განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2018
საქმის ნომერი
010210018002301825
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018002301825

საქმე 2/ბ-264-18წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

11 აპრილი 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი: შპს ,,ენ----------------------”

წარმომადგენელი: ს---–--- ფ--–-------–---–-

მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,ა-------“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება

დავის საგანი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული

განჩინების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 12 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ,,ენ----------------------ს'' წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ა-------“ და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების-19473,46 ლარის გადახდევინება მოითხოვა.

მოსარჩელემ, იმავდროულად იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იმ მიზეზით, რომ შპს ,,ენ----------------------ს” საბანკო ანგარიშებს ადევს ყადაღა, ასევე მთელ მის მატერიალურ/არამატერიალურ ქონებას ადევს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, საგადასახადო დავალიანება კი დასტურდება შედარების აქტით, რის გამოც კომპანიას არ გააჩნია ობიექტური შესაძლებლობა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით, შპს ,,ენ----------------------ს” უარი თქვა სარჩელის მიღებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლებზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელი არ აკმაყოფილებდა აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, რაც მისი წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მინიმალური სტანდარტითაც ვერ ადასტურებდა სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოსარჩელის ფინანსურ უუნარობას გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. წარმოდგენილი დოკუმენტებიდან, მხოლოდ ის გარემოება დასტურდება, რომ შპს „ენ----------------------ს“ აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. ვერ დასტურდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონებიდან ფულადი სარგებლის მიღების შეუძლებლობა ან სარჩელის შეტანის მომენტისათვის საბანკო ანგარიშებზე ფულადი სახსრების არარსებობა, რაც შესაძლებელია დადასტურდეს საბანკო ამონაწერებით მიმდინარე და სადეპოზიტო ანგარიშებიდან ან ნაღდი ფულის მოძრაობის შემთხვევაში სალაროს ამონაწერით.

შესაბამისად, არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი.

დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს ,,ენ----------------------ს” წარმომადგენელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის მიღების სტადიიდან საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:

სარჩელს ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის ან სხვა ნებისმიერი სახის ფულადი ტრანზაქციის განხორციელების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ: 1) სს ,,თ-----------ს“ მიერ გაცემული ცნობა მოსარჩელის ანგარიშზე არსებული ინკასოს თაობაზე, 2) სსიპ შემოსავლების სამსახურის 20.09.2017წ. შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის თაობაზე, 3) 01.01.2018წ. ბრძანება საინკასო დავალების წარდგენის თაობაზე, 4) შედარების აქტი საგადასახადო დავალების არსებობის თაობაზე. აღნიშნული მტკიცებულებები საკმარისია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის.

გასაჩივრებული განჩინებით შპს ,,ენ----------------------ს“ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით არ ეფუძნება არც ერთ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს და დაუსაბუთებლად უზღუდავს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლებას.

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების

დასაბუთება

სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2018 წლის 12 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ,,ენ----------------------ს'' წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ა-------“ და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების-19473,46 ლარის გადახდევინება მოითხოვა.

მოსარჩელემ, იმავდროულად იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იმ მიზეზით, რომ შპს ,,ენ----------------------ს” საბანკო ანგარიშებს ადევს ყადაღა, ასევე მთელ მის მატერიალურ/არამატერიალურ ქონებას ადევს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, საგადასახადო დავალიანება კი დასტურდება შედარების აქტით, რის გამოც კომპანიას არ გააჩნია ობიექტური შესაძლებლობა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით, შპს ,,ენ----------------------ს” უარი თქვა სარჩელის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ იგი წარდგენილი იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, სარჩელს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან არ არსებობდა მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი.

დადგენილია, რომ დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს ,,ენ----------------------ს” წარმომადგენელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის მიღების სტადიიდან, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საფუძვლებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ვინაიდან, სარჩელს არ ერთვოდა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულება, სწორად ეთქვა შპს ,,ენ----------------------ს” უარი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

ამდენად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე კანონით გათვალისწინებული შეღავათის გაწევის საფუძველი არის, მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, როცა მხარეს შემოსავლის რაიმე წყარო და რაიმე სახის ქონება არ გააჩნია, ასევე, როცა წარდგენილია მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

ის ფაქტი, რომ განსახილველ შემთხვევაში, სს „თიბისი ბანკში“ არსებულ შპს ,,ენ----------------------ს” ანგარიშზე რეგისტრირებულია ინკასო, ამასთან საგადასახადო შედარების აქტით, 2018 წლის 01 იანვრისათვის ბიუჯეტის მიმართ მისი დავალიანება განსაზღვრულია 3536,24 ლარი და ამ მოთხოვნის გამო რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გამორიცხავს უძრავ-მოძრავი ქონებისა და მისგან შემოსავლის სხვა წყაროს არსებობას და არ ადასტურებს მის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი ვერ გახდება.

გარდა ამისა, პალატა მიუთითებს, რომ სარჩელზე დართული სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, 2017 წლის 08 მაისის მდგომარეობით, ქ. ბ------–---------–--–---–------------------- მდებარე, შპს ,,ენ----------------------ს“ საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, სასამართლო განჩინების საფუძველზე რეგისტრირებულია გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვა, ხოლო იმ გარემოების ამსახველი მტკიცებულება, რომ საწარმოს სხვა ქონება არ გააჩნია, საქმის მასალებით არ დასტურდება.

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ სარჩელი შედგენილია და წარდგენილია სსსკ-ის 178.21 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით (გადახდილი არ არის სახელმწიფო ბაჟი და არ არსებობს მისი გადავადების კანონით გათვალისწინებული საფუძველი), რაც სსსკ-ის 186-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია-დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ენ----------------------ს“ (წარმომადგენელი- ს---–--- ფ--–-------–---–-) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე