განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/391-18
საქმე №1403100017002208742
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1 მაისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - თამარ ონიანი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენლები - გ--------–----ე, დ-------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გ-----–------ია
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება
1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
1.2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
მოწინააღმდეგე მხარე გ-----–------იამ გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე გ-----–------იას მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 1000 ლარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე გ-----–------იაზე პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 28 000 ლარიდან 27 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. გ-----–------ია სსიპ ,,დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2016 წლის 7 სექტემბრის ბრძანებით ჩაირიცხა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელად 2016 წლის 11 სექტემბრიდან და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე;
2.2.2. სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” მსმენელი გ-----–------ია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში 2016 წლის 11 სექტემბრიდან და მასთან გაფორმდა კონტრაქტი.
2.2.3. კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.1.3 და 6.1.5 ქვეპუნქტების თანახმად, სამინისტროს ინიციატივით მოსამსახურის წინასწარი ინფორმირების გარეშე მასთან კონტრაქტი ცალმხრივად შეიძლება შეწყდეს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გაუვლელობისა და მოსამსახურის მისი ბრალით სასწავლებლიდან გარიცხვის (მათ შორის დისციპლინური ან აკადემიური საფუძვლით) შემთხვევაში;
იმავე მუხლის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება.
2.2.4. გ-----–------იამ 2017 წლის 26-29 ივნისში საცეცხლე მომზადების ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს შესრულებაში მიიღო უარყოფითი შეფასება, ხოლო 2017 წლის 20-21 ივლისს გადაბარებისას კვლავ აჩვენა არადამაკმაყოფილებელი შედეგი, რის გამოც ,,აკადემიის” აკადემიურმა საბჭომ დაადგინა მისთვის იუნკერის სტატუსის შეწყვეტა.
2.2.5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 აგვისტოს ბრძანებით აკადემიური მოუსწრებლობისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო პირველი კურსის იუნკერი გ-----–------ია დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას” და, მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის № 729 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი” ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა იუნკერებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, დაარღვია თუ არა გ-----–------იამ მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.
დადგენილია, რომ გ-----–------იამ 2017 წლის 26-29 ივნისში საცეცხლე მომზადების ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს შესრულებაში მიიღო უარყოფითი შეფასება, ხოლო 2017 წლის 20-21 ივლისს გადაბარებისას კვლავ აჩვენა არადამაკმაყოფილებელი შედეგი, რის გამოც ,,აკადემიის” აკადემიურმა საბჭომ დაადგინა მისთვის იუნკერის სტატუსის შეწყვეტა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით აკადემიური მოუსწრებლობისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო პირველი კურსის იუნკერი გ-----–------ია დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.
ეს აქტები მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა; ამასთან, მას არ წარმოუდგენია დადგენილებასა და ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე და გ-----–------იასთან კონტრაქტი სწორედ ამ აქტებითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.
როგორც აღინიშნა, მოპასუხე ,,აკადემიიდან” გაირიცხა და მასთან კონტრაქტი შეწყდა პირველი სასწავლო წლის დასკვნით პირველად გამოცდაზე და გადაბარების შემდეგაც საცეცხლე მომზადების ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს შესრულებაში არადამაკმაყოფილებელი შეფასების გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე (მოსამსახურის სასწავლებლიდან მისი ბრალით - აკადემიური საფუძვლით გარიცხვის გამო).
კონტრაქტის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.5 პუნქტით განსაზღვრული იმ საფუძვლით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) გადახდის ვალდებულება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ,,აკადემიიდან” გაირიცხა და მასთან კონტრაქტი შეწყდა შესაბამისი სასწავლო წლის დასკვნით პირველად გამოცდაზე და გადაბარების შემდეგაც არადამაკმაყოფილებელი შეფასების გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე, იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.
პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლომ განმარტა შემდეგს: პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.
იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 28 000 ლარი - არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვს მისი გონივრული შესაბამისობის დადგენას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში.
მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ კონტრაქტით 28 000 ლარი ჯარიმა, ანუ ერთნაირი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლის შინაარსის მიუხედავად, შეწყვეტის 6.2 ქვეპუნქტში აღნიშნული ნებისმიერი მიზეზის არსებობისას.
კონტრაქტის მიხედვით, 28 000 ლარი ერთნაირად ეკისრება სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი წყდება, მაგალითად, იმისათვის, თუ მოსამსახურეს წარმოეშვა და გამოიყენა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, განთავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან (6.1.1 ქვეპუნქტი) და იმ შემთხვევაშიც, თუ, მაგალითად, მოსამსახურის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ძალაში შევიდა სასამართლოს ისეთი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (6.1.6 ქვეპუნქტი).
მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კონტრაქტით ერთნაირად ეკისრება პირგასამტეხლო ,,აკადემიის” სამხედრო მოსამსახურეს (იუნკერს), რომელთანაც კონტრაქტი ბრალის სიმძიმისა და ხარისხის მიხედვით განსხვავებული საფუძვლებით შეიძლება შეწყდეს.
აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არცერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით.
როგორც აღინიშნა, მითითებული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვერტიკალურ დაქვემდებარებაში ყოფნას, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადად უფლებები, ხოლო სამხედრო მოსამსახურის - ძირითადად ვალდებულებები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 28 000 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს, და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე.
სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული; მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეზე დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ 1. კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით; 2. მოპასუხე დათხოვნისას იყო მხოლოდ პირველი კურსის იუნკერი (19 წლის), სწავლობდა სულ 10 თვე და შეუძლებელია, ამ პერიოდში სწავლის იმგვარი კურსი გაევლო, რაც საკმარისი იქნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებთან (მათ შორის მიზანში სროლა);
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 1 000 ლარით, რითაც დაცული იქნება როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები; კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფორმების ძირითად საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმასაც, რომ, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას; კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინეტერესები. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი, რომლის ოდენობაც უნდა განისაზღვროს 1 000 ლარით.
პირგასამტეხლოს ამ ოდენობით განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული სახელმწიფოს თავდაცვის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობა, ასევე ამ პროცესში სამხედრო მოსამსახურეთა კანონიერი ინტერესები და უფლებები.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს. ამასთანავე, კანონმდებლობით ზუსტად არის განსაზღვრული, როდის არის უფლებამოსილი სასამართლო შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ესეთი გარემოებებია: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, დაზარალებულის ინტერესები, ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე ზიანი და სხვა. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული აღნიშნული საკითხები.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს, რომ პირგასამტეხლოს თაობაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტი. სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროს ინტერესს წარმოადგენს პროფესიონალი კადრების მომზადება, რაზეც სამინისტროს უწევს გარკვეული ფინანსური ხარჯის გაწევა სწავლა-განათლების მიცემისა და შესაბამისი აღჭურვილობის გაცემის კუთხით. აპელანტის მითითებით, სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯი თითოეული იუნკერის მიმართებით თითოეული წლისთვის საკმაოდ დიდ ოდენობას აღწევს, შესაბამისად, კონტრაქტის დარღვევით მიუღწეველი ხდება სამინისტროს მიზანი და გაწეული ხარჯის სახით მას ადგება ზიანი. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, მხარეთა შორის პირგასამტეხლოს გათვალისწინება გამოწვეულია სწორედ ამ ფაქტობრივი საფუძვლებით.
აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით აზრი დაეკარგება ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს განსაზღვრას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5.1.1. სსიპ „დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის“ რექტორის 2016 წლის 7 სექტემბრის ბრძანებით, გ-----–------ია ჩაირიცხა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელად 2016 წლის 11 სექტემბრიდან და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე.
5.1.2. სსიპ „დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის“ მსმენელი გ-----–------ია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში 2016 წლის 11 სექტემბრიდან და მასთან გაფორმდა კონტრაქტი.
კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.1.3. ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს ინიციატივით მოსამსახურის წინასწარი ინფორმირების გარეშე მასთან კონტრაქტი ცალმხრივად შეიძლება შეწყდეს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გაუვლელობის შემთხვევაში; ამავე მუხლის 61.5. პუნქტის მიხედვით კი, სამინისტროს ინიციატივით მოსამსახურის წინასწარი ინფორმირების გარეშე მასთან კონტრაქტი ცალმხრივად შეიძლება შეწყდეს თუ მოსამსახურის მისი ბრალით სასწავლებლიდან გარიცხვის (მათ შორის, დისციპლინური ან აკადემიური საფუძვლით) შემთხვევაში.
იმავე მუხლის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება.
5.1.4. გ-----–------იამ 2017 წლის 26-29 ივნისს საცეცხლე მომზადების ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს შესრულებაში მიიღო უარყოფითი შeფასება, ხოლო 2017 წლის 20-21 ივლისს გადაბარებისას კვლავ აჩვენა არადამაკმაყოფილებელი შედეგი.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სსიპ „დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის N51 დადგენილებით გ-----–------იას შეუწყდა იუნკერის სტატუსი.
5.1.5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 აგვისტოს ბრძანებით, აკადემიური მოუსწრებლობისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო პირველი კურსის იუნკერი გ-----–------ია დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
5.2.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ და იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა, ამდენად, პალატა საქმეს იხილავს მხოლოდ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე და ფარგლებში; იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილებულია სასარჩელო მოთხოვნა, პალატა მასზე ვერ იმსჯელებს.
დავის საგანს წარმოადგენს გ-----–------იასთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას” და, მეორე მხრივ, გ-----–------იას შორის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის № 729 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი” ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს დაკისრება 28000 ლარის ოდენობით.
5.2.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება. შესაბამისად, გ-----–------იას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აკადემიას შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ, ხოლო 66-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად განიხილება, როდესაც იგი დადებულია სპეციალური სუბიექტის მიერ (ადმინისტრაციული ორგანო) კონკრეტული მიზნის - საჯარო უფლებამოსილების განსახორციელებლად.
5.2.3. პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას. აღნიშნული კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების არსი მის შესრულებაშია, ხოლო შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებები. მათ შორის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას მხარეები სარგებლობენ სახელშეკრულებო თავისუფლებით, გაითვალისწინონ პირგასამტეხლო ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობისთვის და დამოუკიდებლად განსაზღვრონ მათი ოდენობა.
პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება დაკავშირებულია ძირითადი ვალდებულების ჯეროვნად და დროულად შესრულებასთან. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პირგასამტეხლოს რამდენიმე ფუნქცია აქვს: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის, ფუნქციაა, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) პირგასამტეხლოს ფუნქცია, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა; გ) პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ამრიგად, ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს, ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს და, მეორე მხრივ, იგი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებას ემსახურება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, ვინაიდან პირგასამტეხლო წარმოადგენს როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, ისე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ფორმას, პირგასამტეხლო აიძულებს მოვალეს, დროულად და ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობისას დამატებით იცავს კრედიტორის უფლებებს და უმსუბუქებს შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებს, აუცილებელია, რომ მხარეთა შორის შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე დაიდოს კანონით განსაზღვრული წესით, მკაფიოდ და არაოზროვნად ჩამოყალიბებული სახით, რათა მოვალისთვის იმთავითვე ცნობილი და ნათელი იყოს ვალდებულების რა სახით და ფორმით შეუსრულებლობა გამოიწვევს პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობას და რა ოდენობით, ასევე, პირგასამტეხლო დადგენილი და განსაზღვრული უნდა იყოს შესაბამისი მიზნების მისაღწევად.
5.2.4. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სადავო ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გათვალისწინების საფუძველს, კერძოდ, თუკი მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან მისი ბრალით სასწავლებლიდან გარიცხვის (მათ შორის, დისციპლინური ან აკადემიური საფუძვლით) შემთხვევაში, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება.
ამრიგად, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო გ-----–------იას შეიძლება დაკისრებოდა, თუკი მისი ბრალით დისციპლინური ან აკადემიური საფუძვლით გაირიცხებოდა სასწავლებლიდან. ამდენად, ბრალი წარმოადგენდა პირგასამტეხლოს დაკისრების ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალი გამოიხატება განზრახვასა ან გაუფრთხილებლობაში. განზრახვა გულისხმობს, რომ პირი აცნობიერებს თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბუნებას, მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას, მაგრამ სურს ასეთი შედეგი ან გულგრილად ეკიდება მას. რაც შეეხება გაუფრთხილებლობას, სამოქალაქო კოდექსი განასხვავებს უხეშ და მარტივ გაუფრთხილებლობად. უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. მარტივი გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს შედარებით დაბალი დონით. ამდენად, პირის ბრალეულობის დადგენა მოიცავს მის პირად დამოკიდებულებას ქმედებისა და შედეგის მიმართ.
საგულისხმოა, რომ თავად კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.1.3. პუნქტი კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლად საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გაუვლელობის შემთხვევაში კონტრაქტის შეწყვეტის შესაძლებლობას განსაზღვრავს, თუმცა იგივე პუნქტი არ წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის საფუძველს.
ვინაიდან კონტრაქტის 6.1.5. მიუთითებს აკადემიური საფუძვლით მოსამსახურის ბრალეულ გარიცხვაზე, გამოცდაში არადამაკმაყოფილებელი შედეგი, სადავო შემთხვევის სპეციფიკისა და ბუნების გათვალისწინებით, გამორიცხავს გ-----–------იას მიერ გამოცდის ჩაუბარებლობას ბრალეული მოქმედებით, რამეთუ გამოცდაში დამაკმაყოფილებელი ქულის მიუღებლობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტობრივ წინაპირობასა და გამოცდის ხასიათზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ცალკეულ შემთხვევებში ობიექტურად შეუძლებელია განისაზღვროს გამოცდის ჩაუბარებლობის მიზეზები - ადგილი ჰქონდა პირის მიერ გამოცდის სპეციალურად, განზრახ ჩაუბარებლობას, მის მიერ არასათანადო შრომასა და მომზადებას, სასწავლებლის მიერ პირისათვის გამოცდის ჩაბარებისათვის აუცილებელი ცოდნის, განათლების, გამოცდილებისა და პრაქტიკის მიუცემლობას, გამოცდაზე შეუსაბამოდ რთული საკითხის ამოხსნისა თუ დავალების გაცემას. სასამართლო განმარტავს, რომ გამოცდის ჩაბარება მრავალ არაურთიერთდამოკიდებულ, სუბიექტურ თუ ობიექტურ, პიროვნულ, პროფესიულ ფაქტორზე არის დამოკიდებული. ამდენად, კონტრაქტის ის პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს მოსამსახურის ბრალით აკადემიური საფუძვლით მისი სასწავლებლიდან გარიცხვისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, არის ბუნდოვანი, არ არის ცალსახად და ნათლად ჩამოყალიბებული, შეიძლება გამოიწვიოს მოსამსახურის შეცდომაში შეყვანა, მისი უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა და ხელყოფა, რადგან შეუძლებელია, ზუსტად განისაზღვროს, როდის წარმოიქმნება აკადემიური საფუძვლით პირის სამსახურიდან დათხოვნისას პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. ამდენად, აღნიშნული პუნქტი არ უნდა განიმარტოს მოსამსახურის საწინააღმდეგოდ, მისი აკადემიური საფუძვლით გარიცხვა ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა გახდეს პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატას მიაჩნია, გ-----–------იას აკადემიიდან გარიცხვის საფუძველი იმავდროულად არ ქმნიდა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს. ამასთანავე, მოპასუხის მიერ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც გ-----–------იას მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის, მისთვის 1000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში. შესაბამისად, 27000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესახებ სარჩელი და სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
7. საპროცესო ხარჯები:
აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე თამარ ონიანი