განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050210018002311377
საქმე 2/ბ-261-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
11 აპრილი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: შპს ,,------------------------”
წარმომადგენელი: დ----- მ–-------
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,ლ-------–---”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინება
დავის საგანი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული
განჩინების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 19 თებერვალს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ,,------------------------ს'' წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ლ-------–---'' და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების-13732,78 ლარის გადახდევინება მოითხოვა.
მოსარჩელემ, იმავდროულად იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იმ მიზეზით, რომ შპს ,,------------------------ს” საბანკო ანგარიშებს ადევს ყადაღა, რის გამოც კომპანიას არ გააჩნია ობიექტური შესაძლებლობა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით შპს ,,------------------------ს” უარი თქვა სარჩელის მიღებაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლებზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის აღძვრის დროს, მოსარჩელე ვალდებულია სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით ასახოს საკუთარი მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებზე, თუმცა მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი სარჩელში მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულება, გარდა ამისა, მტკიცებულების სახით წარმოდგენილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები), რომლებიც არ არის ხელმოწერილი და დამოწმებული. ასევე, გადახდილი არ არის სახელმწიფო ბაჟი, ხოლო მისი გადახდის გადავადების სათანადო მტკიცებულება მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის.
დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს ,,------------------------ს” წარმომადგენელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის მიღების სტადიიდან საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:
სარჩელს ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის ან სხვა ნებისმიერი სახის ფულადი ტრანზაქციის განხორციელების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ, სს ,,თ----- ბ-----“ მიერ გაცემული ცნობა მოსარჩელის ანგარიშზე არსებული ინკასოს თაობაზე, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველია.
გარდა ამისა, გაუგებარია, რატომ აღმოჩნდა არასაკმარისი სარჩელზე დართული მტკიცებულებები. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ადგენს მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების წერილობითი ფორმის სავალდებულოობას. შესაბამისად, დაუშვებელია ამ შემთხვევაზე ფორმის სავალდებულოობის მოთხოვნის გავრცელება, მითუმეტეს, რომ სარჩელს თან ერთვოდა ნასყიდობის ხელშეკრულების ზეპირად დადებისა და გამყიდველის მიერ თავისი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მტკიცებულებები.
დაუსაბუთებელია ასევე სასამართლოს მითითება, იმის თაობაზე რომ წარდგენილი ელექტრონული საგადასახადო დოკუმენტები არ არის ხელმოწერილი, ხოლო კიდევ უფრო ბუნდოვანია, თუ რა იგულისხმება ამ დოკუმენტთა შესაბამის დამოწმებაში.
გასაჩივრებული განჩინებით შპს ,,------------------------ს“ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, არ ეფუძნება არც ერთ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს და დაუსაბუთებლად უზღუდავს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლებას.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების
დასაბუთება
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2018 წლის 19 თებერვალს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ,,------------------------ს'' წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ლ-------–---'' და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების-13732,78 ლარის გადახდევინება მოითხოვა.
მოსარჩელემ, იმავდროულად იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იმ მიზეზით, რომ შპს ,,------------------------ს” საბანკო ანგარიშებს ადევს ინკასო, რის გამოც კომპანიას არ გააჩნია ობიექტური შესაძლებლობა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.
დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით შპს ,,------------------------ს” უარი თქვა სარჩელის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ იგი წარდგენილი იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ამასთან არ არსებობდა მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი.
დადგენილია, რომ დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს ,,------------------------ს” წარმომადგენელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის მიღების სტადიიდან საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საფუძვლებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ვინაიდან, სარჩელს არ ერთვოდა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულება, სწორად ეთქვა შპს ,,------------------------ს” უარი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.
ამდენად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე კანონით გათვალისწინებული შეღავათის გაწევის საფუძველი არის, მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, როცა მხარეს შემოსავლის რაიმე წყარო და რაიმე სახის ქონება არ გააჩნია, ასევე, როცა წარდგენილია მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
ის ფაქტი, რომ განსახილველ შემთხვევაში, სს „თ----- ბანკში“ არსებულ შპს ,,------------------------ს” ანგარიშზე რეგისტრირებულია ინკასო, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი ვერ გახდება, რადგანაც, როგორც აღინიშნა სასამართლო ხარჯებში შეღავათის გაწევის საფუძველია მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რაც საქმის მასალებით არ ირკვევა და მხოლოდ საბანკო ანგარიშზე ინკასოს რეგისტრაცია, შემოსავლების არასაკმარის ოდენობას არ ადასტურებს, ასევე არ გამორიცხავს უძრავ-მოძრავი ქონებისა და მისგან შემოსავლის სხვა წყაროს არსებობას.
შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ სარჩელი შედგენილია და წარდგენილია სსსკ-ის 178.21 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით (გადახდილი არ არის სახელმწიფო ბაჟი და არ არსებობს მისი გადავადების კანონით გათვალისწინებული საფუძველი), რაც სსსკ-ის 186-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია-დასაბუთებულია.
პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სარჩელში, სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით იქნა მითითებული იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომლებზედაც დამყარებული იყო სასარჩელო მოთხოვნა, ასევე წარდგენილი იყო ის მტკიცებულებები, რომლებიც მისი აზრით მოთხოვნას ადასტურებდა, ხოლო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, არ არის უფლებამოსილი მხარეს მოსთხოვოს ისეთი მტკიცებულების წარდგენა, რომლებიც სარჩელის ფორმაში, დავის ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში დანართი მტკიცებულების სახით დაფიქსირებული არ არის.
მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, თუმცა შპს ,,------------------------ს” სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,------------------------ს” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,------------------------ს“ (წარმომადგენელი - დ----- მ–-------) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე