განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2018
საქმის ნომერი
820210018002305865
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820210018002305865

საქმე 2/ბ-246-18წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

11 აპრილი 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი: ნ---- ს-----ე

წარმომადგენელი: მ------- ხ---–------ე

მოწინააღმდეგე მხარე: ე------ დ---–--ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება

დავის საგანი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონირება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული

განჩინების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 14 თებერვალს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ---- ს-----ის წარმომადგენელმა მ------- ხ---–------ემ, მოპასუხედ დაასახელა ე------ დ---–--ე და მოპასუხეზე თანხის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა სახ. ბაჟს გადახდის გადავადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მეუღლესთან განქორწინებულია, წარმოადგენს სოციალურად დაუცველ პირს, თუმცა სახელმწიფოსაგან არავითარ დახმარებას არ ღებულობს. არის უმუშევარი, კმაყოფაზე ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და გარდა 150 ლარის ოდენობით ალიმენტისა სხვა შემოსავალი არ გააჩნია.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით, ნ---- ს-----ეს უარი ეთქვა ე------ დ---–--ის წინააღმდეგ, 31 350 ლარის დაკისრების მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის მიღებაზე.

სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლების მოთხოვნებს, რაც მისი წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.

გარდა ამისა, მხარეთა ლეგიტიმური ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხის გადაწყვეტის დროს, სასამართლო ეყრდნობა და აფასებს წარმოდგენილ დოკუმენტებს, რაც მხარის გადახდისუუნარობაზე მეტყველებს და მის ქონებრივ მდგომარეობას უტყუარად ადასტურებს, ასეთი რამ კი სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.

დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ---- ს-----ის წარმომადგენელმა მ------- ხ---–------ემ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მოსარჩელემ, იმის დასადასტურებლად, რომ გააჩნია ცუდი ეკონომიური მდგომარეობა და სარჩელის შეტანის დროისათვის არ გააჩნდა 940 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება, სასამართლოს წარუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, კერძოდ: ამონაწერი სოციალურად დაუვცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ, ორი მცირეწლოვანი შვილის დაბადების მოწმობა და სააღსრულებო ფურცელი, რომ ღებულობს ალიმენტის სახით 150 ლარს.

ვინაიდან, ნ. ს-----ეს სხვა შემოსავალი არ გააჩნია, სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ არ წარადგინა უტყუარი მტკიცებულება, რაც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა-დაუსაბუთებელია.

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სარჩელი წარდგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ გადახდილი არ არის სახელმწიფო ბაჟი.

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა დამატებით განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტისა და მე-3 ნაწილის ,,ა.ა.” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ქონებრივი დავის დროს, ფიზიკური პირებისათვის სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა და არაუმეტეს 3000 ლარისა.

ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები) კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

პალატა განმარტავს, რომ მართალია, მოსარჩელეს კანონი ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, მაგრამ იქვე აკისრებს ასეთი მოთხოვნის დასასაბუთებლად უტყუარი მტკიცებულების წარდგენის ვალდებულებასაც.

სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე კანონით გათვალისწინებული შეღავათის გაწევის საფუძველი არის, მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, როცა მხარეს შემოსავლის რაიმე წყარო და რაიმე სახის ქონება არ გააჩნია, ასევე, როცა წარდგენილია მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია თანხის დაკისრება შესაბამისად, მოსარჩელის ვალდებულებაა წინასწარ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.

მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ ნ---- ს-----ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (თუმცა ასეთი მტკიცებულება სარჩელზე თანდართული არ ყოფილა) და ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი ვერ გახდება, რადგანაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო ხარჯებში შეღავათის გაწევის საფუძველია მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რაც საქმის მასალებით არ ირკვევა, ვინაიდან ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარუდგენია.

ამდენად, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, სარჩელში მითითებული გარემოებები სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი ვერ გახდება და პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აღნიშნული შუამდგომლობა და სახ. ბაჟის გადაუხდელობის მოტივით სარჩელს მიღებაზე ეთქვა უარი- დასაბუთებულია.

შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ---- ს-----ის (წარმომადგენელი - მ------- ხ---–------ე) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე