განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820210017001861025
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 1138
28 თებერვალი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი _ მირანდა ირემაძე
აპელანტი: ქ----- ს--------ე
წარმომადგენელი: რ--------- ბ---------ე, თ----- ჭ----------ე
მოწინააღმდეგე მხარე: ნ-----–-- ა----------ე, ნ---- ს--------ე, ა----- ს--------ე
წარმომადგენელი: რ----- ჯ---------ე
დავის საგანი _ საკომლო ჩანაწერიდან კომლის წევრის ამორიცხვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ--------------ის სარჩელის დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ქ----- ს--------ემ. მოპასუხედ - ნ-----–-- ა----------ე, ნ---- ს--------ე, ა----- ს--------ე მიუთითა და მათი კომლის წევრობიდან ამორიცხვა მოითხოვა.
2. მოსარჩელის განმარტებით ის თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზ------ეებში. ამავე ოჯახში ცხოვრობენ ქ----- ს--------ის შვილი ჯ------- ს--------ე თავის ოჯახის წევრებთან ერთად. კერძოდ ჯ------- ს--------ე 1998 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ-----–-- ა----------ესთან, მხოლოდ 2000 წლის 01 მარტს განხორციელდა მეუეღლეთა ქორწინების რეგისტრაცია; ქორწინების პერიოდში შეეძინათ ქალიშვილები: ნ---- ს--------ე დაბ. 1999 წლის 14 აგვისტოს და ა----- ს--------ე დაბ. 2004 წლის 15 აგვისტოს. 2010 წლის 04 მაისს ჯ------- ს--------ე და ნ-----–-- ა----------ე განქორწინდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ნ-----–-- ა----------ე დღემდე ცხოვრობს ქ----- ს--------ის საცხოვრებელი სახლის ერთ ოთახში.
3. 2017 წელს ქ----- ს--------ემ მოინდომა ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, რისთვისაც დასჭირდა საარქივო ცნობის გამოთხოვა საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის არქივიდან. 2017 წლის 01 მარტის ხელვაჩაურის არქივის ცნობით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის რაიონის შ-------ეების თემის საკრებულოს 1986-2000 წლის საკომლო ამონაწერის თანახმად, კომლის უფროსი არის ქ----- ს--------ე და კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეუღლე ე-----ი ს--------ე და შვილები: ლ----, მ----, ი----- და ჯ------- ს--------ეები, ასევე კომლში ჩაწერილები არიან ჯ------- ს--------ის ოჯახის წევრები: მეუღლე ნ-----–-- ა----------ე და შვილი ნ---- ს--------ე. საკომლო წიგნში გაკეთებული იქნა აღნიშვნა, რომ 1992 წლის 25 დეკემბერს ლ---- ს--------ე გადახაზულია, მიწერილია - ამოეწერა გათხოვდა, ხოლო ნ-----–-- ა----------ეზე მიწერილია ჩაეწერა 15.04.2003 წ.
4. ხელვაჩაურის რაიონის შ-------ეების თემის საკრებულოს 2001–2006 წლის საკომლო ამონაწერის თანახმად კომლის უფროსი არის ქ----- ს--------ე და კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეუღლე ე-----ი ს--------ე, შვილები: მ---- ს--------ე, ი----- ს--------ე, ჯ------- ს--------ე, მისი მეუღლე ნ-----–-- ა----------ე და შვილები: ნ---- და ა----- ს--------ეები. საკომლო წიგნში გაკეთებული იქნა აღნიშვნა, რომ 1998 წელს მ---- ს--------ე გათხოვილია, ხოლო ჯ------- ს--------ე 2005 წლის 17 ნოემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. კომლის მესაკუთრე არის ქ----- ს--------ე და მისი ოჯახის წევრები: მეუღლე ე----- ს--------ე, ჯ------- ს--------ე და ი----- ს--------ე, მოსარჩელის განმარტებით, კომლის დანარჩენი წევრები ნ-----–-- ა----------ე, ნ---- და ა----- ს--------ეები არ წარმოადგენენ კომლის თანამესაკუთრეებს, ვინაიდან ისინი კომლის შემადგენლობაში ჩაეწერნენ კომლის გაუქმების შემდეგ, კერძოდ ნ-----–-- ა----------ე 2003 წელს, ხოლო ნ---- ს--------ე დაბადებიდან - 1999 წლიდან და ა----- ს--------ე 2004 წელს. საკომლო წიგნის ჩანაწერი უფლების დამდგენი საბუთია, იგი განსაზღვრავს პირის მიერ ქონების მართლზომიერ მფლობელობას. ხშირ შემთხვევაში ქონებაზე თანასაკუთრების უფლებას და წარმოადგენს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ანუ უფლების დამდგენ საბუთს. დასახელებული არგუმენტი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლიდან. კერძოდ, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება აღნიშნულ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები, ვინაიდან კანონის ამოქმედების დროიდან სადავო ქონება იყო ქ----- ს--------ის კანონიერ და ფაქტობრივ სარგებლობაში, აღნიშნული ქონება მისი საკუთრებაა, ხოლო მოპასუხეები კი კანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობენ სადავო ქონებას. არ შეიძლება ჩაითვალოს რომ მოპასუხეები წარმოადგენდნენ სამოქალაქო კოდექსის (ძველი რედაქციით) გათვალისწინებულ სუბიექტს - საკოლმეურნეო კომლის წევრს, რომელთაც 1993 წლიდან პირადი საკუთრების უფლება წარმოეშვათ კომლის ქონებაზე.
მოპასუხის პოზიცია:
5. ქ----- ს--------ის სარჩელზე მოპასუხე მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ სცნო და შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა:
6. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა კომლის წევრობიდან ნ-----–-- ა----------ისა და მისი შვილების ნ---- ს--------ისა და ა----- ს--------ის ამორიცხვის შესახებ ემსახურება იმ მიზანს, რომ ქ----- ს--------ემ დაირეგისტრიროს საკუთრებაში მთლიანი ქონება და შემდგომში არასრულწლოვან შვილებთან ერთად გაასახლოს ისინი თავისი საკუთრებიდან.
7. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მას და მის შვილებს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ, მთელი ცხოვრების მანძილზე ერთგულად შრომობდა ამ ოჯახში და ადრიდანვე, როცა მისი ყოფილი მეუღლე, მოსარჩელის შვილი ჯ------- ს--------ე წავიდა სახლიდან და შემდგომში აღიარებულ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, იგი შვილებთან ერთად აპირებდა მამისეულ სახლში დაბრუნებას, მაგრამ თვითონ მოსარჩელე ქ----- ს--------ემ არ გაუშვა და შეპირდა, რომ ყველანაირ პირობას შეუქმნიდა ნორმალური ცხოვრებისათვის. ჯ------- ს--------ის საქართველიში დაბრუნების შემდგომ 2010 წელს ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ, თუმცა ქონებაზე დავა არ ჰქონიათ, რადგან კომლის სხვა წევრებთან შეთანხმებით მოპასუხეებს გამოუყვეს საცხოვრებელი ფართი, სადაც ნ-----–-- ა----------ე ზრდის შვილებს და ფაქტობრივად ირიცხება ცალკე კომლად. აქვს თავისი ელექტრო მრიცხველი, ცალკე იხდის გადასახდებს და აქვს ცნობა, რომ წარმოადგენს ცალკე კომლს. რაც შეეხება მისი და მისი შვილების კომლში ჩაწერას, ეს თავიანთი ნებით განახორციელეს ქ----- ს--------ემ და ჯ------- ს--------ემ, ბავშვები ჯერ კიდევ მისი სამშობიაროში ყოფნის პერიოდში ჩაწერეს კომლის წევრებად და სახელებიც კი ქ----- ს--------ემ შეურჩია, შესაბამისად, ყველა ქმედება განხორციელდა კანონიერად და ჩანაწერის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყეტილება:
8. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ----- ს--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9. ნ-----–-- ა----------ე 1998 წლიდან არარეგისტრირებულ, ხოლო 2000 წლის 01 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოსარჩელე ქ----- ს--------ის შვილთან - ჯ------- ს--------ესთან; ოჯახი ცხოვრობდა სოფ ზ------ეებში ქ----- ს--------ის კომლზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში; ქორწინების პერიოდში მეღლეებს შეეძინათ ქალიშვილები: ნ---- ს--------ე დაბ. 1999 წლის 14 აგვისტოს და ა----- ს--------ე დაბ. 2004 წლის 15 აგვისტოს.
10. ა----- ს--------ე და ნ---- ს--------ე დაბადებისთანავე რეგისტრირებულ იქნენ მამის - ჯ------- ს--------ის საცხოვრებელის მიხედვით, ასევე ჯ------- ს--------ისა და ქ----- ს--------ის მიერ ჩაწერელ იქნენ ქ----- ს--------ის და მისი ოჯახის კომლის წევრებად.
11. ხელვაჩაურის რაიონის შ-------ეების თემის საკრებულოს 1986-2000 წლის საკომლო ამონაწერის თანახმად, კომლის უფროსი არის ქ----- ს--------ე და კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეუღლე ე-----ი ს--------ე და შვილები: ლ----, მ----, ი----- და ჯ------- ს--------ეები, ასევე კომლში ჩაწერილები არიან ჯ------- ს--------ის ოჯახის წევრები: მეუღლე ნ-----–-- ა----------ე და შვილი ნ---- ს--------ე. ნ-----–-- ა----------ეზე მიწერილია ჩაეწერა 15.04.2003 წ.
12. ჯ------- ს--------ე 2003 წლიდან წავიდა საცხოვრებელი სახლიდან; 2005 წლის 17 ნოემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ნ-----–-- ა----------ე ქ----- ს--------ის თხოვნით შვილებთან ერთად საცხოვრებლად დარჩა მეუღლის ოჯახში, ეწოდა სამეურნეო საქმიანობასა და შვილების აღზრდას.
13. 2010 წლის 4 მაისიდან, ჯ------- ს--------ე და ნ-----–-- ა----------ე განქორინდნენ; განქორწინების შემდგომ, ნ-----–-- ა----------ე თავის არასრულწლოვან შვილებთან მოპასუხე ნ---- ს--------ესა და ა----- ს--------ესთან ერთად ცხოვრობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------ეებში, ქ----- ს--------ის კომლზე რიცხულ საცხოვრებელი სახლის ერთ ოთახში, რომელიც მას კომლის წევრთან შეთანხმებით გადაეცა და ირიცხება ცალკე კომლად, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში.
14. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელის
მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი, რის გამოც სარჩელი არ დააკმაყოფილა.
15. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე; 1513-ე მუხლებზე, ასევე ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლისა და ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციაზე მიუთითა და განმარტა, რომ ქ----- ს--------ისა და კომლის სახვა წევრების, მათ შორის არასრულწლოვნების მამის ჯ------- ს--------ის ნების საფუძვლზე მოხდა მათი კომლის წევრებად ჩაწერა და მათთვის ცნობილი იყო თანმდევი შედეგიც. მარეგისტრირებელმა ორგანომ ჩანაწერში რეგისტრაცია განახორციელა კანონის საფუძვლზე, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული ჩანაწერის გაუქმების საფუძვლები.
16. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
18. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ----- ს--------ემ.
19. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ითხოვა. მისი განმარტებით სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარეები - მოპასუხეები, ქ----- ს--------ის მიერ იქნენ ჩაწერილი მისი ოჯახის კომლის წევრებად და შესაბამისად წარმოადგენენ ქ----- ს--------ის კომლის წევრებს.
საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება, რომ მოპასუხეები აპელანტის - მოსარჩელის - ქ----- ს--------ის მიერ და მისივე თანხმობით იქნენ ჩაწერილები სადავო კომლში. მოპასუხეები არიან რეგისტრირებული სადავო კომლში, ხოლო მათ რეგისტრაცია გაიარეს ჯ------- ს--------ის რეგისტრაციის ადგილის საფუძვლეზე, ანუ სადაც იყო რეგისტრირებული ერთ-ერთი მშობელი არასრულწლოვანმა შვილებმაც ავტომატურად გაიარეს რეგისტრაცია, რაც არ წარმოშობს საკუთრების წარმოშობისა სამართლებრივ საფუძველს. ეს პირები სადავო კომლში დარეგისტრირდნენ 1993 წლის შემდეგ, კომლის რეორგანიზაციის შემდეგ, რაც გამორიცხავს მათ მიმართ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლებს.
20. აპელანტის მითითებით პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ნ-----–-- ა----------ე შვილებთან ერთად აპელანტის ქ----- ს--------ის თხოვნით დარჩა საცხოვრებლად სადავო კომლში. აღნიშნულს აპელანტი არ ეთანხმება, რადგან მას არასდროს არ უთხოვია მოპასუხეთათვის, რომ საცხოვრებლად დარჩენილიყვნენ სადავო კომლში. მოპასუხე განქორწინების შემდეგ თავისი ინიციატივით ცხოვრობდა მის მიერ არჩეულ ერთ-ერთ ოთახში. აპელანტს არასდროს არ დაუყენებია საკითხი თავისი შვილიშვილების გასახლების თაობაზე.
21. აპელანტის მითითებით სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად დაადგინა, რომ ქ----- ს--------ემ კომლის წევრებთან შეთანხმებით გადასცა მოწინააღმდეგე მხარეებს საცხოვრებელი სახლის ერთი ოთახი და ისინი ირიცხებიან ცალკე კომლად. აპელანტს არ მიუცია თანხმობა მოწინააღმდეგე მხარისათვის საცხოვრებელი ოთახის გამოყოფისათვის, შესაბამისად არ არსებობს კომლის წევრთა შეთანხმება მოპასუხეების ცალკე გამოყოფის შესახებ. ასევე არ არსებობს რაიმე სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხეები - მოწინაარმდეგე მხარეები გამოყოფილი არიან და ირიცხებიან ცალკე კომლად, არ არსებობს რადგანაც მსგავსი დოკუმენტი არასდროს არ გამოცემულა და არ არსებობს რადგანაც მოწინააღმდეგე მხარეები სადავო კომლში გამოჩნდნენ 1993 წლის შემდეგ, ანუ კომლის რეორგანიზაციის შემდგომ, რაც არანაირ სამართლებრივ საფუძველს არ წარმოშობს, და არც ამ პერიოდის შემდეგომ არ მიიღებოდა რაიმე სამართლებრივი აქტი კომლის გამოყოფის თაობაზე. რაც შეეხება მოწინააღმდეგ მხარის ოჯახის რეგისტრაციას სოცილურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, არ გულისხმობს, რომ ისინი ცალკე კომლად ირიცხებიან და შესაბამისად არიან გამოყოფილი, ვინაიდან ეს პირები სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულნი არიან მისამართის - საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
22. აპელანტმა მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
23. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა და მათი წარმომადგენლების განმარტებები და თვლის, რომ ქ----- ს--------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყევტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქ----- ს--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
24. უპირველესად პალატა აღძრული სარჩელის სამართლებრივ ბუნებაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ აღძრული სარჩელი თავისი ბუნებით აღიარებითი ხასიათისაა.
25. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წელს, მან მოინდომა თავისი ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, რისთვისაც საარქივო ცნობის გამოთხოვა დასჭირდა ხელვაჩაურის არქივიდან. ამ ცნობით კი დადგინდა, რომ 1986-2000 წლების საკომლო ამონაწერის თანახმად, კომლის უფროსია თავად ქ----- ს--------ე, ხოლო კომლის შემადგენლობაში ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ირიცხებიან მოპასუხეებიც. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეთა რეგისტრაცია არასწორია, მათ ამ რეგისტრაციის გამოყენებით კომლის ქონების უკანონოდ მიკუთვნება სურთ, ამიტომ მას გააჩნია იმის იურიდიული ინტერესი, რომ მასზე აღირიცხოს უძრავი ქონება და გაუქმდეს ამ ქონებაში მოპასუხეთა რეგისტრაცია, რომლებსაც ამ რეგისტრაციით ქონების უკანონოდ მითვისება სურთ.
26. პალატა მიიჩნევს, რომ ქ----- ს--------ის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, რადგან მოსარჩელეს მისი დაკმაყოფილების მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი გააჩნია.
27. რაც შეეხება არსებითად დავის გარემოებებს, პალატამ დაადგინა:
28. დადგენილია, რომ ნ-----–-- ა----------ე 1998 წლიდან არარეგისტრირებულ, ხოლო 2000 წლის 01 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოსარჩელე ქ----- ს--------ის შვილთან - ჯ------- ს--------ესთან; (მხარეთა განმარტებები; ქორწინების მოწმობა, ს.ფ.17);
29. ოჯახი ცხოვრობდა სოფ ზ------ეებში ქ----- ს--------ის კომლზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში; ქორწინების პერიოდში მეღლეებს შეეძინათ ქალიშვილები: ნ---- ს--------ე დაბ. 1999 წლის 14 აგვისტოს და ა----- ს--------ე დაბ. 2004 წლის 15 აგვისტოს (დაბადების მოწმობები ს.ფ.18-19).
30. ა----- ს--------ე და ნ---- ს--------ე დაბადებისთანავე რეგისტრირებულ იქნენ მამის - ჯ------- ს--------ის საცხოვრებელის მიხედვით, თუმცა ცხადია მათი რეგისტრაცია განხორციელდა 1993 წლის შემდგომ, კერძოდ ნ----ს რეგისტრაცია განხორციელდა 1999 წელს, ხოლო ა-----ს რეგისტრაცია - 2004 წელს;
31. ხელვაჩაურის რაიონის შ-------ეების თემის საკრებულოს 1986-2000 წლის საკომლო ამონაწერის თანახმად, კომლის უფროსი არის ქ----- ს--------ე და კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეუღლე ე-----ი ს--------ე და შვილები: ლ----, მ----, ი----- და ჯ------- ს--------ეები, ასევე კომლში ჩაწერილები არიან ჯ------- ს--------ის ოჯახის წევრები: მეუღლე ნ-----–-- ა----------ე და შვილი ნ---- ს--------ე. ნ-----–-- ა----------ე ჩანაწერზე განხორციელებულია წარწერა- ჩაეწერა 15.04.2003 წ. (საარქივო ცნობა ს.ფ. 21).
28. ჯ------- ს--------ე 2003 წლიდან წავიდა საცხოვრებელი სახლიდან; 2005 წლის 17 ნოემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებით ის აღიარებულ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ნ-----–-- ა----------ე შვილებთან ერთად საცხოვრებლად დარჩა მეუღლის ოჯახში.
32. ჯ------- ს--------ის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების შემდგომ, 2010 წლის 4 მაისს ჯ------- ს--------ე და ნ-----–-- ა----------ე განქორინდნენ (განქორწინების მოწმობა ს.ფ. 20);
33. დადგენილია, რომ განქორწინების შემდგომ, ნ-----–-- ა----------ე თავის არასრულწლოვან შვილებთან მოპასუხე ნ---- ს--------ესა და ა----- ს--------ესთან ერთად ცხოვრობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------ეებში, ქ----- ს--------ის კომლზე რიცხულ საცხოვრებელი სახლის ერთ ოთახში.
34. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ცალკე ოთახში ცხოვრებით განხორციელდა ცალკე კომლად გამოყოფა; რადგან უდავოა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია 1993 წლის შემდგომ, რის გამოც დადგენილია, რომ ნ-----–-- ა----------ეს 2003 წელს საკომლო წიგნში რეგისტრაციით, ასევე ნ---- ს--------ეს 1999 წელს რეგისტრაციითა და ა----- ს--------ეს 2004 წელს რეგისტრაციით არ მოუპოვებიათ კომლის ქონებაზე რაიმენაირი ქონებრივი უფლებები, იმის გამო, რომ საკოლმეურნეო კომლებმა, რომლებიც თანასაკუთრების ობიექტს წარმოადგენდენენ 1993 წლამდე, (ე.ი. ვიდრე კოლმეურნეობების გაუქმებამდე) მასში რეგისტრირებული ყველა წევრისათვის - 1993 წლიდან შეწყვიტეს არსებობა.
სამართლებრივი შეფასება:
35. საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეუნრეობის და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის წესის შესახებ” სახელმწიფო საბჭოს 1993წ. 21 ოქტომბრის №29 დეკრეტისა და მთავრობის 1992 წლის 22 ოქტომბრის №949 დადგენილების საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობისა და კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ – სამართლებრივ ფორმებზე გადასვლა, კოლმეურნეობების გაუქმებასთან ერთად არსებობა შეწყვიტა საკოლმეურნეო კომლმაც.
36. “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ 1996 წლის 22 მარტის კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებულ უნდა იყოს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში).
37. თუ მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრთა საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული. კანონის აღნიშნული ნორმა გაუქმდა 2000 წლის 14 ივნისის კანონით. ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილი უთითებს, რომ ურთიერთობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. აღნიშნული დანაწესი კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და საადგილმამულო მეურნეობაზე კომლის წევრთა თანასაკუთრების არსებობა მოწესრიგდეს სამოქალაქო კანონმდებლობით.
38. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე პალატამ დაადგინა, რომ ნ-----–-- ა----------ე საკომლო წიგნში რეგისტრირებული იქნა 2003 წელს, ნ---- ს--------ე - 1999 წელს, ხოლო ა----- ს--------ეს 2004 წელს.
39. აღნიშნული გარემოება კი ანუ მითითებულ წლებში კომლში რეგისტრაცია ვერ გახდება ნ-----–-- ა----------ის, ა----- და ნ---- ს--------ეების რაიმე სახის ქონებრივი, მათ შორის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი, არამედ აღნიშნული ფაქტი შეიძლება განხილული იქნას მისი რეგისტრაციის ფაქტად, თანახმად “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა. რის გამოც საფუძვლიანია ქონების მესაკუთრის ქ----- ს--------ის მოთხოვნა, რომლითაც იგი ითხოვს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზ------ეების საკომლო წიგნში, თავის კომლში, მოპასუხეთა რეგისტრაციის თაობაზე ჩანაწერის გაუქმებას და მოპასუხეთა ამორიცხვას ქ----- ს--------ის კომლის წევრობიდან ;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. ქ----- ს--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ქ----- ს--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზ------ეების საკომლო წიგნში ქ----- ს--------ის კომლში ნ-----–-- ა----------ის, ნ---- ს--------ის და ა----- ს--------ის ჩანაწერი კომლში რეგისტრაციის თაობაზე თანმდევი შედეგით და ამოირიცხონ ისინი ხელვაჩაურში, სოფელ ზ------ეებში ქ----- ს--------ის კომლის წევრობიდან.
5. დაეკისროთ ნ-----–-- ა----------ეს, ნ---- და ა----- ს--------ეებს ქ----- ს--------ის სასარგებლოდ 250 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-6-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ირმა პერანიძე