განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.02.2018
საქმის ნომერი
080310117002211863
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310117002211863 (3/ბ-36-2018 წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 თებერვალი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

საჩივრის ავტორი - სს ,,ჯ------------–ის’’ წარმომადგენელი ვ-–---------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ლ------–-------ე

 

მოპასუხე - კერძო აღმასრულებელი რევაზ სულწაძე

 

დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განჩინების კანონშესაბამისობა

 

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინება

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

 

2017 წლის 12 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ------–-------ემ, მოპასუხე კერძო აღმასრულებლის რევაზ სულწაძის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეს დავალებოდა უძრავი ქონების რეალიზაციის განხორციელება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ამასთან, მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე, სააღსრულებო წარმოების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სს ,,ჯ------------–ი’’.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, ლ------–-------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა №A1------- სააღსრულებო საქმეზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა მესამე პირის სს ,,ჯ------------–ის’’ წარმომადგენელმა ვ-–---------------ემ (ს.ფ. 57-58) და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმება.

2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საჩივარი წარმოებაში მიიღო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ (ს.ფ. 65-66). იმავე სასამართლოს 2018 წლის 05 იანვრის განჩინებით სს ,,ჯ------------–ის’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ს.ფ. 67-72).

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ სს ,,ჯ------------–ის’’ წარმომადგენლის ვ-–---------------ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-420-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და თვლის, რომ საჩივარში არ არის გამოთქმული მათი საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია, რამაც უნდა განაპირობოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

 

სააპელაციო პალატა, საქალაქო სასამართლოს დასაბუთების სრულად გაზიარებით, დამატებით აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მაშინ, როცა მაღალი ალბათობით არსებობს ვარაუდი სარჩელის დაკმაყოფილებისა. განცხადების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით ამ თვალსაზრისით მსჯელობა სასამართლოს უქმნის დასაბუთებულ ვარაუდს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროების თაობაზე, რის შესახებაც მითითებულია სსკ 191-ე მუხლის პირველ ნაწილში. დასაბუთებული ვარაუდი, ამ შემთხვევაში, გულისმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მხოლოდ ეჭვის ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ, მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა, ესაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება მოპასუხისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის გზით. სწორედ ამიტომაა განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოება მოიცავს აუქციონის პროცედურასაც. ამავე დროს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება.

 

საქმეში დაცული შპს ,,სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის’’ შეფასების დასკვნით ირკვევა, რომ ქ. ქუთაისში, ვ-–----–----–-ს ქუჩის №----ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ. 0-----------) შეფასებულ იქნა 105 000 ლარად.

 

მოსარჩელე მხარის მიერ დამატებით წარდგენილი აუდიტორული დასკვნით ირკვევა, რომ ქ. ქუთაისში, ვ-–----–----–-ს ქუჩის №----ში მდებარე უძრავი ქონება შეფასებული იქნა 219 157.65 ლარად.

 

კერძო აღმასრულებლის, რევაზ სულწაძის მიერ 2017 წლის 12 დეკემბერს გაცემული ცნობით ირკვევა, რომ №A1------- სააღსრულებო საქმეზე (კრედიტორი სს ,,ჯ------------–ი“ (G---------)), იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე მდებარე ქ. ქუთაისში, ვ-–----–----–-ს ქუჩის №----ში (ს/კ 0-----------) აუქციონი გამოცხადებული არ არის.

 

მოსარჩელე ლ------–-------ე არ ეთანხმება სარეალიზაციოდ განსაზღვრული ქონების შეფასებას და მიაჩნია, რომ უძრავი ნივთის დაბალ ფასით აუქციონზე გატანა გამოიწვევს ნივთის ასევე დაბალ ფასში რეალიზაციას და მოვალეს მოუსპობს შესაძლებლობას მიიღოს ვალდებულების ზემოთ აუქციონიდან შემოსული თანხა. ამდენად, ლ------–-------ის მტკიცებით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდეს სადაო ქონების განკარგვა, რაც გააძნელებს შემდგომში გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას და გამოუსწორებელ ზიანს მიყენებს მას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. კერძოდ, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბს 500-494 (კ-12) საქმეზე განმარტა, რომ „სარჩელის ფარგლებში დავის საგანს წარმოადგენს ჩატარებული აუქციონის კანონიერება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძველია აღმასრულებლის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა და ქონების ნაკლებ ფასად გატანა იძულებით აუქციონზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოთა შეფასების საგანს წარმოადგენს რეალურ ფასად მოხდა თუ არა ქონების აუქციონზე განკარგვა და შეილახა თუ არა მოვალის, სარეალიზაციო ქონების მესაკუთრის, უფლება. სააღსრულებო წარმოების მიზანს წარმოადგენს აღსასრულებელი აქტების სწრაფად და რეალურად აღსრულება. ამ მიზნის მისაღწევად, აღმასრულებელი ახორციელებს იძულებით აღსრულებას კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. თუმცა აღსრულების მიზანი, სწრაფად და რეალურად აღსრულება, გულისხმობს აღნიშნული სააღსრულებო მოქმედების კანონის ზუსტი დაცვით განხორციელებას, სააღსრულებო წარმოების მონაწილეთა უფლებების დაცვას…”.

 

ამდენად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სსკ-ის 191.1 მუხლით გათვალისწინებული წანამძღვრები. შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს ,,ჯ------------–ის’’ წარმომადგენლის ვ-–---------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინება - №A1------- სააღსრულებო საქმეზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ;

 

3. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. სააპელაციო სასამართლოს ეს განჩინება არ გასაჩივრდება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე