განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002159191
საქმე N3ბ/770-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
30 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე- შოთა გეწაძე
აპელანტები (მოსარჩელეები) - ც-–--ო ჯ----–---–ი, თ-- მ------ძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ც-–--ო ჯ----–---–ის სასარგებლოდ 1998-2000 წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების 1035.27 ლარის ანაზღაურება;
1.2 დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე თ-- მ------ძის სასარგებლოდ 1998-2000 წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების 597.72 ლარის ანაზღაურება;
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ც-–--ო ჯ----–---–ის და თ-- მ------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. დადგენილია, რომ ც-–--ო ჯ----–---–ის მიმართ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ირიცხება სახელფასო დავალიანება 1998-2000 წლებში მიუღებელი თანამდებობრივ სარგოს სახით 1035.27 ლარის ოდენობით. თ-- მ------ძის მიმართ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ირიცხება სახელფასო დავალიანება 1998-2000 წლებში მიუღებელი თანამდებობრივ სარგოს სახით 597.72 ლარის ოდენობით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 06 ოქტომბრის № M---------------- წერილის თანახმად, 2017 წლის 2 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე, ც-–--ო ჯ----–---–ს ეცნობა, რომ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად თავდაცვის სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ არის გამოყოფილი, სამწუხაროდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს ც-–--ო ჯ----–---–ის მოთხოვნა.
მოსარჩელე, ც-–--ო ჯ----–---–მა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აღნიშნული დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა 2017 წლის 2 ოქტომბერს, ხოლო მოსარჩელე თ-- მ------ძემ 2017 წლის 12 სექტემბერს. (ს.ფ. 10-14);
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები შრომით - სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად ისინი წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. განმარტა, რომ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მოითხოვნას წარმოადგენს 1998-2000 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ ხელფასის ნაწილში უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებული მოსარჩელეთა მოთხოვნა – კვების კომპენსაცია წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამდენად, მოსარჩელის მიმართ სასამართლომ გაავრცელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ასევე ათვლილი იქნა სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ც-–--ო ჯ----–---–ის და თ-- მ------ძის სასარჩელო მოთხოვნა მიჩნეული იქნა ხანდაზმულად. შესაბამისად, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
6. სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ 2017 წლის 8 ნოემბერს წარდგენილი სარჩელი სასამართლოს უნდა განეხილა "საჯარო სამსახურის შესახებ" 1997 წლის საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და 1341 მუხლის საფუძველზე უნდა დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ.
წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2017 წლის 21 სექტემბრის, 2017 წლის 4 ოქტომბრის ცნობით, ასევე 2017 წლის 6 ოქტომბრის N9------------ წერილით აღიარებს სახელფასო დავალიანებას, მაგრამ საქართვლოს 1997 წლის კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ" 37 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასაკმარისი ასიგნებების გამო უარს ამბობს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე. მისივე განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილია, სარჩელი სასამართლოში წარდგენილია გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
მოცემულ შემთხვევაში ც-–--ო ჯ----–---–ის და თ-- მ------ძის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
აპელანტების მოთხოვნას წარმოადგრნს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მათ სასარგებლოდ 1998-2000 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება.
პალატა მიუთითებს, რომ 2017 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი და ამავდროულად ძალადაკარგულად გამოცხადდა ძველი. დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 06 ოქტომბრის № M---------------- წერილის თანახმად, 2017 წლის 2 ოქტომბერს ც-–--ო ჯ----–---–ს ეცნობა, რომ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად თავდაცვის სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ არის გამოყოფილი, სამწუხაროდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს ც-–--ო ჯ----–---–ის მოთხოვნა.
დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე, ც-–--ო ჯ----–---–მა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აღნიშნული დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა 2017 წლის 2 ოქტომბერს, ხოლო მოსარჩელე თ-- მ------ძემ 2017 წლის 12 სექტემბერს.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ც-–--ო ჯ----–---–ს და თ-- მ------ძეს მიმართული ქონდათ მოპასუხე მხარისათვის 2017 წლის 1 ივლისამდე. შესაბამისად, მათ მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაავრცელა 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.
პალატა აღნიშნავს, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფო ცალსახად განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურეთა უფლებას მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელი იყო. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 2017 წლის 1 ივლისის კანონი აღარ ითვალისწინებს აღნიშნული დანაწესს და შესაბამისად აღნიშნული რეგულაცია აღარ არსებობს.
პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე, კერძოდ აპელატი მიუთითებს, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" 2017 წლის 1 ივლისის კანონის 1261 მუხლი ადგენს გარდამავალ პერიოდს 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე. "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის 1261 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გარდამავალი პერიოდი ვრცელდება 1997 წლის 31 ოქტომბრის "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საჯარო სამსახურის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირებზე, რომლის "ო" ქვეპუნქტი გამეკუთვნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებს/მოსამსახურეებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს დღეს მოქმედი "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1261 მუხლს, რომლითაც დადგენილია გარდამავალ პერიოდში ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების წესი.
აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდამავალ პერიოდად ჩაითვალა 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების მიზნებისათვის – 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლის 11 პუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 მარტი. აღნიშნულ მუხლში მითითებულია სტრუქტურები, რომელთა თანამშრომელთა მიმართაც ვრცელდება ზემოაღნიშნული მუხლის მოქმედება. კერძოდ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, კულტურისა და სპორტის და საგარეო საქმეთა სამინისტროების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და მათი სისტემის (სტრუქტურის) თანამშრომელთა, მათ შორის, მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომელთა, მიმართ. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები არ შეიძლება მოაზრებული იქნეს დღეს მოქმედი "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1261 მუხლის 11 ჩამონათვალში.
პალატა მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლზე რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. ხოლო, მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს. ამდენად, აღნიშნული მუხლი ასევე მიუთითებს, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რაც თავისთავად გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერ ვალდებულებას გასცეს შრომითი გასამრჯელო, ხელფასი.
ამდენად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა და სწორედ ამ კანონის 57-ე მუხლით ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოხელეთა შრომითი გასამრჯელოს ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ითხოვს მიუღებელ ხელფასს 1998-1999-2000 წლების პერიოდზე.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე. აღნიშნული მუხლი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მოსარჩელის მიმართ ხელფასის ნაწილში უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან.
პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებული მოსარჩელეთა მოთხოვნა – კვების კომპენსაცია წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამდენად, მათ მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ასევე ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.
აქვე, პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ (ს.ფ. 10-11) საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის ცნობებზე, რომელშიც წლების, თვეებისა და კომპონენტების მიხედვით ჩამოთვლილია მოსარჩელეთათვის გადასაცემი თანხები. პალატა აღნიშნავს, რომ წერილის შინაარსი არ განიმარტება ვალდებულების აღიარებად, რაც მოსარჩელეთა სასარგებლოდ იმოქმედებდა ხანდაზმულობის ვადებზე; აღნიშნული წერილი მხოლოდამხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ც-–--ო ჯ----–---–ის და თ-- მ------ძის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც გახდა სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება - მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მხარე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი მოთხოვნა და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
8. პროცესის ხარჯები:
8.1 აპელანტები სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც-–--ო ჯ----–---–ის და თ-- მ------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე
შოთა გეწაძე -