განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2018
საქმის ნომერი
010210117002065778
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
18.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210117002065778

საქმე №2/ბ-1245-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი: შპს ,,ს------ ჯ-------- გ----”

წარმომადგენელი: მ------ ხ----ე

მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,ლ-----”

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინება

 

გამოარკვია:

2017 წლის 29 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,ს------ ჯ-------- გ----ს" წარმომადგენელმა მ------ ხ----ემ, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ლ-----" და 2012 წლიდან-2016 წლის თებერვლამდე მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის-12 796,91 ლარისა და თანხის გადაუხდელობის გამო, ვალდებულების დარღვევის მომენტიდან-2016 წლის მარტიდან წარმოშობილი მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველთვიურად 127,96 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს შპს ,,ლ-----"-ის (ს/ნ 4----------) საბანკო ანგარიშზე არსებულ ფულად სახსრებს - სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ, იგი ახორციელებს ისეთ გრანდიოზულ და მნიშვნელოვან პროექტს, როგორიცაა გ----ფიკაცია საქართველოს მაშტაბით რეგიონების მიხედვით. თავისი კუთვნილი თანხების მიუღებლობის გამო, ადგება ზიანი და თითოეული ამგვარი უპასუხისმგებლო მოქმედება საფრთხეს უქმნის მის საქმიანობას.

ვინაიდან, შპს ,,ლ-----ი“ ნებაყოფილობით არ ასრულებს ვალდებულებას, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ იგი შეეცდება პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, დავის განმავლობაში, ნებისმიერ დროს მოხსნას და გაიტანოს თანხები საკრედიტო დაწესებულებიდან. ამიტომ, აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მის საბანკო ანგარაიშებს დაედოს ყადაღა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება.

ამასთან აღსანიშნავია, რომ მოპასუხის სახელზე არანაირი უძრავი ქონება არ ირიცხება, რაც ასევე ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინებით, შპს ,,ს------ ჯ-------- გ----ს“ წარმომადგენელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, როცა კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა მის სავალდებულოობას.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება დაუსაბუთებელია, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას და ვერ ხსნის, თუ რატომ იქნება შეუძლებელი მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ს------ ჯ-------- გ----ს“ წარმომადგენელმა, მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში მსჯელობს მოპასუხის უფლებების შესაძლო შეზღუდვაზე, დარღვევაზე და არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ მოხმარებული გ----ს საფასურის გადაუხდელობის გამო, მოსარჩელეს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, რომელიც დღითიდღე იზრდება.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში წარმოადგენს იმ ერთადერთ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რომლის გამოყენების შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხე არ შეექმნებოდა.

ვინაიდან, საჯარო რეესტრის მონაცემებით მოპასუხეს არანაირი უძრავი ქონება არ გააჩნია, ანგარიშებზე ყადაღის დადება არის ერთადერთი ღონისძიება, რაც გარანტირებულს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადების განხილვისას, სასამართლომ უპირველეს ყოვლისა უნდა გაითვალისწინოს სასასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა, ამიტომაც ამ საკითხისადმი ფორმალური მიდგომა დაუშვებელია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადმოიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

 

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების

დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2017 წლის 29 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,ს------ ჯ-------- გ----ს" წარმომადგენელმა მ------ ხ----ემ, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ლ-----" და 2012 წლიდან-2016 წლის თებერვლამდე მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის-12 796,91 ლარისა და თანხის გადაუხდელობის გამო ვალდებულების დარღვევის მომენტიდან-2016 წლის მარტიდან წარმოშობილი მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველთვიურად 127,96 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს შპს ,,ლ-----"-ის (ს/ნ 4----------) საბანკო ანგარიშზე არსებულ ფულად სახსრებს - სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინებით, შპს ,,ს------ ჯ-------- გ----ს“ წარმომადგენელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ს------ ჯ-------- გ----ს“ წარმომადგენელმა, მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადმოიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს:

სსსკ-ის კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის, მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას.

შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში მოპასუხეს, 2012 წლიდან შეუზღუდავად მიეწოდებოდა ბუნებრივი გ----, რომელსაც მოიხმარდა 2016 წლის თებერვლამდე. მიწოდებული გ----ს ღირებულებას მოპასუხე იხდიდა პერიოდული დაგვიანებით და არასრულად, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება, რამაც 2016 წლის თებერვლის მდგომარეობით შეადგინა 12 796.91 ლარი. მოპასუხეს ვალდებულება დროულად რომ შეესრულებინა, მოსარჩელეს საშუალება ექნებოდა თავისი კუთვნილი თანხა განეთავსებინა ერთ-ერთ საკრედიტო დაწესებულებაში კერძოდ, ,,ლიბერთი ბანკში“ დეპოზიტზე და მიეღო სარგებელი წლიური 12 %-ის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს საკუთრების უფლება მყიდველს ქონებაზე და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული თანხა და მიიღოს ნაყიდი საქონელი.

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

ამ ნორმათა შესაბამისად, შპს ,,ს------ ჯ-------- გ----ს“ მოთხოვნას გააჩნია საფუძველი და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივაც.

პალატის აზრით, თუკი დაკმაყოფილდება შპს ,,ს------ ჯ-------- გ----ს“ სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან მის აღსრულებამდე მოპასუხე ანგარიშზე არსებულ თანხას განკარგავს და სხვა ქონება აღარ დარჩება, შესაძლოა გაძნელდეს ან შეუძლებელი გახდეს, მოცემულ საქმეზე სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.

ამდენად, მოსარჩელეს მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფა აუცილებელია-დასაბუთებულია, ხოლო გასაჩივრებული განჩინება არასწორი.

პალატა იმავდროულად განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება მხარეთა ინტერესების შესაბამისი უნდა იყოს. ერთი მხრივ, მან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა უზრუნველყოს და მეორე მხრივ, მოპასუხეს არათანაზომიერ, გაუმართლებელ ტვირთად არ უნდა დააწვეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო მხედველობაში იღებს სარჩელის პერსპექტიულობას და იმ გარემოებას, რამდენად მოსალოდნელია მოპასუხის მხრიდან შესაძლო დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით ქონების განკარგვა (იქნება ეს უძრავი ქონების გასხვისება, თუ თანხის გატანა საბანკო ანგარიშიდან).

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ცნობითა და შსს მოსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, შპს „ლ-----“-ის საკუთრებაში უძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის (ს.ფ.45-46)

პალატა ეთანხმება საჩივრის ავტორის მითითებას, რომ ვინაიდან, მოპასუხეს სხვა ქონება არ გააჩნია, შესაძლოა, საკუთარი შეხედულებით განკარგოს მის ანგარიშზე არსებული თანხა ისე, რომ აღნიშნულის შედეგად საფრთხე შეექმნას სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

იმის გათვალისწინებით, რომ დღესათვის იურიდიული პირი შემოსავალს, ჩვეულებრივ, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით იღებს, ამასთან წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით სარჩელის ფასი განსაზღვრულია 17403,47 ლარი, თუკი მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობა 17 403.47 ლარს არ აღემატება, ასეთ ვითარებაში, ანგარიშებზე ყადაღის დადებამ, შეიძლება მოპასუხე დატოვოს შემოსავლის გარეშე, ეს კი დაუშვებელია.

შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოპასუხეს სავარაუდოდ მიღებული ან მისაღები შემოსავლის ნაწილი მაინც დარჩეს.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწიებით, ყადაღა უნდა დაედოს მოპასუხე, შპს ,,ლ-----“-ის კუთვნილ 2000 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 17 403,47 ლარის ფარგლებში, ოღონდ ანგარიშზე ჩარიცხული ან/და არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა.

ამდენად, შპს ,,ს------ ჯ-------- გ----ს“ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, შპს ,,ს------ ჯ-------- გ----ს“ მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ყადაღა უნდა დაედოს შპს ,,ლ-----“-ის კუთვნილ 2000 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 17 403.47 ლარის ფარგლებში, ოღონდ ანგარიშზე ჩარიცხული ან/და არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ,,ს------ ჯ-------- გ----ს“ საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინება;

3. შპს ,,ს------ ჯ-------- გ----ს“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს შპს ,,ლ-----“-ის კუთვნილ 2000 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 17 403.47 ლარის ფარგლებში, ოღონდ ანგარიშზე ჩარიცხული ან/და არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა.

5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

6. განჩინება არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე