განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.04.2018
საქმის ნომერი
330310017001791055
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
19.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001791055

საქმე №3---------

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

19 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - მ--------------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ლ---–- ჯ------–--ნი, ი----- გ--–----ას უფლებამონაცვლე ი-----–- გ--–----ა;

 

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანება, ი----- გ--–----ას ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე;

 

1.2. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ი----- გ--–----ასა და ლ---–- ჯ------–--ნის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა საქმეზე წარდგენილ შესაგებელს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ი----- გ--–----ასა და ლ---–- ჯ------–--ნის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანება ი----- გ--–----ასა და ლ---–- ჯ------–--ნის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ი----- გ--–----ასა და ლ---–- ჯ------–--ნის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. ი----- გ--–----ა და ლ---–- ჯ------–--ნი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით, დროებითი საცხოვრებელ ადგილად მითითებულია თბილისი, ს-------- კორპ. 20, ბინა 34, ხოლო დევნილი ოჯახის (ოჯახის სარეგისტრაციო N0-------) ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - თბილისი, გ-–----- დ. ზ-----, ა----–ის ქ. N2. 2017 წლის 9 იანვრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, ი----- გ--–----ა და ლ---–- ჯ------–--ნი რეგისტრირებული არიან მისამართზე: თბილისი, გ-–-----ს მე-7 მ/რ. კორპ 17, ბინა 48. მოქმედი სარეიტინგო ქულაა 55080. (ს.ფ.17-18; 132-137).

 

4.2. ი----- გ--–----ას მიერ შევსებული განაცხადის თანახმად, ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია ი----- გ--–----ა - ოჯახის უფროსი, ლ---–- ჯ------–--ნი - მეუღლე. საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ა----–ის ქ. კორპ.2 ბინა 46. ამავე განაცხადის მიხედვით, დაფიქსირებული არიან ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრები - შვილი, ი-----–- გ--–----ა, და - ც---–- გ--–----ა.

 

მონიტორინგის მასალების თანახმად, სამინისტროს თანამშრომლების მიერ მონიტორინგი ჩატარდა ქ. თბილისი გ-–-----ს მე-7 მ/რ. კორპ. 17, ბინა N48-ში. აღნიშნული ბინის მესაკუთრედ მიეთითა ი-----–- გ--–----ა, განმცხადებლების შვილი. დაფიქსირდა, რომ განმცხადებლები ბინაში ცხოვრობენ ქირის გარეშე, ხოლო შვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობს გ-–-----ს მე-2 მ/რ. კორპ 11, ბინა 27-ში. (ს.ფ. 103-116; 123-129);

 

4.3. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, თბილისი, გ-–-----ს მე-7 მ/რ. კორპ. 17, ბინა 48-ის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ი-----–- გ--–----ა.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, თბილისი, ზ-----, ა----–ა N3, ბინა N46-ის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ნინო გომართელი.(ს.ფ. 98-101);

 

4.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეფასების თანახმად, ი----- გ--–----ას ოჯახის შეფასების ქულამ შეადგინა 7 ქულა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 13 დეკემბრის N3--- ბრძანებით, ი----- გ--–----ას ოჯახს უარი ეთქვა მოცემულ ეტაპზე განსახლების აუცილებლობის არა საჭიროების გამო გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 6 იანვრის N0----------- წერილის თანახმად, ი----- გ--–----ას ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 7. ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ მიზეზით, რომ განსახილველ ეტაპზე არ სჭირდებოდა ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ამასთან, ეცნობა, რომ თბილისში, ერთოთახიანი ფართებით დაკმაყოფილდნენ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულამ შეადგინა 6,5 და მეტი ქულა. (ს.ფ. 74-85).

 

4.5. 2017 წლის 12 ოქტომბერს, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარე ი----- გ--–----ას შვილის ი-----–- გ--–----ას მიერ წარმოდგენილი იქნა ი----- გ--–----ას გარდაცვალების მოწმობა და 2017 წლის 5 ოქტომბრის N1-------- სამკვიდროს მიღების შესახებ განაცხადის წარდგენის მოწმობა. 2018 წლის 08 თებერვალს წარმოადგინა 2018 წლის 07 თებერვლის N1-------- სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ ი-----–- გ--–----ა არის მამკვიდრებლის ი----- ე-–----ას პირველი რიგის მემკვიდრე, ი-----–- გ--–----ამ სამკვიდრო მიიღო სრულად, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეზე №3--------- აწ გარდაცვლილი ი----- გ--–----ას უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ი-----–- გ--–----ა იმ საფუძვლით, რომ ი----- გ--–----ას გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო სრულად მიიღო მისმა შვილმა - ი-----–- გ--–----ამ და რომ დევნილი ოჯახი არსებობას აგრძელებს, ვინაიდან ოჯახში წევრად ირიცხება ლ---–- ჯ------–--ნი.

 

პალატამ განმარტა, რომ საკითხი შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსიდან (რომელიც პირადი, განუსხვისებელი უფლებაა) გამომდინარე ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რაზეც ი----- გ--–----ს უარი ეთქვა, როგორც დევნილი ოჯახის უფროსს, დევნილ ოჯახში კი დარჩა ერთი წევრი - ლ---–- ჯ------–--ნი, ამდენად, დევნილი ოჯახი არსებობას აგრძელებს და ინარჩუნებს უფლებას - დაკმაყოფილდეს გრძელვადიანი საცხოვრებლით; ეს გულისხმობს იმას, რომ დევნილი ოჯახის უფროსის გარდაცვალება, მაშინ როცა ოჯახში რჩება სხვა წევრი/წევრები, იწვევს უფლებამონაცვლეობის დადგენას და არა საქმის წარმოების შეწყვეტას, რასაც ადგილი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დევნილ ოჯახში სხვა წევრი აღარ დარჩებოდა.

 

6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

6.1. სასამართლომ მიუთითა, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3, მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი----- გ--–----ას მიერ შევსებული განაცხადის თანახმად, ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია ი----- გ--–----ა - ოჯახის უფროსი, ლ---–- ჯ------–--ნი - მეუღლე. საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ა----–ის ქ. კორპ. N2 ბინა N46. ამავე განაცხადის მიხედვით, დაფიქსირებული არიან ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრები - შვილი, ი-----–- გ--–----ა, და - ც---–- გ--–----ა. მონიტორინგის მასალების თანახმად, სამინისტროს თანამშრომლების მიერ მონიტორინგი ჩატარდა ქ. თბილისი გ-–-----ს მე-7 მ/რ. კორპ. 17, ბინა N48-ში. აღნიშნული ბინის მესაკუთრედ მიეთითა ი-----–- გ--–----ა, განმცხადებლების შვილი. დაფიქსირდა, რომ განმცხადებლები ბინაში ცხოვრობენ ქირის გარეშე, ხოლო შვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობს გ-–-----ს მე-2 მ/რ. კორპ 11, ბინა 27-ში.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ი----- გ--–----ას ოჯახის შემადგენლობაში ვერ მოხდებოდა ი-----–- გ--–----ას მოაზრება, ვინაიდან აღნიშნული პირი ცხოვრობს სხვა საცხოვრებელ ფართში და ისინი არ ეწევიან საერთო შინასამეურნეო საქმიანობას. ის გარემოება, რომ ი----- გ--–----ა და ლ---–- ჯ------–--ნი მონიტორინგის განხორციელებისას ცხოვრობდნენ შვილის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ვერ იქნება მათ მიმართ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ი-----–- გ--–----ა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ''ლ'' ქვეპუნქტით განმარტებულ მოსარჩელეთა ოჯახის წევრად ვერ იქნება მოაზრებული. ი----- გ--–----ასა და ლ---–- ჯ------–--ნს მინიჭებული აქვთ ცალკე საოჯახო სარეგისტრაციო ნომერი, ამ ნომერზე არ ჰყავს ოჯახის სხვა წევრი, შვილი რეგისტრირებულია ცალკე ოჯახად და ცხოვრობს სხვა მისამართზე. ი----- გ--–----ა და ლ---–- ჯ------–--ნი ასევე ცალკე ოჯახად არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. ამდენად, ის გარემოება, რომ მოსარჩელეები ცხოვრობდნენ შვილის საკუთრებაში არსებულ ბინაში, განპირობებულია მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შვილისათვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ვერ იქნება მოსარჩელეთათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

სასამართლომ ასევე განმარტა - იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოსცა ხსენებული სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით.

