღებული პრაქტიკული გამოცდილება და მისი შედეგები კომპანიის პარტნიორებისათვის და დირექტორისათვის ყველაზე კარგად არის ცნობილი და სწორედ მათ ძალუძთ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რაც მაქსიმალურად სასარგებლო იქნება კომპანიისთვის. თუმცა, დომინანტმა პარტნიორებმა, აღნიშნული უფლება - მოვალეობა უნდა განახორციელონ კეთილსინდისიერად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ----- ნ--------ისა და ნ------- ნ--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და უკანონოდ უნდა იქნეს მიჩნეული 2014 წლის 22 სექტემბრიდან შპს „ბ-------“ დირექტორის მიერ, 15 000 ლარის ოდენობით ხელფასის მიღება და შესაბამისად, აღიარებული უნდა იქნეს ამ უფლების არარსებობა. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლო ვერ გაიზიარებს, მოპასუხე მხარის მოსაზრებას სასარჩელო ხანდაზმულობასათან დაკავშირებით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლზე მითითებით, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს შპს ,,ბ-------“ პარტნიორთა კრების 2014 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების კანონიერება დირექტორის ხელფასის განსაზღვრის ნაწილში. სასარჩელო განცხადებით მოსარჩელე ითხოვს შეცვლილი გარემოებების გამო, 2014 წლის 22 სექტემბრიდან საწარმოს ძირითადი ქონების გასხვისების მომენტიდან, ხელფასის მიღების უფლების არარსებობის აღიარებასა და ავტომანქანის ექსპლუატაციის უფლების არარსებობის აღიარებას. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს დირექტორის მიერ ავტომანქანის ექსპლუატაციის უფლების არარსებობის აღიარება. რაც შეეხება სადავო ავტომანქანის ექსპლუატაციის უფლებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული სატრანსორტო საშუალების ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს საწარმოს დირექტორისა და მისი პარტნიორების გადაადგილება. მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ ადგილი აქვს „კორპორატიული ფორმალობების“ დაუცველობას, ანუ პარტნიორისა და საწარმოს ქონების აღრევას. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები: 3.1. თ----- ნ--------ის და ნ------- ნ--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები: სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, როდესაც მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა გარემოება მასზედ, რომ ადგილი აქვს „კორპორატიული ფორმალობების" დაუცველობას, ანუ პარტნიორისა და საწარმოს ქონების აღრევას. სწორედ მოპასუხეს უნდა ემტკიცებია, რომ ასეთ ძვირადღირებულ ავტომანქანას დირექტორი რაიმე სახის საქმიანი შეხვედრების დროს იყენებს და რომ ასეთ შეხვედრებს რაიმე სასიკეთო შედეგი მოაქვს საზოგადოებისათვის. სასამართლო თავად მიუთითებს, რომ საზოგადოება პრაქტიკულად შემოსავლის გარეშეა და რომ საზოგადოების მიერ უძრავი ქონების შეძენის მიუხედავად, არანაირი საქმიანობა არ ყოფილა განხორციელებული. საკმარისია აღინიშნოს, რომ საზოგადოება პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს, მას არ გააჩნია ოფისიც კი, არ ჰყავს არანაირი თანამშრომელი, შესაბამისად, ავტომანქანის გამოყენება მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ხდება და ამით მოძრავ ქონებას ყოველდღიურად აკლდება ღირებულება მიმდინარე ცვეთის სახით, ამასთან, საზოგადოების ხარჯზე ხდება მისი საექსპლუატაციო საფასურის ანაზღაურება (საწვავი, ტექნიკური მომსახურება). 3.2. შპს „ბა-----ის“, ნ--- სხ------–-ძის, თ------- სა------ძის და ი---- ნ--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები: 3.2.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ პრეიუდიციულად ცნო 2014 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცაღა ყურადღების მიღმა დარჩა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ მოსარჩელეებს დირექტორის ანაზღაურების შესახებ მიღებული პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე. ჯერ კიდევ 2014 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების დროისათვის სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ქონება რომელიც წარმოადგენდა შპს „ბა-----ის“ შემოსავლისა და შესაბამისად დირექტორის ხელფასის ფინანსირების ერთ-ერთ წყაროს, გახლდათ გასხვისებული, თუმცაღა აღნიშნული მოტივით არ უცვნია ბათილად პარტნიორთა გადაწყვეტილება დირექტორის სახელფასო ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ. მით უფრო, რომ იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ არ გახლდათ შეძენილი ალტერნატიული ქონება, რომელიც შესაძლებელია გამხდარიყო შპს „ბა-----ის“ შემოსავლის ალტერნატიული წყარო. 3.2.2. სასამართლომ არასწორად შეაფასა არსებული ურთიერთობა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით პარტნიორთა მიერ უფლების ბოროტად გამოყენებად. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ საერთოდ არ განხორციელებულა უფლება, კერძოდ პარტნიორებს არ უმსჯელიათ დირექტორის ხელფასის ოდენობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, ამასთან უდავოა, რომ საქმეზე არ არის დადგენილი მოსარჩელეთათვის მიყენებული თუნდაც შესაძლო ზიანის არსებობა. განსახლიველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ დირექტორი ასრულებდა მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს, კერძოდ, კომპანიის სახელით შეიძინა უძრავი ქონება, დაგეგმა განსახორციელებელი ეკონომიკური აქტივობები, მონაწილეობას ღებულობს სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაწილეობით მიმდინარე დავაში, რის გამოც სასამართლოს მიერ უარი ეთქვა შემოსავლების სამსახურს შპს „ბა-----ის“ კუთვნილი ქონების რეალიზაციაზე, ახორციელებს კომპეტენტური ორგანოების წინაშე კომპანიის საგადახდო ვალდებულებების დეკლარირებას, იჯარით გასცემს კომპანიის არსებულ ქონებას და სხვა.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხეების სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო: 4.1.1. შპს „ბ-------“ (შემდგომში „შპს“) პარნტიორები არიან: - თ-----ი ნ--------ი - 20%; - ი---- ნ--------ი - 20%; - ნ------- ნ--------ი - 17%; - ნ--- სხ------–-ძე 23%; - თ------- სა------ძე - 20% (ტ.1, ს.ფ.27,28). ანუ მოსარჩელეები არიან ჯამში 37% წილის მფლობელი პარტნიორები, მოპასუხეების (ნ--- სხ------–-ძე, თ------- სა------ძე, ი---- ნ--------ი) წილი ჯამურად კი შეადგენს 63%-ს. 4.1.2. შპს-ს ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი -დირექტორი არის მოპასუხე ი---- ნ--------ი (ტ.1, ს.ფ.27,28). 4.1.3. 29.03.2014წ. შპს-ს პარტნიორთა საერთო კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც დირექტორის სახელფასო ანაზღაურებად განისაზღვრა ხელზე ასაღები 12 000 ლარი (რაც დაუბეგრავი სახით შეადგენს 15 000 ლარს). გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პარტნიორთა ხმების უმრავლესობით და დაეფუძნა გარემოებას მასზედ, რომ დირექტორი მოქმედებდა ეფექტურად: ი---- ნ--------ის დირექტორად დანიშვნის შემდეგ შპს-ს ერთობლივი შემოსავალი განიცდიდა უწყვეტ ზრდას, კერძოდ, 2010 წლის შემოსავალი შედგენდა 587 539 ლარს; 2011 წლის - 699 000 ლარს; ბოლო 2013 წლის ერთობლივი შემოსავალი - 1 182 288 ლარს დღგ-ს ჩათვლით (ტ.1, ს.ფ.20; 26). ანუ დირექტორისათვის ხელფასის გაზრდის გადაწყვეტილების მიღების დროს ბოლო წლის ერთობლივი შემოსავალი იყო 1 182 288 ლარი. 4.1.4. შპს-ს 20.09.2014წ. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მომხდარიყო შპს-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: მ--------–-- ა----–------–ის ქუჩა, 2----- საკადასტრო კოდით 8----------0; მ--------–-- ა----–-----–-- ქუჩა 3-- ფართით 15 500 კვ.მ საკადასტრო კოდით 8----------7) მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით თავისუფალი რეალიზაცია, რისთვისაც შესაბამისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭა დირექტორს (ტ1, ს.ფ.29-36). გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჯამში 63% წილის მფლობელი მოპასუხეების მიერ: ნ--- სხ------–-ძე, თ------ სა------ძე, ი---- ნ--------ი (ტ1, ს.ფ. 34). 4.1.5. 22.09.2014წ. მოპასუხე შპს-ს და შპს „ა-–-----“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც უძრავი ქონება ს/კ 8----------0 და 8----------7) გასხვისდა შპს „--–-------- (ტ.1, ს.ფ.37-41). 4.1.6. პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ დასკვნას მასზედ, რომ წინამდებარე დავასთან მიმართებაში პრეიუდიციული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს კანონიერ ძალაში შესული ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2-----2014წ. N2------- გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რამეთუ იმ დავასა და წინამდებარე საქმეში მონაწილეობენ იგივე მხარეები (ტ.1, ს.ფ.42-83). შესაბამისად, წინამდებარე საქმეში დამტკიცებას აღარ საჭიროებს შემდეგი გარემოებები: - შპს-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაქირავება. - 29.03.2014წ. გადაწყვეტილებით დამტკიცდა წლიური ანგარიში, რომლის მიხედვით შპს-ს 2013 წლის ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 1 182 288 ლარი, საიდანაც გასანაწილებელმა მოგების ოდენობამ შეადგინა 555 840 ლარი (ტ.1, ს.ფ.42-56). 4.1.7. 22.09.2014წ. ხელშეკრულებით გასხვისდა სწორედ ის უძრავი ქონება, რომლის გაქირავებაც წარმოადგენდა შპს-ს ძირითად საქმიანობას. ქონება გასხვისდა 1040000 ლარად (დღგ-ს ჩათვლით). გასხვისების შემდეგ, 15.01.2015წ. შედგა სხდომა, რომელზეც განისაზღვრა საწარმოს მომავალი საქმიანობის მიმართულებად მშენებლობა (ტ.2, ს.ფ.107, 110). 25.04.2015წ. შპს ,,ბა-----მა“ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, გლდანი (ნაკვეთი N----), საკადასტრო კოდით: 01------------50. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია შპს ,,ბ-------“ ს-------------. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით საწინააღმდეგო არ დასტურდება, რომ შპს ,,ბა-----ს“ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებია. 4.1.8. საქმის მასალებით დასტურდება, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი, რომ 2015 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია შპს „ბ-------“ შემოსავალი. კერძოდ, 2015-2016 წლებში საზოგადოების მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს მხოლოდ 15 939,92 – 15 939,91 ლარს (ტ.2, ს.ფ.120-123; 185; 206-217). 4.1.9. საზოგადოების ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მოვალეობათა საკანონმდებლო რეგულაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი გვთავაზობს, რაც ძირითადად ზრუნვაზე დაფუძნებული პრინციპით ხასიათდება (9.6. მუხლი), თუმცა, საკანონმდებლო რეგლამენტაცია არ არის ამომწურავი და ნორმის მე-7 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან) ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. საწარმოს დირექტორის ძირითადი მიზანი წარმატებული მართვის შედეგად საზოგადოების ქონების მაქსიმიზაციაა და დირექტორი მოვალეა, ამ მიზნის მისაღწევად მოქმედი კანონით ნებისმიერი საშუალება გამოიყენოს მოვალეობათა მართლზომიერად და კეთილსინდისიერად განსახორციელებლად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 მარტის განჩინება, ას-839-805-2016). შესაბამისად, დირექტორის პირადი ინტერესები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საწარმოს, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის, ინტერესებს. დირექტორის ანაზღაურების საკითხის განსაზღვრისას, მხედველობაშია მისაღები კომპანიის ფინანსური შესაძლებლობების შეფასება, კომპანიის სიდიდე, ინვესტიციების შესაძლებლობები, შესაძლო რისკები, ბა-----ზე არსებული კონკურენცია და ა.შ. აპელანტი აღნიშნავს და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ დირექტორი 2015 წლიდან ვერ იღებს ხელფასს (ტ.2, ს.ფ.209). ამასთან, პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელეებს აქვთ სასარჩელო მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესი, რამეთუ აღიარებითი სარჩელი განაპირობეს საზოგადოების მატერიალური სახსრების შენარჩუნებას. თუნდაც გაუცემელი ხელფასი საწარმოს ვალდებულებაა და დირექტორს აქვს დადგენილი ოდენობით მისი მოთხოვნის უფლება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა, რომ: დირექტორს, რომელსაც ყოველთვიური ხელფასი 15 000 ლარამდე (ანუ წელიწადში 180 000 ლარამდე) გაეზარდა საწარმოს უძრავი ქონების გაქირავების შედეგად საწარმოს შემოსავლების განუხრელი ზრდის პირობებში (2013 წლის ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 1 182 288 ლარი, საიდანაც გასანაწილებელმა მოგების ოდენობა შეადგინა 555 840 ლარი), აღარ აქვს 22.09.2014წ. სექტემბრიდან, ანუ ამ ქონების გასხვისების და შემოსავლების მკვეთრად შემცირების შემდეგ (2015-2016 წლებში საზოგადოების მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს მხოლოდ 15 939,92 – 15 939,91 ლარს) იგივე ხელფასის მიღების უფლება. ამასთან, რა უნდა იყოს საზოგადოების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით დირექტორის ხელფასის ოდენობა, საწარმოს შიდაკორპორაციული დემოკრატიის პრინციპის დაცვით კვლავ საზოგადოების პარტნიორთა გადასაწყვეტი საკითხია. ასევე, მომავალში, შემოსავლების გაზრდის შემთხვევაში პარტნიორები უფლებამოსილნი იქნებიან კვლავ გა-----დონ მისი ოდენობა. გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება მოპასუხეების მიერ მითითებული გარემოება მასზედ, რომ 2-----2014წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ----- და ნ------- ნ--------ების მოთხოვნა მოპასუხე შპს-ს 29.03.2014წ. პარტნიორთა კრების ოქმის იმ ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც დირექტორს გაეზარდა ხელფასი. პალატა განმარტავს, რომ შესაბამისი სარჩელის საგანი იყო კრების ოქმის/გადაწყვეტილების ბათილობა, წინამდებარე საქმეში კი მოთხოვნა შეეხება 22.09.2014წ. სექტემბრიდან, ანუ საწარმოს ქონების გასხვისების და შემოსავლების მკვეთრად შემცირების შემდეგ პერიოდზე ხელფასის გონივრულობის საკითხს. პირველი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა არ გამორიცხავს ახალი მოთხოვნის საფუძვლიანობას. თითოეული საქმის განხილვის დროს სასამართლო მსჯელობს მოსარჩელის მიერ დისპოზიციურობის ფარგლებში ჩამოყალიბებული მოთხოვნის შესაბამისად. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მიუხედავად საზოგადოების შემოსავლების მნიშვნელოვნად შემცირებისა, პარტნიორებს დირექტორის ხელფასის ოდენობის გადასინჯვის ნება არ გამოუვლენიათ. ისეთ პირობებში, როცა მიღებულია გადაწყვეტილება შემცირებული შემოსავლების პირობებში 15 000 ლარის ოდენობით ხელფასის არაგონივრულად მიჩნევის შესახებ და მას ასაჩივრებენ 63%-ს მფლობელი პარტნიორები, დასაბუთებულია მოსარჩელეთა პოზიცია, რომ საკითხის კრებაზე დაყენების შემთხვევაში შედეგი მაინც ვერ იქნებოდა მიღწეული. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყეტილებით მართებულად იქნა მიჩნეული, რომ დავა შეეხება საწარმოს დომინანტ და მინორიტარ პარტნიორებს და მათ მიერ უფლება-მოვალეობათა რეალიზაციის კანონიერებას. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორცილების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. საკორპორაციო სამართალში უფლების კეთილსინდისიერად გამოყენების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც კაპიტალური ტიპის საზოგადოებაში „წილი“ წარმოადგენს „მფლობელობას“ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში და მასზე ვრცელდება საკუთრების ინსტიტუტიდან ნაწარმოები აბსოლუტური უფლებები (იხ. ECHR: Bramelid and Malmstrom v. Sweden (N8588/79; N8589/79; 12/12/1983)). ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ დომინანტი პარტნიორების უმოქმედობა შემოსავლების შემცირების მიუხედავად იგივე სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ზიანს აყენებს საკუთრივ საზოგადოების ინტერესს და მიუთითებს ფარული დივიდენდის მიღების მცდელობაზე (მოპასუხე პარტნიორები მოქმედებენ შეთანხმებით, ი---- ნ--------ი კი ერთდროულად დირექტორიცაა და პარტნიორიც). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. 4.2. არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეების სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო: 4.2.1. მოპასუხე შპს-ს სახელზე ირიცხება ავტომანქანა „ტ-------- ლ---------------ი“ L-----, სახელმწიფო ნომრით F-- 7-- (ტ.1, ს.ფ.109). 4.2.2. მოსარჩელე სარჩელით ითხოვს აღიარებულ იქნეს მოპასუხე შპს-ს დირექტორის მიერ მისი ექსპლოატაციის უფლების არარსებობა. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, სადავო სატრანსპორტო საშუალების ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს საწარმოს დირექტორისა და მისი პარტნიორების გადაადგილება, მოსარჩელემ კი ვერ შეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ ადგილი აქვს „კორპორატიული ფორმალობების“ დაუცველობას, ანუ პარტნიორისა და საწარმოს ქონების აღრევას. საწარმოს დირექტორის მოვალეობებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია - ერთგულების მოვალეობა. იგი უკრძალავს დირექტორს თანამდებობის გამოყენებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით. ერთგულების მოვალეობის დარღვევად ჩაითვლება, თუკი დირექტორი კორპორაციის ქონებას ან ინფორმაციას კორპორაციის მიზნების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. მაგალითად, ქონების გამოყენება პირადი სარგებლის მიზნით. ამასთან, არსებობს გამონაკლისებიც, კერძოდ, ამგვარი სარგებლობა ნებადართულია, თუკი ეს შედის კორპორაციის ინტერესებში, ამ სარგებლობისგან კორპორაციას არ მიუღია ზარალი ანდა სარგებლობის სანაცვლოდ მან მიიღო ადეკვატური სარგებელი (დადო ჭანტურია, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, თბილისი 2006, გვ.339-341). 4.2.3. მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რამეთუ დაფუძნებულია მასზედ, რომ საზოგადოების შემოსავლის წყაროს (უძრავი ქონების) გაყიდვის და საზოგადოებაში შემოსავლების არარსებობის გამო საფუძველსაა მოკლებული ასეთი ძვირადღირებული ავტომობილის დირექტორის მიერ გამოყენება (ტ.1, ს.ფ.9). რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა საწარმოს დირექტორის მიერ საწარმოს კუთვნილი ავტომობილის საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ექსპლოატაციას, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ასეთზე პირდაპირ არც მოსარჩელეები უთითებენ. სააპელაციო შესაგებელშიც არის აღნიშნული და არც მხარეთა მიერ გამხდარა სადავო, რომ მოპასუხე შპს ჩაბმულია არაერთ სასამართლო დავაში, რაც მოითხოვს დირექტორის შესაბამის ჩართულობას, საწარმოს შეძენილი აქვს უძრავი ქონება, მომზადებულ იქნა პროექტები მისი ექსპლოატაციის მიზნით, რისი რეალიზებაც ჯერ არ დაწყებულა. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის პოზიცია, რომ უძრავი ქონების გაყიდვის შემდეგ არც სადავო ავტომობილის გამოყენების საფუძველი არსებობს. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი, სამართლებრივი საფუძველი.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

6. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა

 

1. თ----- ნ--------ის და ნ------- ნ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. შპს „ბ-------“, ნ--- სხ------–-ძის, თ------ სა------ძის და ი---- ნ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

3. უცვლელი დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 13.06.2017წ. გადაწყვეტილება.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

 

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

 

ირაკლი ბონდარენკო