 

7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

7.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, რომელიც ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღებისა და მათი განხილვის წესს. აღნიშნული წესის შესაბამისად, რეგულირდება ასევე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები. თითოეული დევნილი ოჯახის განაცხადის შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე. შეფასების შედეგად, თითოეულ დევნილ ოჯახს, ენიჭება შესაბამისი ქულა. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად და იმ დევნილ ოჯახს, რომელიც სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

აპელანტის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების მიერ შეფასდა ი----- გ--–----ას ოჯახის მიერ გაკეთებული განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

 

პირველადი წინასწარი შეფასების შედეგად მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა 7 ქულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელის ოჯახის განაცხადი წარდგენილ იქნა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიაზე განსახილველად. კომისიის დავალების საფუძველზე, ზემოხსენებული ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილების მიერ განხორციელდა მონიტორინგი ოჯახის მიერ განაცხადში მითითებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და განსახილველ ეტაპზე უარი ეთქვა მოსარჩელეს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, იმ მიზეზით, რომ ისინი ამ ეტაპზე არ საჭიროებენ დაუყოვნებლივ განსახლებას და მათ ოჯახს გააჩნია თავშესაფარი.

 

აპელანტის განმარტებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ტექსტიდან და წარდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან დასტურდება, რომ მათში ამომწურავად არის დასაბუთებული, თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტების გამოცემაზე და ისინი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

პალატა მიუთითებს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის ''ნ'' ქვეპუნქტის თანახმად, სათანადო საცხოვრებელი არის დევნილისათვის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი, სადაც უზრუნველყოფილია ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, მათ შორის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელი პირობები და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის N1162 განკარგულების ზოგადი პრინციპები ასახულ იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაში. ხსენებული გეგმის 1.7 პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმა წარმოადგენს განახლებულ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებს, რომელთა განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებების მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დევნილებთან დიალოგსა და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გენდერულ თანასწორობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა უფლებების, ასევე აღიარებულ სხვა ადამიანის უფლებათა დაცვას. ამავე გეგმის 1.9. პუნქტის მიხედვით, სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის და განხორციელების პროცესში ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 6 იანვრის N0------------ წერილის თანახმად, ი----- გ--–----ას ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 7. ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე არ ჭირდებოდა ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ამასთან, ეცნობა, რომ თბილისში, ერთოთახიანი ფართებით დაკმაყოფილდნენ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულამ შეადგინა 6,5 და მეტი ქულა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ''გ'' ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები ეფუძნებიან იმ ზოგად პრინციპს, რომ დაცული იყოს დევნილი საცხოვრებელ ადგილას და უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო საცხოვრებლით, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში და დაცული იყოს დევნილის ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. ეს პრინციპი საერთოა როგორც დევნილის დროებითი, ისე გრძელვადიანის განსახლებისას

 

8.2. პალატა მიუთითებს შემდეგს: საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება - მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება, თვითონ გადაწყვიტოს, სად იცხოვროს. ამავე დროს პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.

 

დადგენილია, რომ ი----- გ--–----ას მიერ შევსებული განაცხადის თანახმად, ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია ი----- გ--–----ა - ოჯახის უფროსი, ლ---–- ჯ------–--ნი - მეუღლე. საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ა----–ის ქ. კორპ.2 ბინა 46. ამავე განაცხადის მიხედვით, დაფიქსირებული არიან ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრები - შვილი, ი-----–- გ--–----ა, და - ც---–- გ--–----ა. მონიტორინგის მასალების თანახმად, სამინისტროს თანამშრომლების მიერ მონიტორინგი ჩატარდა ქ. თბილისი გ-–-----ს მე-7 მ/რ. კორპ. N17, ბინა N48-ში. აღნიშნული ბინის მესაკუთრედ მიეთითა ი-----–- გ--–----ა, განმცხადებლების შვილი. დაფიქსირდა, რომ განმცხადებლები ბინაში ცხოვრობენ ქირის გარეშე, ხოლო შვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობს გ-–-----ს მე-2 მ/რ. კორპ. N11, ბინა N27-ში.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ''ლ'' ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე მოსარჩელეები განსახილველ ეტაპზე არ საჭიროებდნენ დაუყოვნებლივ განსახლებას და მათ ოჯახს გააჩნდა თავშესაფარი.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ი----- გ--–----ას ოჯახის შემადგენლობაში ვერ იქნებოდა მოაზრებული ი-----–- გ--–----ა, ვინაიდან აღნიშნული პირი ცხოვრობს სხვა საცხოვრებელ ფართში და ისინი არ ეწევიან საერთო შინასამეურნეო საქმიანობას. ის გარემოება, რომ ი----- გ--–----ა და ლ---–- ჯ------–--ნი მონიტორინგის განხორციელებისას ცხოვრობდნენ შვილის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ვერ იქნება მათ მიმართ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ი-----–- გ--–----ა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ''ლ'' ქვეპუნქტით განმარტებულ მოსარჩელეთა ოჯახის წევრად ვერ იქნება მოაზრებული. ი----- გ--–----ასა და ლ---–- ჯ------–--ნს მინიჭებული აქვთ ცალკე საოჯახო სარეგისტრაციო ნომერი, ამ ნომერზე არ ჰყავს ოჯახის სხვა წევრი, შვილი რეგისტრირებულია ცალკე ოჯახად და ცხოვრობს სხვა მისამართზე. ი----- გ--–----ა და ლ---–- ჯ------–--ნი ასევე ცალკე ოჯახად არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. ამდენად, ის გარემოება, რომ მოსარჩელეები ცხოვრობდნენ შვილის საკუთრებაში არსებულ ბინაში განპირობებული იყო მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შვილისათვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ვერ იქნება მოსარჩელეთათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოსცა ხსენებული სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით.

 

სასამართლომ ასევე მართებულად აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, გარდა სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებისა, უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმებით. პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოსცა ხსენებული სამართლებრივი ნორმების უგულებელყოფით.

 

სამინისტროს მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მოცემულ ეტაპზე ოჯახი არ საჭიროებდა განსახლების აუცილებლობას.

 

პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ი-----–- გ--–----ა არის მამკვიდრებლის ი----- ე-–----ას პირველი რიგის მემკვიდრე, ი-----–- გ--–----ამ სამკვიდრო მიიღო სრულად, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით. ვინაიდან საკითხი შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსიდან (რომელიც პირადი, განუსხვისებელი უფლებაა) გამომდინარე ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რაზეც ი----- გ--–----ს უარი ეთქვა, როგორც დევნილი ოჯახის უფროსს, დევნილ ოჯახში კი დარჩა ერთი წევრი - ლ---–- ჯ------–--ნი, ამდენად, დევნილი ოჯახი არსებობას აგრძელებს და ინარჩუნებს უფლებას - დაკმაყოფილდეს გრძელვადიანი საცხოვრებლით; ეს გულისხმობს იმას, რომ დევნილი ოჯახის უფროსის გარდაცვალება, მაშინ როცა ოჯახში რჩება სხვა წევრი/წევრები, იწვევს უფლებამონაცვლეობის დადგენას და არა საქმის წარმოების შეწყვეტას, რასაც ადგილი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დევნილ ოჯახში სხვა წევრი აღარ დარჩებოდა.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო ვალდებულებაზე და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ანალოგიური შინაარსის დებულებებია წარმოდგენილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სააპელაციო სასამართლო მითითებული საპროცესო ნორმების პრინციპებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს.

 

საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი არ იქნა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს. აღნიშნული, სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს, მხოლოდ ვარაუდი არ შეიძლება გახდეს მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -